ელექტრონული კომერციის სტრატეგია

ხ. კაკაურიძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი, მ. სოსანიძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი
XX საუკუნის 90-იანი წლების კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის ისტორიაში ინტერნეტის ფენომენალური ზრდა უპრეცედენტო მოვლენაა.. ინტერნეტი თავისი შინაარსით წარმოადგენს კომპიუტერული ქსელის ჯაჭვს, რომლის მომხმარებელი, დღევანდელი მდგომარეობით, 170 ქვეყნის 300 მილიონი ადამიანია და უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება.
ინტერნეტმა საფუძვლიანად შეცვალა მრავალი ადამიანის აზროვნება, მათი დამოკიდებულება სამუშაოს შესრულების მიმართ. ელექტრონული ვაჭრობა – საქმიანი აქტიურობის პროდუქცია, რომელიც იყენებს კავშირის ციფრულ საშუალებებს. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლიდან dotcom-ის მრავალი აქციების ფასის მკვეთრი დაცემა ხდება, ელექტრონული ვაჭრობა მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მრავალი ფირმის ეკონომიკურ საქმიანობაზე2. მომხმარებლისათვის ინტერნეტი წარმოადგენს შუამავალ რგოლს განსაზღვრული საქონლის ყიდვა-გაყიდვის დროს.
ელექტრონული ვაჭრობის “e-commerce” საგანს წარმოადგენს ნებისმიერი პროდუქტი: სხვადასხვა სახის საქონელი, მომსახურება, უძრავი საქონელი, საბანკო პროდუქტი, ინფორმაციული პროდუქტი და სხვა. მომხმარებლისათვის ელექტრონული ვაჭრობის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ იგი მნიშვნელოვნად ზოგავს მყიდველის დროს მისთვის საჭირო საქონლის მოძიებასა და შეძენაში. თუ მარკეტინგის კონცეფცია ითვალისწინებს საქონლის წარმოებასა და რეალიზაციას მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით, ელექტრონული ვაჭრობის, კომერციის პრიორიტეტია პოტენციურ მყიდველთა რაოდენობის გაზრდა, მათთვის დროის მინიმალური დანახარჯები.
ელექტრონული კომერცია “e-commerce”, როგორც ვაჭრობის ფორმა, სათავეს იღებს 1970-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამ დროს პირველად განხორციელდა ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ელექტრონული გაცვლა EDI(Electronic Data Exchange) და ბანკების მიერ ფულადი გზავნილები ელექტრონული საშუალებითEFT(Electronic Funds Transter)3
ელექტრონული კომერციის განვითარება და ზრდა საშუალებას აძლევს ვაჭრობის გაბატონებულ სუბიექტებს, აწარმოონ კომერციული გარიგებები და სხვა ოპერაციები ოპერატიულ-ელექტრონულ რეჟიმში – რეალური დროის რეჟიმში (on line). ON line-რეჟიმი ეს არის ბანკომაციის მუშაობის რეჟიმი, როდესაც ინფორმაციის გაცვლა ბანკსა და პროცესინგულ ცენტრს შორის მუდმივად ხორციელდება და ყველა ტრანზაქცია ანგარიშთან დაკავშირებით სრულდება დროის რეალურ მასშტაბებში.
ელექტრონული ვაჭრობა ქმნის სავაჭრო საწარმოების ორგანიზაციების ახალ ფორმას – ვირტუალურ მაღაზიებს და მუდმივი კონკურენციის ზემოქმედებით გვთავაზობს ახალ საქონელსა და მომსახურებას რეალიზაციისათვის. მაგალითად, წიგნით ვაჭრობის ფირმა “Amazon”-მა სიეტლიდან (აშშ), რომელსაც არ ჰქონდა ტრადიციული ტიპის მაღაზია, დაიწყო წიგნის პროდუქციის გაყიდვა ინტერნეტის საშუალებით და პირდაპირ ახდენდა საქონლის მიწოდების კოორდინირებას მწარმოებლიდან მომხმარებლამდე4.
ელექტრონული ვაჭრობის სტაბილურობა განისაზღვრება ინფორმაციის უწყვეტობით. სავაჭრო ფირმისათვის იგი წარმოადგენს ფირმის კონკურენციულ პოზიციებს ბაზარზე. ამასთანავე, ფირმის საქმიანობის სფეროში ექცევა პრაქტიკულად მსოფლიოს უდიდესი ნაწილის მომხმარებელი. ინტერაქტიული ბიზნესის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს გარიგების ოპერატიულობა. ინტერაქტიული ბიზნესის განვითარება საქონლისა და მომსახურების საერთო ბაზარზე გამოიწვევს ახალი დამოუკიდებელი სექტორის ელექტრონული ვაჭრობის ბაზრის შექმნას. ელექტრონული ვაჭრობის ბაზარი წარმოადგენს ერთიან მთლიან სისტემას, რომელიც მოიცავს საქონლისა და მომსახურების დამოუკიდებელ ბაზრებს. დღეს ინტერნეტის მეშვეობით საქონლის შემსყიდველს აქვს საქონლის შესახებ ინფორმაციის წყაროს დიდი არჩევანი: კატალოგები, სარეკლამო პროსპექტები, ტელევიზია, ტელეფონი, რადიო, კომპიუტერი.
სამომავლო პერსპექტივაში ინფორმაციის ძირითადი წყარო ელექტრონულ ვაჭრობაში იქნება ვიდეოტელეფონი. ამ შემთხვევაში საქონლის შეძენა მოხდება ვირტუალურ რეალობაში, რომელიც გაჩნდება განსაზღვრულ პირობებში და ელექტრონულ სამგანზომილებიან სფეროში5, რომელიც შესაძლებელს ხდის საქონლის დათვალიერებას სხვადასხვა მხრიდან. ეს უკანასკნელი კი ითვალისწინებს ადამიანის გრძნობის ყველა ორგანოს მონაწილეობას, როდესაც მას შეუძლია დაინახოს, მოისმინოს, გასინჯოს და შეიგრძნოს კიდეც საქონელი.
ინტერნეტში უმეტესწილად პოპულარობით ისეთი მაღაზიები სარგებლობენ, სადაც ვირტუალური ხერხით შეძენისათვის პროდუქცია მაქსიმალურად არის ოპტიმიზირებული. მაგალითად: წიგნი, კომპაქტდისკი, კომპიუტერული ტექნიკა. შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს ისეთი ნივთებით ვაჭრობა, რომლის შეძენამდე სასურველია მოსინჯვა, სხვადასხვა პარამეტრების შედარება, მაგალითად, ტანსაცმელი.
ინტერნეტმაღაზიის სტრუქტურა ისე არის შექმნილი, რომ მომხმარებელს, რამდენიმე ნივთის შეძენის სურვილის შემთხვევაში, ვირტუალური კალათა ეძლევა, რაც შესაძლებელს ხდის, სასურველი ნივთები მომხმარებელმა ცალკე არ შეუკვეთოს.
ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული კომერცია სათავეს იღებს 2002-2003 წლებში. ელექტრონული კომერცია ინტერნეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომსახურებაა. როდესაც ელექტრონული კომერციის პროცესი უშუალოდ ჩვეულებრივ მომხმარებელსა და მაღაზიას შორის მიმდინარეობს, ასეთი ტიპის ელექტრონულ კომერციას საკუთარი აღნიშვნა აქვს B2C (Bussines to Consumers)6.
ინტერნეტმაღაზიაში შეკვეთილი ტვირთი სხვადასხვა დროს შეიძლება მივიდეს შემკვეთამდე. ეს დრო შეიძლება მერყეობდეს სამი კვირიდან ორ დღემდე და დამოკიდებულია მომხმარებლის არჩევანზე. თუ მომხმარებელი მეტს გადაიხდის, ტვირთს გაცილებით ჩქარა მიიღებს. ასეთ შემთხვევაში ინტერნეტმაღაზია ცნობილი საერთაშორისო გადამზიდავების TNT, FedEx ან სხვა მსგავსი ორგანიზაციის მომსახურებას მიმართავს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან საკმაოდ ბევრი ადამიანი სარგებლობს როგორც უცხოური, ასევე რუსული ინტერნეტმაღაზიების მომსახურებით.
ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი მიმართულებაა, როდესაც ურთიერთობა ხორციელდება კომპანიებს შორის. ესენი შეიძლება იყვნენ მსხვილი მწარმოებლები და საშუალო დისტრიბუტორები. ისევე, როგორც B2C სქემაში, ელექტრონულ ფირმაში გარიგებები ე. წ. ელექტრონულ სავაჭრო მოედნებზე ხორციელდება. ისინი წარმოადგენენ მაღალი დონის ელექტრონულ სავაჭრო სისტემებს, რომლებიც ოპტიმიზირებულია დიდი რაოდენობის პროდუქციისა და მისი თანმდევი პროცესების, კერძოდ კი, შესაბამისი დოკუმენტაციის, ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში, 2000 წ. მომხდარი მსოფლიო ინტერნეტკრიზისის და უამრავი ელექტრონული კომერციის პროექტის დახურვის შემდეგ, B2B (Bussines to Bussines) სქემით მომუშავე ელექტრონული პროექტები ყველაზე კარგად გრძნობენ თავს. ელექტრონული კომერციის ბრუნვის 70% ზუსტად ასეთ სისტემებზე მოდის7. არსებობს საკმაოდ ბევრი ელექტრონული სავაჭრო მოედანი, რომელიც სხვადასხვა სფეროში ერთდროულად მუშაობს.
მაგალითისათვის, ელექტრონული სავაჭრო მოედანი Pefa.com ორიენტირებულია ცოცხალი თევზის ვაჭრობაზე. ის აკავშირებს ერთ ჯაჭვში თერთმეტ მცირე სავაჭრო მოედანს, რომელიც განლაგებულია ბელგიაში, ინგლისში, ჰოლანდიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, უელსსა და შოტლანდიაში. აღნიშნული B2B სისტემა ეხმარება წარმოებებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ცოცხალი თევზის პროდუქციის წარმოებით ან მათი გაყიდვით. B2B სქემის უპირატესობას ის ფაქტორიც ცხადყოფს, რომ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიც არის “ფორდი”, “დაიმლერ კრაისლერი”, “ნისანი”, არა მარტო მონაწილეობენ ასეთ სისტემებში, არამედ უამრავ ფულად ინვესტიციებს ახორციელებენ ასეთი პროექტების გასავითარებლად.
რა თქმა უნდა, B2B სისტემებში მონაწილეობისას არსებობს გარკვეული ტექნოლოგიური და ბიზნესრისკები. ტექნოლოგიურში იგულისხმება არადამაკმაყოფილებელი კავშირი პროვაიდერთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულების დადების დროს შეფერხებები. რაც შეეხება ბიზნესრისკებს, ეს შეიძლება იყოს ნაყიდი პროდუქციის არასათანადო ხარისხი, მყიდველის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის დაკარგვა, და ა.შ. ამასთანავე, ელექტრონული სავაჭრო მოედნების ძირითადი ნაკლი ის არის, რომ ბევრ მათგანს არ აქვს სათანადო მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ანგარიშსწორებას ინტერნეტის მეშვეობით.
უნდა აღინიშნის, რომ ასეთი სავაჭრო მოედნები უკვე საქართველოშიც მოიპოვება, კერძოდ, ხორბლისა და მარცვლის ექსპორტ-იმპორტის ბაზარი, საიტი www.agrosystems.ge.
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული ვაჭრობა, მომხმარებლის თვალთახედვით, მომგებიანი და ეფექტიანია, რადგანაც ადვილად შეიძლება საქონლის შერჩევა და შეძენა.