საბაზრო ეკონომიკა თუ შერეული ეკონომიკური სისტემა?

რევაზ გოგოხია ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

ახალგანვითარებულ ქვეყნებში დღეისათვის ფუნქციონირებად სისტემას ეკონომიკურ ლიტერატურაში, როგორც წესი, საბაზრო ეკონომიკას უწოდებენ, რაც მართებულად არ მიგვაჩნია. მცდარია ასევე მოსაზრება, რომ თანამედროვე ეკონომიკური სისტემა “შერეული საბაზრო ეკონომიკაა”, რომ “ეკონომიკური შინაარსით სოციალური საბაზრო მეურნეობა დღეს – შერეული ეკონომიკის სახესხვაობაა”.

მიგვაჩნია, რომ სოციალური საბაზრო მეურნეობა და, მით უმეტეს, შერეული საბაზრო ეკონომიკა საერთოდ არ არსებობს, რამდენადაც, ჯერ ერთი, საბაზრო ეკონომიკა დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემა არ არის, მეორეც, საბაზრო მეურნეობა თავისი ბუნებით, არსით არასოციალურია. სოციალურობას ის იძენს, როგორც შერეული სისტემის ბირთვი, სახელმწიფოებრივი რეგულირების მეშვეობით.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ, თუმცა შერეული ეკონომიკის ეფექტიან ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი რეგულირების როლი, მაგრამ ამ უკანასკნელს არ ძალუძს შეცვალოს კონკურენტული საბაზრო ორგანიზაცია. თვით რეგულირების ბუნებაც ორნაირია – ის გეგმაზომიერებისა და არაგეგმაზომიერების დიალექტიკური წინააღმდეგობრივი ერთიანობაა.

შერეულ ეკონომიკაში სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთობლივად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საყოველთაოდ ცნობილი საკითხების (რა, როგორ, რისთვის) წარმატებით გადაწყვეტაში, რამდენადაც ყველა ეკონომიკური სისტემა შერეულია (ს. ფიშერი და სხვ.). ამრიგად, თანამედროვე ეკონომიკური სისტემა შერეული ეკონომიკური სისტემაა, რომელშიც სახელმწიფო და კერძო სექტორები თანამოქმედებენ როგორც განუყოფელი ნაწილები, სხვანაირად, ეს ეკონომიკური სისტემა არც მხოლოდ სახელმწიფოებრივია და არც კერძო, არამედ ორივეს ნარევია.

შერეული ეკონომიკა სახელმწიფოებრივი პროპორციულობის საბაზრო და სახელმწიფო რეგულირების ოპტიმალურ შეხამებას გულისხმობს. სწორედ ესაა შერეული ეკონომკის არსი. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ პრინციპული დასკვნა: საბაზრო ეკონომიკა შერეული ეკონომიკური სისტემის ბირთვია და არა დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ეკონომიკური სისტემა.

შერეული ეკონომიკის საერთოდ, და კერძოდ, მასში სახელმწიფო რეგულირებისა და თავისუფალი ბაზრის თანაფარდობის პრობლემა მრავალწახნაგოვანია და მასზე წინასწარ მოცემული რეცეპტებით მსჯელობა შეუძლებელია, აგრეთვე დაუშვებელიც. ყველაფერი დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყნის სპეციფიკაზე, მისი განვითარების დონესა და იმ კონკრეტულ სოციალ-ეკონომიკურ პრობლემათა წრეზე, რომელიც იქ წყდება მოცემულ პერიოდში. მაგალითად, შერეული ეკონომიკური სისტემის ფორმირების პროცესში მოკლე პერიოდში დიდ წარმატებას (“ეკონომიკური სასწაული”) მიაღწიეს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა: იაპონია, ჰონგკონგი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი და ა.შ. უწინარეს ყოვლისა იმით, რომ მტკიცე უარი თქვეს როგორც წმინდა მონეტარიზმზე, ასევე ეკონომიკურ პროცესებში ტოტალურ სახელმწიფოებრივ ჩარევაზე და ეკონომიკურ პოლიტიკაში მარჯვედ და გონივრულად შეახამეს ერთმანეთის რეგულირების სახელმწიფოებრივი და თავისუფალი ბაზრის მექანიზმები. ბუნებრივია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს ყველასათვის წარმატების უზრუნველმყოფელი რაღაც ერთიანი “აზიური ეკონომიკური მოდელი”. საქმე ისაა, რომ თუ ჰონგკონგში ძირითად ორიენტირად მიჩნეული იყო საბაზრო ძალების თავისუფალი თამაში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში აქტიურად გამოიყენებოდა ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმი, რომელიც შეცვლილი სოციალ-ეკონომიკური პირობების შესაბამისად კორექტირდებოდა. და მაინც, მიუხედავად ყველა განსხვავებისა, აღნიშნული ქვეყნებისთვის საერთო დამახასიათებელი იყო: ინფლაციის დაბალი დონე, დანაზოგთა მაღალი დონე, დიდი ინვესტიციები განათლებაში, უცხოური მოწინავე ტექნოლოგიების დიდი მოდინება, “გახსნილობის” ოპტიმალურად მაღალი დონე.

ყოველივე აღნიშნულთან ერთად, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ბოლო პერიოდში შერეული ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებაში გამოიკვეთა სოციალური მიმართულება. ამ მხრივ გამოირჩევა შერეული ეკონომიკის შვედური, გერმანული და იაპონური მოდელები, მაგრამ მთავარია ის, რომ ლიბერალურთან ყველაზე მიახლოებული ამერიკული სისტემაც კი სულ უფრო სოციალურად გარანტირებულობის ხასიათს იღებს. უფრო მეტიც, დღეს აშშ-ში ფორმირებულია პრინციპულად ახალი ტიპის საზოგადოებრივი ურთიერთობები: ეკონომიკის სახელმწიფო სექტორის განვითარების მამოძრავებელი საზოგადოებრივი მოთხოვნილებები, სადაც დომინირებს საზოგადოებრივი საკუთრება და შრომის შედეგთა საზოგადოებრივი მითვისება, რომელმაც თავისი მოცულობით დიდად გადააჭარბა კერძო სექტორს. დღეისთვის აშშ-ში სახელმწიფო სოციალური დანახარჯები მყარად ლიდერობს საერთო სამთავრობო დანახარჯებში. თუმცა, კერძო კაპიტალმა ამ სფეროში საკუთარი თავი ვერ ამოწურა. იქ ბიზნესი მასობრივად აკმაყოფილებს ინდივიდუალიზებულ მოთხოვნილებებს, რამაც ბიზნესის მიზნების ჰუმანიზაცია, ანუ წარმოების “გაადამიანურება” გამოიწვია. ამასთან, ბიზნესმენებმა სავსებით გაითავისეს ის, რომ განვითარების ყველა ვექტორიდან ამოუწურავ შესაძლებლობებს ფლობს მხოლოდ ადამიანისეული პოტენციალი და აქტიურად ჩააბეს მუშაკები წარმოების მართვასა და მოგების განაწილებაში. სწორედ ამ და სხვა ფენომენალურ მოვლენათა შედეგია ის, რომ აშშ-ის ეკონომიკას დღეს ფაქტობრივად საშუალო ფენა მართავს, ანუ განხორციელებულია საზოგადოების სოციალიზაციის პროცესი, რომლისთვისაც, ზოგიერთი “მოძღვრების” საპირისპიროდ, სრულიადაც არ ყოფილა აუცილებელი შეიარაღებული რევოლუციური გადატრიალება.

ანტიადამიანური თეზისი – “ყველაფერი ძვირდება”, აშშ-სა და მის მსგავს ქვეყნებში “არ გადის” ფასების ზრდის კვალობაზე მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების ხელდასმით იზრდება ხელფასიც და სოციალური უზრუნველყოფის სიდიდეც. სხვანაირად რომ ვთქვათ, მოსახლეობას არ აწუხებს, ან თითქმის არ აწუხებს “გაძვირების” პროცესი.

სოციალურად ორიენტირებული შერეული ეკონომიკის მშენებლობისა და ფუნქციონირების მდიდარი და დასავლური გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ იქ ძველის ნგრევის გარეშე ახალი სამყარო შეიქმნა, ძველის გარდაქმნით. ე.ი. კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანია არა ანტაგონისტური დაპირისპირება, არამედ ერთიანობა და ამ ნიადაგზე თანმიმდევრული მოძრაობა სოციალიზებული საზოგადოებისაკენ, რაც მთელი მსოფლიოს ერთიანობის საფუძველია.

აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ შერეული ეკონომიკის სოციალური ორიენტაცია იმანენტურად გულისხმობს სოციალურ პასუხისმგებლობასაც, რაც კონცენტრირებულად ვლინდება მოქალაქეთა პასუხისმგებლობით ეკონომიკური განვითარების შედეგებისათვის. ეს მთელი ეკონომიკური სისტემის ფორმირების ძირეული საკითხია, რომელიც განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს გარდამავალ პერიოდში, რამდენადაც მბრძანებლურმა ეკონომიკამ ვერ განახორციელა სოციალური დოვლათის შექმნის ეფექტური სისტემა.

ეკონომიკურ პროგრესსა და ეკონომიკურ ეფექტიანობაში მოქალაქეთა სოციალური პასუხისმგებლობის ზრდა, როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, მიიღწევა, ჯერ ერთი, როცა ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა უმჯობესდება მათი საქმიანი აქტიურობის საფუძველზე; მეორე, სოციალური პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ხდება შემოსავლებისა და მოხმარების სამართლიანი დიფერენციაციით, მოქალაქეთა სამეწარმეო აქტიურობის კვალობაზე; მესამე, სახელმწიფოსა და სხვა მეწარმეთა მიერ სოციალურ მიზნებზე გაღებული დანახარჯების ოპტიმალურობით.

დღეს ბევრი მკვლევარი თუ პოლიტიკოსი მსჯელობს იმის შესახებ, რომ საქართველოს (ისევე როცორც სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნების) ამოცანაა საბაზრო ეკონომიკის, საბაზრო სისტემის მშენებლობა.

“და მართლაც, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე არსებით გამონაკლისს: არმიას, პოლიციას და სკოლას, ჩვეულებრივი ეკონომიკური ცხოვრების დიდი ნაწილი მიმდინარეობს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე და ეს საბაზრო ეკონომიკის რეალური ძალაა”. “მაგრამ ნუ ეცდებით შემდეგი ნაბიჯის გადადგმას და ვარაუდს, რომ სახელმწიფო წარსულის გადმონაშთია. სახელმწიფო საკვანძო როლს თამაშობს უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნით, რომელშიც ბაზრებს აყვავება და უკიდურესობათა თავიდან აცილება შეუძლიათ… თანამედროვე ეკონომიკის აყვავება დამოკიდებულია საჭირო წონასწორობისა და მოვალეობათა სწორი განაწილების შენარჩუნებაზე ბაზარსა და მთავრობას შორის”.

როგორც ამას ბევრი დასავლეთელი მკვლევარიც აღიარებს, თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს “წმინდა” საბაზრო ეკონომიკა. უფრო მეტიც – ასეთი ეკონომიკური სისტემა არც არასოდეს ყოფილა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ დღეისათვის საქართველოს გარდამავალი პერიოდის წინაშე დგას კარდინალური ამოცანა – საბაზრო სისტემის, როგორც ახალი ეკონომიკის საფუძვლის ფორმირება და მთელი ეკონომიკის შეგნებული მაკროეკონომიკური რეგულირების მექანიზმთა სისტემის შექმნა. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის მტკიცება, რომ საქართველოს ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობა გამოწვეულია საბჭოური სოციალიზმიდან საბაზრო სისტემაზე გადასვლით, რომ “საქართველოში დღეს ფუნქციონირებს საბაზრო ეკონომიკა”, რომ თითქოს ამით “გამოაშკარავდა საბაზრო მექანიზმების “ღვთაებრივი ხასიათის”, ბაზრის თვითრეგულირების უნივერსალური ბუნების, “უხილავი ხელის” განსაკუთრებულობის და სხვა ილუზიების მავნეობა”.