რა არის “უროდა – ან ვინ არის “უროდა”

ემზარ ჯგერენაია
რატომ ესმით რუსებს და ევროპელებს ერთი და იგივე სიტყვა დიამეტრულად საპირისპიროდ, ანუ რატომ არის პოლონურად “მშვენიერი” – რუსულად “მახინჯი”

ოქტომბრის ოქროსფერ დღეს, ვარშავაში, ევროპის ინსტიტუტის ეზოში, 100-წლიანი მუხის ჩრდილქვეშ დავსეირნობდი მეგობარ პოლონელ პროფესორთან ერთად. პოლონეთში აღიარებული ეს პოლიტოლოგი მესაუბრებოდა საქართველოსა და მისი მეზობლის ურთიერთობაზე, ევროპის დამოკიდებულებაზე და “დათვთან” ჭიდაობის პოლონურ გამოცდილებაზე. უცებ აღტაცებულმა წამოიძახა: რა “უროდა” ამინდიაო! ჩემი სამშობლო წლის ამ პერიოდში ძალიან “უროდააო”. გავოგნდი, არ ვიცოდი, რა მეთქვა. ეტყობა, იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ სახეზე შემეტყო და ჩემმა მოსაუბრემ გადაიხარხარა. ვიცი, რატომაც შეცბუნდი – ჩვენ და რუსებს ერთი და იგივე მოვლენა ხშირად დიამეტრულად განსხვავებულად გვესმისო. აი, მაგალითად, რუსეთისათვის ჩეჩნეთის, ინგუშეთის, იგივე ოსეთისა თუ დაღესტნის დაპყრობა და კავკასიაში თავისუფლების წყურვილის სისხლში ჩახრჩობა – მშვიდობის დამყარება და გათავისუფლებაა, ჩვენთვის კი ეს მოვლენა რუსეთის იმპერიის ბოროტება და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია. საქართველოში სეპარატი მარიონეტებისა და რუსეთის უშიშროების აგენტების მიერ მისი ტერტორიული მთლიანობის მუქარა – ჩვენთვის რუსეთის იპერიალიზმის პირსისხლიანი ზრახვებია საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წინაღმდეგ, ხოლო რუსეთისათვის, ვითომ თავისუფლებისათვის მებრძოლი პატარა ერების დაცვა მშვიდობის დასამყარებლად. საქართველოს ინტეგრირება ევროსტრუქტურებში და ნატოში – ჩვენთვის და, ალბათ, მთელი დემოკრატიული მსოფლიოსათვის მსოფლიო სტაბილურობის ამოცანაა, რუსეთისათვის კი მისი ინტერესებისა და სტაბილურობის შელახვაო.
11 ნოემბერი პოლონეთის გათავისუფლების დღეა, მისი ეკონომიკური აყვავებისა და პოლიტიკური ძლერების საწყისი, რუსეთისათვის კი ეს დღე არის იმპერიის შემცირებისა და ეკონომკური ინტერესების დასუსტების დღეო.
ასეა აქაცო, პოლონურად “უროდა” ნიშნავს მშვენიერს, ხოლო რუსულად მახინჯს. ამიტომ პოლონელებს და რუსებს ერთმანეთის არასოდეს ესმოდათო.
გასაოგნებელია! მათ თურმე მარტო ჩვენი არ ესმით უკუღმა! თურმე იმიტომ ვერ ვთანხმდებით ჩვენ და რუსები, რომ ყველაფერს უკუღმა იგებენ, ან უნდათ, გაიგონ. ასე, მაგალითად: როცა გვეკითხებიან, რა უნდა საქართველოს? ჩვენ ვპასუხობთ – საუკუნეებით ნანატრი თავისუფლება, იდენტურობის დაცვა და ეკონომიკური აყვავება. მათ ეს არ ესმით! მაგრამ, ეტყობა, კარგად გაიგებენ, თუ ვეტყვით: მონობა გვინდა, გადაგვარება და სიდუხჭირეო. ბუნებრივია, რომ ვერ ვუგებთ ერთმანეთს, სხვანაირად გვესმის ერთი და იგივე სიტყვა, მოვლენა, ფაქტი და აქტიც. ადვილია რუსეთთან მოლაპარაკება, ოღონდ უკუღმა უნდა ელაპარაკო. ეს ბუნებრივია. ქვეყანა, რომელიც დღესაც ცხოვრობს პრინციპით – “პრავ ტოტ, უ კავო ბოლშე პრავ” – აი, აქაც ერთ და იგივე სიტყვას ორი სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით ხმარობენ, იმიტომ კი არა, რომ სიტყვები არ ჰყოფნით, არამედ იმიტომ, რომ მუდამ გაუგებრები, შეუცნობადები და “უროდები” იყვნენ.
ამას წინათ ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი სმიტი სტუმრობდა თბილისს და ლექცია წაიკითხა, თუ რა სარგებლობა მოაქვს ღია ეკონომიკას და თავისუფალ ვაჭრობას ყველა ქვეყნისა და ხალხისთვის, რატომ არ შეიძლება მოპარო, წაართვა, დაჩაგრო, როგორი მავნებელია ეს მომპარავისა და მჩაგვრელისათვის, მაგრამ რად გინდა, რუსებს არც ბატონი სმიტის ესმით. თავიანთი ბიზნესინტერესები აქვთ საქრთველოში – ელექტროდისტრიბუციაში, აზოტში, ბანკებსა თუ ოქროს მოპოვებაში. ასიათასობით ქართველი შრომობს რუსული ეკონომიკისა და კულტურის აღმავლობისათვის. არა, მაინც არ ესმით, რადგან ის, რაც მშვენიერია ევროპისათვის, მახინჯია რუსეთისათვის.
არა, ნაღდად “უროდა” პოლიტიკოსები ჰყავთ და “უროდა” პოლიტიკა აქვთ. რა ენაზე ვხმარობ “უროდას” – ეს თქვენ გაარკვიეთ.