ჩაის არატრადიციული პროდუქციის წარმოება მეჩაიეობის დარგის განვითარების ერთ-ერთი გზა

ლელა ცირეკიძე, ეკ. მეცნ, კანდიდატი, შალვა მელქაძე

დღეს საქართველოს, ქვეყნის ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით, მეცნიერულ დონეზე დამუშავებული ისეთი აგრარული პოლიტიკა სჭირდება, რომელიც მეურნეობის გაძღოლის ეროვნული ტრადიციებისა და მსოფლიო გამოცდილების სინთეზზე იქნება დაფუძნებული.
ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა ახალ თვისობრიობაში გადადის საწარმოო ძალებისა და წარმოებით ურთიერთობათა განვითარების გარკვეული პარამეტრებით, თავისი საწარმოო-სამეცნიერო პოტენციალით, განსაზღვრული სოციალური ბაზით, ეკონომიკური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, წარმოებისა და შრომის ორგანიზაციით, ეკონომიკური აზროვნებისა და პრაქტიკული მოქმედების უნარით, აგრარული სექტორის ეკონომიკის მართვის გარკვეული გამოცდილებითა და სხვა.
ყოველივე ეს ისტორიული მემკვიდრეობაა და მისმა გაუთვალისწინებლობამ კატასტროფამდე მიგვიყვანა. არ გაამართლა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მხოლოდ კლასიკური სქემებითა და მოდელებით ხელმძღვანელობამ, რადგან ისინი ჩვენს ქვეყანაში არსებულ სასტარტო ეკონომიკურ წყობას არ შეესაბამება. რეალური ბაზარი კი ყოველთვის ასახავს ქვეყნის ნაციონალურ ტრადიციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენში საბაზრო ეკონომიკა ნულიდან კი არა, არამედ გეგმიური ანუ სოციალისტური ეკონომიკიდან იწყება, ამიტომაც საფუძვლიანად უნდა გაანალიზებულიყო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული პრობლემები და დასახულიყო მათი გადაწყვეტის ღონისძიებანი, რაც, სამწუხაროდ, არ გაკეთდა.
ჩვენი აზრით, საქართველოს აგრარული მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა მეჩაიეობა, რომელიც გაჩანაგების პირასაა მისული და თუ დროულად არ იქნა მიღებული სათანადო ზომები, ეს დარგი საბოლოოდ განადგურდება. ამიტომ მეჩაიეობის აგროსამრეწველო ქვეკომპლექსის განვითარებისათვის სწორად უნდა განისაზღვროს ჩაის წარმოების ძირითადი ეკონომიკური წინამძღვრები.
ჩაი, როგორც კვების პროდუქტი, ბარტერისა და კლირინგისათვის მნიშვნელოვანი საქონელია. მსოფლიო ბაზარზე მასზე მოთხოვნილება მაღალია და შესასყიდი ფასებიც მზარდია, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ იგი შეიძლება ქვეყნისათვის მყარი სავალუტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო გახდეს.
1988 წლამდე საქართველო ჩაის მწარმოებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენდა და მასზე მოდიოდა მსოფლიო ჩაის წარმოების 5-6%. იმ პერიოდისათვის მსოფლიოში წარმოებული მზა ჩაი 1,89 მლნ. ტონას შეადგენდა, ხოლო საქართველო ყოველწლიურად სხვადასხვა ასორტიმენტის 110-120 ათას ტონა მზა ჩაის პროდუქციას უშვებდა, რომლის 80% ყოფილი საბჭოთა რესუბლიკებისა და მსოფლიო ბაზარზე გაჰქონდა. სახელმწიფოში არაკომპეტენტური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებამ გაზარდა დისპროპორცია პროდუქციის მიწოდებასა და გასაღებას შორის, რამაც დაგვაკარგვინა წლების მანძილზე მოპოვებული ადგილი მსოფლიო ბაზარზე.
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის კვლავ პრიორიტეტულია მეჩაიეობის განვითარება და ჩაის პროდუქციის წარმოება, რადგან ამის შესაძლებლობას იძლევა ჩაის წარმოების უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციები, ჩაის ვაჭრობის მსოფლიო ბაზრების სეგმენტების შესწავლის მონაცემები, ჩაის გასაღების ტრადიციული ბაზრების დაბრუნების რეალურად გამოკვეთილი პერსპექტივები და ა.შ.
ჩაის დაკარგული საბაზრო ნიშის დასაბრუნებლად აუცილებელია აღდგეს ქართული ჩაის ღირსება, მაგრამ საჭირო რაოდენობის ფინანსების უქონლობის გამო დარგის ერთბაშად რეაბილიტაცია შეუძლებელია. ამიტომ ჩაის პროდუქციის თვისებების გათვალისწინებით უნდა შეიქმნას ისეთი პროდუქცია, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე მაღალი მოთხოვნილებაა.
სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით მეცნიერთა ჯგუფმა ამოცანად დაისახა, ქართულ ჩაის მიეცეს უფრო მეტი დატვირთვა, ვიდრე მხოლოდ კვებით პროდუქტს. კერძოდ, იგი გამოყენებულ იქნას იოდოდეფიციტისა და დიაბეტის მასიური პროფილაქტიკისათვის.
იოდი ადამიანის ორგანიზმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტია, რომელიც აუცილებელია ყველა ასაკის ადამიანისათვის. მისი დეფიციტი რთულ პრობლემებს უქმნის როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესს. ცნობილია, რომ იოდის დეფიციტი ეროვნული შემოსავალს 6-7%-ით ამცირებს.
საქართველო, განსაკუთრებით მისი მაღალმთიანი რაიონები, ტრადიციულად ითვლება იოდოდეფიციტურ რეგიონად. 1998 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 58,3 %-ს და ბავშვების 55%-ს აღენიშნებოდა ენდემური ჩიყვი. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად საქართველოში აღარ არსებობს რეგიონი, სადაც მოსახლეობა არ იმყოფებოდეს იოდოდეფიციტური დაავადებებების განვითარების რისკის ქვეშ. დამატებითი პრომლემები ენდემურ ზონებში ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარმა ავარიამ შექმნა, რის შედეგად რადიაციული ზემოქმედებისაგან დაბინძურდა საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი.
ეკოლოგიურ პრობლემებს თან დაერთო მოსახლეობის საკვების რაციონში მნიშვნელოვანი ცვლილება – ბოლო ხანებში 3-4-ჯერ შემცირდა იოდით მდიდარი პროდუქტების გამოყენება.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით სერიოზული ღონისძიებები განახორციელა იოდდეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა აღმოსაფხვრელად.
1997 წლიდან ამოქმედდა იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, იოდოდეფიციტის პრობლემა ჯერ-ჯერობით ისევე მწვავედ დგას, რადგან საქართველოში ვერ მოხერხდა ფართომასშტაბიანი პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, კერძოდ, მოსახლეობის ხარისხიანი იოდიზირებული პროდუქციით მომარაგება.
დღემდე უპირატესობა ენიჭება იოდიზირებულ მარილს, როგორც იოდოდეფიციტური დარღვევების პროფილაქტიკის ყველაზე იაფ და მოსახლეობის ყველა ფენისათვის ხელმისაწვდომ პროდუქტს. მაგრამ რამდენიმე წელია ბაზარზე გამოჩნდა კიდევ ერთი, ახალი, ყოველდღიური მოხმარების, საქართველოში დამზადებული პროდუქტი – იოდირებული ჩაი.
ჩაი, როგორც კვების პროდუქტი, დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იგი ზომიერად მასტიმულირებელი საშუალებაა, ამაღლებს შრომის ნაყოფიერებას, შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ, ორგანიზმისათვის აუცილებელ ნივთიერებათა მთელ კომპლექსს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, მეცნიერთა ჯგუფმა მიზნად დაისახა ჩაის სხვადასხვა სახის პროდუქტის (იოდიზირებული ჩაი, ჩაი სტივეას დანამატებით, მწვანე, წითელი და ყვითელი ჩაი) წარმოების საკითხის შესწავლა და მისთვის ხელშეწყობა. მრავალფეროვანი, კონკურენტუნარიანი პროდუქცია გარანტიას იძლევა ქართულმა ჩაიმ ისევ შეაღწიოს დაკარგულ ბაზრებზე.
ჩაის წარმოების რამდენიმე მცირე საწარმომ შესძლო სწორი მიმართულება აერჩია, დაიწყეს ახალი პროდუქციის წარმოება და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს.
მაგალითად, ჩატარებული კვლევებისა და ექსპერიმენტების საფუძველზე მიღებული და შ.პ.ს. ქართულ-ჩინური კომპანიის მიერ დამზადებული ჩაი ტონუსი ენდოკრინოლოგია-მეტროლოგია-დიეტოლოგიის ცენტრში აპრობირების შემდეგ იოდოდეფიციტური დარღვევების პროფილაქტიკის პერსპექტიულ და ალტერნატიულ მეთოდად იქნა მიჩნეული. იგი წარადგინეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, სადაც მისცეს საერთაშორისო სიახლის კრიტერიუმის დამადასტურებელი დოკუმენტი – პატენტი. ასევე დიდი წარმატებით სარგებლობს ანასეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ მიღებული ჩაი დიაბეტიანთათვის – დიაბეტიანებისათვის ჩაი, მცენარე სტივეა-ს შაქრის შემცველი ფოთლებისაგან გამდიდრებული და სხვა.

განსახორციელებელი ღონისძიებები:
იოდის ნაკლებობით გამოწვეულ დაავადებათა ლიკვიდაციის დარგთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინაშე დააყენეს საკითხი, რომ იოდით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის დარგთაშორის პროგრამაში შეიტანონ იოდიზირებული ჩაი, როგორც იოდოდეფიციტის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ეფექტური ალტერნატიული საშუალება
პროდუქციის დისტრიბუცია ითვალისწინებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ენდოკრინოლოგიური სარეალიზაციო პუნქტების გახსნას, ასევე სააგიტაციო და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფას;
სახელმწიფო დაინტერესდეს იოდირებული ჩაის ექსპორტით მსოფლიო ბაზარზე, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს ყოფილი სსრკ-ს რესუბლიკებზე, კერძოდ, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის ენდემურ ზონებზე, სადაც ამ პროდუქციის რეალიზაციის ძალიან დიდი პერსპექტივაა. რუსეთი 1990 წლამდე მოიხმარდა წელიწადში 500 ათას ტონა იოდირებულ მარილს, ამჟამად კი აწარმოებს მხოლოდ 80-100 ათას ტონას. აქედან გამომდინარე, თუ საქართელოში წარმოებული ჩაის პროდუქტის მთლიანად იოდიზირება მოხდება, იგი დააკმაყოფილებს რუსეთის ბაზრის მოთხოვნილების მხოლოდ 1,2%-ს. გარდა ამისა, პროდუქციის გასაღებაში დიდ როლს თამაშობს ათწლეულების მანძილზე არსებული ურთიერთობები.

მოსალოდნელი შედეგები.
იოდოდეფიციტის პროფილაქტიკისათვის იოდირებული ჩაის გამოყენებას, იოდირებული მარილისაგან განსხვავებით, რიგი უპირატესობა აქვს:
ჩაის ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, მასში შეტანილი იოდის ნაერთები არ იჟანგება თავისუფალი იოდის გამოყოფით და აქროლებით, რაც ჩაიში იოდის მუდმივად შენარჩუნების საშუალებას იძლევა. მარილისაგან განსხვავებით მას არ სჭირდება რეიოდირება და სავაჭრო ქსელიდან ამოღება, რაც გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს;
ჩაის იოდირების ტექნოლოგია იოდის ზუსტად დოზირების საშუალებას იძლევა, რის საფუძველზე შესაძლებელია გაკონტროლდეს ადამიანის მიერ დღეღამეში მიღებული იოდის რაოდენობა;
იოდის ტექნოლოგია არ ცვლის იოდის მატარებლის – ჩაის ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს (გემო, ფერი, არომატი და სასაქონლო სახე);
იოდირებული ჩაი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვილ ბავშვებსა და ფეხმძიმე ქალებში იოდოდეფიციტის პროფილაქტიკისათვის, როდესაც იოდიზირებული მარილის გამოყენება მათთვის გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული;
იოდიზირებული მარილის მისაღებად აუცილებელია უმაღლესი ხარისხის მარილის გამოყენება. იოდირებულ ჩაიზე კი არ მოქმედებს გამოყენებული ჩაის პროდუქციის ხარისხი, თანაც მარილის იმპორტირება ხდება, ხოლო ჩაისათვის გამოიყენება ადგილზე წარმოებული პროდუქცია;
მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა მწვანე ჩაიზე. მაღალხარისხოვანი მწვანე ჩაის წარმოებით, შესაბამისი რეკლამირებით, შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავლების მიღება.
აქედან გამომდინარე:
ქვეყანაში დამკვიდრდება იოდოდეფიციტის პროფილაქტიკის ალტერნატიული საშუალება – იოდირებული ჩაი, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ ბაზარზე დაბალხარისხიან და კონტრაბანდულ პროდუქციას;
იოდირებული ჩაის წარმოება აგვაცილებს შემოტანილი მარილის მთლიანად იოდირების აუცილებლობას;
შესაბამისი რეკლამირებით და ქვეყნის მიერ მისთვის პრიორიტეტის მინიჭებით, პროდუქცია ხელს შეუწყობს ქართული ჩაის იმიჯის აღდგენას;
ეს პროდუქცია არა მარტო ქვეყნის სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი დარგის – მეჩაიეობის, არამედ სოფლის მეურნეობის რეაბილიტაციის ერთ-ერთ ბერკეტი გახდება, რადგან მისი წარმოების გაფართოება და ზრდა უზრუნველყოფს წლიური შემოსავლების ზრდას, რაც ჩაის პლანტაციების აღდგენას მოხმარდება. ეს კი შემდგომში საშუალებას მოგვცემს, ეროვნული ნედლეულის ბაზაზე ვაწარმოოთ არა მარტო იოდიზირებული ჩაი, არამედ ადრეულ წლებში ცნობილი და ახალი პროდუქციის სახეობებიც.