სავაჭრო-სამრეწველო პალატების როლი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში

ალეკო კვერნაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საინფორმაციო განყოფილების გამგე

წინამდებარე სტატია მომზადებულია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC), UNCTAD/GATT-სა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს განვითარებადი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ჩამოყალიბებასა და მათი ფუნქციონირების ეფექტურობის ამაღლებას.
ისტორია
სავაჭრო და სამრეწველო პალატები არსებობს დასავლეთის ყველა ინდუსტრიულ ქვეყანაში. მათ დიდი ხნის ისტორია აქვთ. ჯერ კიდევ 1599 წელს მარსელში პირველად გამოჩნდა ტერმინი “სავაჭრო პალატა”. 1701-02 წლების სამეფო დეკრეტის თანახმად სავაჭრო პალატები დაარსდა მთელ საფრანგეთში. ფრანგულმა მაგალითმა გავლენა იქონია რიგ მეზობელ ქვეყნებზეც. ნაპოლეონის მმართველობის პერიოდში სავაჭრო პალატები ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრისათვის ისინი არსებობდნენ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანაში სავაჭრო პალატების ჩამოყალიბება და ფუნქციონირება ესადაგებოდა ეროვნულ ტრადიციებს.

ეკონომიკური საფუძვლები
ძირითადი განსხვავება სავაჭრო პალატებს შორის არის მათი ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების იურიდიული რეგლამენტი. არსებობს კერძო სამართლის და საჯარო სამართლის სუბიექტი პალატები.

კერძო სამართლის სუბიექტი პალატებისათვის დამახასიათებელია თავისუფალი წევრობა. მათი დაარსება არის მეწარმეთა გაერთიანების კერძო ინიციატივა, შესაბამისად ყველა ქვეყანაში თუ რეგიონში პალატებს განსხვავებული სტრუქტურა და ამოცანები აქვთ. ასეთი პალატების ფუნქციებში შედის თავისი წევრების ინტერესების დაცვა, მათი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების მეშვეობით. ასეთი პალატების შემოსავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს ფასიანი მომსახურება და ისინი ნაწილობრივ კომერციული სტრუქტურები არიან.

ევროპის მეტწილ ქვეყნებში უპირატესობა ენიჭება სამოქალაქო კანონმდებლობის სისტემას და შესაბამისად სავაჭრო პალატები წარმოადგენენ საჯარო სამართლის სუბიექტებს, მათ ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას არეგულირებს კანონი. ამ პირობებში სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრობა აუცილებელია რეგიონში განლაგებული ყველა საწარმოსათვის. მათ შორის საზოგადოებრივი სექტორის საწარმოებისათვისაც. თუმცა ასეთი საწარმოები უნდა მოქმედებდნენ კონკურენტულ საბაზრო ეკონომიკის სტრუქტურის ფარგლებში და არ უნდა ჰქონდეთ უპირატესობა კერძო სექტორზე. ასეთი საზოგადოებრივი სექტორის საწარმოები არსებობს მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ლუქსემბურგში და სხვა. ამის გამო შერეული ეკონომიკის ქვეყნებისათვის, იქ სადაც წარმოდგენილია როგორც კერძო ასევე საზოგადოებრივი სექტორის საწარმოები, ოპტიმალურია დასავლეთის ტიპის პალატები. საჯარო სამართლის პალატები მოქმედებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში: გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, შოტლანდიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, თურქეთში და სხვა. ამ ქვეყნებისათვის დამახასიათებელია სავაჭრო-სამრეწველო პალატების შესახებ სპეციალური კანონის არსებობა.

მაგალითად, გერმანიაში მოქმედებს კანონი, რომლითაც განსაზღვრულია პალატის აუცილებელი წევრობა. მის ფუნქციებში ჩამოყალიბებულია როგორც მეწარმეთა ინტერესების დაცვა, ასევე მთავრობისათვის რეკომენდაციების შემუშავება და კონსულტაციების გაწევა ბიზნესის სფეროში, სხვადასხვა სახის სერტიფიკატების დამოწმება და გაცემა, პროფესიული სწავლების ორგანიზება და ზედამხედველობა, მეწარმეთა შორის წარმოქმნილი დავების გადაჭრა და სხვა.

პალატების შემოსავლის წყაროს გერმანიაში წარმოადგენს აუცილებელი საწევრო გადასახადი და ზოგიერთი სახის ფასიანი მომსახურება. მათ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვთ დააფუძნონ ორგანიზაციები მომსახურების გასაწევად. მაგალითად, გერმანიაში რიგი პროფესიული კოლეჯები და სამენეჯერო სკოლები პალატებს ეკუთვნით. ისინი აგრეთვე გასცემენ ლიცენზიებს და უტარებენ ატესტაციას სხვა სასწავლო დაწესებულებებში.

საფრანგეთში სხვა ფუნქციებთან ერთად პალატები პასუხისმგებელნი არიან ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, მათი პირდაპირი მართვის ქვეშ იმყოფება ზოგიერთი პორტები, აეროპორტები, მსხვილი საბითუმო საწყობები, სავაჭრო ცენტრები, საგამოფენო კომპლექსები და ა.შ.

როგორც წესი, ევროპის ქვეყნებში კანონით არის განსაზღვრული პალატის მართვის ორგანოების არჩევითობა, ეკონომიკის ყველა სფეროს წარმომადგენლობა, საწევრო გადასახადების აკრეფის სისტემა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში
პალატების სისტემების არსებობა და განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნებში, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის სტადიაში არიან და შესაბამისად ბიზნესმენთა ფენაც ჩამოყალიბების პროცესშია. ასეთ ქვეყნებში როგორც წესი, კერძო ბიზნესის განვითარებასთან ერთად მიმდინარეობს სერიოზული რეფორმები სახელმწიფო მართვის ორგანოებში. მთავრობის აპარატი და სამინისტროები განიცდიან ძირეულ ცვლილებებს, მათი მუშაობა კონცენტრირდება ზოგად მაკროეკონომიკურ საკითხებზე, რაც თავის თავად პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ ამავე დროს გარკვეულწილად იკარგება კავშირი მთავრობასა და მეწარმეებს შორის, მით უფრო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ დამაკავშირებელი რგოლის როლს სწორედ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ასრულებს და სახელმწიფო თვითონ ქმნის მას, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტს. რაში მდგომარეობს ეს დამაკავშირებელი რგოლი?

ევროპის ქვეყნების შესაბამის კანონებში პირდაპირ არის მითითებული, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა სრულად მოიცავს საქმიან წრეებს წარმომადგენლობითი პრინციპით და მისი მართვის ორგანოები არჩევითია, ანუ იგი დემოკრატიულ საწყისებზეა აგებული, სადაც თითოეულ კომპანიას აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს საერთო გადაწყვეტილების შემუშავებაში. აქედან გამომდინარეობს აუცილებელი წევრობის პრინციპი, რაც საშუალებას იძლევა წარმოდგენილი იყოს ეკონომიკის ყველა სფერო – მრეწველობა, ვაჭრობა, ბანკები, ტრანსპორტი, დაზღვევა და ა.შ. ეს პრინციპი პალატას საშუალებას აძლევს მთავრობის წინაშე წარმოადგინოს მთელი საქმიანი საზოგადოება, რაც მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, მით უმეტეს, რომ ამ რეკომენდაციებში გათვალისწინებულია სათანადო კონსულტაციები მრეწველობის სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან.

აუცილებელი წევრობა ითვალისწინებს, რომ თითოეული საწარმო იხდის საწევრო გადასახადს, ხოლო პალატის მართვის დემოკრატიული პრინციპიდან გამომდინარე მის წევრებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ პალატის ბიუჯეტი და ის პრიორიტეტები რაზეც იქნება მომართული აკუმულირებული სახსრები, რა თქმა უნდა კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

აუცილებელი წევრობა საშუალებას აძლევს სავაჭრო-სამრეწველო პალატას იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც სათანადო რეკომენდაციების შემუშავებისას თუ საკონსულტაციო და საინფორმაციო სამსახურების ჩამოყალიბებისას შეეძლება მოიწვიოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რაც მის მუშაობას უფრო საჭიროსა და მიმზიდველს გახდის.

სახელმწიფო, რომელსაც საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია ბიზნესის მომსახურებისათვის, დაინტერესებულია, რომ ბიზნესი თვითონვე უწევდეს მომსახურებას საკუთარ თავს პალატის მეშვეობით.

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
განვითარებად ქვეყნებში, სადაც საბაზრო ეკონომიკა და კერძო ბიზნესი ჩანასახის მდგომარეობაშია, სავაჭრო-სამრეწველო პალატების სისტემის განვითარებამ დროის მოკლე პერიოდში შეიძლება დიდი ეფექტი გამოიღოს. ასეთ პირობებში სავაჭრო-სამრეწველო პალატამ შეიძლება იტვირთოს თანამედროვე ბიზნესის განვითარებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა:

საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურება.
მეწარმეები, განსაკუთრებით მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, დიდ სიძნელეებს აწყდებიან ბიზნესინფორმაციის მოპოვებისას. კერძოდ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პროდუქციის მომწოდებლები და მყიდველები, ფასები, გამოფენები, უცხოეთის ბიზნესის შესაძლებლობები, ხარისხის თანამედროვე მოთხოვნები, ახალი ტექნოლოგიები და მრავალი სხვა. მომსახურების ეს სფერო უნდა მოიცავდეს ინფორმაციის მოპოვებას და გავრცელებას, ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, საზღვარგარეთის ქვეყნების ბაზრის მიმოხილვას, სავაჭრო სტატისტიკურ მონაცემებს, ცნობებს უცხოური და ადგილობრივი ფირმების შესახებ. ეს სამსახური მოამზადებს და გამოსცემს პერიოდულ ბიულეტენებს მრეწველობის სხვადასხვა დარგებში.

გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ერთ-ერთი პირველხარისხოვანი პრობლემაა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ხშირ შემთხვევაში პრივატიზებული საწარმოების უმრავლესობა მხოლოდ პოტენციურ საწარმოო ფართს წარმოადგენს. ძირეული რესტრუქტურიზაციისა და ახალი მანქანა-დანადგარებით აღჭურვის გარეშე ამ საწარმოებს არავითარი პერსპექტივა არ გააჩნიათ. ამავე დროს, ამ საწარმოებს არათუ არ შეუძლიათ თავისი ძალებით მოიზიდონ ინვესტიციები, არამედ ხშირ შემთხვევაში არ აქვთ შესაძლებლობა მოამზადონ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საინვესტიციო პროექტები და ბიზნეს-გეგმები, შემდგომ კი დაუგზავნონ ისინი პოტენციურ ინვესტორებს. ფრიად პრობლემატურია აგრეთვე უცხოურ პარტნიორთან კომპეტენტური შესაძლო მოლაპარაკებების გამართვა.

მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებით დაკომპლექტებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც ფინანსურადაც გამართული იქნებიან შეძლებენ იტვირთონ ეს მნიშვნელოვანი სფერო.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე, კერძო ბიზნესის არსებობის პირობებში, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში დარგობრივი სამინისტროების და დეპარტამენტების მუშაობა, რომლებიც ნაწილობრივ ორიენტირებულნი არიან ზემოხსენებული პრობლემების მოგვარებაზე, პერსპექტივაში გარდაუვლად შემცირდება და ისინი მხოლოდ ზოგად ეკონომიკურ საკითხებზე იმუშავებენ. ამასთან არ იქნება გამართლებული, რომ კერძო საწარმო, მით უმეტეს მცირე და საშუალო, რაიმე დახმარებისათვის სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციას მიმართავდეს.

საერთაშორისო ურთიერთობები და გამოფენები
ტრადიციულად ეს მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სავაჭრო-სამრეწველო პალატების მუშაობაში. ბიზნესის გლობალიზაციის პირობებში საერთაშორისო კავშირების დამყარება სულ უფრო ფართო დატვირთვას იძენს. მძაფრი კონკურენციის პირობებში მხოლოდ ის კომპანიები აღწევენ წარმატებას, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ გასაღების ბაზრის განვითარებაზე, თვალყურს ადევნებენ ახალ ტექნოლოგიებს, პრეზენტაციას უკეთებენ საინვესტიციო პროექტებს ამ პროცესების ხელშეწყობისათვის. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუდმივად იმართება სხვადასხვა კონფერენციები და ფორუმები, რომელთა ორგანიზატორად სავაჭრო-სამრეწველო პალატები გვევლინებიან. სავაჭრო-სამრეწველო პალატების მონაწილეობა ამ ღონისძიებებში, როგორც ორგანიზაციებისა, რომლებიც ნამდვილად წარმოადგენენ თავიანთი ქვეყნების საქმიან წრეებს და მიღებული არიან საზღვარგარეთ, უფრო ეფექტურს ხდის ამ ფორუმებს.

პალატის საერთაშორისო ურთიერთობები, მისი კავშირები მონათესავე ორგანიზაციებთან საზღვარგარეთის ქვეყნებში, მათ შორის წევრობა საერთაშორისო სავაჭრო პალატაში, ევროპის სავაჭრო პალატების ასოციაციაში და სხვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ბიზნესის წარმოჩენას და ინფორმაციული მომსახურების გაუმჯობესებას. ამის შესაძლებლობებს იძლევა პალატებს შორის არსებულ მონაცემთა ბანკები და საინფორმაციო ქსელები.

განათლება და სწავლება
საყოველთაოდ არის ცნობილი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საწარმოს წარმატებული საქმიანობისათვის მართვის მუშაკთა და ტექნიკოსთა კვალიფიკაცია. ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. საწარმოებს უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნიათ მართვის სპეციალისტები, რომელთაც ძალუძთ საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად წარმართონ საწარმოს საქმიანობა. არასაკმარისი და არაკვალიფიცირებული სპეციალისტების არყოლის გამო ფირმებს არ გააჩნიათ მარკეტინგის, საფინანსო, ხარისხის კონტროლისა და სხვა სამსახურები.

სავაჭრო სამრეწველო-პალატები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ყოველნაირად შეუწყონ ხელი ბიზნესის განვითარებას, აქტიურად არიან ჩაბმულნი სხვადასხვა სასწავლო პროგრამების ორგანიზებაში, როგორც მენეჯერთათვის ასევე მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. ამისათვის ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც მოკლევადიანი სასწავლო კურსების სისტემა, ასევე პროფესიული სასწავლებლების ფართო ქსელი.

საზღვარგარეთის იმ ქვეყნებში, სადაც აუცილებელი წევრობის პრინციპი მოქმედებს, პალატები აქტიურად არიან დაკავებულნი პროფესიული სწავლებით. ძლიერი პალატის ბიუჯეტი, რომელიც საწევრო გადასახადებით ფორმირდება, საშუალებას იძლევა მობილიზებულ იქნას მნიშვნელოვანი თანხები აღნიშნული პროგრამების დასაფინანსებლად, რისგანაც თავისუფლდება სახელმწიფო. ამავე დროს, მეწარმეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სწავლების სისტემის განვითარებით, საშუალება ეძლევათ, პალატების მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მეშვეობით გააკონტროლონ თანხების მიზნობრივი ხარჯვა და პროგრამების ხარისხი.

ოფიციალური დოკუმენტების დამოწმება
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ბიზნესთან და კერძოდ საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ლეგალიზება და დამოწმება. ამათგან უმნიშვნელოვანესია საქონლის ექსპერტიზის, მისი წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა. ამ ფუნქციას თანაბრად ასრულებს როგორც საჯარო ასევე კერძო სამართლის სუბიექტი პალატები, ხოლო მათ მიერ გაცემულ სერტიფიკატებს ცნობს მსოფლიოს ყველა საბაჟო.

ხშირია შემთხვევები, როცა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას ადგილობრივ მეწარმეებს ესაჭიროებათ სხვადასხვა საბუთების ლეგალიზაცია სავაჭრო-სამრეწველო პალატების, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ. ასეთივე მდგომარეობაა დოკუმენტაციის ოფიციალური თარგმანის შემთხვევაში. პალატების მიერ შესრულებული და დამოწმებული თარგმანი მიღებულია უცხოეთის ორგანიზაციების მიერ.

მეწარმეთა შორის არსებული დავის მოწესრიგება

სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან მოქმედებს საარბიტრაჟო ან სამედიატორო სასამართლოები, რომელთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად სავალდებულო ძალა გააჩნიათ. მოცემული პრინციპი მჭიდროდ არის დაკავშირებული პალატების, როგორც მეწარმეთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციების აღიარებასთან.

ანალიტიკური სამსახური
აუცილებელი წევრობა საშუალებას აძლევს სავაჭრო-სამრეწველო პალატას მოიცვას ეკონომიკის ყველა სექტორი – მრეწველობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, მომსახურება, ვაჭრობა და ა.შ. პალატის მართვის დემოკრატიული პრინციპიდან გამომდინარე მართვის ორგანოებში წარმოდგენილია ამ სფეროების წარმომადგენლები, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რაც შესაძლებლობას ქმნის დამუშავდეს განზოგადებული პროგრამები ბიზნესის განვითარებისათვის, მიეცეს შესაბამისი რეკომენდაციები მთავრობას, არ მოხდეს რომელიმე ვიწრო ჯგუფის ლობირება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე არ მოხდება მრეწველობის რომელიმე დარგის წინ წამოწევა, რაც არ გაკეთდება სხვა დარგების ხარჯზე. ამ სამუშაოების ჩასატარებლად პალატებში იქმნება სხვადასხვა დარგობრივი კომიტეტები, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და განიხილავს პალატის ექსპერტთა მიერ დამუშავებულ რეკომენდაციებს მთავრობაში შემდგომი წარდგენის მიზნით.

წინამდებარე მიმოხილვა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ სავაჭრო და სამრეწველო პალატებს მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკის აღორძინებისათვის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან საჯარო სამართლის პრინციპზე ჩამოყალიბებული პალატა გაცილებით უფრო მობილური და ძლიერია, რადგან აუცილებელი წევრობა და შესაბამისად აუცილებელი საწევრო გადასახადები აფართოებს ასეთი პალატების მოქმედების თავისუფლების ხარისხს, ხოლო მართვის დემოკრატიული პრინციპი უზრუნველყოფს კონტროლს სახსრების მიზნობრივი გამოყენებისადმი.