როგორ უბრძანეს ჩრდილოვან ეკონომიკას ჩრდილიდან გამოსულიყო, ის ურჩობს

ეკა ლომიძე

ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამას საქართველოს პრეზიდენტმა პირველად 1998 წელს მოაწერა ხელი. შემდეგ, 2000 წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. თუმცა, ამ პროგრამების რეალიზაცია ვერ მოხერხდა და 2003 წელს ეკონომიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ აღნიშნული პროგრამა კიდევ ერთხელ იქნა წარდგენილი, რომელსაც პრეზიდენტმა ისევ მოაწერა ხელი. მიუხედავად ამისა, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ჩრდილოვანი ეკონომიკა მზარდი ტემპით “ვითარდება”.

ლადო პაპავა, ექსპერტი: – “საქართველოს ეკონომიკისთვის, მისი ჩრდილოვანი ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხია. როდესაც საუბარია ჩრდილოვან ეკონომიკაზე, არეულია სტატისტიკურად დაუკვირვებადი ეკონომიკა და საგადასახადო თვალსაზრისით დაუბეგრავი ეკონომიკა. ორივე ჩრდილოვანი ეკონომიკაა, მაგრამ მათ შორის განსხვავება არსებობს: შეიძლება მეწარმე გადასახადების რაღაც ნაწილს იხდიდეს, სტატისტიკურად ინფორმაციას ადგენდეს, ანუ ის სტატისტიკურად ხვდება ლეგალურ ეკონომიკაში, არაჩრდილოვანში, მაგრამ შეიძლება ამავე მეწარმემ რაღაც საფინანსო მაქინაციებით ბიუჯეტში გადასახდელი თანხები შეამციროს. აი, ეს უკვე ჩრდილოვანი ეკონომიკაა საგადასახადო კუთხით, ანუ რაც მან არ გადაიხადა იმ წუთში. მეორე მხრივ, შეძლება იყოს ასეთი შემთხვევაც: მეწარმე იხდის გადასახადს, მაგრამ სტატისტიკის დეპარტამენტს არ აწვდის სრულფასოვან ინფორმაციას. ამიტომ, თუ ჩვენ კვალიფიციურად გვინდა შევისწავლოთ პრობლემა, ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან, ჩრდილოვანი ეკონომიკა საგადასახადო კუთხით და დაუკვირვებადი ეკონომიკა. კამათი ხშირად არაკვალიფიციურია, რადგან სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტი არ არის გათვალისწინებული. სტატისტიკა დაუკვირვებადი ეკონომიკის, დაახლოებით, 35%-ს აფიქსირებს, როცა სხვადასხვა ექსპერტული შეფასებებით, ჩრდილოვანი ეკონომიკა 60-65%-ა. ნუთუ მართლა ასეთი ცუდი სტატისტიკა გვაქვს და ასე ნეგატიურად განწყობილი ექსპერტები, რომ ამდენად დიდი სხვაობაა? არა, უბრალოდ, ისინი სხვადასხვა რამეს იკვლევენ. ექსპერტები უყურებენ იმას, თუ რა შეიძლება ეკონომიკური გადასახადების სახით ყოფილიყო ამოღებული, მერე ამოღებულ ნაწილს აპროცენტებენ მთლიან შიდა პროდუქტთან და გამოდის ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბი. რაც შეეხება სტატისტიკას, ის იღებს შიდა მეურნეობის გამოკითხვების ინფორმაციას – რა მოიხმარა მოსახლეობამ, მეორე მხრივ, ოფიციალურად რა იქნა წარმოებული, შემოტანილი თუ გატანილი და ამის თანაფარდობით ადგენს, რამდენია ჩრდილოვანი ეკონომიკა, ანუ ორივე ციფრი სწორია. ჩრდილოვან ეკონომიკაზე მსჯელობა, სამწუხაროდ, ხშირად არაკვალიფიციურია და მიმდინარეობს, როგორც სტატისტიკის, ასევე, მთავრობის უსაგნო კრიტიკა. შეიძლება თუ არა აღმოიფხვრას სტატისტიკური ჩრდილოვანი ეკონომიკა? რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რადგან ყოველთვის დარჩება რაღაც ისეთი სეგმენტი, რომლის სტატისტიკა არასოდეს იქნება აღრიცხული. ამავე დროს, ფისკალური თვალსაზრისით, ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოფხვრა შეუძლებელია, რადგან ყოველთვის იქნება ესა თუ ის ადამიანი ან ფირმა, რომელიც თავის გარკვეულ შემოსავლებს დამალავს, რომ გადასახადი არ გადაიხადოს. ეს საერთო პრობლემაა მთელი მსოფლიოსათვის, მხოლოდ სხვაგან მასშტაბები გაცილებით მცირეა.

ჩვენთან ჩრდილოვანი ეკონომიკის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილის ჩრდილიდან მზის სინათლეზე გამოყვანა, ანუ ლეგალიზაციაა საჭირო. ამ თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. 1998 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასეთი ამოცანა დაისვა და ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებული იყო ბევრი სწორი და მნიშვნელოვანი დავალება, შემუშავდა კიდეც. მას კოორდინაციას ეკონომიკის სამინისტრო უწევდა. სამწუხაროდ, ამ პროგრამის რეალიზაცია ვერ მოხერხდა, რადგან ბევრ უწყებას ხელს არ აძლევდა, რომ ეკონომიკა ჩრდილიდან ლეგალურ სექტორში გამოსულიყო. უკვე 2000 წელს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტრომ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაამტკიცებინა ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამა, რომელიც, პრაქტიკულად, წინა პროგრამის გადამღერება, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, გამეორებული დავალებები იყო. რა თქმა უნდა, ისიც ვერ შესრულდა იმავე მიზეზების გამო. ახალმა მინისტრმა კი, პრეზიდენტს იგივე პროგრამა ხელახლა დაამტკიცებინა და ამგვარად, სამგზის გადამღერებული ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამა მივიღეთ. ასეთი რამ, ასე ვთქვათ, მოდად იქცა, რამდენი ახალი მინისტრიც მოვა ე.წ. ეკონომიკის სამინისტროში, ყველა ამ პროგრამას ამუშავებს. მე შეგნებულად ვამბობ ეგრეთ წოდებულს, რადგან ამჟამად ეკონომიკის სამინისტოს მაგივრად ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო გვაქვს. ყოველი მინისტრის ხელში სამი პროგრამა დაიწერა და არც ერთი არ შესრულებულა. მივდივართ იმ საკითხთან, რომ პროგრამა უფრო სიღრმისეულია, ვიდრე პრეზიდენტის მიერ მისი დამტკიცება. მით უფრო, რომ ქვეყანაში არსებობს უამრავი პროგრამა, ბრძანებულება, რომელიც არ სრულდება. არ სრულდება ყველაზე მთავარი კანონი – კანონი სახელწიფო ბიუჯეტის შესახებ. ხოლო, თუ კანონი არ სრულდება და პასუხი არავის მოეთხოვება, დიდი რამე, რომ ბრძანებულება არ შესრულდეს და მერე პასუხიც არავის მოეთხოვოს. არადა, სქემაში, რომელიც აღნიშნულ პროგრამაშია ჩადებული და რომელიც ჩვენ თავის დროზე შევიმუშავეთ და ახლაც შენარჩუნებულია, პირდაპირაა მითითებული, კონკრეტულად რომელმა სამინისტრომ, დეპარტამენტმა თუ უწყებამ, რა ვადაში, რა უნდა გააკეთოს და ვინ არის პასუხისმგებელი. ძალიან მარტივია, დასაჯო ის ხელმძღვანელი, რომელიც დავალებას არ შეასრულებს, მაგრამ როდესაც ბიუჯეტი არ სრულდება, თანაც ამ პირობებში ადგილი აქვს გაუთვალისწინებელ ხარჯებს და ამის გამო არავინ ისჯება, რატომ უნდა დაისაჯოს ხელმძღვანელი იმისთვის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამით გათვალისწინებული ესა თუ ის დავალება არ შესრულდა. მივედით ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტამდე, რამაც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა შეიტანოს, ეს არის ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის პროგრამა. მის გარკვეულ ნაწილში ასახულია ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების ღონისძიებები. ახლა მკითხველმა შეიძლება მარტივი შეკითხვა დასვას – თუ ის პროგრამები არ სრულდება, რატომ უნდა შესრულდეს აღნიშნული პროგრამა? საქმე იმაში გახლავთ, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამის უკან დგას არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი, არამედ მსოფლიო დონორი სახელმწიფოები და ორგანიზაციები. ანუ, საქართველომ ამ პროგრამის ფარგლებში უახლოესი 12 წლის განმავლობაში სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან უნდა მიიღოს დახმარება – 2005 წლამდე 466 მლნ დოლარი. ეს მნიშვნელოვანი დახმრებაა. აქედან გამომდინარე, აქ უკვე ჯდება “ფინანსური მათრახის” მექანიზმი, თუ მთავრობა ამას არ გააკეთებს, დახმარებასაც ვერ მიიღებს. ამიტომ, სიღარიბის დაძლევის პროგრამას მეტი შანსი აქვს შესრულდეს, ვიდრე მის ნებისმიერ წინამორბედს, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერით შემოიფარგლებოდა, რადგან ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების გარკვეული მომენტები უკვე გადასულია სიღარიბის დაძლევის პროგრამაში, აქ უკვე ამოქმედებულია ფინანსური მარწუხი. სიღარიბის დაძლევის პროგრამაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მომენტები საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტებით არის წარმოდგენილი. დაწყებული იმით, რომ ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრის პირველი ამოცანა მართვის სრულყოფა და გაუმჯობესებაა. საუბარია, მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, საგადასახადო სისტემის სრულყოფაზე, პრობლემურ რეგიონებში მართლწესრიგის დამყარებაზე, არსებული ვითარების დარეგულირებაზე. ეს დოკუმენტი უფრო მასშტაბურია და რადგანაც მის უკან 466 მლნ დოლარი დგას, ბუნებრივია, მასში არის სეროზული ბერკეტი და მექანიზმი იმისა, რომ ქვეყანაში ეს პროგრამა შესრულდეს.

შეიძლება მოხდეს ისეც, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამა ქაღალდზე დაწერილი დარჩეს, მაშინ ქვეყანა არ მიიღებს დ.ახმარებას და სიღარიბე გაიზრდება. კარზე მომდგარია საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია ამ ფაქტს წინასაარჩევნო კამპანიისას გამოიყენებს, რომ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. თანაც, ეს ფინანსური მექანიზმია, რომელიც უკვე ბიუჯეტშია გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, მთავრობას სხვა გზა, უბრალოდ, არ ექნება და ყოველ ღონეს იხმარს, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამა შეასრულოს.

რევაზ წაქაძე, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ეროვნული ანგარიშებისა და მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველოს უფროსი.

“აღნიშნული პროგრამის შემუშავებისას, გამოვთქვით მოსაზრება, რომ საგადასახადო დეპარტამენტმა სასურველია მის ხელთ არსებული ყოველკვარტალური და წლიური მონაცემები მონაცემთა ბაზებში შეიყვანოს, რომელსაც მოგვაწვდის და დაუკვირვებად ეკონომიკას სტატისტიკური გამოკვლევების მიმართ კი არა, არამედ ფისკალურ ორგანოებში დეკლარირებული მონაცემების მიხედვით ვიანგარიშებთ. მაშინ საუბარი იქნება პირდაპირ ფარულ ეკონომიკაზე და არა დაუკვირვებადზე. თუ ასე მოხდება, აღნიშნული სისტემა მომავალში აეწყობა. რა თქმა უნდა, სტატისტიკის დეპარტამენტისთვის ეს დამატებითი ფუნქცია იქნება (შრომის გაწევის თვალსაზრისით), თუმცა ყველასთვის სასარგებლო, რადგან ანალიზი უკეთესად გაკეთდება. საქართველო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაა, სადაც მიმდინარეობს კანონების, სამეწარმეო გარემოს, სამეცნიერო სექტორების ჩამოყალიბების პროცესი. ამ პროცესების მსვლელობისას შეიძლება მხოლოდ ტენდენციებზე ვისაუბროთ. თვითონ ეკონომიკაში ფარული ეკონომიკა ერთ-ერთი საკითხია, რომელიც ჩვენთან მაღალი წილით საკმაოდ ბევრი სექტორისთვისაა დამახასიათებელი – 45-47%-ის ფარგლებში, ანუ 100%-დან დეკლარირებას ახდენს 45-47%, დანარჩენი ჩრდილშია. სახელმწიფო მართვის ორგანოებში გაცხარებით კამათობენ ამ მონაცემებზე და ასკვნიან, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები მეტია. სტატისტიკის დეპარტამენტს ბევრი არგუმენტი აქვს განაცხადოს, რომ ეს მონაცემები არც მეტია და არც ნაკლები, ტენდენცია კლებისკენ არ მიდის. საინტერესო ფაქტია, ის რომ ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დაწყებამ, რომელიც დიდი წონის ლეგალური მშენებლობაა, დაუკვირვებადი ეკონომიკის დონე მკვეთრად დასწია – იყო 55%-57%, ახლა 53,8%-ია, მთელ ეკონომიკაში კი – 33%. საქართველოში გადასახადების ამოღება მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით 14%-ია. როცა მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ფარული ეკონომიკა გაცილებით მეტი პროცენტით არის წარმოდგენილი, გამოდის, მსოფლიოში უპრეცენდენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საქართველო ამ კუთხით 8-9%-ის დონეზეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენში განუკითხაობაა. სამწუხაროდ, ის ხალხი, რომელიც სახელმწიფო მართვის სისტემაშია და სწორედ ამ კუთხით იღებს გადაწყვეტილებებს, ვერ დაიკვეხნის მაღალი ეკონომიკური ცოდნის დონით. ისინი ვერ ხვდებიან, რომ, რაც მეტია ჩრდილოვანი ეკონომიკა, მით უარესია ქვეყნისთვის.

დაუკვირვებადი ეკონომიკა საქმიანობის სახეების და დარგების მიხედვით სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლითაა წარმოდგენილი. ვაჭრობის სფერო – 69-70%, კავშირგაბმულობა – 10-7%, ესეც კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნოლოგიაზე მოდის, რომელთა აღრიცხვასაც, ჯერერობით, ვერ ვახდენთ. სოფლის მეურნეობაშიც დაბალი მონაცემები გვაქვს, რადგან ამ სფეროში, ძირითადად, ოჯახების მიერ წარმოებული პროდუქციაა და აღნიშნული დაბალი მაჩვენებელიც ხე-ტყის გადამუშავებაზე მოდის. მთლიანობაში, დაუკვირვებადი ეკონომიკის მესამედი ლეგალურია, დანარჩენი – არალეგალური. პოსტსაბჭოურ სივრცეში ყველაზე მაღალი პროცენტი ჩვენთანაა – ჩრდილში უფრო მეტი პროცენტი გვხვდება. მთლიანობაში, საერთო ტენდენცია ზრდისკენ მიდის.

ფარული ეკონომიკა მარტო ის არ არის, რაც ზედაპირულად ჩანს, ალბათ, სიღრმეებს უნდა ჩავუღრმავდეთ, რომ ათასი “ტრიუკები” და მეთოდები დავინახოთ, რისი საშუალებითაც გადასახადები იმალება. ეს არის, ნაწილობრივ სისტემური პრობლემა. მეორე მხრივ, ადამიანების განწყობა და კორუფციის დონე, მესამე მხრივ, ჩამოყალიბებული სახელმწიფო მექანიზმები. ამ პროცესების დარეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე, შეიძლება მხოლოდ ის ითქვას, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემები ჩვენ გვაქვს. მაგალითად, ავტორიტარული რეჟიმის გამო, ცენტრალურ აზიაში შეუძლებელია ამის გაკეთება. საქართველოში კი, ყველა ის მონაცემი გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია, რომელიც ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს, როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე მთავრობის სხვა წევრებისთვისაც. რაც შეეხება ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდის ტენდენციას, იგი ჩვენს პირობებში ლოგიკურია. როცა საწარმო იწყებს მუშაობას და ცდილობს ჰქონდეს ლეგალური ბიზნესი, აუცილებლად წააწყდება ისეთ პირობებს, რომელიც ხელს “შეუშლის” და “ჩრდილში” აღმოჩნდება. შემდეგ ეს ყველაფერი ზვავივითაა, რაღაც ისე ვერ გაქვს დოკუმენტში, უკვე ვიღაც “გაზის”. ასეთ პირობებში, როგორ უნდა შემცირდეს არალეგალური ეკონომიკა? გამოსავალს ვერ ვხედავ. მეწარმემ თეთრად რომ იმუშავოს, დიდი ხელშეწყობა, ანუ მფარველი, სჭირდება, რომელიც, თავისთავად, უკვე კორუფციული ელემენტია. მეწარმეთა გამოკითხვებიდან ვიცით, მათი ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ ე. წ. “კრიშკა” აუცილებელია, აქ დიდ საწარმოებზეა ლაპარაკი, თორემ მცირე მეწარმე დღეს აქ არის, ხვალ იქ. თუმცა მათში უკვე არსებობს ის აზრიც, რომ ლეგალური ბიზნესი გაცილებით ადვილი საწარმოებელია. თუ გადასახადების ამოღების პროცენტი სულ მცირე, 3%-ით დაიწევს, შესაბამისად, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები შემცირდება, რაც ამ პირობებში მოსახლეობასაც დაეტყობა. ამის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა არც თუ ისე ადვილი მისაღწევია”.

ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამის განხორციელების სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეა სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, ხოლო მოადგილე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი – გიორგი გაჩეჩილაძე. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო სამთავრობო კომისიისათვის წარსადგენად ყოველკვარტალურად ამზადებს ანალიტიკურ ინფორმაციას, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამის ღონისძიებების რეალიზაციის შესახებ. კომისია ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარების ტენდენციების ანალიზისა და პროგრამით გათვალისწინებული ცალკეული ღონისძიებების განხორციელების მექანიზმების ეფექტიანობის ამაღლებისთვის ამ მიმართულებით გასატარებელ დამატებით ღონისძიებებს შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს.

საქართველოს პარლამენტს იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების განხილვისა და მიღების დაჩქარება მოეთხოვა, რომლებიც ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის მასშტაბების შემცირებისათვის შესაბამისი ნორმატიული ბაზის სრულყოფას ითვალისწინებენ, არასამთავრობო და სამეცნიერო ორგანიზაციებს კი – პროგრამით გათვალისწინებული ცალკეული ღონისძიებების შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესში კომისიასთან თანამშრომლობა.

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ კოორდინირებული მუშაობის შედეგად “ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამით” გათვალისწინებული პრიორიტეტები და ღონისძიებები მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება, რაც ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებაზე, მთლიან შიდა პროდუქტში მობილიზებული გადასახადების წილის გაზრდასა და ლეგალური ეკონომიკის განვითარებაზე უშუალოდ აისახება.

როგორც ირკვევა, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამის შესრულებას, საკმაოდ რთული მომენტები ახლავს თან, რომელიც მის სისრულეში მოყვანას შორეულ პერსპექტივაში სწევს ან, სულაც სათუოს ხდის. ერთადერთ გზას, ამ ეტაპზე, სიღარიბის დაძლევის პროგრამის შესრულება წარმოადგენს, სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებას საკმაოდ დიდი ადგილი უკავია.