ვინ და როგორ უნდა დაიცვას საქართველოში ბიზნესმენთა ინტერესები

რედაქციისაგან

საქართველოში ტრანსფორმაციის თვალსაზრისით მეტად რთული ბიზნესგარემოა. ტრანსფორმაცია ეხება როგორც საკუთრებით და საკანონმდებლო, ისე მენტალურ და საგარეო ბაზრის პრობლემებს. რთულია თანამედროვე ბიზნესის ლაბირინთებში გარკვევა, მით უმეტეს საშუალო და მცირე ბიზნესში, მსოფლიო ბაზარზე არც მსხვილი ბიზნესის მდგომარეობაა სახარბიელო, მას ყველაზე მეტად შეეხო ბაზრის გეოგრაფიის შეცვლის საკითხი, ასევე თანამედროვე მარკეტინგისა თუ სტანდარტიზაციის პრობლემები.

საქართველოში ბიზნესმენთა გზამკვლევის მისია სავაჭრო-სამრეწველო პალატამ იკისრა და რუსეთის ემბარგომდე კარგახნით ადრე დაიწყო ქართული პროდუქციის რეკლამირება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ასევე სპეციალისტების ჩამოყვანა დასავლეთიდან ტექნიკური დახმარების მიზნით. Gგამოფენებისა და კონფერენციების გარდა, იურიდიულ დახმარებას, ეკონომიკურ, ფინანსურ კონსალტინგს და საინფორმაციო უზრუნველყოფას მუდმივად ახორციელებდა ერთადერთი პროფესიული ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკა” და მაინც რა გააკეთა წინა ორ წელიწადში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ?
მიმდინარე წლის 9 დეკემბერს სასტუმრო “შერატონ-მეტეხი-პალასში” გაიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საანგარიში საარჩევნო საერთო კრება, სადაც წარმოადგინეს პალატის მუშაობა 2002 წლის 12 ნოემბრიდან დღემდე. ამ ანგარიშში გაანალიზებული იყო ყველა ის ღონისძიება, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრებაში, ეროვნული პრო დუქციის პოპულარიზაციაში, ქართული ბიზნესის მიერ ახალი ბაზრების ათვისებაში, ქართული ბიზნესის მიერ მოპოვებულ ბაზრებზე პოზიციის განმტკიცებასა და ინვესტიციების მოზიდვაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში პალატის მუშაობა უფრო ქმედითუნარიანი გახდა. ყველა ეს საკითხი მოკლედ გააშუქა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ბატონმა ჯემალ ინაიშვილმა. მან განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს მისი ეფექტური და შედეგიანი აქტივობა ბიზნეს-ინტერესების სასარგებლოდ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევრო პალატების ასოციაციისა და აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) წევრი გახდა. 2005 წლის 27-28 ოქტემბერს თბილისში პირველად გაიმართა სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის კომიტეტის 70-ე სხდომა და აზიური ბიზნესფორუმი, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ 17 ქვეყნის წარმომადგენლები. თბილისში, აგრეთვე, ჩატარდა რამდენიმე ორმხრივი ბიზნესფორუმი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართული საექსპორტო პროდუქციის დამკვიდრებას საერთაშორისო ბაზრებზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პრეზენტაციები ჩატარდა ბაქოში, კიევში, ვარშავაში, შანხაიში, რიგასა და დონეცკში. ღონისძიებების შედეგად ჩვენი ქვეყნის პროდუქცია ახალი ბაზრებისკენ ახალ გზებს იკვლევს. როგორც პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, საზღვარგარეთ ჩატარებული ყველა პრეზენტაცია წარმატებული იყო, რადგან იქ წარმოდგენილმა ყველა ქართულმა კომპანიამ სასურველ შედეგს მიაღწია. პალატამ ქვეყნის შიგნით ჩაატარა 28 ღონისძიება, ხოლო ქვეყნის გარეთ კი – 38 ღონისძიება.
პალატამ აქტიური მონაწილეობა მიიღო საბაჟო და საგადასახადი კოდექსების განხილვაში, შესაბამის ორგანოებს წარუდგინა საკუთარი მოსაზრებები, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულისათვის გაკეთდა. პალატის შენიშვნები ნაწილობრივ გათვალისწინებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, არის კოდექსში ისეთი მუხლები, რომლებიც საქართველოში ბიზნესის განვითარებას ჯერ კიდევ ბევრ დაბრკოლებას უქმნის. ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, რომ მისი საქართველოს პარლამენტში ყოფნა ქართული ბიზნესისთვის სასარგებლო იქნება, რადგან ის ყველა იმ ხარვეზის გამოსწორებას ეცდება, რომელიც ქართველ ბიზნესმენებს საქმიანობაში დაეხმარება.
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისათვის მრავალი ღონისძიება ხორციელდება. მესამედ ჩატარდა მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში მომუშავე ფირმების კონკურსი, სადაც მრავალი ახალი და უცნობი კომპანია გამოიკვეთა. მნიშვნელოვანია პალატისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღვინის კონკურსი – “საქართველო ღვინის სამშობლო”. კონკურსის ჟიური ღვინის უცხოელი ექსპერტებით იყო დაკომპლექტებული. ამ კონკურსმაც ღვინის მრავალი უცნობი კომპანია აღმოაჩინა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით შარდენის ქუჩაზე დაიდგა “თამადის” ქანდაკება, რომელიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ქანდაკების მიხედვით გაკეთდა.
2006 წლის 30 ნოემბერს მოეწყო კონფერენცია თემაზე: “ქართული ღვინის ექსპორტი. შესაძლებლობები, პერსპექტივები”. ამ კონფერენციაზე თავიანთ გამოსვლებში უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ მეღვინეებს დასავლეთ ევროპის ბაზარზე შეღწევის შესახებ მნიშვნელოვანი რჩევები მისცეს.
ბიზნესმენებისთვის საინფორმაციო მეთოდოლოგიური მომსახურების მიზნით, პალატა ყოველთვიურად უშვებს ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკას”, კვარტალში ერთხელ კი – “ცნობის ფურცელს”.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაბამისი საბჭოს ჩამოყალიბების მიუხედავად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართული ბიზნესსამყაროს აზრთა სრული გენერატორი ვერ გახდა და ამ მხრივ პალატამ უფრო მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს. ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, რომ პალატა მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მცირე და საშუალო ბიზნესში არსებულ პრობლემებს, რათა ამ სექტორმა ქართულ მშპ-ში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. იგი ექსპორტისთვის საჭირო სერთიფიკატების თემასაც შეეხო, რომელსაც ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო გასცემს და დასძინა, რომ მიმდინარეობს მუშაობა სერთიფიკატების გაცემის უფლების დასაბრუნებლად.
სავაჭრო-სამრეწველო პალატა ეცდება მთავრობასთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას, სასურველია ყველამ კარგად იცოდეს პალატისა და ბიზნესგაერთიანებების მნიშვნელობა, აგრეთვე, სასურველია მთავრობა იყოს ბიზნესზე ორიენტებული და არა ფისკალურად ორიენტირებული.
სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ჩაატარა ღონისძიებები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე გათვალისწინებულია ღონისძიებების ჩატარება ჩეხეთში. პალატა აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და მასთან ერთად მუშაობს სარფის საბაჟო კავშირების პროექტზე. კერძოდ, საუბარია საბაჟო პუნქტის მოდერნიზაციაზე, რომელსაც თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა დააფინანსებს, შემოსავლების განაწილება კი ვალის დაფარვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს იაპონიის მხარესთანაც, პალატა გეგმავს ქართულ-იაპონური სასწავლო ცენტრის გახსნას, რაც ტექნიკურ დახმარებასა და იაპონიაში სტაჟირებას ითვალისწინებს. მსგავსი პროექტები ქართველი ბიზნესმენების ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებას შეუწყობს ხელს. პალატა მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია “არსთან” საგამოფენო ცენტრის აშენების თაობაზე.