აქა ამბავი ინდურ-რუსული ხინკლისა და სუფთა ინდური ქაბაბისა ანუ რაში გვჭირდება ჰასაპი?

ემზარ ჯგერენაია

ვიღაცას ამ ზამთრის სუსხის ფონზე შეიძლება ეგონოს თითქოს პროფილი შევიცვალეთ და კვების მრეწველობის ტექნოლოგიების პრობლემების ანალიზზე გადავედით. არ იჩქაროთ, ხინკალი სუფთა ეკონომიკური კატეგორიაა, რომ არაფერი ვთქვათ თითქმის ნახევარ მეტრამდე დაგრძელებულ და სოფლის ოდა-სახლის ჭიშკარივით ჭრაჭუნმომატებულ ქაბაბზე.

ქართველებს რომ კითხოთ, თუ გიჭამიათ ინდურ-რუსული ქაბაბიო – ქვას აისვრიან და თავს შეუშვერენ, როგორ გეკადრებათო – არ გვინახია, ხინკალი სუფთა ქართულიაო. მაგრამ ასიათასობით ქართველი ჭამს ყოველდღე მეორე ხარისხის რუსული ხორბლის ფქვილში გახვეულ არასტანდარტული ინდური ხორცის ხინკალს. მარტო წყალია ჩვენი. ქართული სამზარეულოს ჯადოქრობა ისაა, რომ ამას ნახევარი მსოფლიო ვერ მიხვდება, ისე ლაზათიანად ამზადებენ. ამ სიცივეში ერთ ას გრამსაც თუ დააყოლებთ, საერთოდ ხევსურეთში მოხვეული გეგონებათ. ახლა ქაბაბი ნახეთ – როგორ გაიზარდა სიგრძეში, რა საამურად ღრჭიალებს, თითქოს ხორცი არ უნდა იყოს, არამედ რაღაც სუროგატი. სუფთა იმპორტულია – ინდური და იმიტომაც არ ენანებათ ეს კაპიკიანი ხორცი – მიირთვით რამდენიც გინდათ. ინდური საქონელი ახლა მოდაშია და საერთოდ ინდოეთში “სტანდარტ ენდ პურის” რეიტინგში ერთი ქულა მოუმატეს. ვითომ ჩვენ რა უნდა გვქონდეს საწინააღმდეგო?
არაფერი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რას მივირთმევთ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ჰასაპი. იცით? არა? ოო… ეს მეტად მნიშვნელოვანია!
აი მაგალითად ერთი და არა მარტო ერთი ფირმის მაწონის და იოგურტის ნაცვლად მივირთმევთ სახამებელს, ხორცის ძეხვის მაგივრად – სოიოს, ჩაის ნაცვლად – საღებავს, კონსერვის მაგივრად – აყროლებულ თევზს, პურის ნაცვლად – ქატოს, ყავის მაგივრად – კონცენტრატ ნარევ ფხვნილს, ვიაგრის ნაცვლად – ასპირინს. თან იმ არაჟანს, რომ ადუღებდნენ და დილით რომ მიირთვით იმ რძეში ლაქტოზის დუღილის საქმე ვერ იყო მთლად კარგად, ის რძის ფხვნილი საერთოდ არაკონდიცირებული იყო, საიდანაც ხაჭო დაამზადეს, სოსისი რომ მიირთვით, რაღაც უცნაური გემო ქონდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის გამო.
2006 წლის 2 იანვარი ხომ გახსოვთ – მინისტრი რომ გამოვიდა ტელევიზიით და ქართველების ორმოცი პროცენტის საფლავში გაშხლართვა იწინასწარმეტყველა. იმის მერე გაკოტრდა ქათმის ხორცის წარმოება და მილიონობით იზარალა ამ ბიზნესმა. მთლიანად ეს პროცესი შევაჩერეთ. რატომ? – ჰასაპი არ გვქონდა დანერგილი და ვერ გავარჩევდით – რომელ კრიტიკულ წერტილში რა რა თავხედი ბაქტერია გაგვეპარებოდა. წარმოიდგინეთ მეტად მშიერი ბრძანდებით და შებრაწულ ბარკალს მიირთმევთ, სად გაქვთ თავი იქ კიდევ საწყალი ვირუსი ეძებოთ. ჰოდა, ჰასაპი იზრუნებს თქვენზე, თუ მას დანერგავთ. ამის გარდა, წესით ის უნდა იცოდეთ რომელ ფერმაში გაიზარდა და რა საკენკზე ეს ფრინველი გამალებით, რომ მისრიალებს თქვენი კუჭისკენ. ეს ადრე იყო – დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო. ახლა დედა ნახე, მამა ნახე, საქათმე ნახე, საკვები და ქათამი მერე მოხარშეო, ასეთია ჰასაპის წესი. ახლა წარმოიდგინეთ, თქვენ რომ ინდოეთში წახვიდეთ და ჰასაპის საკითხების მიხედვით ხინკალში ტკბილად რომ მოკალათებულა იმ ხორცის ისტორია გაიკითხოთ ცოცხლად დარჩენილ მეზობელ ძროხებში � საერთოდ არ შეჭამთ ძროხის ხორცსაც და ხინკალსაც. აბა, რა გგონიათ? რატომ არ ჭამენ თვით ის ინდოელები იმ ხორცს? გაიკითხეს უკვე მისი ამბავი და იმის მერე არ ჭამენ.
საერთოდ ჩვენს მარკეტებში ლამაზი ეტიკეტების მიღმა მთელი მენდელეევის ტაბულას ვყიდულობთ, მახსოვს, ბავშვი ვიყავი და ნავთობისაგან რუსებმა შავი ხიზილალა დაამზადეს. რომ გავსინჯე ცუდი არ იყო, ოღონდ ხიზილალასთან გარეგნულის გარდა არაფერი საერთო არ ქონდა. დღეს სად წავიდა მეცნიერება?! ეჰ! ძეხვს ჭამ, მუჟუჟუსაც, თან კალკულატორით ითვლი ზედმეტი ცილა არ მიიღო, არ ინერვიულოთ – იქ ცილა თითქმის არ არის, ან იციან ძილის წინ, აპაპაპა, ყავა არ დალიოო, კოფეინი არ დაგაძინებსო – რა უნდა ჩვენს ყავაში კოფეინს? დალიე დიდი ჭიქით, დაიძინე მშვიდად. როცა გშია ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარიაო (აი მჭადი რომ გვიყვარს იმიტომ აქვს ყოველ მესამე ქართველს, ჩემი ჩათვლით, დიაბეტი), ისე სწორია, მჭადში უფრო მეტი შაქარი და კაკაოა, ვიდრე ჩვენს ქსელში არსებულ შოკოლადებში. და ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ წლების განმავლობაში ეს ქიმია სერიოზულ დაავადებებს მოგვიტანს და შიმშილი საერთოდ დაგვავიწყდება, მითუმეტეს ხინკალიც. ჩემი არ გჯერათ? ევროპელებს კითხეთ. რატომ არ გვიშვებენ ევროპის სურსათის ბაზარში? – სურსათის უსაფრთხოების და ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგეთო – ჯერ თქვენ გაიგეთო რას მიირთმევთო და მერე ჩვენთან შემოიტანეთო, ანუ ჯერ თქვენ გასინჯეთ და მერე ჩვენთვის გაიმეტეთო. ჰოდა ფულიც მოგვცეს, კანონიც დაგვიწერეს, მაგრამ არა – არ მოგვწონს ჰასაპი, ყოველ წელს ვაჩოჩებთ მის შემოღებას და მივირთმევთ ინდურ-რუსულ ხინკალს.
იმდენდად მიმზიდველია ინდური ქაბაბის ღჭრიალი, არავითარ შემთხვევაში არ გავაკონტროლებთ რას ვჭამთ, ისე რა საჭიროა რომ გავიგოთ – გული გაგვისკდება. ამიტომ ვზრუნავთ – ხალხს გული არ გაუსკდეს. ჯობს არ იცოდნენ და ბედნიერნი მოკვდებიან.
ან ევროპაში რა გვესაქმება, აქაც ბევრი საქმე გვაქვს. თქვენ კიდევ გინდათ გაიგოთ ჰასაპი რა არის? რა საჭიროა რომ იცოდეთ? მაშინ მთელი რესტორნების და მარკეტების ბიზნესი გაკოტრდება და მე არ ვაპირებ ზიანი მივაყენო არც ქვეყნის ეკონომიკას და არც ინდურ-რუსული ხინკალ-ქაბაბის დიდებას. ამაზეა ზუსტად ნათქვამი – ბევრი გეცოდინება, ადრე დაბერდებიო. კრიტიკული წერტილები იმდენია ჩვენში, მაინც ვერ დავთვლით და აზრი არა აქვს.