ქორწინება და განქორწინება: ახალი ტენდენციები და რეალიები

სერგო იაკობიძე, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გამწვავდა დემოგრაფიული სიტუაცია. კერძოდ, იკლო შობადობამ, განსაკუთრებით ქალაქებში, იმატა მიგრაციამ.
ადამიანური რესურსების ზრდა ბოლო 15 წელი პირდაპირ პროპორციულია ეკონომიკური სტაგნაციისა. ქვეყნის განვითარების ტემპი და მისი ეკონომიკის მომავალი აშკარად ითხოვს ამ პრობლემის მეცნიერულ შესწავლას და ტენდენციების ანალიზს. ქორწინება და განქორწინება სოციალურთან ერთად აშკარად ეკონომიკური პრობლემაც ხდება. ჩვენ 2006 წლის ნოემბრის ნომერში შემოგთავაზეთ წინა საუკუნის ტენდენციების შესახებ მასალა, ამჟამად კი გთავაზობთ პროფესორ სერგო იაკობიძის კვლევას ამ სფეროში თანამედროვე შემაშფოთებელი ტენდენციების შესახებ
ადამიანთა საზოგადოების ბუნებრივი მისწრაფებაა შთამომავლობის დატოვება და მატერიალურ-კულტურულ მოთხოვნილებათა სრულად დაკმაყოფილება. პირველი მიიღწევა მოსახლეობის პოპულაციით, ხოლო მეორე – მეურნეობრივი და კულტურული განვითარებით. ამ მისწრაფებათა შორის არსებული წინააღმდეგობები იმავდროულად ერთობლივი მოქმედების ფაქტორებად გვევლინება, რამდენადაც სიცოცხლის უწყვეტი განახლება და მოთხოვნილებათა სულ უფრო სრულად დაკმაყოფილება ურთიერთგანპირობებულ პროცესებს წარმოადგენს.
ქორწინების ფიზიოლოგიური დისპოზიცია თვით ბადებს გამრავლებისადმი მისწრაფებას, რაც წლითი-წლობით ნელდება და ბოლოს ქრება, მაგრამ ამ მისწრაფების ძალა დამოკიდებულია არა მხოლოდ წყვილის (ცოლ-ქმრის) გამრავლების ფიზიოლოგიურ უნარზე. აქ არანაკლებ როლს ასრულებს, აგრეთვე, მორალური, ეთნიკური, ფსიქოლოგიური ფაქტორები, საერთოდ, მატერიალური პირობები. ეს ფაქტორები სხვადასხვა სიტუაციაში, დროსა და საზოგადოებაში სხვადასხვანაირად მოქმედებს.
ახალდაქორწინებულთა ოჯახებში გამრავლებისადმი მისწრაფება ზოგჯერ ისე ძლიერია, რომ მას მძიმე ეკონომიკური პირობებიც კი ვერ ანელებს. საერთოდ, ოჯახის დაგეგმვა – შვილთა რაოდენობის განსაზღვრა უმრავლეს შემთხვევაში პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ იწყება. შობადობის ტემპს განსაზღვრავს: 1. ფერტილური ასაკის ქალთა რაოდენობა; 2. ქორწინების სიხშირე და 3. ოჯახში ბავშვთა შობის რიცხოვნობა.
ფერტილობასა და შობადობაზე მოსახლეობის კეთილდღეობის გავლენა დიდი ხანია შესწავლისა და დისკუსიის საგანია. მკლევართა ერთი ნაწილის აზრით, ეკონომიკური კეთილდღეობა ხელს უწყობს შობადობას, მისი ინტენსივობის გაძლიერებას, და, პირიქით. სხვა მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მატერიალური კეთილდღეობა ბავშვთა შობის სიხშირის უკუპროპორციულია, რომ ღარიბები უფრო მეტ შვილებს აჩენენ და ზრდიან, ვიდრე მდიდრები.
ამასთან დაკავშირებით ადამ სმიტი წერდა: “სიღარიბე ყოველთვის შეუძლებელს ხდის ქორწინებას… იგი, როგორც ეტყობა, ხელიშემწყობიც არის გამრავლებისა. ნახევრად დამშეული ზემოშოტლანდიელი დედაკაცი ხშირად 20 ბავშვზე მეტს შობს, მაშინ როდესაც კარგად ნარნარა ქალბატონს ერთის შობაც კი არ ძალუძს და, ჩვეულებრივ, იგი ორი, თუ სამი ბავშვის შემდეგ გამოფიტულია”3.
თანამედროვე პოპულაციურ პროცესზე – ქორწინებაზე დიდ გავლენას ახდენს მატერიალური კეთილდღეობისა და განათლების დონე, რამდენადაც ეს ფაქტორები იწვევს ქორწინების გადავადებას. მრავალი გამოკვლევა მოწმობს, რომ წერა-კითხვის, საერთოდ, განათლების გავრცელება და ურბანიზაცია უშუალოდ კავშირშია ქალთა ფერტილობის შემცირებასთან. ამჟამად თითქმის მთელ მსოფლიოში ქალაქის მოსახლეობის ფერტილობა 30 პროცენტზე ნაკლებია, ვიდრე სოფლის მოახლეობისა. როგორც ცნობილია, სოფლის ახალგაზრდობა, საერთოდ, უფრო ადრე ებმება მწარმოებლურ შრომაში, ვიდრე ქალაქისა, სადაც ამისათვის, გარდა გარკვეული ასაკის მიღწევისა, აუცილებელია სპეციალური ცოდნის შეძენა. ქალაქში საბინაო პირობების მოუგვარებლობა ხშირად ზღუდავს მრავალშვილიანობას.
ქორწინებას, როგორც რეალურ დემოგრაფიულ ფაქტს, განსაზღვრავს დემოგრაფიული ქცევა, რაც განპირობებულია როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადოებრივი ყოფიერებით, რომელშიც ყალიბდება ცოლ-ქმრული ინდივიდუალური ცნობიერება. ამ უკანასკნელის სიმყარე კი დამოკიდებულია უახლეს მოვლენათა შესახებ მათი ინფორმირებულობის (გაცნობიერების) დონეზე.
ყოველ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სოციალური ნორმები როგორც ფერტილობას, ისე შობადობას შორის ინტერვალების, შვილთა და ოჯახის წევრთა რაოდენობის, ქორწინებაში შესვლის (საპატარძლოს და საქმროს) ასაკისა და სხვა ცვალებადი დემოგრაფიული მოვლენების შესახებ. ეს ნორმები, განურჩევლად საზოგადოების ნაირგვარობისა, მეტ-ნაკლები ზომით ყოველთვის ახდენს გავლენას მოსახლეობის აღწარმოების პროცესზე.
ფრანგი სტატისტიკოსებისა და დემოგრაფების უახლეს გამოკვლევათა მიხედვით, იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობს ორ ან რამდენიმე სხვადსხვა ენაზე მოლაპარაკე სხვადასხვა სარწმუნოების (რელიგიის) ხალხი, მეუღლის შერჩევამ დიდი დემოგრაფიული, გენეტიკური, სოციოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, რადგანაც ეს ფაქტორები ძლიერ გავლენას ახდენს ოჯახის ფორმირებაზე. ამასთანავე, ქორწინებას სხვადასხვანაირად აფასებენ განსხვავებული სოციალურ-პროფესიული კატეგორიების ადამიანები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, განათლების დონეც თავის გავლენას ახდენს ქორწინებამდელ ჩასახვათა სიხშირეზე, რომლის 9 პროცენტი მოდის იმ ქალებზე, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ, ხოლო 17 პროცენტი – იმათზე, რომლებსაც არა აქვთ ასეთი განათლება.
ნორმალური ოჯახის შექმნა შეუძლებელია ქორწინების გარეშე. ამიტომ მოსახლეობის გამრავლების, ოჯახის შექმნისა და ახალი თაობის (შვილების) აღზრდის პრობლემებს თავიანთ შრომებში ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ ქართველი მეცნიერები. მათ შორის აღსანიშნავია ფ. გოგიჩაიშვილის გამოკვლევები. იგი წერდა: “ხალხის ზრდას და გამრავლებას გარდა ეკონომიკურისა, დიდი ეროვნული მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ჩვენისთანა პატარა ერისათვის. ასევე, “…ოჯახს ახლავს კიდევ ერთი მხარე, რომელიც დიდი მნიშვნელობისაა მთელი საზოგადოებისა და ერისათვის. ესაა შვილების აღზრდა, – ისეთი სფერო კერძო ოჯახურ ცხოვრებაში, სადაც მეოჯახეს შეუძლია შეგნებულად თვალსაჩინო სარგებლობა მოუტანოს თავის ერს და ნამდვილ საზოგადო მოღვაწედ მისაჩნევი და ასაღიარებელი გახდეს”.
“დაოჯახიანება აკმაყოფილებს ადამიანის ძლიერ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის გამტკიცებას, ზნეობის გაფაქიზებას, ბიოლოგიური და სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებას, ამრავლებს ხალხს, აძლევს საზოგადოებას მუდამ ახალ ელემენტს, რომელიც იჭერს ძველების ადგ�ილს, იწყებს მოქმედებას, მუშაობას, ანახლებს ძველ ცხოვრებას, ჰქმნის კულტურულ წარმატებას და გასაკუთრებით ჩვენისთანა პატარა ერს ჰმატებს ეროვნულ ძალას და მნიშვნელობას. ამიტომ, – ვითარცა ლოგიკური დასკვნა
ყველა ზემოთ ნათქვამიდან …ყოველი ადამიანი, რომელიც ასრულებს ამ სოციალურ-ორგანიზაციულ ფუნქციას, ჰკიდებს ხელს ოჯახს, იჩენს ცოლ-შვილს და იღწვის ოჯახისათვის, ჩვენ მიგვაჩნია ამ მხრივ საზოგადოებისათვის საჭირო და სასარგებლო პირად”6.
გამოჩენილი სოციოლოგი, პროფესორი ტალკოტ პარსონსი (აშშ) ოჯახს, ქორწინებას განიხილავს, როგორც საზოგადოების ერთ-ერთ დიფერენცირებულ ქვესისტემას. პატარა ჯგუფი – “ნუკლეარული ოჯახი” დამოუკიდებელი და მარტივი სოციალური სისტემაა. სწორედ ამით გამოიხატება მისი, როგორც პიროვნების სოციალიზაციისა და სტაბილიზაციის უჯრედის, განსაკუთრებული მნიშვნელობა. მეცნიერი ასკვნის, რომ თანამედროვე ბურჟუაზიული “ოჯახის დაშლის მიზეზია მცირე შემოსავალი, ცუდი საბინაო პირობები და, იქნებ ეს ყველაზე მთავარი იყოს, ოჯახში ურთიერთპატივისცემის ხარისხის დეფიციტი, რაც ხშირად გამოწვეულია მამის დაბალი სოციალური მდგომარეობითა და პროფესიის ნაკლები პრესტიჟულობით”.
ქორწინების საპირისპირო ქმედებაა განქორწინება, ანუ გაყრა, რომლის სიხშირე სხვადასხვა დემოგრაფიულ სიტუაციაში მრავალი თავისებურებით ხასიათდება. ამ პროცესში, სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეუღლეთა ასაკი, ქორწინების ხანგრძლივობა, ბავშვთა რაოდენობა და სხვ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქორწინების სამართლებრივი ნორმები, რომლებიც არა თუ ცალკეულ ქვეყნებში, არამედ თვით ცალ�კეულ ქვეყანაშიც კი საგრძნობლად განსხვავებულია. მაგალითისათვის შეგვიძლია, მოვიტანოთ მონაცემები აშშ-ის სხვადასხვა შტატიდან, სადაც ქორწინება და განქორწინება ძალიან მარტივად ფორმდება და ამის შედეგად მნიშვნელოვნად განსხვავებულია შესაბამისი მაჩვენებლები. 1960 წ. მონაცემებით, თუ საშუალოდ ქვეყნაში ყოველ 1000 მცხოვრებზე 8,5 ქორწინება მოდიოდა, ნევადის შტატში ეს მაჩვენებელი 208-ს აღწევდა. ასევე, თუ ყოველ 1000 მცხოვრებზე საშუალოდ ქვეყანაში განქორწინების 2,2 შემთხვევა აღინიშნებოდა, შესაბამისი მაჩვენებელი ნევადის შტატში 27,6 ერთეულს უდრიდა.
მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობაშიც. 2004 წელს, 1980 წელთან შედარებით, საქართველოში ქორწინების რიცხოვნება თითქმის 3,5-ჯერ (50,5 ათასიდან – 14,9 ათასამდე), ხოლო ყოველ 1000 სულზე გაანგარიშებით 3-ჯერ შემცირდა, თუმცა, 2004 წელს, 2003 წელთან შედარებით, 2,2 ათასი ერთეულით, ხოლო ყოველ 1000 კაცზე გაანგარიშებით 0,1 პრომილეთი გადიდდა, დაბადებულთა რაოდენობა კი 2,5 ათასი ბავშვით გაიზარდა.
საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი საყოველთაო ეროვნუ�ლი აღწერის მასალებიდან ჩანს, რომ ბოლო ორ აღწერათაშორის პერიოდში (1989-2002 წწ.) შემცირდა 15 წლისა და უფროსი ასაკის ყოველ 1000 კაცსა და ქალზე ქორწინებაში მყოფთა რიცხვი, ამასთანავე, გაიზარდა დაუქორწინებელთა რიცხოვნობა, რაც ძირითადად ქვეყანაში შექმნილი მწვავე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით აიხსნება. მეტად დამაფიქრებელია, რომ 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან ქორწინებაში მხოლოდ 60,4 პროცენტი იმყოფება, თითქმის 11,0 პროცენტი არასდროს ყოფილა ქორწინებაში, 25,5 პროცენტი – ქვრივია, 3,1 პროცენტი – განქორწინებული, 103,4 ათასი, 0,1 პროცენტს კი არ დაუფიქსირებია თავისი პასუხი ქორწინებითი მდგომარეობის შესახებ.
მეტად საინტერესო ტენდენციები გამოვლინდა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის ქორწინებისა და განქორწინების მდგომარეობის შესწავლისას ქალაქისა და სოფლის, აგრეთვე, სქესობრივ ჭრილში. მამაკაცების საერთო რიცხოვნობის 51,1 პროცენტი ქალაქში ცხოვრობს, ხოლო 48,9 პროცენტი – სოფლად, ქალებისა, შესაბამისად, – 54,2 და 45,8 პროცენტი. ქალაქად მცხოვრები მამაკაცებიდან დაქორწინებულია 63,4 პროცენტი, სოფლად მცხოვრებიდან კი – 65,9 პროცენტი. ქალების საერთო რიცხოვნობიდან დაქორწინებულია 56,8 პროცენტი, მათ შორის, ქალაქად მცხოვრებიდან – 53,7, ხოლო სოფლად მცხოვრებიდან – 60,5 პროცენტი. საყურადღებოა ისიც, რომ 15 წლისა და უფროსი ასაკის მამაკაცებიდან ქორწინებაში არასდროს ყოფილა 30,0 პროცენტი, მათ შორის ქალაქად მცხოვრებიდან – 31,3, ხოლო სოფლად მცხოვრებიდან – 28,7 პროცენტი. ქალებიდან დაუოჯახებელია 22,7 პროცენტი, მათ შორის, ქალაქად მცხოვრებიდან – 24,1, ხოლო სოფლად მცხოვრებიდან � 18,9 პროცენტი.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია მუდმივი მოსახლეობის ქორწინებაში. თუ 1989 წლის აღწერის მიხედვით მუდმივი მოსახლეობის 16 წლისა და უფროსი ასაკის ყოველ 1000 მამაკაცზე 699 დაქორწინებული მამაკაცი მოდიოდა, შესაბამისმა მაჩვენებელმა 2002 წელს 662 კაცი შეადგინა, ანუ 37 კაცით შემცირდა. შესაბამისი მაჩვენებელი ქალების მიხედვით უდრის 609 და 579-ს, ანუ 30 ქალით ნაკლებს. ამავე წლებში 16-29 წლის ასაკში დაქორწინებულთა რაოდენობა უდრიდა, შესაბამისად, მამაკაცების მიხედვით – 335 და 24,7 კაცს, ანუ 88 კაცით ნაკლებს, ხოლო ქალების მიხედვით – 522 და 429 – ანუ 93-ით ნაკლებს (იხ. ცხრ. 3).
მკვეთრად განსხვავებულია დაუქორწინებელთა ხვედრითი წილი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. 15-19 წლის ასაკის მოსახლეობის 37,4 პროცენტი არასდროს ყოფილა დაქორწინებული, 20-29 წლის ასაკის – 37,8%, 30-39 წლის – 12,5%, 40-49 წლის – 5,7%, 50-59 წლის – 2,5%, 60-69 წლის – 2,3%, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის – 1,8%. სულ 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომელთა შორის 25,5 პროცენტი დაუქორწინებელია, შესაბამისად: მამაკაცები შეადგენენ – 54,1%, ხოლო ქალები – 45,9%. რაც შეეხება დაქორწინებულებს, მათი წილი ასაკოვან მოსახლეობაში 60,4 პროცენტს უდრის, აქედან პირველ ასაკობრივ ჯგუფზე (15-19 წ.) 1,2 პროცენტი მოდის, მეორეზე (20-29 წ.) – 13,8%, მესამეზე (30-39 წ.) – 22,7%, მეოთხეზე (40-49 წ.) – 24,6%, მეხუთე (50-59 წ.) – 15,02%, მეექვსეზე (60-69 წ.) – 15,3%, ხოლო მეშვიდე ჯგუფზე (70 წლის და უფროსი ასაკის) – 7,4%. დაქორწინებული მოსახ�ლეობის საერთო რიცხოვნობაში მამაკაცების ხვედრითი წილი 49,5%-ს უდრის, ქალებისა კი – 50,7 პროცენტს.
განქორწინებულთა ხვედრითი წილი ასაკოვანი მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში 3,0 პროცენტს უდრის, მათ შორის, მამაკაცების მიხედვით – 1,7 პროცენტს. ეს მაჩვენებელი ქალაქად შეადგენს 2,0%, ხოლო სოფლად 1,4 პროცენტს აღწევს. ქალების 4,1 პროცენტი განქორწინებულია, ქალაქად განქორწინების მაჩვენებელი 5,7 პროცენტს აღწევს, ხოლო სოფლად � 2,3 პროცენტს არ აღემატება. უნდა აღინიშნოს, რომ განქორწინებულთა წილი 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფებში 0,6 პროცენტს არ აღემატება. შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში თანდათანობით მატულობს მათი წილი და 40-49 წლის ასაკის მოსახლეობაში 27,4 პროცენტს აღწევს. შემდეგ, ასაკობრივ ზრდასთან ერთად ეს მაჩვენებელი, კვლავ მცირდება და 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების ჯგუფში 6,6 პროცენტს შეადგენს. განქორწინებულთა შორის 26,0 პროცენტი მამაკაცია, 74,0 პროცენტი კი – ქალი (იხ. ცხრ. 4).
მეტად დიდია ქვრივი მოსახლეობის რაოდენობა, 2002 წლისათვის მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში, ქვრივთა რიცხვმა თითქმის 11,0 პროცენტი შეადგინა. 15-19 წლის ასაკში დაქვრივებულთა რიცხოვნობა ძალიან უმნიშვნელოა (165 კაცი). მომდევნო ასაკობრივ ჯგუფებში მათი რიცხვი თანდათანობით მატულობს. ასე მაგალითად, 20-29 წლის ასაკში მათი რაოდენობა თითქმის 1,0 პროცენტს აღწევს, 30-39 წლისაში – 3,6%-ს, 40-49 წლისაში – 8,4%-ს, 50-49 წლისაში – 11,8%-ს, 60-69 წლისაში – 28,6%-ს, ხოლო 70 წლისა და უფროს ასაკში თითქმის ნახევარს – 46,7 პროცენტს აღწევს. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ბოლო აღწერით, საქართველოში სულ 379,6 ათასი ქვრივი აღირიცხა, რომელთა შორის 15,0 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 85,0 პროცენტი – ქალი. მამაკაცებიდან ქვრივად დარჩენილია 3,6 პროცენტი, მათ შორის, ქალაქის მცხოვრებიდან – 3,2 პროცენტი, ხოლო სოფლის � 3,9 პროცენტი. შესაბამისად, ქალებისა – 17,3 პროცენტი, მათ შორის, ქალაქად – 16,4 პროცენტი, ხოლო სოფლად – 18,3 პროცენტი.
როგორც მამაკაცების, ისე ქალების მიხედვით საკმაოდ მაღალია საშუა�ლო ასაკი პირველი ქორწინებისას. კერძოდ, ამ მაჩვენებელმა 1980 წელს მამა�კაცების მიხედვით საშუალოდ 28,8 წელი შეადგინა, ხოლო ქალების მიხედვით – 26,1 წელი. ცალკეულ წლებში შესაბამისი მაჩვენებელი გარკვეულ ცვლილებებს განიცდიდა. მამაკაცების მიხედვით ქორწინების ყველაზე დაბალი ასაკი – 26,5 წელი – 1991-1993 წწ. დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი – 29,5 წელი – 2003 წელს. ქალების მიხედვით დაბალი მაჩვენებელი – 23,4-23,3 წელი – 1991-1993 წწ. აღინიშნა, ხოლო მაღალი – 26,1 – 1980 წელს და 25,5 წელი – 2003 წელს.
მეტად უარყოფითი ტენდენცია იკვეთება რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა რიცხოვნობის მიხედვითაც: 1980 წლიდან მოყოლებული სულ უფრო იზრდება როგორც მათი საერთო რაოდენობა, ისე ხვედრითი წილი დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში. თუ 1980 წელს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინების გარეშე 4199 ახალშობილი დაიბადა, რაც დაბადებულთა საერთო რიცხოვნობის მხოლოდ 4,7 პროცენტს შეადგენდა, 1985 წლისათვის შესაბამისად 10281 და 10,5 პროცენტს მიაღწია, ხოლო 1990 წელს – 16903 და 18,2 პროცენტს, თუმცა მომდევნო 1991-1993 წლებში, გასაგები მიზეზების გამო, დაბადებულთა საერთო რაოდენობა შემცირდა, მაგრამ არარეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებულთა რიცხოვნობის ზრდა არ შენელებულა და 2003 წლის მონაცემებით, მათმა რიცხვმა 20,6 ათასს მიაღწია, ხოლო დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში – 44,6 პროცენტს, უნდა ითქვას, რომ 2002 წელს მა�თი საერთო რიცხოვნობაც და ხვედრითი წილიც კიდევ უფრო მაღალი იყო. (იხ. ცხრ. 5).
ჩვენი აზრით, აუცილებელია, შექმნილი მდგომარეობა დროულად მოწესრიგდეს ქვეყნის უმაღლესი ეშელონების მიერ, რათა სრულყოფილად განხორციელდეს ქორწინების რეგისტრაციის საქმე და მომავალ თაობას არ შეექმნას გარკვეული სიძნელეები თავიანთი ყოფა-ცხოვრების სხვადასხვა მხარეების მოგვარებაში.
ამრიგად, შეიძლება დავაკვნათ, რომ საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობაში მეტად მწვავე და სიღრმისეული პროცესები მიმდინარეობს, საჭიროა მათი კომპლექსური შესწავლა და სათანადო ღონისძიებების შემუშავება ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად.