სრულიად ესკლუზიურად -საქართველოში უცხოპლანეტელი, ან უცხოელი ეკონომისტების შემოჭრისა და საიდუმლო მოღვაწეობის შესახებ

ემზარ ჯგერენაია

შენ თვითონ, სოკრატე, რად მიგაჩნია სიკეთე – ცოდნად, განცხრომად, თუ რაღაც მესამედ? სოკრატე – მაშ შენ სამართლიანი გგონია, რომ კაცი ლაპარაკობდეს იმაზე, რაც არ იცის და მცოდნედ ასაღებდეს თავს?
რა მოწამლული ენის პატრონი ხარ სოკრატე, – თქვა თრასიმაქემ, – “განა შეიძლება ასე უკუღმა გაიგო ჩემი სიტყვები
(პლატონი, სახელმწიფო, ბაჩანა ბრეგაძის თარგმანი, თბ. 2003 გვ.20, 243)
საქართველს მეცნიერ ეკონომისტთა საზოგადოება სერიოზულად შეშფოთებულია: დადის მოარული ხმები, რომ უცნობი ეკონომისტები შემოიჭრნენ საქართველოს სივრცეში, სწავლობენ საქართველოს ეკონომიკას და სხვადასხვა ჟურნალში სხვისი გვარებით აქვეყნებენ სტატიებს. არა, სტატიები ურიგო არ არის, კაცმა რომ თქვას, საერთო ჯამში ურწმუნოებისაგანაც იმსახურებენ დადებით და აღტაცებით შეფასებებს, მაგრამ ვინ არიან ისინი? ასე არ შეიძლება! შეშფოთდა სრულიად სამეცნიერო პატივცემული საზოგადოება და კაცმა რომ თქვას, სავსებით სამართლიანადაც. გაზაფხული კია და პირველი აპრილი ახლოვდება, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი!
ამას წინათ ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს, ქალბატონ ნინოს ბატონი პროფესორი პაატა ეკითხება – ეს სტატია შენ ხომ არ დაგიწერიაო? (საუბარი შეეხებოდა საქართველოს ეკონომიკის 1-ში გამოქვეყნებულ რედაქტორის სვეტს, რომელსაც ჩემი ხელმოწერა ამშვენებდა). რატომ გაუჩნდა ბატონ პაატას ასეთი აზრი? იმიტომ, რომ იქ ნახმარი იყო უცხოური სიტყვა ჰასაპი, რაც კვების პროდუქტების წარმოებისა და უსაფრთხოების შემოწმებისას კრიტიკული წერტილების კონტროლს და მონიტორინგს ნიშნავს. კი მაგრამ რა არის აქ განსაკუთრებულიო? იკითხავს ჩემი განსწავლული მკითხველი. არც არაფერი! არის ადექვატური პასუხი. გარდა ერთისა – ამ დარგში საქართველოში ალბათ, ჩემი აზრით, სულ ერთი სპეციალისტია და ვის შეეძლო ემსჯელა ამ საკითხებზე? ან მას – იმ ერთადერთს, ან უცხოპლანეტელს. სხვა აზრი არ არსებობს! აბა ხელმოწერა??? ეს ისე, სხვის დაწერილს მიაწერეს, როგორც პლატონი ამბობს აღშფოთებული – “სამართლიანი გგონია, კაცი ლაპარაკობდეს იმაზე, რაც არ იცის და მცოდნედ ასაღებდეს თავს”?
პლატონი მართალია, მაგრამ ვის მიმართ? ახლა ამას იკვლევს ქართული ეკონომიკური მეცნიერება ამ დარგში იმ ერთადერთი სპეციალისტის, თუ იმ ხელმომწერის მიმართ. ის ხელმომწერი იშვიათად აწერს თავის სტატიებს ხელს, იმიტომ რომ ხშირად წერს და არ უნდა თავი მოაბეზროს საზოგადოებას. სხვის სახელს კი თავის ეკონომიკურ სტატიებში ხშირად უთითებს. ამიტომ დისკუსია ლოგიკურად გამარტივდა – ის არ მოაწერდა ხელს სხვის დაწერილს! მაგრამ ძიება მიმდინარეობს უცხოპლანეტელის აღმოსაჩენად. უფრო მეტიც, ერთმა ჩემთვის პატივსაცემმა პროფესორმა კეთილმოსურნეობის გრძნობით მითხრა, რომ აქ (იგულისხმება ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკა”) იმდენი საინტერესო ანალიტიკური სტატიებია კაცო, რომ ჩვენ ვმსჯელობდით ვინ წერს ამასო? ზემოხსენებულ კლუბში მსჯელობის შემდეგ შუალედურმა მეცნიერულმა კვლევამ დაადგინა თურმე, რომ ეს უცხოპლანეტელები ბევრს წერენ, მიაქვთ რედაქციაში და აქედან არჩევს რედაქტორიო, ან მეორე ვარიანტი – ისეთ ჰონორარს უხდიან იმ უცხოპლანეტელ ეკონომისტებს, რომ ისინი სიამოვნებით წერენ ამ ჟურნალისათვის.
აგაშენა ღმერთმა! ხომ ვამბობდი უცხოპლანეტელები არსებობენ-მეთქი,ხომ ვამბობდი ბაზალეთის ძირში კი არ ვეძებოთ ჩვენი ქვეყნის მხსნელები, არამედ ცაში-მეთქი! აი შედეგიც – ისინი ჩამოვიდნენ, აქ არიან და რატომღაც თავის მოღვაწეობის სფეროდ ეკონომიკური პუბლიცისტიკა აირჩიეს. ისე რომ მკითხოს კაცმა, სრულიად ტყუილად. მაინც არ დაუჯერებენ და არ მოუსმენენ! ისე, ასეთი არალეგალური მოღვაწეობა მათ კარგს არაფერს მოუტანს, მაგრამ რადგან საქართველოზე შეაჩერეს ამ უცხოპლანეტელმა ექსპერტებმა ყურადღება, აქ საქმე შემდეგშია:
1. ან მათ ძალიან უჭირთ – იქ დიდი უმუშევრობაა და აქაური ჰონორარები იზიდავთ;
2. ან ჩვენ იმდენად გვიჭირს, რომ საშინლად ვეცოდებით და იმიტომ წერენ სტატიებს ეკონომიკის საკითხებზე.
ორივე შემთხვევაში ამ მოვლენის წრფივი კინეტიკური ანალიზი, ფრაკტული გეომეტრიის და ქაოსის თეორის თვალსაზრისით და წმინდა ნეომოდერნისტული და ნეოვირტუალური ეკონომიკის გადასახედიდან მეტად საინტერესოა.
ოჰ, “რა მოწამლული ენის პატრონი ხარ სოკრატე”!
ჰოდა, ჩვენც, ჩვენი ჟურნალი დაინტერესდა ამ მოვლენით და გამოაცხადა პრემია 6666 (ეს ციფრი იმ ურწმუნოების მაგიური ნიშანია) აშშ დოლარი იმ პირისათვის, ვინც ამ სტატიის უცხოპლანეტელ, ინკოგნიტო მწერალს მონახავს, რადგან ის მიწიერი და აქაური ეკონომისტი რომ ყოფილიყო, ეს ჩვენს ყოვლისმცოდნე პროფესურას აუცილებლად ეცოდინებოდა და თან, მგონი არ ეგულებათ ასეთი. დრო ჩაირთო ბატონებო!
წილი უკვე ნაყარია,
ყველა ღონე ნახმარია,
ყველა სიტყვა ნათარგმნია,
უბრალო ჭორაობა ნაცარია,
ანალიტიკური სტატიის დამწერი – მაგარია,
ეტყობა ძალიან ნაცადია,
და თუ ეს პრემია გწადია
უნდა იპოვო ეს უცხო, ლაზარია
თუ არა შეწყვიტო ქაქანია.
არა სოკრატე მართალია!
– სიკეთე სამართალია!
გემუდარებით, მიპოვეთ პირველ აპრილამდე და მეც მოვისვენებ ამდენი წერით და თქვენც დარჩებით პრემირებული ვარდისფერი მოცვით.
პატივისცემით

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial