რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

ბოლო პერიოდში მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს კუთვნილი სექტორის დასამკვიდრებლად სერიოზული მოძრაობა დაიწყო. ბუნებრივია, ეს საკადასტრო საქმე, უპირველეს ყოვლისა, ქართველების გასაკეთებელია, ჩვენი დასავლელი თუ აღმოსავლელი მეგობრების დახმარებით. წინა ნომერში შემოგთავაზეთ მეტად საინტერესო მასალები მარაბდა-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის და ფოთის ეკონომიკური ზონის პროექტზე.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ჩემი ოპონენტების გასაგონად – ფოთის ეკონომკური ზონა, უპირველეს ყოვლისა, არის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი მსოფლიოს აღიარებული საინვესტიციო ფირმების მონაწილეობით. ეს არ არის მარტო კარგად შემოკავებული და დაცული ტერიტორია. ეს არის უზარმაზარი ინვესტიციები მომავალი ათი წლის მანძილზე და ამას არანაირი კავშირი არა აქვს ისეთ ოფშორებთან, სადაც მხოლოდ ფინანსური სახსრების მოძრაობა ხდება. ეს არის რეგიონალური სავაჭრო ზონის პროექტი, რომლის ოპერატორი იქნება უცხოური, მსოფლიოში აღიარებული და დიდი წარმატების და ავტორიტეტის მქონე ფირმა ჯაფზა. ამ საინვესტიციო პროგრამების მოძიებას და მხარდაჭერას სათავეში უდგას პრეზიდენტი თავისი გუნდით და ამ მიზანს ემსახურებოდა ბოლოდროინდელი ვიზიტები ბრიუსელში, ასტანასა და ტოკიოში. მიღწეულ იქნა შეთანხმებები სერიოზულ საინვესტიციო პროექტებზე ენერგეტიკის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და ხორბლის ტერმინალის მშენებლობის დარგში. რაც შეხება ევროპას, აქ მთელი ყურადღება დათმობილი აქვს სავაჭრო რეჟიმების ლიბერალიზაციის საკითხებს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საექსპორტო პოტენციალის გაზრდისათვის.
სწორედ საექსპორტო პოტენციალის დიდ ნაწილად ვიხილავთ ჩაის ბიზნესს მთლიანად და ამ სფეროში რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის შექმნას. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ნომერი მიგვეძღვნა ჩაის წარმოებისა და გადამუშავების სტრატეგიული პრობლემების განხილვისათვის. განზრახული გვაქვს აპრილის შუა რიცხვებში საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა ქართული ჩაის პრობლემებზე, სადაც ამ დარგის განვითარების სტრატეგიულ გეგმას განვიხილავთ. ეს საკითხი არა მარტო ეკონომიკური, არამედ სოციალურ-პოლიტიკურია და მას კარგა ხანია ან არ ექცევა ყურადღება ან ჯეროვნად არ ექცეოდა. ვფიქრობთ, ექსპერტთა და პროფესიონალთა მოსაზრებები, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, საფუძველს დაუდებს ამ ბიზნესში ახალ ერას .
ზემოთ ვახსენეთ ევროკავშირთან სავაჭრო პროცედურების გამარტივებისა და ლიბერალიზაციის თემა და ამ კუთხით გთავაზობთ ამ დარგში ერთ-ერთი კომპეტენტური ექსპერტის კახა გოგოლაშვილის სტატიას , რომელშიც ფუნდამენტურად არის მიმოხილული ამ პრობლემის ყველა წახნაგი და რეგულირების გზები. ამ საკითხზე მიღწეულ წარმატებებზე და გასაკეთებელ სამოქმედო გეგმაზე იყო მსჯელობა თებერვალში ევროკავშირისა და საქართველოს ბიზნეს საბჭოს კონფერენციაზე, სადაც მეტად საგულისხმო მოსაზრებები გამოითქვა. ეს არის ის ხაზი, რომლის გატარების შემთხვევაში ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი იქნება ევროგაერთიანება და ერთიორად გაიზრდება საექსპორტო მაჩვენებელი .
მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური ინდიკატორების პირუთვნელი და რეალური შეფასება, ამასთან თანამედროვე ტექნოლოგიით მსოფლიო მონაცემებთან შედარება. საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს სტატისტიკის ორგანო თავის არსებობის განმავლობაში სერიოზულ კრიზისს განიცდის. ხშირად ჩვენ მეტად საჭირო მაკროეკონომიკური მონაცემების გარეშე ვართ და დამეთანხმებით, ეს უკომპასო ნავიგაციას გავს. დროულად არ ხერხდება საჭირო ეკონომიკური მონაცემების მიღება, რაც აფერხებს კომპეტენტურ ანალიზს და დიაგნოსტიკას ეკონომიკაში. ამიტომ წარმოვაჩინეთ ეს თემა და საერთოდ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენი პრიორიტეტი გვინდა გავხადოთ, ამაში ჩავრთოთ სპეციალისტების დიდი ნაწილი, რათა ერთიანად შევქმნათ აღრიცხვისა და სტატისტიკის ის სისტემა, რომელიც უპასუხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დღევანდელ მოთხოვნებს .
ჩემი აზრით, ინტერესმოკლებული არ იქნება სტატია უმუშევრობა ევროპაში და დასაქმება საქართველოში. ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და მისი გადაჭრის გზები ან სადავეები მარტო სამთავრობო კაბინეტებში არ დევს. მეტად მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილება და რეალური პრობლემები ქვეყნის შიგნით საერთაშორისო ჭრილში . სარეკლამო ბიზნესი ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება არა მარტო ბიზნესის, არამედ ჩვენი პირადი ცხოვრებისათვის. ხშირად ის გვატყუებს, ხშირად ნერვებსაც გვიშლის, მაგრამ იმავდროულად საშუალებას გვაძლევს საქონელთა ზღვაში ამოვირჩიოთ საუკეთესო. და მაინც რა არის სარეკლამო ბიზნესი საქართველოში – ტყუილი თუ საჭირო მრჩეველი .
მსოფლიო ეკონომიკას გასულ თვეში ციკლონმა გადაუარა. ეცემოდა ბიზნესაქტივობა და წამყვანი ინდექსების მაჩვენებელი. ამჟამად ეპიცენტრი ჩინეთი იყო, რა სიახლეა საბირჟო ციებ-ცხელებისათვის? რა ხდებოდა სინამდვილეში და რა შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში? ჩვენი და დასავლეთელი ექსპერტების პროგნოზებს გთავაზობთ სტატიაში – მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა .
ტრადიციისამებრ გთავაზობთ საქართველოსა და მსოფლიოს ეკონომიკურ ნიუსებს და სამეცნიერო სტატიებს ეკონომიკის პრობლემატიკურ საკითხებზე. იმედი გვაქვს შევძელით თქვენი დაინტერესება ეკონომიკით და საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ.
კეთილი სურვილებით

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial