ზნეობა – ბიზნესის საფუძველი

მზია ქირთბაია

XXI საუკუნე ზნეობრივი განგაშით დაიწყო. კაცობრიობას შეუნელდა უკიდეგანო სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის განცდა. დღეს მატერიალურ ფასეულობათა მოპოვების ზღვარდაუდებ მისწრაფებად გადაქცევამ საფრთხე შეუქმნა კაცობრიობის სულიერებას და ყოველდღიური საზრუნავით დათრგუნული ადამიანიც იშვიათად სვამს კითხვას – რა აზრი აქვს ზნეობრივ ცხოვრებას. მისთვის ეს ზნეობრივი იდეალები დღეს ეკონომიკური წარმატების კულტმა შეცვალა.
თითოეული ადამიანი კი თავის საქციელით, თავისი სიტყვითა და აზრით ქმნის საკუთარ მომავალს. მისი სულიერების დონე განსაზღვრავს კაცობრიობის ხვალინდელ დღესაც, რადგან თუ იგი სულიერად მაღალგანვითარებულია, ჰარმონიულია სამყაროსთანაც და მის შემდგომ ბედსაც მისივე სიწმინდე გადახრის მხოლოდ სიკეთისაკენ. წუთისოფლის წარმავლობას კი უძლებენ სწორედ ცხოვრებაში ისტორიულად გამოტარებული ეს მარადიული ზნეობრივი ფასეულობები და მხოლოდ ასეთი ადამიანის მაღალსულიერებას შეუძლია შეძრას დღეს მსოფლიო…
აქამდე ცივილიზაციამ მხოლოდ ყოფითი პრობლემები გადაჭრა და ამიტომაც ადამიანს დღეს გაცილებით მეტი საფიქრალი აქვს სულიერი თვალსაზრისით, ვიდრე ადრე, თუნდაც ანტიკურ ხანაში. როგორც ანდრე მორუა წერს: მომავალი საუკუნე ან სულიერებისა იქნება, ან არ იქნება საერთოდ.

ცხოვრება კი მოულოდნელობებითა და შემთხვევითობებითაა სავსე. ადამიანი მხოლოდ მაშინ გაუძლებს ამ წინააღმდეგობებს, თუ შეფასების იარაღი და მოქმედების წარმმართველი სულიერება ექნება.
ასეთი იარაღი და ძალა კი ზნეობაა.
ზნეობრიობაა ერთადერთი გზა ნამდვილი არსებობის შესანარჩუნებლად.
ცივილიზებული ადამიანის ჭეშმარიტი ბუნებაც ზნეობრივია.
კაცური კაცობა ზნეობრიობაა. … ჩვენში თუ კაცური არ დაუმატე, კაცი კაცს აღარ ნიშნავს”, – წუხს ილია.
ქართულ ენაში – ადამიანი, ადამის შთამომავალია,
კაცი კი – ზნეობრივი ადამიანი, დედაკაცი თუ მამაკაცი!
დღევანდელ მერკანტილურ მსოფლიოში ზნეობაზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ… ადამიანის ზნეობრივი გადაგვარების დაჯერება იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სულიერი შენობის საძირკველი ისე დაანგრიო, თვითონ ადამიანი არ დაშავდეს. განა შეუძლია ხეს გააუქმოს ის ძალები, რომლებიც მის თესლშია დაფარული და რომლებმაც აღმოაცენეს იგი? ხეში ვლინდება სწორედ თესლში ჩადებული შესაძლებლობანი (პერ ლაგერკვისტი).
&ლოწასტ; &ლოწასტ; &ლოწასტ;
ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ჩვენი ზნეობრიობა რელიგიას ემყარება, რომ იგი მასთან ერთად აღმოცენდება და იღუპება. გამოდის, რომ მხოლოდ რელიგიური ეპოქები იყო ზნეობრივი. სინამდვილეში კი ადამიანთა სულში რელიგია კი არ ბადებს ღირებულებებს, იგი მხოლოდ ასაჩინოებს უკვე არსებულ ღირებულებებს.
და ამიტომაც ჩვენი ზნეობრიობა ამა თუ იმ რელიგიურ წარმოდგენას კი არ ემყარება და მასთან ერთად კი არ ქრება, არამედ მაშინ იკარგება, როდესაც ზურგს ვაქცევთ მისგანვე წამოყენებულ მოთხოვნებს.
ემირსონი წერს: მე მწამს ზნეობის მსოფლიო სული. ღვთაებრივი სამართლიანობის წინაშე ყველამ და ყველაფერმა უნდა მოიდრიკოს ქედი – მწერმა, კაცმა და მნათობებმა. ზნეობრივი კანონი ბუნების შუამავალია და გარემოს ასხივებს. ეს არის არსი და ხერხემალი ყოველგვარი ურთიერთობისა და პროცესისა. დღეს ყველამ ვიცით, რომ ადამიანის მოქმედებას თუ ზნეობა არ განსაზღვრავს, უზნეობას ვერავითარი ადმინისტრაციული საშუალებით ვერ აღვკვეთთ! ხარვი მაკკეი თავის გახმაურებულ წიგნში ყველაზე მაღლა აყენებს მორალურ თვისებებს ბიზნესში. შეკითხვაზე: – რას აყენებთ პირველ ადგილზე – ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ, სამართლებრივ თუ მორალურ პრინციპს, იგი პასუხობს: არა აქვს მნიშვნელობა, როგორ მართავენ ფაბრიკებს, ქარხნებს, ლაბორატორიებს, მაღაროებს, ყველაზე მთავარია, რით ხელმძღვანელობენ ბიზნესმენები – ეს არის მორალური ფაქტორი.
და, მართლაც, ყოველთვის გონებაზე მაღლა დგას ზნეობა.
ვ მხოლოდ აუცილებელია გვახსოვდეს:
არცერთ ადამიანს არა აქვს უფლება, რომ სარგებლობდეს პატივისცემით რაიმე ქონების გამო, გარდა ღირსებისა და ნიჭისა. რადგან ტიტულები – ზიზილ-პიპილებია, ძალაუფლება – გამფუჭებელი, დიდება საპნის ბუშტი და სიმდიდრე – პატრონის მამხილებელი (პერსი ბიში შელი).
ზნეობა არის ადამიანის უმთავრესი შინაგანი საყრდენი, მისი პიროვნული მთლიანობის საფუძველი. ზნეობა სამყაროს ერთადერთი მეუფეა ჩვენი ბედი ჩვენსავე ზნეობაზეა დამოკიდებული (მონტენი).
მილიარდობით ადამიანი მიდის და ტოვებს ამ წუთისოფელს. საუკუნეები და ათასწლეულები ათასნაირად ცვლიან კაცთა ცხოვრების მატერიალურ ფორმებს, ყოფიერებისა და ცნობიერების გარეგნულ სამკაულებს, უკიდეგანო სამყაროს ყველა თაობისათვის განსხვავებულ კანონზომიერებებსა და განზომილებებს, მაგრამ ამ საყოველთაო ფერისცვალებაში არის ისეთი ფასეულობებიც, ჟამთა ცვლას რომ არ ემორჩილება. სწორედ ეს ზნეობრივი ღირებულებები
განსაზღვრავს მარადიულად პიროვნებისა და საზოგადოების სახეს..
და იქნებ დღეს ჩვენი გასაჭირი არც ეკონომიკაშია და არც პოლიტიკაში… იქნებ უზნეობაა მიზეზთა მიზეზი?
თითქოს გაწყვეტილია მარადიულთან კავშირი. წლები მიითვალა ცრუ საქმემ… მაგრამ ბოროტი იმარჯვებს ჟამში, კეთილი – მარადისობაში. კეთილსა და ბოროტს არჩევს მხოლოდ მარადისობა.
ზნეობრივი კანონები კი მხოლოდ სულს გააჩნია. ულვაშზე ხელის მოკიდებით ქართველი კაცი ღმერთს შეხედავდა და სიტყვას გეტყოდა, ის სიტყვა არ გატყდებოდა… ნამუსის ქუდს ატარებდა და… საკუთრების უფლებას თაობიდან თაობაზე გადაცემული მშვენიერი ტრადიციებით იცავდა.
იონა მეუნარგია იგონებს: დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ ყოფნის დროს ილია ჭავჭავაძესთან საჩივრით მივიდა გლეხი და სთხოვა, მიწის ნასყიდობასთან დაკავშირებული სადავო საკითხი განეხილა. გლეხს თავადი ყაზბეგი ედავებოდა მიწას. მას კი ნასყიდობის დამადასტურებლად მხოლოდ ფრჩხილები ჰქონდა. იგი კი თურმე თაობიდან თაობას გადაეცემოდა და მიწაზე საკუთრების უფლებას ანიჭებდა მის პატრონს… ილიას მოაგონდა ბაბილონის არქეოლოგიური გათხრების დროს აგურებს შორის ჩალაგებული ფრჩხილების ისტორია და გლეხი გაამართლა.
უპრეცენდენტო შემთხვევაა, ილიასდროინდელ საქართველოში (მთაში) საუკუნეობით შენახულ ფრჩხილებს შეეძლო დაედასტურებინა მიწაზე საკუთრება. როგორი სიღრმის უნდა ყოფილიყო სინდისის ხმა, რომ გამოეღწია მას ჩვენი ისტორიის ლაბირინთებიდან და დღევანდელ ქართველთა შორეული წინაპრების მაღალი ზნეობა და ღვთიური სულიერება დაედასტურებინა!
&ლოწასტ; &ლოწასტ; &ლოწასტ;
ზნეობა უნდა იყოს ეკონომიკის საფუძველიც, რადგანაც შრომისა და მისი შედეგების სრულფასოვნება განისაზღვრება სწორედ მისი ზნეობრიობით… ის, რაც მისაღებია ზნეობრივად, სასარგებლოა ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
დღეს საბაზრო ეკონომიკის უმთავრესი დანიშნულება ზნეობრიობის მასშტაბების გაფართოებაა… ეს იდეა კი, უპირველესად, გულისხმობს:
თანასწორობას კანონის წინაშე;
სამართლიანობას საზღვრების გარეშე;
საყოველთაო განათლებას, სოციალური წარმოშობის მიუხედავად.
ზნეობრივ კანონებს კი სიყვარული ქმნის. თუ მუდმივად არ მივმართავთ სიყვარულს, მცნებების, პრინციპებისა და ნორმების ტყვე გავხდებით! და რაღაც წუთებში, შეუმჩნევლად, სიყვარული წავა, პრინციპები კი დარჩება!
სიყვარული უნდა იდგეს ყველაფერზე მაღლა!
ადამიანი დაშორდა ბუნებას და სამომხმარებლო იდეალების ტყვეობაში აღმოჩნდა. დაცილდა სიტყვა და საქმე ერთმანეთს. სიმართლეს გამოეცალა საყრდენი და გაბატონდა სიცრუე და უსამართლობა, შური და მტრობა, ღალატი და ვერაგობა,… მათ დაიჭირეს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთმხარდაჭერის, სიყვარულის საუკუნოვანი იდეალების ადგილები…
დღეს ერთი მცირე იმპულსი სჭირდება ადამიანს, რომ კვლავ გამოქვაბულში აღმოჩნდეს. ამიტომ იმას უნდა მოვეფეროთ, რამაც აქამდე მოგვიყვანა და აღარ დავუშვათ ნახტომი უკან…
&ლოწასტ; &ლოწასტ; &ლოწასტ;
ბიზნესმენები წმინდანები არ არიან. ბევრი მათგანი პროტოტიპია ყველაზე უსინდისო ყალთაბანდისა მსოფლიო ლიტერატურაში.
ცნობილია, იყო ზნეობრივი – ნიშნავს, მკაცრად ადევნო თვალყური საზოგადოებაში დაწესებულ ზნეობრივ წესრიგს, განსაზღვრულს ისტორიულ, სულიერ და კულტურულ მარადიულ ფასეულობებზე დაყრდნობით, ეროვნული მენტალიტეტის შესაბამისად.
მთავარი ზნეობრივი ტრაგედია და კომედია თამაშდება ბაზარში.
ბორჯომი 100-მდე სხვადასხვა ტარითა და ეტიკეტით იყიდება და, როგორც წესი, აქედან 99% ყალბია თურმე.
ჯერ ჩვენი მომხმარებელი ვერ ერკვევა უცხო ენაზე შესრულებულ ყველა შტრიხ-კოდში და შეიძლება მიეწოდოს მას ის საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში.
სამწუხაროდ, პრინციპულობა, ზნეობრივი პოზიცია მაშინვე იკარგება, როცა ამას გვკარნახობს ის, ვინც გიხდის,… ფული ბრძანებლობს სინდისზეც, მორალზეც.
მაგრამ ბიზნესის ეთიკა და ზნეობა შეიძლება დახასიათდეს იმ ლოზუნგით, რითაც ძველ რუსეთში ბირჟის მოამბე გამოდიოდა: მოგება ყველაზე მაღლა დგას, მაგრამ სინდისი – მოგებაზე მაღლა!…
დღეს კი ბიზნესმენთა ზნეობრივი საფუძველი ძალიან დაბალია…
ფინანსურ სამყაროში კომპანიები, პატიოსანი მეწარმეები ხშირად კარგავენ ყველაფერს ზნეობრივს, როცა საქმე ეხება ბიზნესის სფეროს გაფართოებას ან ახალი ბაზრის დაპყრობას…. მძაფრი კონკურენცია უბიძგებს ბიზნესმენებს დანაშაულებრივი საქმიანობისაკენ, მაგრამ, სულერთია, ბიზნესის საფუძველი – ეს არის პატიოსნება, წესრიგი, მისწრაფება, არ გაანადგუროს პარტნიორი, იმოქმედოს ორივესთვის ხელსაყრელად.
გთავაზობთ უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციებს:
თვალყური ადევნეთ ზნეობრივ ნორმებს;
იყავით ყურადღებიანი და ობიექტური შემოთავაზებული იდეების მიმართ, თავაზიანად უარყავით საეჭვო წინადადებები;
შეასრულეთ ვალდებულებები თავის დროზე;
ნუ იქნებით თვითდაჯერებული;
არ დაივიწყოთ, რომ თქვენი პოზიცია ყველასათვის არ შეიძლება იყოს ოპტიმისტური, გაითვალისწინეთ სხვების აზრიც;
ურთიერთობისას შეეცადეთ გაიგოთ ისიც, რაც უთქმელი დარჩა;
იყავით მომთმენნი.
მშვენიერია ეს რეკომენდაციები, მაგრამ რამდენად აქტიურია იგი ჯერ კიდევ საკითხავია. თუმცა თუ ბიზნესი პატიოსანია, მისი დაცვა არც არის საჭირო.
ადამიანის მოქმედებას თუ ზნეობა არ განსაზღვრავს, თუ ადამიანი თავის ნათქვამს საქმით არ ადასტურებს, ასეთ პატიოსნებას ჩალის ფასი აქვს.
დღეს ჩვენი საზოგადოების მტერი სიტყვებით სპეკულაციაა და უზნეობაც ყველაზე მეტად აქ ვლინდება. გაბატონებულია ე.წ. სეზონური პატიოსნება.
ასი წლის შემდეგ რა მნიშვნელობა ექნება იმას, მდიდარი იყავი თუ ღარიბი, მაგრამ არ იქნება სულერთი, იყავი პატიოსანი, თუ უპატიოსნო. სამყარო სისტემატურად ეძებს ადამიანებს, რომლებიც არ იყიდებიან და თავიდან ბოლომდე სამართლიანობას იცავენ. სამყაროს სჭირდება სწორედ ისეთი ადამიანები, რომლებიც მოუსყიდველნი არიან, არასოდეს უპატიოსნოდ არ მოიქცევიან და არასოდეს იტყვიან, რომ ისინი ამას აკეთებენ იმიტომ, რომ სხვები აკეთებენ.
როცა პეტრარკა ტრიბუნალის წინ უნდა წარმდგარიყო, მას გამოუცხადეს, რომ სასამართლოს არ სჭირდებოდა მისი ფიცი, იმდენად სჯეროდათ მისი სიმართლის: დაე, შენი ქვეყნის კანონები ნუ იქნებიან შენს პატიოსნებაზე მაღლა. არ იფიქრო, რომ ყოველთვის საკმარისად კარგია ის, რაც კანონებით არის დაშვებული.
და იქნებ ყველა ადამიანშიც ბევრად მეტია კარგი და პატიოსანი, ვიდრე თვითონ ფიქრობს და სხვაც ხედავს მასში?
ბიზნესის ერთადერთი და უმთავრესი კანონი კი ის არის, რომ ბიზნესი ტყუილს ვერ ეგუება. ბიზნესი ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება ერთხელ ნათქვამი ტყუილი ათი წლის თავზე დაგხვდეს და დაამთავროს კიდეც შენი საქმიანობა.
წესიერი ბიზნესი აბსოლუტურად გამჭირვალე ურთიერთობაა და ამ ურთიერთობაში ტყუილი ნიშნავს იმის ხაზის გადასმას, რასაც აკეთებ. არ არის ლაპარაკი მხოლოდ პარტნიორთან ურთიერთობაზე, ტყუილი არც სახელმწიფოს უნდა აკადრო და არც საკუთარ თავს. ამას ქვია ბიზნესმენის რეპუტაცია. ამიტომაც უნდა იყოს ბიზნესი გულწრფელი და გამჭვირვალე, სხვაგვარად დიდ საქმესთან შეჭიდებას აზრი არა აქვს.
ბიზნესი მოწოდებულია იყოს პატიოსანი თავისი ბუნებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოგება მიიღება ბუნებრივი გზით (საკუთარი ინიციატივით, ინდივიდუალობით, დამოუკიდებლად განხორციელებული რისკით), ნათელი გახდება, რომ აქ არცერთი წამი არაა დაკავშირებული მოტყუებასთან, უპატიოსნო მოქმედებასთან, მორალის დარღვევასთან.
ბიზნესის პატიოსან ბუნებას ადასტურებს დღეს მილიონობით ზეპირი შეთანხმება, მილიარდი დოლარის საქონლის გაყიდვა გაუფორმებელი კონტრაქტების საფუძველზე. მრავალი საბითუმო და საცალო ვაჭრობის ფირმის ნდობა, “ტეხასური ხელის ჩამორთმევა”, ნიქსონის მიერ 1973 წელს დოლარის გაიაფება, პატიოსანი სიტყვის გარანტიით… ყოველივე ეს კი ადასტურებს, რომ აუცილებელია ბიზნესში მორალურ ნორმებზე თვალყურის დევნება.
მე არ მინდა ვაკეთო ფულები ნებისმიერი გზით. მე მჭირდება განსაზღვრული სახე, განსაზღვრული იმიჯი, განახლებული შინაგანი განწყობა, მუშაობის ჩემეული სტილი. მე უნდა მყავდეს ჩემი აუდიტორია.. მაშინ მე მივაღწევ თვითრეალიზაციის პიკს. ჩემი თვითრეალიზაცია კი ეს იგივე მოგებაა, მოგების ნაწილი მაინც. ამიტომაც მე შეიძლება დღეს ბევრს ვკარგავ, უკანონო ბიზნესში არყოფნით და ამას ვაკეთებ არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებზე უკეთესი ვარ, სხვებზე ეთიკური, სხვებზე ცივილიზებული, სხვებზე ფრთხილი, არამედ იმიტომ, რომ დღეს ლეგალური ბიზნესი არ არის გამოსადეგი (კომფორტის თვალსაზრისით). თუ შენ გრძნობ თავს კომფორტულად, მაშინ მშვიდად ეწევი ბიზნესს, ნაკლებად წუხხარ, იქმნი საკუთარ სახეს. შენ დაგიჯერებენ და წინსვლას იწყებ ნელა, მაგრამ შეუფერხებლად. არსებობს მხოლოდ შინაგანი მუხრუჭი (მაგალითად, ვერავინ მომისყიდის), მაგრამ, თუ მე შემეცვლება შინაგანი შეფასება, მაშინ, ვფიქრობ, რომ შეიცვლება ჩემი საქციელიც.
დღეს საქართველოში უკვე გამოიკვეთა ბიზნესმენთა გარკვეული კატეგორია, რომელიც ძალიან უფრთხილდება თავის სახელს. საერთოდ, ეს პროცესი მაშინ იწყება, როცა ბიზნესმენი თავის რეპუტაციას და ცხოვრების წესს საკუთარ ბიზნესთან აიგივებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტყუილი ბიზნესში პრაგმატული მოსაზრებითაც არამომგებიანია.
ბიზნესში პატიოსნების აუცილებლობა გამოდის მისი ბუნებიდანაც. მოტყუება არ შეიძლება იყოს ნორმალური ეკონომიკური პროცესის საფუძველი. პირიქით, ის ქმნის საშიშროებას პარტნიორის ინტერესებისათვის. ადამიანები, რომლებიც იტყუებიან, საქმიან სამყაროში ყოველთვის იკიცხებიან. საბოლოოდ კი ის, ვინც მიმართავს ფალსიფიკაციას და ტყუილს, მეტს კარგავს, ვიდრე იგებს!
პატიოსნება და წესრიგი ბიზნესში არის ხანგრძლივი განვითარებით ოპტიმალური ეთიკური ნორმების გამომუშავება.
ცხოვრება გვარწმუნებს, რომ თანამედროვე ბიზნესში წარმატება შეუძლებელია ზნეობრივი ნორმების დაცვის გარეშე.
არაეთიკურობა, არაკეთილსინდისიერება ბიზნესში დამახასიათებელია მისი ჩამოყალიბების ადრეულ პერიოდში.
დამწყებ ბიზნესმენს აუცილებლად სჭირდება საწყისი კაპიტალი.
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ამართლებენ საჭირო კაპიტალის მოპოვებას ნებისმიერი გზით, რის შედეგადაც ადამიანები შედარებით ადვილად გადალახავენ მორალურ ზღვარს და ასე ხდებიან უპატიოსნო ბიზნესის მონაწილენი.
აუცილებელი კაპიტალის არარსებობამ არ უნდა განაპირობოს მორალური კანონების დარღვევა.
რასაკვირველია, წესიერი გზითაც შეიძლება მიზნის მიღწევა, თუ არ ვიჩქარებთ და ვიქნებით თანმიმდევრულნი. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ეთიკური სახის შენარჩუნება, თუ ეს მას საერთოდ სურს…
რთულია უზნეობის მკურნალობაც. აქ ვერ გამოიყენებთ ჩვეულებრივ მეთოდებს. მხოლოდ იურიდიული კანონის დარღვევის შემდეგ წარმოიშობა ბიზნესის მოქალაქეობრივი და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება მივუსაჯოთ მხოლოდ პატიოსნების სასამართლოთი, რაც დაბალი დონის ადამიანებისათვის არც ისე საშიშია…
დაგვრჩენია მხოლოდ ის, რომ დავეყრდნოთ სინდისს. ამიტომაც უნდა ვეცადოთ, რომ ადრიდანვე, ბავშვობის ასაკიდანვე ჩაუნერგოთ მორალური პასუხისმგებლობა. და თუ ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება პატიოსნებისა და სამართლიანობის გრძნობა, იგი არასოდეს ააგებს თავის ბიზნესს სხვისი მოტყუებით!
თუ ბიზნესში წარმატება გინდა, იგი უნდა იყოს დაკავშირებული ზნეობასთან, უამისოდ მომავალი არა აქვს…
&ლოწასტ; &ლოწასტ; &ლოწასტ;
ადამიანის ბუნების ყველა ნაკლსა და არასრულფასოვნებას ანეიტრალებს სინდისი. იგი შინაგანი ცენზორია.
დ. უეიტლი გვირჩევს:
არასოდეს წახვიდეთ სინდისის კომპრომისზე;
პატიოსნება არ არის დამოკიდებული სიტუაციაზე;
დაიცავით პატიოსნება და ერთგულება ერის, ხალხის, ოჯახის, მეგობრების, ქვეყნის მიმართ;
გააანალიზეთ ყოველდღიურად თქვენი მოტივები (სწორია? პატიოსანია? საუკეთესო გზაა იგი წარმატებისაკენ?);
ნუ გამდიდრდებით უპატიოსნო გზით, საუკეთესო ის ცხოვრებაა, როცა არ აკეთებ იმას, რასაც სხვაში გმობ.
დღეს მიზანი ერთია – მოიპოვო პატიოსანი სახელი საერთაშორისო ბაზარზე! დასავლეთის მეწარმეთა წარმატების ფორმულა კი მარტივია: წარმატება = პროფესიონალიზმი + წესრიგი.
ა. ჩეხოვი შეგვახსენებს:
-ადამიანებს ყველაფერს ასწავლიან, პატიოსნების გარდა, თუმცა ისინი ყოველთვის პატიოსნებით იწონებენ თავს და არა განსწავლულობით, ე.ი. სწორედ იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ!
&ლოწასტ; &ლოწასტ; &ლოწასტ;
პატიოსნება შინაგანი კონტროლის მატარებელია. ეს თვისება მისი ღირსებაც არის და უძლურებაც. უძლურება იმიტომ, რომ შინაგანი კონტროლი ზღუდავს პატიოსანი კაცის მოქმედებას. იგი იმას ვერ იკადრებს, რასაც უპატიოსნო, რადგან უპატიოსნება მოკლებულია შინაგან კონტროლს. უპატიოსნომ ეს იცის და სარგებლობს ამით და თავაშვებულადაც უტევს პატიოსნებას.
პატიოსნება აქტიურია და პასიური, უპატიოსნება კი მხოლოდ აქტიური, რადგანაც სხვაგვარად ვერ იარსებებს. თუ უპატიოსნება პასიურ პატიოსნებას შეეჯახა, ყოველთვის იმარჯვებს, აქტიურთან კი ყოველთვის დამარცხებულია.
გვჯეროდეს, პატიოსნება მოგებაზე მაღლა დგას,… ამიტომ თვლიან საქმიანი ურთიერთობისას აუცილებელ თვისებად პატიოსნებას, სამართლიანობას, პასუხისმგებლობას, წესრიგს, კომპეტენტურობას.
პატიოსნებაა ის ერთადერთი, უსპეტაკესი სული, რომელმაც საერთოდ ადამიანი და ადამიანური უნდა იხსნას მომავალში! ჩვენ მხოლოდ სულის სიმაღლით გავიმარჯვებთ, სიყვარულით, სიბრძნით და პატიოსნებით! და ყველაზე მთავარი, უღმერთოდ ზნეკეთილი ვერ იქნება კაცი!
უნდა შეგვეძლოს ხმამაღლა ვთქვათ:
სამყარო საიდუმლოებებითაა სავსე. ღმერთმა არსებობის გზა ასწავლა ადამიანს ეცხოვრა შრომით.
ჩვენი ცხოვრება მხოლოდ სიკვდილით არ მთავრდება. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ რა საჭირო იქნებოდა ჩვენი სულიერი მოღვაწეობა, სინდისი, საკუთარი ქცევის განსჯა და შეფასება?
იოანე ოქროპირი წერს: “ჩვენში ჩაბუდებული დაუღალავი მსაჯული არასოდეს ტყუვდება და ცდება. დაე, ცოდვის ჩამდენი ადამიანი დაიმალოს სხვათაგან, მაგრამ ის ვერ დაემალება ამ მსაჯულს, პირიქით, ის მუდამ თან ატარებს საკუთარ თავში მას, რომელიც აწუხებს, ტანჯავს და არასოდეს ასვენებს…
რელიგიის, როგორც ადამიანის ზნეობრივი ჩამოყალიბების განმსაზღვრელი ფაქტორის, უგულებელყოფა ამახინჯებს ჩვენი სულიერი ღირებულებების სტრუქტურას.
ადამიანმა, როგორც თავისუფალმა და თავისი ქცევისათვის პასუხისმგებელმა არსებამ, რელიგიური რწმენიდან კი არ უნდა გამოიყვანოს თავისი მორალი, არამედ, პირიქით, რწმენა გამოიყვანს მორალიდან, რომ ადამიანის ნამდვილი ღირსება არ შეიძლება იყოს არც წინასწარ დადგენილი, არც მისგან დამოუკიდებელი.
მორალი არ ემყარება ღმერთის რწმენას და ადამიანი ამგვარი რწმენის გარეშეც შეიძლება მორალური იყოს….
&ლოწასტ; &ლოწასტ; &ლოწასტ;
ადამიანები იცვლებოდნენ. იცვლებოდა დრო. დამკვიდრებული წესები მოძველდა. არ არსებობდა ახალი ინფორმაცია ადამიანურის ორი მთავარი ასპექტის დაძლევის შესახებ, ამიტომაც დროთა განმავლობაში უნდა გაზრდილიყო ღვთაებრივის შესუსტებისა და მატერიალურის გაძლიერების ტენდენცია.
ქრისტიანობამ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა ღვთაებრივისაკენ სავალ გზაზე.
აღმოჩნდა, რომ უფალის შეცნობის მთავარი საშუალებაა ადამიანურ მოთხოვნილებათა მკაცრი შეზღუდვა, ყველა წესისა და რიტუალის განუხრელად შესრულება კი არა, უპირველესად – ღვთისადმი სიყვარული.
ქრისტიანობა ორ შტოდ გაიყო, წარმოიშვა კათოლიკობა სულიერზე მატერიალურის პრიორიტეტით და მართლმადიდებლობა – მატერიალურზე სულიერის პრიორიტეტით. მაგრამ ეს ორი შტოც ვერ აწონასწორებს ერთმანეთს.
სამყარო კი სიყვარულს უნდა დაუბრუნდეს, რადგანაც ღვთაებრივი რეალობა იდეებსა და პრინციპებში კი არ არის, არამედ სიყვარულში, რომელიც არაფერს ექვემდებარება და არაფერზეა დამოკიდებული… მითუმეტეს, რომ “ადამიანი ზნეობრივია არა იმიტომ რომ ღირსებებითაა აღსავსე, არამედ იმიტომ, რომ ეს ხსნის ერთადერთი გზაა”.