საქართველოს კონკურენტუნარიანობის სტრატეგიის SWOT ანალიზი

ქეთევან კრიალაშვილი ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრი

მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის ყოვლისმომცველმა პროცესებმა ძირეული ცვლილებები შეიტანა საგარეო ურთიერთობებსა და მსოფლიო ეკონომიკის ფუნქციონირებაში. განსაკუთრებით მტკივნეულია ეს ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკისათვის, რომელიც გარდამავალ ეტაპს გადის და ფორმირების პროცესშია.

მით უფრო, რომ ქვეყანას არ გააჩნია სისტემური მართვის გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი, მეცნიერულად დასაბუთებული ეროვნული კონკურენტული სტრატეგია. ამასთან, ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა მკვეთრად დაეცა იმ მოვლენების შედეგად, რომელიც ისტორიული მემკვიდრეობისა და პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის განვლილ პერიოდში განვითარდა (სამხედრო გადატრიალება, ეთნოკონფლიქტები, ომი, ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება და სამამულო წარმოების განადგურება). რისკის წინაშე დადგა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის ფონზე ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის არსებითად მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრუქტურული ცვლილებების გატარება, რომელიც შესაძლებელს გახდის ქვეყანაში პრიორიტეტული დარგების განვითარებას და ამ გზით კონკურენტუნარიანი უპირატესობის მოპოვებას შრომის საერთაშორისო დანაწილებაში.
გლობალურ არენაზე საკუთარი ნიშის დაკავება საქართველოს კონკურენტუნარიანობის უმთავრეს წინაპირობაა. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ კეთილდღეობას და პირდაპირ უკავშირდება სიღარიბის დაძლევას. საკუთარი ადგილის ძიების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, საქართველომ გეოპოლიტიკური კონტექსტი უნდა გაითვალისწინოს. უფრო ზუსტად კი, ევროპული არეალის მკვიდრობა და ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია გულისხმობს ევროპული სტანდარტების შესაფერისი სისტემის ჩამოყალიბებას და ყველა იმ მექანიზმის სრულად ამოქმედებას, რომელიც ქვეყანას გამოწვევების დაძლევაში შეუწყობს ხელს.
მზარდი კონკურენციის პირობებში საქართველოს სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელია ახალი გზების გამონახვა, რაც ინოვაციურ მიდგომებსა და თანამშრომლობის ახალი ფორმების დანერგვას ითვალისწინებს. ზემოთ აღნიშნული მკვეთრი კონტრასტების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკური, მიკრო- და მაკროეკონომიკური რეფორმების განხორციელება, რომლებიც ხელს შუწყობენ ქვეყნის მდგრად განვითარებასა და გლობალურ სივრცეში კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
საქართველოს ეკონომიკაში ჯერჯერობით თვითდინებაზეა მიშვებული შედარებითი უპირატესობების გამოვლენის პროცესი და შესაბამისად, დარგობრივი სტრუქტურის ცვლილებები. ანუ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები მთლიანადაა დამოკიდებული ბაზრის უხილავი ხელის მოქმედებაზე. აშკარაა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის სრულიად მიუღებელია გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ულტრა ნეოლიბერალურ პრინციპებზე აგებული დერეგულაციის პოლიტიკა, განსაკუთრებით, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სრული ლიბერალიზაციის პირობებში და გაურკვეველი წარმოშობის უცხოური კომპანიების დომინანტობისას.
საქართველოზე და მისი კონკურენტულობის სტრატეგიაზე გლობალიზაციის ზეგავლენის განსაზღვრის მიზნით ჩავატარეთ საქართველოს კონკურენტუნარიანობის შჭOთ ანალიზი. იგი საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ დღეისათვის არსებული შიდა ძლიერი და სუსტი მხარეები, აგრეთვე შესაძლებლობები და საფრთხეები. მათი გათვალისწინებით კი გავაკეთოთ რაციონალური დასკვნები გრძელვადიან პერიოდში საქართველოს კონკურენტუნარიანობის სტრატეგიის შესამუშავებლად.
PEST ანალიზისა (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური ფაქტორები) და პორტერის ალმასის მოდელებზე დაყრდნობით დადგინდა ის ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეროვნული და რეგიონალური საინოვაციო სისტემების ჩამოყალიბებას და ქვეყნის კონკურენტულობის გაზრდას გლობალურ სივრცეში. მათ შორისაა:
წინაპირობები – უნივერსიტეტებში განათლებისა და კვლევის ინფრასტრუქტურა; საჭირო უნარების მქონე სამუშაო ძალისა და დასაქმების შექმნის პოტენციალის ხელმისაწვდომობა;
მოთხოვნის პირობები – დახვეწილი და მომთხოვნი მომხმარებელი, როგორც შიდა, ისე გარე ბაზარზე;
ურთიერთდაკავშირებული საწარმოები – ქმედითუნარიანი კავშირი ადგილობრივ მიმწოდებლებთან და ურთიერთდაკავშირებული კომპანიების არსებობა. მაღალგანვითარებულ ქსელს შეუძლია სერიოზულად გაზარდოს ეკონომიკური აქტივობა, დანერგოს ინოვაცია და შესაძლებელი გახადოს სტრატეგიული ალიანსების ჩამოყალიბება.
ზრდის პოტენციალი – რამდენად ექნება კლასტერს მომავალი ზრდის პოტენციალი, რაც საქართველოს პროდუქტიულ საწარმოებში ინვესტიციების მოსაზიდად არის საჭირო.
ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურა – სახელმწიფოს მარეგულირებელი ნორმები, ისევე როგორც საჯარო და კერძო ურთიერთობები კომპანიებს, დაწესებულებებს, მთავრობას და რეგიონს შორის, ასევე მის გარეთ. იგი მოიცავს საკანონმდებლო ნორმებს და ამ სახის აქტივობისა და მომსახურების ხარისხის მხარდამჭერ პოლიტიკას, რომლითაც საჯარო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ბაზარს. აქ შედის ანტიმონოპოლიური კანონი, მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც ითვალისწინებენ ბაზარზე შესვლის პირობებს, ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობები, კლასტერების განვითარებისათვის მხარდაჭერის სურვილი და ა.შ.
ტექნიკური ინფრასტრუქტურა – ბიზნესის წარმოებისათვის საჭირო სივრცის ხელმისაწვდომობა, ტრანსპორტი, ინტერნეტი, ტელე და საკომუნიკაციო შესაძლებლობები, ელექტრომომარაგება და საბაზისო ურბანული ინფრასტრუქტურის არსებობა.
ისტორიული ფონი და ისეთი სპეციფიკური საკითხები, როგორებიცაა ეთნიკური, კულტურული და ისტორიული ფაქტორების ფართო სპექტრი, ასევე მყარი გამოცდილება, შეიძლება მიჩნეულ იქნას უპირატესობად.
არჩევანის გაკეთების შემდეგ ყოველი ფაქტორი შეფასდა იმის მიხედვით, შეუძლიათ თუ არა მათ კონკურენტული პოტენციალის შექმნა და რამდენად მნიშვნელოვანნი არიან ისინი ისტორიულად ქართული ეკონომიკისათვის. კლასტერების სხვადასხვა ელემენტების შეფასება და მათი შესაბამისი მოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმის დასადგენად, თუ რა ძლიერი ან სუსტი წერტილები შეიძლება ჰქონდეთ ამ კლასტერებს და სად შეიძლება გახდეს საჭირო შემდგომი ჩარევა. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში წარმოდგენილია შჭOთ (შიდა ფაქტორები -ძლიერი და სუტი მხარეები, გარე ფაქტორები – შესაძლებლობები და საფრთხეები) ანალიზის შეჯამებული შედეგები:
ანალიზის პროცესში გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
შეზღუდულია კომუნიკაცია და სუსტია კოჰეზიურობა მთავრობას, ბიზნეს სექტორსა და უნივერსიტეტებს შორის;
დაბალია ექსპერტული ცოდნისა და უნარების დონე, და შესაბამისად სამმაგი სპირალი” – ყველა სექტორში კვლევისა და განვითარების მნიშვნელობა სუსტად აღიქმება;
მაღალია ინტერესი კონკურენტულობის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და ეროვნული ინოვაციური სისტემის საკითხების მიმართ, რაც სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ქმნის მოთხოვნას ინფორმაციაზე;
საფრთხის წყაროებად მიჩნეული საკითხები კავშირშია ეთნიკურ კონფლიქტებთან, პოლიტიკურ არასტაბილურობასთან, სიღატაკესთან, ქვეყნის ეკონომიკის დაბალ მაჩვენებლებთან, ფინანსურ არასტაბილურობასა და არაადეკვატურ ინვესტირებასთან კვლევასა და განვითარებაში;
სერიოზული პრობლემაა ემიგრაციისა და ინტელექტუალური რესურსის ქვეყნიდან გადინების მაღალი დონე;
განვითარების პროცესისათვის მნიშვნელოვანი საფრთხეა, აგრეთვე, რეგიონების არათანაბარი ჩართვა და სოციალური უთანასწორობა.
ღონისძიებების სიძლიერის რეიტინგის განსაზღვრისას ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური პარტნიორობის ზრდა საქართველოში ეროვნული საინოვაციო სისტემის განსახორციელებლად. ამისთვის საჭიროა, რომ ფოკუსირდეს ძალისხმევა პროცესებში მთავრობის, უნივერსიტეტების, ბიზნეს სექტორისა და მედიის ჩასართავად.
არც თუ ისე მიმზიდველია საქართველოს ამჟამინდელი პოზიციები ევროპის სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში. თუმცა არსებული ვითარება პირდაპირი შედეგია ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ქვეყნის უუნარო და კორუფციული მმართველობისა. ცვლილებების განსახორციელებლად, რთული ამოცანების გადასალახავად და რესურსების ეფექტურად გამოსაყენებლად საჭიროა ეფექტური მენეჯმენტი.
სტრატეგია წარმატებული იქნება, თუ მას ექნება მხარდაჭერა საზოგადოებისაგან. შეთავაზებული სტრატეგიის თაობაზე საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ იგი გაითვალისწინონ მთავრობის მომავალ სამოქმედო პროგრამაში.
სტრატეგიის ეფექტურ განხორციელებას ესაჭიროება შესაბამისი თანხები, მათ შორის სახელმწიფო და კერძო დაფინანსება და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს რესურსების ინვესტირება საქართველოს კონკურენტუნარიანობის და მთლიანად ეკონომიკის ზრდისათვის. 2008-2012 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ ინოვაციის პოლიტიკის შემუშავება და მის განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური ინსტრუმენტები საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მოსაპოვებლად საჭირო მთავარი კომპონენტი უნდა გახდეს.
სახელმწიფოს შეუძლია საბაზრო ეკონომიკის ზრდაში თავისი წვლილი შეიტანოს ისეთი პირობების შექმნით, რომლებიც გააძლიერებენ ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას. ეს მოსაზრება შეიძლება განვიხილოთ, როგორც საქართველოს კონკურენტულობის გაუმჯობესების ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს სტრატეგიული პრიორიტეტების საფუძვლის ფორმირებას.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial