ქართულ-ესტონური ბიზნეს ფორუმი თბილისში

რედაქციისაგან
ესტონეთის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის საქართველოში ვიზიტის დროს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 7 მაისს სასტუმრო თბილისი მარიოტში მოაწყო საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი.
ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველოს ესტუმრა 41 ესტონელი ბიზნესმენი შემდეგი სფეროებიდან: ტურიზმი, უძრავი ქონება, მშენებლობა, სარეკლამო ბიზნესი, ენერგეტიკა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, საბანკო სექტორი, ფარმაცია, კომპიუტერული ტექნიკა, გადაზიდვები, სამედიცინო ცენტრები, შესაფუთი მასალის წარმოება, საინვესტიციო მენეჯმენტი, თხილის ექსპორტი, ტრიკოტაჟის წარმოება და სხვა.
ქართული მხრიდან ბიზნესფორუმს შესაბამისი სფეროებიდან 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ჯემალ ინაიშვილმა გახსნა.
ქართული და ესტონური ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა, ასევე ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ტოომას ლუმანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა იმ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლის შედეგადაც მსოფლიო ბანკის რეიტინგით საქართველო რეფორმირებად ქვეყნებში 32-ე ადგილზეა, ასევე იმ პროექტებზე, რომელიც სარკინიგზო, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სფეროებში ხორციელდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ესტონელი ბიზნესმენები ინვესტიციას ჩადებენ თბილისსა და ბათუმში.
ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა საკუთარი ქვეყნის ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა. მან ასევე საქართველოზე დაწესებული ემბარგოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებულმა ბლოკადამ საქართველოს ხელი შეუწყო საკუთარი პროდუქციის ხარისხი გაეუმჯობესებინა იმდენად, რომ საქართველოს ნაწარმს მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ ცნობილი ბრენდებისთვის სრულფასოვანი კონკურენციის გაწევა შეუძლია.
ფორუმზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ კოვზირიძემ მიმოიხილა საქართველოში ეკონომიკური განვითარების უახლესი ტენდენციები და საინვესტიციო გარემო.
ბიზნესფორუმის შემდეგ ქართველ და ესტონელ ბიზსნესმენებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.
9 მაისს ესტონეთის ბიზნეს-დელეგაცია ბათუმში გაემგზავრა, სადაც რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ბიზნესფორუმი გაიმართა.