როგორი უნდა იყოს საგადასახადო კოდექსი?

ემზარ ჯგერენაია

თავის დროზე ჯერ კიდევ პლატონი სვამდა ასე საკითხს: უბედურების სათავე არის სიტყვა “ჩემი” და თუ იგი “ჩვენით” შეიცვლება, უბედურებაც მოისპობა. ანუ, როგორც პლატონი ამბობს, ყველა უბედურების სათავე საკუთრებაში დევს, მათ შორის, გადასახადის დაკისრების უფლებაშიც. სხვათა შორის, თუ თვალს გადავავლებთ ძველი საბერძნეთის ისტორიას, ვნახავთ, რომ ძალიან საინტერესო იყო სპარტის სახელმწიფოს მაგალითი: სპარტაში საკუთრება კერძო ფორმაში არ არსებობდა. ცოლიც საერთო იყო ბავშვიც, მიწაც და საწარმოც.

ამასთან, ნებისმიერ გადასახადს ხალხი თვითონ აწესებდა და თვითონვე განკარგავდა. ბავშვებს სპარტანულად ზრდიდნენ, გახსნილი ჰქონდათ ინტერნატები, ეს არ იყო ბავშვთა სახლები, არამედ საკმაო შეძლების მქონე და წარჩინებული ოჯახების მიერ გაკეთებული საერთო, ბავშვის აღსაზრდელი ორგანიზაცია. სპარტანელებისთვის სიტყვა “ჩემი” არ არსებობდა, იყო მხოლოდ “ჩვენი”. მიაჩნდათ, რომ ქალი, რაც უფრო ბევრი კაცის ცოლი იქნებოდა, მით უფრო კარგი და ჯანსაღი შთამომავლობა ეყოლებოდათ. ამასთან, მეომრებს იმის სადარდებელი ნაკლებად ექნებოდათ, ცოლები მათი ერთგულნი იქნებოდნენ თუ უღალატებდნენ. შესაბამისად, არც საკუთარი შვილები ჰყავდათ. ბავშვი, როგორც კი ძუძუთა ასაკიდან გამოვიდოდა, უკვე სახელმწიფოს საკუთრება ხდებოდა. ბუნებრივია, მიწა, სახლი, ყველაფერი იყო “ჩვენი”. რაღაც ეტაპზე იმის გამო, რომ ძლიერი მეომრები ჰყავდათ, სპარტანულმა ამ მეთოდმა გაამართლა, მაგრამ მან ისევე განიცადა კრახი, როგორც პლატონის თეორიამ, რადგან, რაც ადამიანის ბუნებაში კოდით დევს, მის წინააღმდეგ წასვლა შეუძლებელია და შესაბამისად არასიცოცხლისუნარიანია.

შემდგომში გაჩნდა მისი მოწაფის, არისტოტელეს შეხედულებები, რომელმაც პლატონი გააკრიტიკა – ყველაზე დიდი უფლებაა საკუთრება და მათ შორის, გადასახადის დაწესებაზე. იმ გადასახადების პირველი ფორმა, რომელიც დღეს ჩვენთან და მთელ მსოფლიოში არსებობს, სწორედ ამ დროს გაჩნდა, როცა საბერძნეთმა ადამიანის საკუთრების დაცვა დაიწყო. გადასახადის დაწესების უფლება სენატს გადაეცა.

ხშირად ისმის კითხვა, მორალურია თუ არა საერთოდ გადასახადი? ამ პერიოდის საბერძნეთში მიიჩნევდნენ, რომ გადასახადი ამორალური იყო. ათონის მოქალაქეებს, თუ ისინი ელიტარული საზოგადოების ნაწილს წარმოადგენდნენ, გადასახადს ვერ დაუწესებდნენ. მათ საკუთრება არც გააჩნდათ, ჰქონდათ მხოლოდ გადასახადის დაწესების უფლება სხვისთვის. საკუთრება ჰქონდა მდაბიო ფენას, ისინი შრომობდნენ და ზედა ფენებს ინახავდნენ. საოცარი მაგალითია, მისი მოსწავლის, მაკედონელის სიტყვები, როცა ის მთელ მსოფლიოს დაიპყრობს და ქონებას 12 მხედართმთავარზე გაანაწილებს, ჰკითხავენ: – “თქვენ რა?”, ის პასუხობს, – “მე არაფერი, მე მაკედონელი ვარ”. სინამდვილეში კი, მას ჰქონდა ყველაზე დიდი საკუთრება – ეს იყო მთელ იმპერიაში გადასახადის დაწესების უფლება.

გადასახადი – ეს არის ადამიანების მიერ წარმოების და მოხმარების უფლების ყიდვა. ყველა ჩვენი მოხმარება იბეგრება, ან იცვლება იმაზე, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვარსებობთ. იბეგრება და იცვლება იმ კლანზე, იმ პოლიტიკურ ელიტაზე, იმ სახელმწიფო მმართველობაზე, რომელიც ამ ქვეყანას განაგებს. თუ არსებობს მეფე, ითვლება, რომ ყველა საკუთრება მისია, ანუ პრინციპი ასეთია – ამ ქვეყანაში ყველაფერი ჩემია. თუ არსებობს შეზღუდული მონარქიის, ან მმართველობის ფორმა, მაშინ ჩვენია, ანუ მეფისაც და ხალხისაც. დემოკრატიის დროს კერძო საკუთრება პრიორიტეტად და წმინდათაწმინდა საკუთრებად ცხადდება. თუმცა, გადასახადის დაკისრების უფლების უფრო რთული და მძიმე ფორმები არსებობს, რადგან ხშირად გადასახადის დაწესების და შემდგომ მისი განკარგვის, ასევე რესურსთგადანაწილების უფლება “ხალხისათვის რჩეულ მმართველ ელიტას” ეკუთვნის და ამ შემთხვევაში “ჩვენი” სინამდვილეში ნიშნავს პოლიტიკური ელიტის “ჩემს”, ოღონდ შეფარულად.

საინტერესოა პირველი საგადასახადო რეფორმათა სისიტემის ჩამოყალიბება.

რომის ისტორიაში 200-მდე გადასახადი მოქმედებდა, მათ შორის, ყველა ძირითადი გადასახადი დღეს ჩვენთანაცაა — ბრუნვის გადასახადი (დაახლოებით, დღგ), ქონების, მიწის ყიდვის გადასახადი და ა.შ.

სამყარო ყოველთვის იხილავდა საკითხს, თუ ვის აქვს მთავარი უფლება, დააწესოს გადასახადი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ღირებულების, სიუხვის, რაც თქვენ გაგაჩნიათ და რაც ქვეყანაზე არსებობს უპირატესი მითვისების უფლება. ანუ, გადასახადი არის სიუხვის ის “ზედმეტი” ნაწილი, რომელსაც მმართველი ელიტა ითვისებს თავისი თანამოძმეების “ნებაყოფილობითი”, ან იძულებითი გაბრუების გზით. თუ რისთვის იყენებს მმართველი ელიტა ამ სიუხვეს, შემდგომი მსჯელობის საგანია და აქედან გამომდინარეობს ქვეყნის პროგრესულობა თუ არაპროგრესულობა. ძირითადი უსამართლობა “ჩემსა” და “შენს” შორის ჯერ არ აღმოფხვრილა და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ასე არც არასოდეს მოხდება.

დღეს მეცნიერები, ფილოსოფოსები, ეკონომისტები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ აღადგინონ საზოგადოებაში სამართლიანობა, რათა სიუხვის სამართლიანი მოხმარების პრინციპზე გადავიდეთ. ამას ვერანაირმა კვლევამ ვერ უშველა, არანაირი ფორმულა არ არსებობს. მეტიც, დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება, არის დემოგრაფიული აფეთქებები, სიუხვე დედამიწაზე, ანუ, რესურსი გაცილებით ნაკლებია და მათ შორის წინააღმდეგობა იქმნება. მსოფლიოს 20% ანაწილებს სიუხვის 80%-ს და პირიქით, მსოფლიოს 80%-ს არ გააჩნია სიუხვის 20%-ზე მეტი. ეს წინააღმდეგობა, როგორც ამერიკელი იქსპერტები ამბობენ, 2020 წლიდან დაიწყება და ეს იქნება უზარმაზარი კატაკლიზმების და ომების საფუძველი. რესურსთა კრიზისი და მის გადანაწილებაში უთანაბრობა რელიგიური, რასობრივი თუ სხვა კონფლიქტების სახით მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებას განაპირობებს.

ამ მხრივ, ისტორიულად ყველაზე ცივილური დრო რომის იმპერიის არსებობის პერიოდი იყო – როცა სენატს ჰქონდა გადასახადების დაკისრების საკუთრება და ყველა ომი რომში ამ უფლების გადანაწილების გამო ხდებოდა. ისევე, როგორც ინგლისში – მეფე ჩარლზი კრომველმა იმიტომ ჩამოახრჩო, რომ მან უფლება წაართვა ინგლისის პარლამენტს, დაეკისრებინა გადასახადი და თვითონ შემოიღო ე.წ. გემების, ანუ საომარი გადასახადი; ასევე, შეერთებულ შტატებში – ყველასთვის ცნობილი სამოქალაქო ომი იმიტომ დაიწყო, რომ ინგლისის სამეფომ ე.წ. საგერბო დამატებითი გადასახადი დააწესა, რომლის უფლებაც არ ჰქონდა, ხოლო ჩაის და ყავის გადასახადზე ოსტ ინდოეთის კომპანიას შეღავათები დაუწესა.

ყველა ომის შინაგანი წყარო, მამოძრავებელი ძალა იმ სიუხვის გადანაწილების უფლება იყო, რომელსაც მმართველი ელიტა ითვისებდა ამა თუ იმ ფორმით. დღეს, როცა გლობალიზაციაზე გადავდივართ, ეროვნული ეკონომიკის საზღვრები დარღვეულია. ხშირად მეცნიერებს შორის ამაზეც დავაა, რა არის გლობალური, საერთაშორისო ეკონომიკა, არის თუ არა იგი მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკების ჯამი? არამც და არამც. ეს არის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკების საზღვრების გაფართოება.

ქვეყნის დაპყრობა ყოველთვის როდი ნიშნავდა ომს და ოკუპაციას. ფიზიკურად მონღოლებს რუსეთი არასოდეს დაუპყრიათ, არც საქართველო, ერთადერთი რაც მიჰქონდათ აქედან – ეს იყო გადასახადი და უფლება საკუთრება გადასახადის დაწესების შესახებ. მიწა, საკუთრება, როგორც ადრე ჰქონდათ ქართველებს, ისევე რჩებოდათ. ჩვენთვის ყველაზე დიდი წიგნი, ბიბლიაც რომ მოვიშველიოთ და გავიხსენოთ ეპიზოდი, იაკობი რომ ომიდან ბრუნდება, აქ არის ასეთი სიუჟეტი: იაკობს ნადავლი მოაქვს და პირველი, რასაც აკეთებს, თავის მოძღვარს ეძებს, რომლის სახელიც მითითებული არ არის და ნადავლის მეათედს მას აძლევს. შემოსავლის მეათედი, ანუ შედარებით მორალური ნაწილი მიჰქონდა ეკლესიისთვის. შემდეგ ახალ აღთმაში ქრისტეს მიმართავენ, თქვენ გვეუბნებით, რომ ეკლესიას მივცეთ ყველაფერი, როგორ მოვიქცეთ, რომს არ მივცეთ? რომი ამ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ხელისუფლება. ქრესტე პასუხობს: “- ღმერთს ღმერთის და კეისარს კეისრისა”, ანუ ეს 10% ხდება 20% და ორივე მხარე ჰარმონიაში ცხოვრობს.

საქართველოში ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი პრობლემები იყო. საინტერესოა იტალიელი მისიონერის, დონ ქრისტოფორო დე კასტელის ცნობები საქართველოს შესახებ, დადიანების ოჯახის მაგალითი: კვარაცხელიას დადიანი ათიდან ორ ხბოს ართმევდა, ერთი ჭყონდიდელისთვის მიჰქონდა, ანუ თავისი ძმისთვის და მეორეს თვითონ იტოვებდა. დე კასტელს დახატული აქვს არაერთი სურათი იმისა, როგორ სჯის დადიანი იმ გადასახადის ამკრეფს, რომელმაც კვარაცხელიას მესამე ან მეოთხე ხბო წაართვა. მას, როგროც გონიერ მმართველს, ესმის, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადი ბოლომდე მორალური არასოდეს არის, ზედმეტის წართმევით მან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს.

მაშ რა არის მორალური? ამისთვის რომაელებმა შემოიღეს ე.წ. დომენი, ანუ სახელმწიფოს ჰქონდა თავისი ქონება, საიდანაც ფული შესდიოდა. შემდგომმა განვითარებამ, ინგლისისა და საფრანგეთის ისტორიის მაგალითზე გვანახა, რომ ყალიბდება სისტემა, რომელიც ითვალისწინებდა ძირითადი შემოსავლის გადასახადის სახით ამოღებასა და სიუხვის ამ სტილში გადანაწილებას. საკმაოდ გაძლიერდა ტექნოლოგია, მან ახალი საქონლის სახით ახალი მოხმარება მოიტანა, ახალმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა არეალი გაზარდა, რამაც, თავის მხრივ, სიმდიდრე მოიტანა და ყოველივე ეს სხვა მიმართულებით განვითარდა, ანუ ბიზნესად გადაიქცა და რასაკვირველია, თან გაუთავებელი ომები მოიტანა, რომელიც უფრო ხარჯიანი და ტექნოლოგიატევადი იყო, ქვეყნიდანაც მეტ გასავალს მოითხოვდა.

ასე მოვიდა მსოფლიო მეოცე საუკუნემდე, რომელიც სხვადასხვა თვალსაზრისის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საუკუნეა. დაიწყო იმ სტილის ჩამოყალიბება, რაც დღეს საგადასახადო სისტემაში მთელ მსოფლიოში გაგვაჩნია, ანუ სუფთა იძულებითი, არაექვივალენტური (როცა გადასახადის გადამხდელი ქვეყნისგან ვერ ღებულობს სანაცვლოს ვერც გზების, ვერც შიდა თუ გარე უსაფრთხოების, ვერც მყარი სამეწარმეო გარემოს თუ სოციალური სისტემის არსებობით) გარე, ძლიერი ეკონომიკის ქვეყნების ინტერესებით ნაკარნახევი და ადგილობრივი წარმოების იგნორირებადი.

რა სტილია ეს? – არისტოკრატიული, ანუ როცა არის დემოკრატის დიქტატი და გლობალიზმის პრიმატი. მთელი მეოცე საუკუნე ამ სტილში რეფორმების საუკუნე იყო. ეს რეფორმა მძიმე და რთული იყო. შვედეთი საგადასახადო რეფორმას 80-იანი წლების ბოლოს 5 წელი ამზადებდა, იაპონია – 1978-88 წლებში ახორციელებდა, აშშ-ში ბოლო რეფორმა სამი წლის განმავლობაში სამ ეტაპად განხორციელდა. ეს ბუნებრივია, რადგან რეფორმა, როგორც ასეთი, ერთობ რთული და ფაქიზი საკითხია. არ იქნება სასურველი ჩვენთან მისი 2-3 თვეში განხორციელება.

ძირითადი მომენტები, რაც საგადასახადო რეფორმას გააჩნია, შემდეგია: პირველი აქსოიმა, რომელიც ყველაზე ნათელია და ყველაზე დიდი შეცდომაა საქართველოში – ქვეყანამ უნდა განსაზღვროს, როგორი ეკონომიკური მოდელი სჭირდება და რა იქნება ერთადერთი პრიორიტეტი მის ორ-სამ ქვეპრიორიტეტთან ერთად. როცა ქვეყანა ამ საკითხს განსაზღვრავს, ყველაფერი, მათ შორის, ფისკალური კანონი, საკუთრებითი ურთიერთობები მასზე უნდა მიაბას.

ხშირად გვესმის, რომ სადღაც არის რაღაც მოდელი, რაღაც კონცეფცია, მაგრამ მე არ მინახავს. ზოგს რომ ჰკითხო, აგრარული ქვეყანა ვართ, ზოგი ამბობს, რომ ტურისტული და ა.შ. მოდელის განსაზღვრის შემდეგ დგინდება ერთი, ან ორი პრიორიტეტი, რომელიც მართლა პრიორიტეტულია და დომინანტის როლს ითამაშებს ყველა ურთიერთობის და მათ შორის, საკუთრებითი და გადასახადების ურთიერთობის გარკვევის მომენტში. ასე ინერგება საგადასახადო სისიტემაში სიახლე, რომელმაც პრიეორიტეტის პრიორიტებულობა უნდა უზრუნველყოს.

რა ფუნქცია გააჩნია გადასახადს, როგორც სიაუხვის გადანაწილების ნაწილს? ფისკალური ( ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზაცია); სოციალური: ეკონომიკის სტიმულაციის დაინვესტიციების წახალისების; საკუთრების რეგულირების; პოლიტიკური; საერთაშორისო ინტეგრაციული.

რა პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს გადასახადები: 1. საყოველთაობას და სისრულეს; 2. სიმყარეს და შესრულებადობა; 3. ბალანსირებას სოციალურ და სამეწარმეო სფეროში; 4. ინტეგრაციულობას საერთაშორისო სისტემაში 5. გადამხდელთან პარტნიორობასა და თანხმობას; 6. სტრატეგიულობას; 7. არაპოლიტიკურობას; 8. არაკორუფციულობას და გამჭვირვალებას; 9. რეგიონალურ დაბალასებას.

რა ფუნქციები და ამოცანები გააჩნია გადასახადს? პირველი ძირითადი ფუნქცია ფისკალურია, ანუ ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინაში უნდა მოიტანოს ფული. მეორე ფუნქცია სოციალურია – ფულს მოიტანს, მაგრამ ამან შეიძლება მოქალაქე დააზიანოს კიდეც: ჯანმრთელობის, განათლების სფერო, პირადად მისი სოციალური საკითხები და ა.შ. მარტივად ასე შეიძლება აიხსნას, მაგალითად, საქართველოში არის 700 ათასი ტონა ხორბლის მოხმარება, როგორც კი ხორბალს არასწორად, ანუ მაღალი განაკვეთით დავბეგრავთ, ბიუჯეტში თეორიულად მეტი ფული შევა, მაგრამ ამ შემთხვევაში, სოციალური ფენა, რომლისთვისაც დღეს პური ძირითადი კვების პროდუქტია, სერიოზულად ზიანდება. ხორბლის დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრამ წისქვილები გააჩერა, როცა 30 ათას ტონიანი გემი საქართველოში შემოდის, ელემენტარულად, წისქვილებს იქიდან ხორბლის შეძენის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ეს იწვევს ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიც არის კონტრაბანდა, კორუფცია, ფონდირებული გადანაწილება (რაც რეალურად დღეს ხდება, ამერიკის დახმარების ხორბალს ფონდირებულად ვანაწილებთ), სუბსიდიები და ა.შ. ასე რომ, გადასახადს საკმაოდ სერიოზული სოციალური მხარე აქვს. როგორ ვიცილებთ თავიდან დღეს (საქართველოში) მაღალ გადასახადებს: კონტრაბანდით და იმით, რომ წონის დაკლების და ტენიანობის მომატების შედეგად, პურის ფასები ფარულად მომატებულია. ბოლო ერთი კვარტლის განმავლობაში კონტრაბანდამ კი არ იკლო, პირიქით იმატა, რითაც ვაბალანსებთ პურის ფასს, ანუ მის სოციალურ მხარეს ვიცავთ. იგივეა საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ბოლო ხუთი წელია სხვადასხვა ფაქტორების გამო ნავთობპროდუქტებზე ფასი სერიოზულად ცურავს, ბარელზე 25 დოლარიდან 30 დოლარამდე, მაგრამ ჩვენთან ფასი თითქმის არ იცვლება. რა გამოდის? ბენზინგასამართ სადგურებზე გვაკლებენ ბენზინს, ოქტანობა არ არის შესაბამისი, ან არის კონტაბანდული. ამ სამი ნეგატიური მოვლენით, თუ დამანგრეველი მოვლენით ბალანსდება გადასახადის სოციალური საკითხი.

მესამე ნაწილი – ეს არის მაკროეკონომიკური საინვესტიციო სტიმულაციის საკიხთი. გადასახადს, ბიუჯეტის შემოსავლის ფუნქციის გარდა, ქვეყანის ამუშავების ძირითადი ფუნქცია აქვს. ჩვენმა გადასახადმა ქვეყანაში წარმოების გაზრდა უნდა უზრუნველყოს. თუ ბიზნესის განვითარებას ეს გადასახადი არ ემსახურება, ის ვერაფერს გააკეთებს გარდა იმისა, რომ ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის.

მეოთხე ნაწილი პოლიტიკურია. ყველზე დიდი კორუფციული ელემენტი თვითონ საგადასახადო კოდექსია. ვთქვათ, მე ვარ პარლამენტარი, ან რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, მაქვს ჩემი ბიზნესი. ვეუბნები, ესა და ეს არ დამიბეგროთ, ან დაბალი განაკვეთით და ხვალ ხმას მოგცემ, მხარს დაგიჭერ ამა და ამ საკითხებში. ამის გამო რომელიმე კონკრეტულ ბიზნესს ათავისუფლებენ, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით წესით არ უნდა განთავისუფლდეს. ეს საქონელი, მისი წარმოება, მოხმარება, მიწოდება თავისუფლდება და ქვეყანაც მნიშვნელოვნად ზარალდება. შამაგიეროდ, პოლიტიკურად მოგებული ვრჩები.

საკუთრების მქონეთა მიმართ, არმქონეთა ზიზღი იმდნად დიდია, რომ მსოფლიოს მაცხოვრებელთა 70% მემარცხენეა. როცა მე პოლიტიკოსი ვარ და მემარცხენე იდეებს ვქადაგებ, მდიდარ კაცს ყაჩაღს, ხულიგანსა და ბანდიტს ვეძახი, იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ ვიცი, ეს პოლიტიკურად მომგებიანია. მით უფრო საქართველოში, მემარჯვენე იდეოლოგია ჩანასახის მდგომარეობაშია. პოლიტიკურ ძალათა დაყოფა მემარჯვენე-მემარცხენეებად ძალიან პირობითია. ეს შეხედულებები კომუნისტური ეპოქის დროინდელია, 12 წელი გავიდა, მაგრამ მენტალიტეტი არ შეცვლილა, ჩვენში ბიზნესმენებს დღესაც “ცეხავიკებად” განიხილავენ, რომლებსაც, თუ მოუნდებათ – დაიჭერენ, მოუნდებათ – გალახავენ და ა.შ.

მეხუთე – საერთაშორისო ინტეგრაციული ნაწილია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ და გადასახადს ისე ვერ დავაწესებთ, რომ მათ არ შევუთანხმდეთ. არსებობს გარკვეული ვალდებულების მომენტი, იმიტომ, რომ თუ ჩვენ გავაკეთებთ პროტექციონისტულ ბარიერს, ისინიც გააკეთებენ და ჩვენი ბიზნესი ვერ განვითარდება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთიან ჩარჩოში გვარდებოდეს.

როცა კოდექსს ვქმნით, ეს ფუნქციები აუცილებლად კონტექსტურად უნდა განვიხილოთ. ასევე, უნდა განვიხილოთ, თუ რა ტენდენციებია დღეს მსოფლიოში, იგივე დემოგრაფიული აფეთქება, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა რესურსების დეფიციტი. ომი ყოველთვის გადასახადებისა და რესურსების გამო ხდებოდა, მაგრამ შემდგომი ომი რესურსების გადანაწილებაზე იქნება. მეორე საკითხია ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ორ რამეს ქმნიან: ბაზარზე მოთხოვნილებას, კიდევ უფრო პოლარულს ხდიან საზოგადოებას და მეორე – იქმნება უთანაბრობა – მსოფლიოს ქვეყნების 20%-ს ეკუთვნის თანამედროვე ტექნოლოგიების 80% და პირიქით, მსოფლიოს 80% ვერ ფლობს ამ ტექნოლოგიების 20%-საც კი.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ტენდეცია, რომ გადასახადები ინტეგრირებული ხდება მთელ მსოფლიოში და იზრდება არაპირდაპირი გადასახადების როლი. ვთქვათ, იგივე დამატებითი ღირებულების და აქციზის გადასახადი. აშშ-ში ფედერალური გადასახადების 70-60% პირდაპირი გადასახადია კორპორატიული თუ პირადი შემოსავლებიდან, ხოლო 14-15% – დამატებითი ღირებულებისა. ევროპაში სიტუაცია ოდნავ შეიცვალა და 50%-მდე უკვე დამატებითი ღირებულების გადასახადია.

მიმართულებები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენს მდგომარეობაში ახალი კოდექსის შექმნისას, სამი ძირითადია:

1. ძალიან საინტერესოა შვედეთის მოდელი. ქვეყნის ეკონომიკა სოციალურად დატვირთულია, ანუ სოციალურად ორიენტირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ შვედეთში მიღებული სიუხვის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი ფენების ჯანმრთელობაზე, განათლებაზე მიდის, რაც კარგია მათთვის, ვინც ამას საჭიროებს, მაგრამ ცუდია ბიზნესისითვის, იმიტომ, რომ განვითარებაში ხელი ეშლება. ეს უახლოეს მომავალში შევედეთის ეკონომიკის აქტიურობას სერიოზულად შეუშლის ხელს. ტენდენციები გაიზრდება აზიის იმ ქვეყნებიდან, სადაც გადასახადების სიმძიმე ნაკლებია. პირველი ტენდენცია სოციალურად დატვირთული საგადასახადო სიტემის მქონე ქვეყნებში ბიზნესის განვითარების კრიზისია;

2. კორპორატიული შეღავათების აქცენტი. ვთქვათ, კორპორაციებს გააჩნიათ შეღავათები დაბეგვრის წნეხის მიხედვით და მეტი ინვესტიციების შესაძლაბლობები ჩნდება, უფრო ნაკლები მიდის განათლებაზე, კულტურაზე და ა.შ., კორპორაციებს აქვთ დიდი საშუალება, გააკეთონ ინვესტიციები. შემდგომი ტენდეცია არის კორპორატიულ ბიზნესზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა. ესეც ძალიან რთულია და კრიტიკის საგანია. თქვენ გახსოვთ, აშშ-ში ცნობილი დეპრესიის წინ რაც მოხდა, კორპორაციებმა საკმაოდ დიდი შეღავათები მიიღეს, დაგროვდა ძალიან დიდი კაპიტალი, მაგრამ კაპიტალი ბაზარი ვერ გახდა, მოსახლეობას არ ჰქონდა ფული, სამაგიეროდ, იგი დიდი რაოდენობით ჰქონდათ კორპორაციებს. მისი ავტომატური გადმოღვრა სამუშაო ადგილებში არ მოხდა, რამაც გამოიწვია ერთ-ერთი პირველი სერიოზული მიზეზი კრიზისისა – ბაზრის დეპრესიისა. დეპრესიის წამალი მონახეს იმაში, რომ პროვოცირება გაუკეთეს სამუშაო ადგილების ზრდას, გზების და სხვა მშენებლობის დაწყების გზით, ანუ ბაზარი ხელოვნურად შეიქმნა და კაპიტალი სამუშაო ადგილებისკენ დაიძრა.

3. ტენდენცია, რომელიც დღეს მსოფლიოში ყალიბდება ეს არის შეწონილი ნაწილი, როცა არც კორპორაცია იჩაგრება და არც სოციალური მხარე.

ძირითადი პრინციპები, რომელიც ჩვენს მდგომარეობაში ფისკალური მოდელის შესაქმნელად უნდა გავითვალისწინოთ, საყოველთაობა და სისრულეა. გადასახადი უნდა ეხებოდეს ყველას. იგი უნდა იყოს აბსოლუტურად სრული. დღეს ჩვენ გვინდა, რომ გადასახადი გადაიხადოს ერთმა ფირმამ, მეორემ, მაგრამ არა რიგითმა მოქალაქემ. ქუჩაში ტაქსის მძღოლს რომ შეეკითხოთ, გიპასუხებთ, რომ ის არ იხდის გადასახადს, იმ მოტივით, რომ ეს მისი მანქანაა. ქარხანაც ხომ თოფაძისაა, რატომ უნდა გადაიხადოს გადასახადი? ეს თუ მენტალურად არ გავითავისეთ, არაფერი გვეშველება. ამას გნებავთ, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება დავარქვათ, გნებავთ, იურიდიული განათლების ამაღლება. გადასახადი არის ყველასთვის, ეს არის ძირითადი აქსიომა, სანამ ამას ყველა ქართველი არ მიხვდება, რომ ძროხა რომ გაყიდა, მორალურია თუ არა, კანონია და სახელმწიფოში თავის წილი უნდა მიიტანოს. ჩვენს მოქმედ საგადასახადო კოდექსში წერია, რომ ყველა მოქალაქემ შემოსავლების შესახებ დეკლარაცია უნდა შეავსოს და არავის სთხოვენ პასუხს. სამაგიეროდ, თანამდებობის პირების დეკლარაციებს წინ დაუკან ვქექავთ. ყველა მოქალაქემ საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს საგადასახადო კულტურის დამკვიდრება და მენტალური ცვლილება დევიზით – კანონო ყველასათვის!

კოდექსს უნდა ახასიათებდეს სიმყარე და აღსრულებადობა, გადასახადი უნდა იყოს ხანგრძლივ დროზე გათვლილი. შვედეთი იმიტომ ამზადებდა ხუთი წლის განმავლობაში საგადასახადო რეფორმას, რომ დიდ დროზე იყო გათვლილი, შესრულებადი და მყარი უნდა ყოფილიყო. შეიძლება 1998 წელს მიიღო საგდასახადო კოდექსი და დღემდე სამი ათასზე მეტი ცვლილება შეიტანო?

გადასახადის ტვირთი ყოველთვის ომის საფუძველი იყო, არსებობს საკმაოდ ცნობილი ფორმულა, რომელიც დაკავშირებულია მოსახლეობოს შემოსავლებზე, ანუ მათ მსყიდველუნარიანობაზე, სამომხმარებლო კალათის სტრუქტურაზე, ჩვენთან მოგების ნორმაზე და რასაკვირველია, იმ ხარჯებზე, რომელიც ჩვენთან ბიზნესს გააჩნია – მიბმული და აქედან ასატანი საგადასახადო ტვირთის გაანგარიშებისა.

ჩვენთან ინვესტორს მოგების მაღალი ნორმა აინტერესებს. შესაბამისად, უნდა იყოს დაბალი რისკი, სამომხმარებლო კალათის სიმდიდრე, რათა არსებობდეს ბაზარი და საკმაოდ დაბალი საგადასახადო ტვირთი. დღეს საქართველოში ზემოთ ნახსენები ფორმულით გამოანგარიშებული ტვირთი 67%-ა. თუ კოდექსს ისე გავაკეთებთ, რომ საგადსახადო ტვირთს არ დავიანგარიშებთ, ეს გადასახადი გადაუხდელი დარჩება და ყოველთვის იქნება კორუფციის ბუდე, რაც ისეთივე დამანგრეველი გახდება ქვეყნისთვის, როგორც 1998 წლის საგადასახადო კოდექსი. შემდეგ მოდის ბალანსირებადობა და სოციალური სპექტრი, რადგან ყველა გადასახადის უკან სოციალური საკითხებია, ის სხვა ეკონომიკურ მოვლენებთან

კონტექსტში უნდა იყოს განხილული.
დაბოლოს, ჩვენი აზრით, კოდექსი უნდა შეიქმნას მრავალ წელზე გათვლილი გადასახადით, ბიზნესისათვის ხელშემწყობი, ინვესტიციისთვის მომზიდველი, მიზანდასახულად ოპტიმალური, აღსაქმელად და გასაანგარიშებლად მარტივი. დაგეთანხმებით, რთულია, მაგრამ რეალური.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial