მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა

რედაქციისაგან
მაისის თვეში მსოფლიო ეკონომიკა სუსტი აშშ დოლარით, ნავთობპროდუქტებზე მაღალი ფასით და ფინანსურ ბაზარზე სტაბილურობით გამოირჩეოდა.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიმდინარე საბაზო განაკვეთი ცვლილების გარეშე – წლიური 5,25 %-ის დონეზე დარჩა. შემდეგი სხდომა დაგეგმილია ივნისის თვეში. სავარაუდოდ, მოსალოდნელია განაკვეთის ისევ უცვლელად დატოვება, რადგან განცხადების ტექსტში პრაქტიკულად არ ყოფილა მინიშნება მონეტარული პოლიტიკის ახლო მომავალში შეცვლაზე. აშშ-ის ეკონომიკა და ინფლაცია ისევ ფედერალური სარეზერვო სისტემის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციური ზეწოლის შემცირების შემთხვევაში, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეიძლება აგვისტოს თვეში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
აშშ-ის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი
ივნისის პირველ კვირას დოლარის კურსზე ზეგავლენას მოახდენს შრომის ბაზარი. პროგნოზის თანახმად, არასასოფლო მეურნეობასა და კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. გარდა ამისა, ანალიტიკოსების აზრით, გაიზრდება ჩიკაგოს შესყიდვების ინდექსი (Chicago PMI – პროგნოზი 54,2 წინა მაჩვენებლის – 52,9-ის ნაცვლად). დოლარის კურსზე ასევე იმოქმედებს ინფლაციური მაჩვენებლების მონაცემები – “პირადი მოხმარების დანახარჯების ინდექსი.
თავის მხრივ დოლარზე ზეგავლენას მოახდენს მშპ-ის ზრდა და საცხოვრებელი ფართების ფასის ინდექსი.
ევროზონა – ევროპის ცენტრალური ბანკი
მაისის სხდომაზე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საბაზო განაკვეთი ცვლილებების გარეშე – 3,75%-ის დონეზე დატოვა. ბაზარზე ევროპის ცენტრალური ბანკის საბაზო განაკვეთების 0,25%-დან 4,00%-მდე გაზრდაა მოსალოდნელი. ასეთმა ზრდამ შეიძლება ევრო/აშშ-ი დოლარის კურსზე დადებიდად იმოქმედოს. ასევე 2007 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საბაზო განაკვეთის მინიმუმ კიდევ ერთხელ 4,25%-მდე ზრდა.
გასულ კვირას ევროპის ვალუტის 30 აპრილს დაწყებული დაცემა გაგრძელდა. სავაჭრო ბალანსისა და მრეწველობაში პოზიტიური მონაცემების მიუხედავად, ევროს ინდექსი 103 პუნქტამდე დაეცა. ამ პროცესის სტრუქტურის განხილვისას საყურადღებოა ის, რომ ევროს დაცემა 103 პუნქტამდე მოხდა ძირითადად მისი კანადურ დოლართან მიმართებაში 183 პუნქტამდე და ბრიტანულ ფუნტთან 64 პუნქტამდე შემცირების გამო, ე.ი. იმ ვალუტებთან მიმართებაში, რომლებსაც ძლიერი და ფუნდამენტური საფუძველი აქვს.
შემდეგი კვირისთვის გერმანიის ეკონომიკის მონაცემები მეტად საყურადღებო იქნება: მოსალოდნელია უმუშევრობის დონის შემცირება 9,2%-დან 9,1%-მდე; საცალო გაყიდვების ზრდა; საწარმოო სექტორში საქმიანი აქტიურობის ინდექსის ზრდა; ევროს ინდექსზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს გერმანიის ჯი-დი-პის შემცირებამ 0,4%-დან 0,2%-მდე და ასევე ევროზონაში ფულის მასის შემცირებამ 10,9%-დან 10,6%-მდე.

დიდი ბრიტანეთი – ბრიტანული ფუნტი და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები
დიდ ბრიტანეთში ფულადი მასა 1,4%-ით გაიზარდა (ადრე ეს მონაცემი 1,0% იყო), რის შემდეგაც მოულოდნელი იყო ინგლისის ცენტრალური ბანკის ბოლო სხდომის შედეგები სააღრიცხვო განაკვეთების შესახებ. ეკონომისტების მოლოდინის მიუხედავად, ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყველა წევრმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი განაკვეთების 25 საბაზისო პუნქტამდე გაზრდას. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი ამ მონაცემის 50 საბაზისო პუნქტამდე აწევის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდა, რაც განპირობებული იყო ინფლაციის ზრდის შენარჩუნების რისკთან და ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებულ დადებით პროგნოზებთან. ამის შედეგად კი ინგლისური ფუნტის ინდექსი +193 პუნქტამდე გაიზარდა.

იაპონია – იაპონური იენი და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები
როგორც მოსალოდნელი იყო, იენის ინდექსის შემცირება გასულ კვირასაც გაგრძელდა. იაპონიასა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულმა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ახალმა ტალღამ ნეგატიური გავლენა იქონია იენის დინამიკაზე, რის შედეგადაც იაპონური ვალუტის ინდექსი 72 პუნქტით დაეცა.
ახლო მომავლისთვის საყურადღებოა ქვეყნის სამრეწველო წარმოების პროგნოზის წინასწარი მონაცემები – ზრდა 0,3%-დან 0,5%-მდე; ასევე საცალო გაყიდვების მონაცემების პროგნოზი – მისი შემცირების კლება -0,7%-დან -0,3%-მდე.

შვეიცარია – შვეიცარიული ფრანკი და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები
შვეიცარული ფრანკის ვარდნა, რაც ბოლო ერთი თვის მანძილზე გრძელდებოდა, თვის ბოლოს შეჩერდა (-1 პუნქტი). ამაში გადამწყვეტი როლი მწარმოებლების ფასების ინდექსის 0,9%-მდე ზრდამ ითამაშა, ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზზე თითქმის ორჯერ მეტია. მოსალოდნელია, რომ შვეიცარიის ნაციონალური ბანკი შემდეგ თვეს საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის, ამაზე მინიშნება გააკეთა ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელმა ჟან-პიერ როტმა. მან განაცხადა, რომ შვეიცარიის ნაციონალური ბანკი ყურადღებით უნდა იყოს იმ ინფლაციურ რისკებთან მიმართებაში, რაც შეიძლება უფრო სუსტი ნაციონალური ვალუტებისგან წამოვიდეს.
ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ბანკის ხელმძღვანელობის კომენტარები ბაზარზე მხოლოდ დროებით ეფექტს ახდენს და თუ შვეიცარიის ვალუტას ნამდვილად ექმნება საფრთხე უფრო სუსტი ვალუტების მოსალოდნელი ინფლაციის გამო, საჭიროა განაკვეთების რაც შეიძლება სწრაფად გაზრდა.
უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება რამდენიმე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რაც დადებით ზეგავლენას მოახდენს შვეიცარულ ვალუტაზე. კერძოდ, ქვეყნის მშპ გაიზრდება 0,5%-დან 0,6%-მდე; სავაჭრო ბალანსის სალდო – 0,67 მლრდ-დან 0,85 მლრდ-მდე, ასევე გაიზრდება საწარმო ინდექსი, რომელმაც ბოლო სამ თვესთან შედარებით მაქსიმალურ ნიშნულს – 62,5-ს მიაღწიოს.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial