ჟესტების ხელოვნება

მზია ქირთბაია
ფილოსოფოსები ამტკიცებენ, რომ ურთიერთობის 60-80% გამოიხატება არავერბალური საშუალებებით და მხოლოდ 20-40% – ვერბალურით.
ეს მონაცემები მიუთითებს არავერბალური ურთიერთობის – ჟესტის, მიმიკის დიდ მნიშვნელობაზე.
მისი თავისებურება ისაა, რომ იგი ეყრდნობა არაცნობიერ იმპულსებს და იმის გამორიცხვა, რომ ამის გაკეთება ხელოვნურად შეუძლებელია, ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, უფრო მეტად ვენდოთ მას, ვიდრე, ჩვეულებრივ, ურთიერთობის ვერბალურ არხებს.
საქმიანი ურთიერთობის ნებისმიერი წარმატებული კონტაქტიც დამოკიდებულია პარტნიორული ნდობის ფაქტორზე. ეს კონტაქტი კი დამოკიდებულია არა იმაზე, რას ვამბობთ, არამედ იმაზე, თუ როგორ გვიჭირავს თავი…
სწორედ ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოსაუბრის მანერას, ჟესტებს.
ჟესტების ცოდნა გვეხმარება უფრო ზუსტად განვსაზღვროთ მოსაუბრის პოზიცია.
ასეთი უსიტყვო ენა ჩვენ წინასწარ გვაფრთხილებს, ღირს თუ არა შევცვალოთ ჩვენი საქციელი, ან გავაკეთოთ რამე სხვანაირად, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

მთელ მსოფლიოში ძირითადი კომუნიკაციური ჟესტები არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. როცა ადამიანები ბედნიერები არიან, ისინი იღიმებიან, როცა მწუხარება შეაშფოთებთ, შეწუხებულები არიან, როცა ბრაზობენ – სახე გაბრაზებული აქვთ. თავის დაქნევა თითქმის მთელ მსოფლიოში დადასტურებას აღნიშნავს.
მხრების აწევა უნივერსალური ჟესტის კარგი მაგალითია. იგი ნიშნავს, რომ ადამიანმა არ იცის ან არ ესმის, რაზეა საუბარი…
შედარებით გავრცელებული შეხებითი ჟესტია ე.წ. ტაქტიკური კონტაქტი. იგი არის ყველაზე პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. შეხებით დედა გამოხატავს თავის სიყვარულს, ზრუნვას… საქმიან ურთიერთობებშიც პარტნიორისადმი დამოკიდებულება ჩანს ამ ჟესტით. მაგრამ აქ ეს კონტაქტები სხვადასხვანაირია… მაგალითად, დარტყმა საერთოდ აგრესიის ნიშანია, მაგრამ… მეგობრული და ქების გამომხატველია იგი ზურგში. ინგლისში ძალიან იშვიათად ეხებიან ერთმანეთს. კემბრიჯში მიღებულია ხელის ჩამორთმევა სტუდენტებს შორის წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ – სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების დროს. ლათინური ამერიკის ქვეყნებში, პირიქით, შეხების ფაქტი ძალიან დიდია.
უნდა გავითვალისწინოთ ხელის ჩამორთმევის თავისებურებანიც სხვადასხვა ქვეყანაში… მაგალითად, აზიაში პარტნიორების შეხვედრისას არ არის მიღებული ძლიერ და დიდხანს ხელის მოჭერა. დასავლეთ ევროპაში და ამერიკელი მეწარმეები კი ვერ იტანენ უსიცოცხლო, მოდუნებულ, უხალისო ხელის ჩამორთმევას.
საქმიანი ურთიერთობებიდან გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი ჟესტი, რომელიც გამოხატავს ადამიანის შინაგან ბუნებას. განსაკუთრებით ხელისა და სხეულის მოძრაობა ბევრ ინფორმაციას შეიცავს.
პირველი, ჩანს ორგანიზმის მდგომარეობა და ემოციურობა. შეიძლება ტემპერამენტის შეცნობა (ძლიერია თუ სუსტი მისი რეაქცია, ჩქარია თუ… ნელი, ინერტული თუ ცოცხალი, მოძრავი).
მეორე, პოზა და მოძრაობა გამოკვეთავს ადამიანის ხასიათს, სოციალურ სტატუსს (“მაღლა ასწიე თავი!”, გაასწორე მხრები”).
მესამე, პოზა, ჟესტი ავლენს ადამიანის გათავისებულ კულტურულ ნორმებს… მაგალითად, კარგად გაზრდილი მამაკაცი არასოდეს დაუწყებს ლაპარაკს ფეხზე მდგომ ქალს, მიუხედავად იმისა, როგორ აფასებს ქალის პირად ღირსებებს…
გაშლილი ხელისგული – მოსაუბრე გიწვდის ხელისგულით ზევით… იგი ნიშნავს კონტაქტის დამყარების სურვილს.
გახსნილი პიჯაკიც, აგრეთვე, არის გულღიაობის მაჩვენებელი. გამოცდილებით ცნობილია, რომ მოლაპარაკებისას წარმატებას აღწევენ სწორედ გახსნილი პიჯაკებით მოსაუბრე პარტნიორები… ის, ვინც ცვლის გადაწყვეტილებას მოსაუბრის სასარგებლოდ, როგორც წესი, ავტომატურად იხსნის პიჯაკს…
ტყუილის პრობლემა ისაა, რომ ჩვენი არაცნობიერი მუშაობს ავტომატურად, ჩვენგან დამოუკიდებლებლად. ამიტომაც ჩვენს არაცნობიერ ჟესტებსა და მოძრაობებს შეუძლიათ გაგვცენ, როდესაც შევეცდებით, ვთქვათ ტყუილი. ტყუილის დროს ჩვენი ქვეცნობიერი გამოყოფს ენერგიას, რომელიც მჟღავნდება ჟესტებში იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ჩვენ ვამბობთ…
ფსიქოლოგები თვლიან, რომ როგორადაც არ უნდა ეცადოს, დამალოს თავისი ტყუილი, სულერთია შეიძლება მატყუარას ამოცნობა, რადგანაც მას გასცემს შეუთავსებლობა ქვეცნობიერის ჟესტებით გამოხატულ მიკროსიგნალებსა და ნათქვამ სიტყვებს შორის…
რომელი ჟესტი გასცემს მოსაუბრეს, თუ იგი ტყუის?
პირის ხელით დაფარვა – ტყუილის მკვეთრად გამოხატვის ნიშანი.
თუ მოსაუბრე ფარავს პირს იმ წუთებში, როცა თქვენ ლაპარაკობთ, ეს ნიშნავს, რომ ის გრძნობს, რომ თქვენ ტყუით.
როცა მოსაუბრე ეხება ცხვირის ნესტოს, არის შენიღბული ვარიანტი ამ ჟესტის.
ყველაზე კარგი ვარიანტი, გავიგოთ რამდენად პატიოსანია მოსაუბრე, კარგად ჩანს, თუ დავაკვირდებით ხელისგულს. როცა ადამიანი გულახდილია, ის გიწვდით ხელს გაშლილად… ესეც ქვეცნობიერი ჟესტია და გვამცნობს, რომ მოსაუბრე სიმართლეს ლაპარაკობს.
არავერბალურ ენას შეუძლია უცნობი ადამიანის შინაგანი მდგომარეობის შესახებ უთვალავი ინფორმაციის მოწოდება.
შეეხეთ მოსაუბრის ხელს, წინ წაწეულს თუ დაშორებულს, მისი სახის გამომეტყველება, ინტონაციის ცვლა, ხმის აწევა, თუ დაწევა, პაუზა, ხელის ნებისმიერი მოძრაობა, თითების ჩათვლით – ყველაფერს აქვს თავისი აზრი.
როგორც ენა, ისე არავერბალური ურთიერთობაც ყველა ხალხს თავისი აქვს. ერთი და იგივე ჟესტი, შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა იყოს. კოსტუმის ფერიც კი შეიძლება იყოს განსხვავებული ინფორმაციის მატარებელი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.
თუ ჰოლანდიაში თქვენ მოაბრუნებთ საჩვენებელი თითით ვისკის, ნიშნავს, რომ ვიღაცამ ძალიან მახვილგონივრული ფრაზა თქვა.
ევროპელი თავისთავზე ლაპარაკისას მიგვანიშნებს მკერდზე, იაპონელი – ცხვირზე. აფრიკაში კი სიცილი სულაც არ ნიშნავს მხიარულებას… იგი ზოგჯერ განცვიფრებას გამოხატავს და დაბნეულობასაც.
დიდ როლს თამაშობს ხელები. იტალიელი და ფრანგი ყველაფერში ეყრდნობიან თავიანთ ხელებს, როცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წყდება და მისი დამტკიცება სურთ. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ ჟესტები მიიღება სხვადასხვანაირად.
მაგალითად, აშშ და სხვა ქვეყნებშიც ნული” (მიღებული დიდი და საჩვენებელი თითით), მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი კარგადაა, (OK). იაპონიაში კი იგი ტრადიციულად ფულს აღნიშნავს. პორტუგალიაში იგი უკადრისი ჟესტია. როცა ფრანგი, გერმანელი, ან იტალიელი რაღაცას სისულელედ თვლის, იგი გამომწვევად აკაკუნებს თითებს თავზე, თუ გერმანელი შუბლზე ირტყამს მთელ ხელისგულს, ეს გაოცების ეკვივალენტია (“შენ გაგიჟდი!”), საწინააღმდეგოდ, ინგლისელი, ესპანელი შუბლზე კაკუნით საკუთარი თავის კმაყოფილია. თუ ჰოლანდიელი უკაკუნებს შუბლს, საჩვენებელი თითის ზემოთ აღმართვით, ნიშნავს, რომ მან ღირსეულად შეაფასა მოსაუბრის გონი. თუ გერმანელი წარბს ზევით სწევს, არის იდეით აღფრთოვანების ნიშანი, იგივე ჟესტი ინგლისში ნიშნავს სკეპტიციზმს.
ევროპაში მნიშვნელობა არ ენიჭება მარჯვენა და მარცხენა ხელების გამოყენების პრაქტიკას. აღმოსავლეთში კი (ახლო აღმოსავლეთი, ისლამური ქვეყნები, ინდონეზია) არ შეიძლება მარცხენა ხელით საჭმლის, ფულის, საჩუქრის მიწოდება. აქ იგი უსუფთაო ხელად ითვლება და ცუდი სახელით სარგებლობს.
ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ დაახლოებით 20% ინფორმაციის მიიღება სიტყვით, ინტონაციით, ემოციით, დანარჩენი კი მოსაუბრის მიმიკითა და ჟესტით ხდება.
ძველ აღმოსავლეთში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ადამიანის შეცნობის საიდუმლოს. დღესაც დიდ ყურადღებას უთმობენ თითების ენას. ყველაზე მეტად კი კოდირებული ჟესტებით სარგებლობენ და იყენებენ პრაქტიკაში გამოცდილი ვაჭრები, რომლებიც უშეცდომოდ პოულობენ შესაფერის მყიდველსა და გამყიდველს.
ჟესტებით ურთიერთობა იწყება მისალმებით, ხელის ჩამორთმევით, განასხვავებენ სამ ტიპს:
1. უპირატესობის დემონსტრირება, ძალაუფლების გამომხატველი (ხელი ეხება მეორე ადამიანის ხელს ისე, რომ ხელისგული მიმართულია ქვემოთ). “იგი ცდილობს ჩემზე ზემოქმედებას, უკეთესია, გამოვიჩინო სიფხიზლე”.
2. დამთმობი, მორჩილი (ხელისგულები ამობრუნებულია), შემიძლია დავიმორჩილო და ისე მოიქცევა, როგორც მსურს”.
3. თანასწორუფლებიანი, ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გამომხატველი (ხელისგულები ვერტიკალურად) მომწონს, სასიამოვნო ურთიერთობას დავამყარებ”.
ამ ნიშნების გათვალისწინებით შეგვიძლია პირველი შეხვედრის შედეგებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოვახდინოთ.
განსაკუთრებით დომინანტური (I ტიპი) ხელის ჩამორთმევის დროს საჭიროა დამატებით გადავდგათ მისკენ ნაბიჯი მარცხენა ფეხით, შემდეგ კი მარჯვენათი ისე, რომ მოვახერხოთ მის პიროვნულ ველში შეჭრა; საბოლოოდ კი, მარცხენა ფეხი გადავდგათ მარჯვენას უკან და ისე ჩავჭიდოთ ხელი ძლიერად. ამით თანამოსაუბრის დაქვემდებარებული პოზიციის მიღებას უზრუნველვყოფთ და პოზიციის პატრონიც ვხდებით.
ვ მიაქციეთ ყურადღება:
მტრულად განწყობილი ადამიანი აუცილებლად ხელს გვიწვდის ხელისგულით ქვევით. თანასწორუფლებიანი პარტნიორი კი – ვერტიკალურად.
თუ ხელი ჯიბეშია, დიდი თითით გარეთ, მიანიშნებს ძლიერ ხასიათზე;
თუ პარტნიორი პირს იფარავს თითებით – ფრთხილობს, ზედმეტი არ თქვას;
თუ საუბრისას ხელით ეხება სახის რომელიმე ნაწილს – ღელავს;
თუ ხელები მუხლებზე უწყვია, იგი რაღაცით შეწუხებულია და მერყეობს (შდრ., როცა პატარა ბავშვი ტყუის, ხელს ზურგს უკან მალავს, ფეხები გადაჯვარედინებულია… ლაპარაკისას კი პირს ხელისგულით იფარავს);
მოსაუბრე ფართოდ შლის ცერს – დამოუკიდებელი და თამამია;
ხელებს ჯიბეებში მალავს – გულჩათხრობილია და ჯიუტი;
ცერა თითს ზევით სწევს – ეგოისტია;
მუშტებს კრავს – ბუნებით მიმთვისებელია;
ხელებს გულზე იკრებს – იცავს თავის შინაგან სამყაროს;
წინ გაშვერილი – მუქარას ნიშნავს;
ერთადშეკრული – ზუსტი გამოთქმის პოვნის ცდა;
მჭიდროდ მომუჭული – მტკიცე გადაწყვეტილების ნიშანი;
ამობრუნებული ხელისგულები – მინდობის, კეთილგანწყობის გამომხატველი;
გაშლილი ხელი, აქეთ-იქით რომ იქნევს, დაეჭვების ნიშანი;
პირდაპირ გაშვერილი ხელისგული – თავდაცვის და უსიამოვნების ჟესტი;
მიტყუპებული ხელისგულები – თავდაცვისკენ სწრაფვა, შინაგანი დაძაბულობის დაფარვა;
ზურგზე გადაჯვარედინებული – თავდაჭერილობა არ ყოფნის;
კალამს აწვალებს – ცდილობს დაფაროს ნერვიულობა, მოიგოს დრო ფიქრისათვის;
მუდმივად გაშლილი თითები – კონტაქტური;
ხელის ხელზე დადება პასიურობის მაჩვენებელი;
მოკეცილი თითები ყველაფრის მოხვეჭის სურვილი;
ცერა თითის სხვა თითებით დაფარვა- პიროვნული სისუსტე;
საჩვენებლის მითითება მებრძოლი, ადვილად არაფერს დათმობს;
გახსნილი ხელის გული, წინ გაშვერილი ეჭვიანი, აგრესიული;
მუდმივად მოძრავი გაშლილი თითები- არასტაბილური;
ზემოთ აწეული ცერა და მოკეცილი თითები შინაგანი თავისუფლება;
ანგარიშისას თითების მოშველიება – ავადმყოფურად ეჭვიანი, ცვალებადი ხასიათის;
თითების ანბანმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა;
ცერა და საჩვენებელი თითების რგოლი, წრე, ამერიკელს ტრადიციული OK” პირველ ასოს ახსენებს, ფრანგს – ნულს, იაპონელს – მონეტას, ქართველს – ყველასგან განსხვავებულს.
ევროპაში ზეაწეული ცერა – ტაქსის მოხმობაა, ძველ რომში კი მაღლა აწეული ცერა გლადიატორის შეწყალებას ნიშნავდა. დღესაც – როცა რამე მოგწონს!
ჩერჩილის საყვარელი ჟესტი – საჩვენებლის და შუათითის ზეაღმართვა… იგი ბევრ ქვეყანაში გამარჯვებას” ნიშნავს. ინგლისში კი გაგიბრაზდებიან (ასწლიანი ომის დროს ფრანგები ინგლისელებს ამ ორ ძირითად თითს აჭრიდნენ და დაცინვით ასეთი ჟესტით აღიზიანებდნენ).
ასევე, თუ ინგლისელი ცხვირზე თითს მიირტყამს (მნიშვნელობა არა აქვს რომელს), იცოდეთ, დაგცინით და უნდა განაწყენდეთ!
საინტერესოა მარჯვენა და მარცხენა ხელების დანიშნულებაც. მონღოლებისთვის – მარჯვენა …ხელი მწყალობელია, ამიტომაც მხოლოდ ამ ხელით შეიძლება საჩუქრის მიღება, სხვადასხვა ნივთის გაცემა. მუსულმანებიც მარჯვენას თვლიან რიტუალურად სუფთად, ამიტომაც შეეძლო მისალმებოდა და აეღო ყველაფერი მხოლოდ ამ ხელით. მარცხენა ხელით გაკეთება იკიცხებოდა.
როგორც ყურანში, ისე ბიბლიაში მარჯვენას კავშირი აქვს ბედნიერებასთან, წარმატებასთან, მარცხენას კი – უბედურებასთან. ტრადიციულად მარჯვენა უფროსია, მარცხენა – უმცროსი…
თითოეულ თითს თავისი წარმომადგენელი” ჰყავს ამა თუ იმ ორგანოში, ე.წ. ბიოლოგიურად აქტიური წერტილების სახით. ამიტომ, დილით, ადრე კარგად დაისრისეთ ხელისგულები, შემხვედრი მოძრაობებით…
კაცობრიობა მთელი თავისი არსებობის მანძილზე იყენებს ჟესტებს. მათი ნაკრები დაახლოებით სამი ათასს ითვლის. მაგრამ ჟესტების მსოფლიო ავტორიტეტი დემონდ მორისი ასახელებს მსოფლიოში გავრცელებულ მხოლოდ ოც ჟესტს.
საინტერესოა თითების სიგრძე და ხელისგულის ფორმაც.
თბილი და მშრალი ხელები, ოთხკუთხა ფორმის – ძლიერი და გაბედული, დამოუკიდებელი და რეალისტი.
ვიწრო ხელისგული, თითები გრძელი- იდეალისტი, მოქმედების კაცი, დასვენება მისთვის დისკომფორტია.
პატარა და მრგვალი ხელები – ყოველი წუთით ცხოვრობს, ენერგიით სავსე, მხიარული და თავგადასავლების მოყვარე.
ცივი და სველი ხელები, თითები მოკლე – მშვიდი ცხოვრება ესაჭიროება, უყვარს, როცა მასზე ზრუნავენ და იცავენ.
რაც უფრო გრძელია თითები, მით მეტად გამოხატავს სამყაროს შეცნობის, გაგების სურვილს, მოკლე თითები კი გვიჩვენებს აქტიური ცხოვრების აუცილებლობას.
ხელი და სიტყვა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ადამიანს არ შეუძლია დიდხანს ილაპარაკოს ისე, თუ სიტყვას ხელების მოძრაობა არ მიაშველა.
პატარაც ჯერ ხელების მოძრაობით იწყებს, შემდეგ იდგამს ენას.
ნებისმიერ თითს ადამიანის ხასიათის რომელიმე თვისებას უკავშირებენ.
საჩვენებელი მბრძანებლობის სიყვარული, ამბიციურობა (ამიტომაც ჰქვია საჩვენებელი”)
შუათითი- ბედი
არათითი კულტურა, ხელოვნების სიყვარული
ნეკა ინტუიცია
ცერი – ნებისყოფა
თუ საჩვენებლის და არათითის სიგრძე ტოლია, ადამიანი დიდებისმოყვარეა, ოცნებასაც ისრულებს.
თუკი საჩვენებელი არათითზე მოკლეა, ჯიუტი და პატივმოყვარეა, კამათისას ფეთქდება და გინება, ლანძღვა იცის.
თუ საჩვენებელი შუათითის ტოლია, იგი ტირანია. თუმცა საუკეთესო ხელმძღვანელიც.
აქ სიგრძის გარდა მნიშვნელოვანია ფორმაც; თუ თითი სწორია, იგი დამოუკიდებელია, ამბიციური, ოღონდ ზომიერად.
საჩვენებელი შუათითისკენ გადახრილი – ოჯახის და ტრადიციების მოყვარული.
შუათითი ძალიან გრძელია, აქვს მიდრეკილება მისტიკისადმი, ოკულტიზმისაკენ.
შუათითი ძალიან მოკლე – უწესრიგო, მომთაბარე.
არათითი – მის შუაში გადის ადამიანის ცნობიერსა და არაცნობიერს შორის საზღვარი.
ცნობიერი – ხელისგულის ის ნაწილი, რომელიც ცერის მხარეზეა.
არაცნობიერი – შუა თითის მხარეს.
დავაკვირდეთ ხელისგულს და განვსაზღვროთ, რომელი ელემენტი სჭარბობს ჩვენში.
სწორი, ლამაზი არათითი ხელოვნების მოყვარულებს აქვთ.
მოკლე არათითი – პრაქტიკოსებს.
ნეკა – ქვეცნობიერის განმსაზღვრელია.
კარგად განვითარებული – კარგი ინტუიცია, მჭევრმეტყველი და ნიჭიერი.
არათითისკენ გადახრილი – ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ (მასწავლებლები, ექიმები, მომვლელები).
საკმაოდ გრძელი, არათითისტოლიც კი – ძალზე კარგი პიროვნება.
მოკლე ნეკი – იმპულსური, სიცოცხლისუნარიანი.
ძალზე მოკლე – ფსიქიკაშერყეული.
ცერი – ადამიანის ნებისყოფას აღნიშნავს.
დავაკვირდეთ მუჭს. თუ პატრონი ცერს თითებს შიგნით მალავს – უმწეო პიროვნებაა.
თუ ცერი ძალზე მოკლეა – უნებისყოფო, საკუთარი ვნებების მონაა.
გრძელი – მტკიცე ნებისყოფის.
ძალზე გრძელი – საკუთარ სისუსტეებს უმკლავდება და სხვებსაც ეხმარება.
ნორმალური ცერი – საჩვენებელი თითის პირველი ფალანგის ნახევარს უნდა უტოლდებოდეს.
თუ ცერი ხელისგულს თითქმის მიკრულია – სიძნელეს ძლივსძლივობით უმკლავდება.
როცა ცერი სრულიად დამოუკიდებელია ხელისგულისაგან – ყველაზე მწვავე პრობლემებს ადვილად ართმევს თავს…
ჟესტიკულაციის შესახებ ბევრი რამ თქმულა. ჟესტების ენის ცოდნა, მისი დროული გამოყენება ადამიანს, მოსაუბრის კეთილგანწყობის მოპოვებაში, ყურადღების მიქცევასა და ნათქვამის მკვეთრად გამოხატვაში ეხმარება. ამიტომაცაა საინტერესო საუბრისას გამოყენებული ჟესტების დაკვირვება და შესწავლა. როგორც ჩანს, ჟესტების ენა საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს თითოეული ჩვენგანის აზრებისა და გრძნობების შესახებ.
ვ დავიმახსოვროთ:
როცა ადამიანი ხელებს იმტვრევს”, ის შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს და ღელავს.
როცა თითები თითქოსდა ეთამაშებიან” ერთმანეთს, ნერვიულობაზე, შებოჭილობაზე, მღელვარებაზე მიუთითებს.
ხელები ზურგს უკან შემოწყობილი – პიროვნებას არ სურს ვინმე შეაწუხოს.
გაშლილი ხელისგული – გულღიაობა, სიმართლისმოყვარეობა
ხელისგულის პირზე აფარება – ტყუილის თქმისათვის თავის არიდება
ხელების ფშვნეტა – აგრესიულობა
საყელოს ხშირად გასწორება – ეჭვიანობა, რომ მისი ტყუილი გაშიფრეს
სიგარეტის ხშირად ჩაქრობა – ნერვიული ბუნება
სიგარეტის კვამლის ზევით გაშვება – სიტუაციას დადებითად აფასებს
ბოლი ქვევით – სიტუაციის უარყოფითად შეფასება ან მოსაუბრის მიმართ ეჭვი.
თვალის ხშირი ხამხამი – ტყუილი
უცაბედი გაფითრება – დანაშაულის გრძნობა, შიში
სათვალის ხშირად მოხსნა – დროის გაგრძელების სურვილი
ნიკაპის სრესა – გადაწყვეტილების მიღება
ხელების უკან შემოწყობა – თვითდაჯერებულობა.
დააკვირდით თქვენს საქმიან პარტნიორს… იქნებ მისი ჟესტებით უფრო მეტი გაიგოთ, ვიდრე ინფორმაციის ურთიერთგაცვლით…

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial