მცირე ბიზნესის განვითარება და მენეჯმენტი

თემურ ხომერიკი, თსუ პროფესორი

ექსპერტთა შეფასებით, მცირე ბიზნესი, საქართველოს დღევანდელი ეკონომიკის უმთავრესი საყრდენია, თუმცა არასათანადო მენეჯმენტის გამო, სრულად ვერ რეალიზდება ბიზნესის ორგანიზაციის ამ ფორმის უპირატესობები. უმეტესწილად, მცირე სამეწარმეო სტრუქტურებს მათი მეპატრონეები მართავენ, რაც ყოველთვის გამართლებული არაა.

მცირე ბიზნესის მართვის უპირატესად არაიერარქიული სტრუქტურა იწვევს არაფორმალური ურთიერთობების პრიმატს, რაც შესაბამისი ხელმძღვანელობის სტილის არარსებობისას განაპირობებს არაადექვატურ ორგანიზაციულ ქცევას, ხოლო არაორგანიზებული მართვა წარმოებს პრიმიტიული ფორმით. იგი ხშირად ხდება მცირე მეწარმეთა წარუმატებლობის მიზეზი. ამდენად, მცირე ბიზნესისათვის სათანადო მენეჯმენტი ისევე აუცილებელია, როგორც საწყისი კაპიტალი, მატერიალური აქტივები და განვითარების სხვა ფაქტორები.
საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანწილადაა განპირობებული საზოგადოების წევრების სოციალურად მდგრადი მდგომარეობით. დამოუკიდებელ საქართველოში, მართალია, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მმართველმა ბიუროკრატიულ-ინტელექტუალურმა ელიტამ დე-იურე შემოიღო საბაზრო მექანიზმები კერძო საკუთრების დამკვიდრებამდე, მაგრამ ძალიან გაჭიანურდა საზოგადოების საშუალო ფენის ჩამოყალიბების პროცესი და სულ უფრო შეინიშნება ქონებრივი პოლარიზაცია. მიუხედავად წვრილსაქონლური წარმოების გაფართოებისა, რეალურ მესაკუთრეთა საშუალო ფენის განვითარება მკვეთრად ჩამორჩება მიმდინარე საბაზრო რეფორმების მასშტაბებს. ტრანსფორმაციული პროცესების შედეგად განხორციელდა სახელმწიფო ბიუროკრატიის, აგრეთვე პოლიტიკური და ტექნოკრატიულ-მენეჯერული ელიტის მიერ ძალაუფლების გამოყენებით ეკონომიკური სიმდიდრის მითვისება, რითაც ჩამოყალიბდა კვაზიმესაკუთრეთა ფენა. მათი საკუთრების უფლებები მეტად დიფუზიურია და პერიოდულად ქონების გადანაწილებისთვის ბრძოლის საბაბს წარმოადგენს, რაშიაც აქტიურად მონაწილეობენ ახალი პოლიტოკრატები და მოქმედი მენეჯერები. ამ პირობებში განსაკუთრებული როლი ენიჭება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სამეწარმეო საქმიანობისთვის ლიბერალური ბიზნეს-გარემოს დამკვიდრებას და მცირე მეწარმეობის განვითარებას.
ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, მცირე საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ შეადგინა ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 7.4 პროცენტი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ ბიზნეს სექტორის პროდუქციის მთლიანი გამოშვების – 6.9 პროცენტი. მცირე საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 19.5 პროცენტი შეადგინა, რომელთაგან 43.3 პროცენტი ქალია, ხოლო 56.7 პროცენტი – კაცი.
საქმიანობის სახეების მიხედვით მცირე საწარმოთა მთლიან ბრუნვაში ცალკეულ სექტორებს შემდეგი წილი უკავია: ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – 54.3 პროცენტი; დამამუშავებელი მრეწველობა – 14.1 პროცენტი; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 9.2 პროცენტი; სასტუმროები და რესტორნები – 6.4 პროცენტი; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 5.9 პროცენტი და სხვ.
საქმიანობის სახეების მიხედვით მცირე საწარმოთა პროდუქციის მთლიან გამოშვებაში სექტორები პრევალირებენ შემდეგი თანმიმდევრობით: დამამუშავებელი მრეწველობა – 26.0 პროცენტი; ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – 18.4 პროცენტი; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 16.9 პროცენტი; სასტუმროები და რესტორნები – 11.9 პროცენტი; მშენებლობა – 8.8 პროცენტი.
საქმიანობის სახეების მიხედვით მცირე ბიზნესში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – 30.7 პროცენტი; გადამამუშავებელი მრეწველობა – 18.0 პროცენტი; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 13.8 პროცენტი; სასტუმროები და რესტორნები – 9.2 პროცენტი; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 6.6 პროცენტი და სხვ.
რეგიონების მიხედვით მცირე ბიზნესში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება ხასიათდება შემდეგი სტრუქტურით: ქალაქი თბილისი – 42.2 პროცენტი, იმერეთი – 14.4 პროცენტი, ქვემო ქართლი – 9.0 პროცენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 8.1 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8.1 პროცენტი, გურია – 1.9 პროცენტი და ა.შ.
ამჟამად, ქვეყანაში ფორმალურადაც აღარ მოქმედებს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი სისტემა და ამ ტიპის საქმიან აქტივობაზე მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული ინსტიტუტების (ცენტრები, სააგენტოები, პროექტები და პროგრამები) გავლენა უმნიშვნელოა. როგორც “მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში, ასევე მისი გაუქმების შემდგომ “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” კანონში შესული ცვლილებებითა და დამატებებით განსაზღვრულია, რომ: საქართველოს ტერიტორიაზე მცირე და საშუალო საწარმოებს განეკუთვნება “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 20 დასაქმებულს და რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 500000 ლარს. საწარმო არ ჩაითვლება მცირედ ან საშუალოდ, თუ: მისი საწესდებო კაპიტალის 25%-ზე მეტი ეკუთვნის პირს ან პირებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მცირე და საშუალო საწარმოთა ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს; მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბანკო, სადაზღვევო და სხვა სახის ფინანსური მომსახურება.
ქვეყანაში მზარდი უმუშევრობისა (სახელმწიფო სამსახურებიდან დათხოვნილი მუშაკები, საწარმოთა რესტრუქტურიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული სამუშაო ძალა, კრიზისული მოვლენების გამო თვითდასაქმებული ღარიბი ფენების საქმიანი აქტივობის შეზღუდვა და სხვ.) და სიღარიბის პირობებში მნიშვნელოვანია მცირე საწარმოთა ფორმირებისა და საქმიანობის ხელშეწყობა. აღსანიშნავია საგადასახადო კოდექსში დაპირებული ცვლილებების (დაჩქარებული ამორტიზაციის რეჟიმის შემოღება; მცირე მიწის მესაკუთრეთა გადასახადებისაგან გათავისუფლება; იმ მეწარმეთა გადასახადებისაგან გათავისუფლება, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ შრომას; საგადასახადო ამინისტიის გატარება; სამეწარმეო ერთეულების რეგისტრაციისა და დაბეგვრის რეჟიმების ლიბერალიზაცია და სხვ.) შესაძლო პოზიტიური გავლენა მცირე მეწარმეთა შემოსავლების შემდგომ ლეგალიზაციასა და ზრდაზე. მაგრამ დღემდე გატარებული შეღავათები ძირითადად ეხებოდა ე.წ. მიკროსაწარმოებს და იგი ამჟამად თითქმის გაუქმებულია. მოქმედებს მხოლოდ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეღავათები ზოგიერთი საქმიანობით დაკავებული იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ შრომას და მათ მიერ გამოყენებული საწარმოო ფართი არ აღემატება დაწესებულ მცირედ ზღვრულ მაჩვენებელს.
სამეურნეო პრაქტიკაში მიკროსაწარმოს მიაკუთვნებენ როგორც იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბებულ სამეწარმეო ერთეულებს, ასევე ფიზიკურ პირებს (ინდმეწარმეები, თვითდასაქმებულები, შინამომუშავეები და სხვ.), საოჯახო საწარმოებს და ფერმერულ მეურნეობებს, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 10 ადამიანს, ხოლო აუცილებელი კაპიტალდაბანდებები – 25 ათას აშშ დოლარს. მიკროსაწარმოთა პარამეტრები შემდგომ უნდა დაზუსტდეს საკანონმდებლო დონეზე, რადგან ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 80% სწორედ ამ სტრუქტურებშია დასაქმებული ან თვითდასაქმებული, ხოლო მათზე შეღავათების შემოღების შემთხვევაში, სათანადო კრიტერიუმების გარეშე, გაძნელდება იდენტიფიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში მიკროსაწარმოები იყენებენ დაბალმწარმოებლურ ტექნოლოგიებს და უპირატესად მიმართავენ წარმოების განვითარების ექსტენსიურ მეთოდებს, მიკრომეწარმეობა ხასიათდება რიგი დადებითი თვისებებით: მინიმალური რესურსული და ორგანიზაციული დანახარჯების პირობებში ფუნქციონირების შესაძლებლობა; ოჯახის წევრთა და ახლობლების შრომის გამოყენება, რაც აადვილებს სამუშაოს ორგანიზაციას და განაპირობებს წარმატებულ საქმიანობას; მომხმარებელთან მჭიდრო კავშირი და კონკრეტული მომხმარებლების ვიწრო წრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ორიენტაცია; წარმოებისა და მომსახურების ვიწრო სპეციალიზაცია; თვითსწავლებისა და თვითმართვის უნარი. მიკროსაწარმოებს ახასიათებს მობილურობა, რითაც მათ განსაკუთრებული სოციალური მნიშვნელობა აქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საქმეში და არსებული შრომითი პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაში. ხშირად ადამიანები მიკროსაწარმოებს აყალიბებენ არა მხოლოდ ეკონომიკური მიზნებით, არამედ მორალური პრინციპების გამო. ამასთან მცირე მეწარმეობა გულისხმობს არასრული სამუშაო დღის განმავლობაში დასაქმებასა და თვითდასაქმებას საოჯახო მეურნეობისთვის დამატებითი შემოსავლების უზრუნველსაყოფად.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გამოკვლევით (USAID), საქართველოში ფუნქციონირებს 210 ათასამდე მიკროსაწარმო, რომლის მხოლოდ ნახევარია ოფიციალურად რეგისტრირებული. მიკროსაწარმოთა უმეტესობა თავმოყრილია ქ. თბილისში. ყველაზე მცირე რაოდენობით ისინი აღრიცხულია მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში. დანარჩენ რეგიონებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთში მოქმედ მიკროსაწარმოებს. რეგისტრირებულ მიკროსაწარმოთა უმრავლესობა საქმიანობს ვაჭრობის სექტორში, ხოლო თითქმის მესამედი – სოფლის მეურნეობაში; მომსახურებისა და წარმოების სფეროში მათი ხვედრითი წილი არაუმეტეს 10%-ია. საწარმოო სექტორში დომინირებს ავეჯის სახელოსნოები, სადურგლო სახელოსნოები, წისქვილები, საკვები პროდუქტების წარმოებები, საცხობები და საფუნთუშეები. სასოფლო-სამეურნეო საწარმოები ძირითადად სეზონურად მუშაობენ და შეინიშნება მეურნეობის ოჯახურ-ფერმერული ფორმის პრიმატი. სოფლის მეურნეობის სექტორის მიკროსაწარმოთა უმეტესობა დაკავებულია ხილის წარმოებით, ასევე მათი საქმიანობის ობიექტებია მეფუტკრეობა, მეღვინეობა და მემარცვლეობა. მომსახურების სექტორში განსაკუთრებით განვითარებულია კვების ობიექტები (რესტორნები, კაფეები და ა.შ.), სილამაზის სალონები, საყოფაცხოვრებო სერვისი (ფეხსაცმელების შეკეთება, ავტომობილების რემონტი და ა.შ.). ასევე მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო მომსახურების წილი.
მცირე საწარმოთა მიერ ათვისებული ბაზრები საქართველოში ხასიათდება მაღალი კონკურენციით, რაც მოითხოვს საბაზრო კონიუნქტურის თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ეფექტურ თვითმენეჯმენტს. ვინაიდან მათი სასტარტო კაპიტალი, როგორც წესი, უმნიშვნელოა, წარმოქმნილი ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად განსაკუთრებული როლი ენიჭება სესხებისა და კრედიტების გამოყენების შესაძლებლობას. ამ სექტორის განვითარებისთვის ფინანსურთან ერთად მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარებაც (კონსალტინგური უზრუნველყოფა, ტრენინგები პროფესიონალური უნარ-ჩვევების გასავითარებლად, საწარმოო ფონდებით აღჭურვა და სხვ.). ამჟამად ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მცირე ბიზნესის ეფექტურ მხარდაჭერას, რაც კიდევ უფრო აძნელებს მცირე საწარმოთა საკუთარი ნიშის მოძიებას. ამდენად, პრაქტიკულად ყველა მცირე ბიზნეს-სტრუქტურას უხდება შემდეგი წინააღმდეგობების დაძლევა:
შეიმჩნევა ჩრდილოვანი ეკონომიკიდან ოფიციალურ სექტორში გადასვლის სტიმულების ნაკლებობა. მიკროსაწარმოთა ოფიციალური რეგისტრაციით დაინტერესებისთვის აუცილებელია მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება და მთავრობისადმი ნდობის აღდგენა, რადგან სახელმწიფო პროგრამები უმეტესწილად მხოლოდ დეკლარაციული ხასიათისაა;
მცირე საწარმოებში დასაქმებულები ხშირ შემთხვევაში მოკლებული არიან აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზაციის უნარს, მარკეტინგისა და მენეჯმენტის ელემენტარულ საფუძვლებს.
მიკროსაწარმოთა უმეტესობისთვის ხელსაყრელი სესხები და კრედიტები მეტწილად მიუწვდომელია. მიკროსაწარმოთა უმრავლესობა თავისი მცირე შემოსავლიანობის გამო (ექსპერტთა შეფასებით მათი საშუალო წლიური შემოსავლები არ აჭარბებს 5000 აშშ დოლარს) იძულებულია იფიქროს არა დანაზოგებზე, არამედ მიღებული თანხის ოჯახის საჭიროებებისთვის ეკონომიურად ხარჯვაზე. ამ ფენაში ჭარბობს რისკისადმი შიში და ფინანსისტებისადმი უნდობლობა, მრავალი მათგანი ასევე მოკლებულია რწმენას, რომ შეძლებენ კრედიტის დროულად დაფარვას და არ იზარალებენ ინფლაციის გამო.
მიკროსაწარმოთა განვითარებისთვის შინაგანი რეზერვები კვლავაც რჩება უმთავრეს რესურსად, თუმცა ისინი ვერ ცვლიან სესხებისა და კრედიტების როლს საბრუნავი საშუალებების შევსების საქმეში. დღეისთვის საქართველოში მიკროსაწარმოთა მიერ დაფიქსირებული მცირე სესხზე მოთხოვნა 200 მილიონი აშშ დოლარით აღემატება მიწოდებას. საქართველოს არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და კომერციულმა ბანკებმა მოიცვეს პოტენციური კლიენტურის მხოლოდ 1/3, ხოლო დანარჩენი მიკროსამეწარმეო სტრუქტურები ნაღდი ანგარიშსწორებით ახდენენ ფინანსურ სახსრებზე საკუთარი მოთხოვნილებების სხვადასხვა წყაროებიდან დაკმაყოფილებას. მცირე სამეწარმეო სუბიექტების ინვესტიციური აქტიურობა უნდა წახალისდეს, მათ შორის მიკროფინანსებისა და მიკროკრედიტების ხელმისაწვდომობის მიმართებითაც. ამ საქმეში განსაკუთრებულია არასაბანკო სექტორის, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როლი, რადგან მიკროდაფინანსება მეწარმეებს საშუალებას აძლევს გამარტივებული დოკუმენტაციითა და პროცედურით მიიღონ სათანადო სახსრები, თანაც ყოველივე ეს ხორციელდება ძალიან მოკლე დროში და ხელმისაწვდომი რეჟიმით; იგი არ საჭიროებს გარანტიების ძვირ მეთოდებს და გირავნობის მძიმე პირობებს (უზრუნველყოფისათვის გამოიყენება ჯგუფური გარანტიები, თავდებობის სხვადასხვა ფორმები და ა.შ.). მხარდაჭერას საჭიროებს საკრედიტო კავშირების შექმნაც, რომელიც ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, იურიდიული და ფიზიკური პირების ფინანსური ურთიერთდახმარების საშუალებას წარმოადგენს.
მიკროსაწარმოთა ისეთი ფუნდამენტური პრობლემა, როგორიცაა წარმოების მაღალტექნოლოგიური ძირითადი საშუალებებით სარგებლობა, უკანასკნელ პერიოდში წარმატებით იჭრება ლიზინგური ურთიერთობების განვითარებით, მცირე ბიზნესის ორგანიზაციისას ასევე ფართოდ გამოიყენება ფრენშაიზის უპირატესობები. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მცირეა ვენჩურული ინვესტიციების შემთხვევები. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თუ საბანკო დაწესებულებები და ლიზინგური კომპანიები ადვილად მიდიან მსხვილ და საშუალო საწარმოებთან თანამშრომლობაზე, მცირე და მიკროსაწარმოების დაფინანსების ძირითად წყაროდ კვლავაც რჩება არასაბანკო საფინანსო დაწესებულებები, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები და საკრედიტო კავშირები. ამის დასაძლევად აუცილებელია მცირე მეწარმეთა არსებული საფინანსო-საკრედიტო რისკების გარანტირების მყარი მექნიზმების დანერგვა. ასევე მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისთვის განსაზღვრული კრედიტების შემდგომი გაიაფებისთვის ეროვნული ბანკის მიერ სათანადო პოლიტიკის გატარება.
მცირე მეწარმეობის განვითარება წარმოუდგენელია ამ სუბიექტებისთვის გამიზნულ პროექტებში მონაწილე ინვესტორთა ხელშეწყობის გარეშე.
მცირე ბიზნესის საკრედიტო-ფინანსური და ინვესტიციური მხარდაჭერა ხორციელდება სხვადასხვა ფორმით:
ფინანსური ლიზინგი და ფრანჩაიზინგი;
მცირე სტრუქტურების ურთიერთმხარდაჭერა და საკრედიტო კავშირებისა და სხვა თვითდაფინანსებადი სისტემების ჩამოყალიბებით;
მიკროდაკრედიტება;
სესხების სახელმწიფო გარანტიების მექანიზმები;
ვენჩურული საინვესტიციო ფონდების განვითარება;
სხვა ფორმებით.
საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაფუძვნდა 1997 წლიდან, ხოლო პირველი საკრედიტო კავშირი შეიქმნა 2002 წელს. მათ განსაზღვრული წვლილი შეაქვთ ღარიბი და მცირეშემოსავლიანი სოციალური ჯგუფების დასაქმებაში, მათთვის ინდივიდუალური და ჯგუფური სესხების მიცემით. 2007 წლის დასაწყისისთვის მიკროსაფინანსო საქმიანობას ოფიციალურად ახორციელებდა 13-მდე ორგანიზაცია, რომელთა დიდი ნაწილი დაფუძნებულია უცხოური დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით. მათი სასესხო პორტფელი დაახლოებით 51 მლნ. ლარია და 43 ათასი მსესხებელი, ძირითადად თვითდასაქმებული, მიღებული მიკროსესხებით ავითარებს ბიზნესს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონი მიღებულ იქნა მხოლოდ 2006 წლის ივლისში და მანამდე მათი საქმიანობა რეგულირდებოდა სამეწარმეო კანონმდებლობით, სამოქალაქო კოდექსითა და კანონით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ. მიკროსაფინანსო სექტორი ფუნქციონირებდა არასამთავრობო (არაკომერციული) ორგანიზაციების, ფონდებისა და კავშირების სახით.
ახალი კანონმდებლობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და საქმიანობას ახორციელებს მისივე ზედამხედველობით.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მარეგულირებელი ნორმების დაწესებით აქტუალობა არ დაუკარგავს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ 2002 წლიდან მოქმედ კანონმდებლობას.
კერძო მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერასა და განვითარებასთან დაკავშირებული ერთობლივი ამოცანების გადასაწყვეტად მცირე საწარმოებს შეუძლიათ შექმნან კავშირები და ფონდები. მართალია, მცირე საწარმოები სარგებლობენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით, მაგრამ საკითხს უფრო კომპლექსურად და სისტემურად უნდა მიუდგეთ. ცხადია, ბიზნესის ამ ფორმების შემდგომი განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მიკროდაფინანსებას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც აუცილებლად მოითხოვს ისეთ საკანონმდებლო აქტებში შემდგომ ცვლილებებს, როგორიცაა საქართველოს საგადასახადო კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი, კანონი მეწარმეთა შესახებ, ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ, კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ და სხვ. საჭიროა მეწარმეობის მხარდამჭერი მიკროსაკრედიტო ორგანიზაციების ხელშეწყობა და სახელმწიფო მხარდაჭერა, ასევე დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის გააქტიურება და საქმიანობის ამ ფორმების განვითარების კოორდინაციის გაძლიერება.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელებული გამოკვლევით დადგინდა, რომ მცირე მეწარმეთა უმეტესობა განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებს (ფინანსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა, საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილება, მენეჯმენტის სფეროში არასაკმარისი ცოდნა და ბიზნეს სტრატეგიის არარსებობა) შორის უმთავრესად მიიჩნევენ ბიზნესის გაძღოლის არასათანადო უნარს. მცირე საწარმოთა მენეჯმენტის თავისებურებას განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: საწარმოთა სიდიდე, საქმიანობის სფერო, მომუშავეთა რიცხოვნობა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, გამოშვებული პროდუქციის და მომსახურების მახასიათებლები, მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა და სხვ.
საქართველოში საგადასახადო, საბაჟო და სხვა მარეგულირებელი კანონმდებლობის სირთულისა და მცირე მეწარმეთა დაბალი პროფესიონალიზმის გამო ხშირად წარმატებული მიკრომეწარმეები ვარდებიან კრიზისულ სიტუაციებში და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მხოლოდ ფასეულობის შექმნის სტრატეგია არაა საკმარისი, თუკი მას კოორდინაციას არ უწევს სპეციალისტი მენეჯერი. ამ სახის მენეჯერთა საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმია, თუ რამდენად უზრუნველყოფენ ისინი მცირე სამეწარმეო სტრუქტურის ეფექტიან ფუნქციონირებას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ინდმეწარმეთა უმეტესობა სადღეისოდ თამამად იყენებს მმართველობითი კონსალტინგის მომსახურებას ან თვითვე იმაღლებს კვალიფიკაციას ფინანსების, ლოჯისტიკის, პერსონალის მართვის, მარკეტინგ-მენეჯმენტისა და სხვა საკითხებში.
მცირე საწარმოებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბიზნესის გამსხვილების კვალობაზე, მფლობელები იმთავითვე ქმნიან მმართველთა გუნდს, აყალიბებენ ორგანიზაციულ სტრუქტურას და ანაწილებენ უფლებამოსილებებს. თუმცა, მენეჯერისა და დაქვემდებარებულთა ურთიერთობა ამ სახის საწარმოებში უშუალო ხასიათისაა და თვით მენეჯერების მიმართ მცირე ბიზნესი აყალიბებს განსაზღვრულ სტანდარტებს.
მცირე ბიზნესის პრობლემათა მრავალგვარობის გამო მოქმედი მენეჯერები თანაბრად გვევლინებიან როგორც დემოკრატის, ასევე დიქტატორის როლში, პესიმისტი – ლიბერალისა და მანიპულატორის როლში, მაგრამ უპირატესობა მაინც ენიჭება ლიდერ-ორგანიზატორს, რომელიც თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანებთან ურთიერთობას და სამუშაოს შესრულებას, რითაც ხელს უწყობს გუნდური მართვის განხორციელებას. მცირე ბიზნესის მენეჯმენტის აქილევსის ქუსლია ფინანსებისა და მარკეტინგის მართვა, რადგან, როგორც წესი, ამ ტიპის სტრუქტურებში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ დოკუმენტირებას, ხშირია ორმაგი ბუღალტერიის წარმოების ფაქტები, ასევე დაქირავებული სპეციალისტების დაბალი კვალიფიკაციისა და პირადი შეხედულებების გამო ხდება სიტუაციის არაადექვატური ინტერპრეტირება, ასევე კვლევებისა და გაანგარიშებების განხორციელების შეუძლებლობის გამო უპირატესად ინტუიციაზე დამყარებული (დაუსაბუთებელი) გადაწყვეტილებების მიღება.
მენეჯერებისა და მეწარმეების უმეტესობა მცირე ბიზნეს-სტრუქტურების მართვისას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სტრატეგიულ მიდგომებს. მათი უმეტესობა ბიზნეს-დაგეგმარებასაც კი ახდენს მხოლოდ და მხოლოდ მორიგი ინვესტიციების მოსაზიდად. სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა დამოკიდებულია ბიზნესის სახეზე, დარგის განვითარების დინამიკაზე, გარემოს მდგრადობაზე და ა. შ. მეწარმეთა უმეტესობა წარმოადგენს ენერგიულ, მიზანსწრაფულ, ცვლილებებისადმი ლოიალურად განწყობილ, თავდაჯერებულ პერსონებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ დაქირავებული მენეჯმენტი და კონსულტანტები მხოლოდ ეხმარებიან მათ დასახული ამოცანების გადაჭრაში და ხშირად ვერც კი აცნობიერებენ ოპერატიული და სტრატეგიული ქმედებების გამიჯვნის აუცილებლობას.
სტრატეგიული მენეჯმენტი გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა კომპლექსია, რომელიც მიმართულია სტრატეგიის ფორმულირების, დანერგვისა და ორგანიზაციული მიზნების რეალიზაციისკენ. სტრატეგია ეფუძნება კონკურენტულ მოქმედებათა კომპლექსს, რომელთა მეშვეობითაც ორგანიზაციის მენეჯმენტი აპირებს უზრუნველყოს ეფექტიანი საქმიანობა. ამდენად სტრატეგია – მმართველობითი გეგმაა ორგანიზაციის პოზიციების განმტკიცების, კლიენტურის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა და საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად.
მცირე სტრუქტურების მენეჯერებს სტრატეგიული ალტერნატივების შეფასებისას მოეთხოვებათ მოქნილი აზროვნება და ბაზარზე დინამიკური ქმედება, რათა კომპლექსური გამოკვლევების გარეშე გარემოზე დაკვირვებით შეიმუშავონ ყველაზე მისაღები სტრატეგია.
თანამედროვე პირობებში ბიზნესის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებია: ბიზნეს-გარემოს ტრანსფორმაციაზე ადექვატური რეაქცია, დროითი ფაქტორის გათვალისწინება, რეგიონული ბაზრების როლის ზრდა გლობალიზაციის პირობებში, საქონლის სასიცოცხლო ციკლის შემცირება, ინოვაციების როლის ზრდა და ა. შ.
მცირე ბიზნესის მენეჯმენტზე უდიდეს გავლენას ახდენს მენეჯმენტის მოქმედი პარადიგმები და კონცეპტუალური მიდგომები. მენეჯმენტზე ახალი შეხედულებების სისტემას ლიტერატურაში ხშირად სამმართველო ევოლუციას უწოდებენ, რადგან მათი ძირითადი დებულებები ჩამოყალიბებული სტრუქტურების, სისტემისა და მეთოდების ხელაღებით ნგრევას არ ითვალისწინებს, არამედ ახდენს ახალი პირობებისადმი მათ მისადაგებასა და შევსებას. სულ უფრო მეტად გამოიყენება მართვის სისტემები, რომლებიც ეფუძნება ცვლილებათა წინასწარჭვრეტას და მოქნილ, განსაკუთრებულ გადაწყვეტილებებს. ისინი ითვალისწინებენ მომავალი განვითარების არაორდინარულობასა და მოულოდნელობას, ნორმალურად თვლიან განუსაზღვრელობასა და არასრული ინფორმაციის ფლობას. ამიტომაც მათ მეწარმული შინაარსის კონცეფციებად მიიჩნევენ. სისტემათა მზარდი სირთულისა და დინამიკურობის პირობებში ხდება ევოლუციურ კონცეფციებთან ინოვაციური იდეების შერწყმა. “სტრუქტურისა” და “კულტურის” ელემენტების გაერთიანებით ორგანიზაციები სულ უფრო მეტად მიმართავენ სტრატეგიულ დაგეგმვასა და მართვას.
გასულ საუკუნეში მართვის ევროპელ მკვლევართა მნიშვნელოვანი წვლილის მიუხედავად, დომინირებდა მენეჯმენტის ამერიკული კონცეფციები. მენეჯმენტის კონცეფციები ყალიბდება განსაზღვრულ პერიოდში და, როგორც წესი, სახავს სამმართველო პრობლემების გადაჭრისადმი არატრადიციულ (ალტერნატიულ) გზებს. საქართველო გეოეკონომიკური მდგომარეობის გამო თანაბრად ითავისებს როგორც დასავლურ, ასევე აღმოსავლეთის კულტურის ძირითად მახასიათებლებს და ქართული მენეჯმენტისთვის დამახასიათებელია ორივე ორგანიზაციული კულტურის სიმბიოზი.
ამჟამად ეკონომიკური სისტემის გლობალიზაციის, ახალი ტექნოლოგიის გავრცელებისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე შეინიშნება მენეჯმენტის კონცეფციათა ინტერნაციონალიზაცია და ინტეგრაცია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცალკეული ორგანიზაციების ინტელექტუალურ რესურსებს. თანამედროვე საწარმოო მენეჯმენტი ორიენტირებულია ინოვაციებზე და ნაკლებ ყურადღებას უთმობს კონტროლს, სპეციალიზაციის ნაცვლად ფართოდ ვითარდება ბიზნესის დამოუკიდებელი სფეროების ინტეგრაცია, მასშტაბის ეკონომიიდან აქცენტი გადატანილია მოქნილობასა და რეაქციის სისწრაფეზე.
მენეჯმენტის კვლევის მთავარ ობიექტად კვლავაც რჩება ორგანიზაციის ადამიანური ფაქტორი. ფართო გავრცელება ჰპოვა მენეჯმენტის უნიტარულმა, პლურალისტურმა და კრიტიკულმა კონცეფციებმა.
სამეწარმეო ერთეულები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ და შეასრულონ ადგილმდებარეობის მიხედვით და საქმიანობის სფეროს შესაბამისად მარეგულირებელი კანონები და სახელმწიფო ორგანოთა მოთხოვნები, ასევე საერთაშორისო შეთანხმებათა ძირითადი მუხლები. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში, განვითარების თითოეულ ეტაპზე, ქვეყნის მთავრობას აქვს კონკრეტული მიზნები, რომელთა მიღწევის კვალობაზე ჩამოყალიბებული ეკონომიკური სიტუაციისა და საერთაშორისო მდგომარეობის შესაბამისად, იცვლება რეგულირების მეთოდები და საშუალებები. საქართველოში სამთავრობო დონეზე გაცხადებულია, რომ მიმდინარეობს დერეგულაციის პროცესი, მაგრამ კონკურენციისა და თავისუფალი არჩევანის დაუცველობა განუვითარებელი სამოქალაქო საზოგადოების პირობებში შედეგად მხოლოდ მონოპოლიური ფორმების განვითარებას უწყობს ხელს. ზოგადად ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ამოცანები შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგი სახით: მეწარმეთა ინტერესების დასაცავად სამართლებრივი ბაზის დამუშავება და მიღება; კანონმდებლობაზე კონტროლის განხორციელება; სახელმწიფო რეგულირების ეფექტიანობის ამაღლება და მასზე დანახარჯების შემცირება; საწარმოო საქმიანობაში პირდაპირი ჩარევისა და ბიუროკრატიული კონტროლის შესუსტება; ბაზარზე თავისუფალი არჩევანისა და კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბება; ქვეყნის ბიუჯეტის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სწორი ფინანსური, საგადასახადო, ფულადი და საპროცენტო პოლიტიკის გატარება; სამეცნიერო-ტექნიკური განვითარებისა და სტრუქტურულ-ინვესტიციური პოლიტიკის გატარებისას მიმდინარე და პერსპექტიული ამოცანების გათვალისწინება; ინფლაციის მართვა ეკონომიკური მეთოდებით და კაპიტალის დაგროვების ზრდის ხელშეწყობა; შრომითი რესურსების თავისუფალი მოძრაობის უზრუნველყოფა და შრომის კანონმდებლობის ნორმების დაცვა; მომხმარებელთა უფლებების დაცვა; სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება.
ამჟამად სახელმწიფო სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს წარმოების ორგანიზაციულ-სამეურნეო რეგულირებაში. რეგულირების მექანიზმი ემყარება ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან პროგრამებში სტრუქტურულ გარდაქმნათა ძირითად მიმართულებებს. ხორციელდება წარმოების ადმინისტრაციული ზედამხედველობა და ნორმატიული რეგულირება. სახელმწიფო სულ უფრო მეტად იყენებს ფინანსური რეგულირების ინსტრუმენტებს. ქვეყნის მეწარმეთა ინტერესების დაცვას საერთაშორისო ბაზარზე ხელს უწყობს სახელმწიფო საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც ორგანიზაციულ და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად გულისხმობს სამამულო წარმოებების კონკურენტუნარიანობის ამაღლების ღონისძიებათა გატარებას. სახელმწიფო ყოველნაირად ცდილობს დაეხმაროს ბიზნეს-სტრუქტურებს ახალი ბაზრების ათვისებაში და საექსპორტო ოპერაციების მასშტაბების გაფართოებაში. საბაზრო სტრუქტურების განვითარებისთვის სახელმწიფო იყენებს რეგულირების როგორც პირდაპირ მეთოდებს (ფასწარმოქმნის სრულყოფის ღონისძიებები, შემოსავლების გადანაწილების პოლიტიკა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და სხვ.), ასევე ირიბ მეთოდებსაც (გადასახადები, სუბსიდიები, სავალუტო ღონისძიებები, ქვოტები და სხვ.). სახელმწიფო ანტიმონოპოლიური პრაქტიკის განვითარება დიდადაა დამოკიდებული ანტიმონოპოლიური სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობაზე, რომელიც საქართველოში ამჟამად რეორგანიზებულია თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოდ. საერთოდ, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური პოლიტიკა ხორციელდება როგორც კაპიტალის ცენტრალიზაციაზე მკაცრი სახელმწიფო კონტროლის გატარებით (ფინანსური სანქციების გამოყენებიდან მონოპოლიური სტრუქტურების ლიკვიდაციამდე), ასევე საბაზრო ურთიერთობათა ლიბერალიზაციის გზით (საბაჟო გადასახადებისა და იმპორტზე შეზღუდვების შემცირება ან მოხსნა, ინვესტორებისათვის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, მცირე ბიზნესისა და ვენჩურული ფირმების მხარდაჭერა, წარმოების დივერსიფიკაციისათვის ხელშეწყობა და სხვ.). ანტიმონოპოლიური პოლიტიკა არ ნიშნავს საერთოდ მონოპოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ იგი მიმართულია იმ მონოპოლისტების წინააღმდეგ, რომლებიც ანგრევენ საბაზრო სტრუქტურებს და ატარებენ საქმიანობის შეზღუდვის პრაქტიკას მცირე ბიზნესის მიმართ.
მცირე ბიზნესში განსაკუთრებულია კვალიფიციური პერსონალის როლი, რადგან თითოეული თანამშრომლის არაეფექტური ქმედება მნიშვნელოვნად აზარალებს სამეწარმეო სტრუქტურას და ამცირებს მის კონკურენტუნარიანობას. თუმცა ყველა აღიარებს მცირე სამეწარმეო სტრუქტურებში მენეჯმენტის სრულყოფის აუცილებლობას. მაღალტექნოლოგიურ დარგში მოღვაწე ფირმები მასობრივი უმუშევრობის პირობებშიაც კი ვერ პოულობენ სათანადო კადრებს, რადგან მათმა ნაწილმა განიცადა დეკვალიფიკაცია, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი უარს ამბობს შეთავაზებულ გასამრჯელოსა და კარიერულ პერსპექტივაზე – პროფესიონალთათვის უფრო მიმზიდველია მსხვილ სტრუქტურებში მუშაობა. აღნიშნულ პროცესზე გავლენას ახდენს მცირე ბიზნესში კადრების შერჩევისა და დაქირავების დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც უპირატესად არაფორმალური ხასიათისაა. მართალია, საერთაშორისო ორგანიზაციები ყველანაირად უწყობენ ხელს ბიზნეს-ინკუბატორების ჩამოყალიბებას, მაგრამ ამ სექტორისადმი მეწარმეთა დამოკიდებულება კვლავაც სკეპტიკურია.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა მცირე ბიზნეს-სტრუქტურების ლეგალურ ბიზნესში მონაწილეობა, დაუხვეწავი საგადასახადო და საფინანსო სისტემის პირობებში საქართველოში ჯერ კიდევ საგრძნობია ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი. მცირე ბიზნესის მენეჯემენტის განუვითარებლობის გამო თავი იჩინა შემდეგმა ნეგატიურმა მოვლენებმა: გაძნელებულია დივერსიფიკაციის პოლიტიკის წარმართვა დარგიდან დარგში შესვლა-გამოსვლის ბარიერების დაძლევის დაბალი შესაძლებლობების გამო; დაუსაბუთებელი ბიზნეს-სტრატეგიების პირობებში შემცირებულია ეფექტიანი ინვესიტიციების მოზიდვის შესაძლებლობები; მმართველობითი გადაწყვეტილებების არაკომპეტენტურობის გამო დიდია გაკოტრების რისკი; დაბალია ბიზნეს-კონსალტინგის გამოყენების ხარისხი და ხშირად მას მიმართავენ არა ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად, არამედ უკვე მიღებული გადაწყვეტილების დოკუმენტირებისთვის; საქართველოში არსებული ბიზნეს-განათლების სისტემა ვერ აკმაყოფილებს მცირე ბიზნესის მოთხოვნებს, რადგან არც მეწარმეებს აქვთ მკვეთად ფორმულირებული მოთხოვნილება მენეჯერულ განათლებაზე და არც კადრების გადამზადების მოქმედი სისტემაა ბაზრის ადექვატური. ცხადია, ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია ამ საკითხზე სტეიკჰოლდერების სათანადო კონსენსუსის მიღწევისა და კეთილი ნების გარეშე.