გადამხდელის კალენდარი

ნანა მამუკაშვილი
რა გადასახადები და რომელ რიცხვებში უნდა გადაიხადოს ნებისმიერმა ეკონომიკურმა სუბიექტმა – შპს-მ, სააქციო საზოგადოებამ (სს), ინდმეწარმემ, ფიზიკურმა პირმა (რომელიც აწარმოებს ეკონომიკურ ან მასთან გათანასწორებულ საქმიანობას, მაგალითად, იჯარას).
– ზემოჩამოთვლილი ეკონომიკური სუბიექტები გადასახადს იხდიან შემდეგი თანმიმდევრობით: ის სუბიექტები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 ათას ლარს, იხდის დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ) – ყოველთვიური დეკლარაცია ბარდება მომდევნო თვის 15 რიცხვამდე და გადასახადიც შესაბამისად 15 რიცხვამდე უნდა იყოს გადახდილი.
რაც შეეხება დაქირავებულ პირზე ხელფასიდან საშემოსავლო და სოციალური ანარიცხების გადახდას, საგადასახადო ფორმა უნდა ჩაბარდეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ხოლო ბიუჯეტში ამ გადასახადების გადახდა ხელფასის გაცემის დღეს უნდა მოხდეს. ყოველ გადაცილებულ დღეზე ირიცხება საურავი 0,07%-ის ოდენობით. ყოველი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 30 იანვრამდე უნდა ჩაბარდეს ინფორმაცია საანგარიშო (გასული) წლის მიხედვით გაცემული შემოსავლებისა და დაკავებული გადასახადის თაობაზე ცნობის სახით. ფორმაში აგრეთვე მითითებული უნდა იყოს დაქირავებული პირების გვარი და სახელი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადობის მოწმობის პირადი ნომერი.
მოგების გადასახადს, იხდის შპს, სააქციო საზოგადოება, საქართველოს საწარმოები და უცხოოური საწარმოები რომლებიც შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან. მოგების გადასახადის გაანგარიშება ხდება ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს, დეკლარაცია (ბალანსი) უნდა ჩაბარდეს მომდევნო წლის 1 აპრილამდე და გადახდა ხდება 15 ივნისამდე, ყოველ გადაცილებულ დღეზე ირიცხება საურავი 0,07%-ის ოდენობით.
გადამხდელი ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას ვალდებულია საგადასახადო ორგანოს აცნობოს წერილობით და საქმიანობის შეწყვეტიდან 30 კალენდარულ დღეში წარადგინოს დეკლარაცია.
საშემოსავლო გადასახადს იხდის რეზიდენტი და არარეზედიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 12%-ით. საშემოსავლო საგადასახადო დეკლარაცია უნდა ჩაბარდეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე. შესაბამისად გადახდა მოხდება 1 აპრილამდე. ჩაბარებული დეკლარაციის მიხედვით ხდება საავანსო გადასახადის დარიცხვა რომლის გადახდაც უნდა მოხდეს 15 მაისს; 15 ივლისს; 15 სექტემბერს და 15დეკემბერს. ვადის გადაცილების შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე ერიცხება საურავი 0.07-ის ოდენობით. იგივე ხდება სოციალური გადასახადის შემთხვევაშიც.

ქონების გადასახადი
ქონების გადასახადს იხდის საქართველოს საწარმო და ორგანიზაცია, ასევე უცხოური საწარმოები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. დეკლარაციის ჩაბარება ხდება საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, გადახდაც ხდება პირველ აპრილამდე. საავანსო გადასახადების გადახდა კი უნდა მოხდეს 15 ივნისამდე.
ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) იხდიან აგრეთვე ფიზიკური პირები, რომელთაც აქვთ უძრავი ქონება, მსუბუქი ავტომანქანები, იახტები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები, გარდა სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებულისა და რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალი აღემატება 40 ათას ლარს. დეკლარაცია უნდა წარადგინონ საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 მაისამდე, გადასახადის გადახდა კი უნდა მოხდეს 15 ნოემბრამდე. ყოველ გადაცილებულ დღეზე ერიცხება საურავი 0,07%.
ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს იჯარით გაცემული ქონება, მიუხედავად მისი შემოსავლისა, იხდის ქონების გადასახადს. დეკლარაციის ჩაბარება ხდება ყოველი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, გადახდაც ხდება 1 აპრილამდე. საავანსო გადასახადის გადახდა კი ხდება 15 ივნისამდე.
მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის, ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასახადი. დეკლარაციის ჩაბარება ხდება ყოველი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, გადახდაც ხდება 1 აპრილამდე. საავანსო გადასახადის გადახდა კი ხდება 15 ივნისამდე.
საქართველოს საწარმო და უცხოური საწარმო, ორგანიზაცია ან/და ფიზიკური პირი, რომელსაც: Aა) საკუთრებაში აქვს მიწა; ბ) სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, იხდის მიწის გადასახადს. ფიზიკურმა პირმა მიწის გადასახადი უნდა გადაიხადოს, თუ მისი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება. დეკლარაცია უნდა ჩაბარდეს ყოველი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 მაისამდე, გადასახადის გადახდა კი 15 ნოემბრამდე.
იურიდიულმა პირებმა მიწის გადასახადის დეკლარაცია, მიუხედავად მათი შემოსავლის ოდენობისა, უნდა წარადგინონ ყოველი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე. გადასახადის გადახდა კი უნდა მოხდეს 15 ნოემბრამდე.

მოსამსახურეთათვის სამსახურეობრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება
დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯები არ შედის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში. სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯებისაგან, ხოლო 30კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები. ამასთან მაღალი რანგის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურეობრივი მივლინებისას ყოველდღიურად მიეცემა ამ ბრძანებულების N3 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი (იხ. დანართი #3). ადრე მაღალი რანგის თანამდებობის პირის ქვეყნის გარეთ მივლინებების ხარჯების ანაზღაურება ხდებოდა დანართი #2-ის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 14 მაისის N 300 ბრძანებულების შესაბამისად, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურეობრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები. სამთავრობო დელეგაციებს ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ წესის მე-15 პუნქტით და ამ ბრძანებულების N3 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულმა თანამდებობის პირებმა – საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარემ დაწესებულებას უნდა წარუდგინონ ასევე ამავე პუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.
ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.
საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.