ჩვენ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობისკენ მოგვიხდა გადახრა – საქართველოში ინფლაციის ზრდაა მოსალოდნელი

თამარ აბაშმაძე
ინფლაცია თანამედროვე ეკონომიკის მძიმე, ძნელად სამკურნალო დაავადებაა. მისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული. ეს ეხება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ სახელმწიფოებს, აგრეთვე იმ ქვეყნებს, სადაც ასე თუ ისე შენარჩუნებულია სახელმწიფო სიციალიზმის ეკონომიკა.
2006 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის დინამიკა შთამბეჭდავი იყო. ქვეყნის შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ დაახლოებით 10% შეადგინა, იმატა ინვესტიციების შემოდინებამ. მაგრამ ამასთან ერთად ამაღლდა ფასები ენერგეტიკაზე, რამაც სურსათზე ფასების ზრდა გამოიწვია.
2006 წელს ინფლაციის მაჩვენებელმა 14,5%-ს მიაღწია, თუმცა შემდეგ დაიკლო და საშუალოდ 10%-ის ფარგლებში მერყეობს. მიუხედავად ამისა, ინფლაციის მოლოდინი ქვეყანაში კვლავ მაღალია.
ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში დასაქმებულ-დაქირავებულთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ხელფასის ზრდა რადიკალურად ვერ ცვლის საერთო ვითარებას.
ეკონომიკაში ადგილი აქვს ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების სწრაფ შემცირებას. თავისთავად, პოზიტიური მოვლენაა, როდესაც ჩრდილოვანი ეკონომიკა მცირდება და მისი წილი ბოლო 3-4 წლის განმავლობაში განახევრდა.
არაფორმალური მასშტაბების შემცირება, სხვა პოზიტიურ მომენტებთან ერთად ნიშნავს აგრეთვე, მიმდინარე შემოსავლების შემცირებას. ერთი მხრივ იზრდება ოფიციალური, ლეგალური შემოსავლები და მეორე მხრივ, მცირდება შემოსავლები არაფორმალური სექტორიდან. ამგვარად გამოდის, რომ ვიგებთ ხარისხში, მაგრამ რაოდენობაში ჯერ შესაბამისი მოგება არ მიგვიღია.
ბოლო წლების მონაცემებით, ნომინალური შემოსავლები საშუალოდ ერთი სახის შინამეურნეობაზე დაახლოებით 27%-ით არის გაზრდილი, ხარჯები კი – 16%-ით, მაშინ, როცა ინფლაციამ იმატა 25%-ით.
ლეგალური შემოსავლების გაზრდის შემდეგ, ადამიანები უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ შემოსავლებზე. ამიტომ ეს გაუმჯობესება უფრო წმინდა სტატისტიკური დატვირთვისაა, ვიდრე ეკონომიკურის.
გაუმჯობესდა სტატისტიკური მონაცემები, მაგრამ არ არის ცნობილი ნომინალური მონაცემები, მაშინ როცა ხარჯებთან მიმართებაში ასეთი შემზღუდველი და დამაკომპლექსებელი დატვირთვა ხარჯების დამალვისა არ იყო. მისი ზრდა მოკრძალებულია შემოსავლების ზრდასთან შედარებით. მაგრამ თუ ჩვენ ყველაფერს გავყოფთ ინფლაციის ზრდის ტემპზე, მივიღებთ დამაფიქრებელ სურათს. საშუალოდ ერთი სახის შინა მეურნეობაზე შემოსავლები ბოლო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ 2,3%-ით გაიზარდა, ხოლო ხარჯები რეალურ განზომილებაში შემცირებულია დაახლოებით 7,5%-ით, ე.ი. მთლიან შიდა პროდუქტში შიდა მეურნეობის მიერ მოხმარებული დოვლათის ოდენობა შემცირდა. ჩვენ დოვლათს მოვიხმართ ინდივიდუალურად, კოლექტიური მოხმარების და საერთო სახელმწიფოებრივი მოხმარების ფორმით.
მთლიანი შიდა პროდუქტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაიზარდა 60-61%-ით ნომინალურად, ხოლო რეალურ განზომილებაში – 27%-ით.
2003-2006 წლების მონაცემების შედარებისას ნომინალურად გაიზარდა შიდა პროდუქტი, მაგრამ მისი დიდი ნაწილი ინსტიტუციური ერთეულების ფეხზე დასაყენებლად დაიხარჯა, ანუ მოხმარდა სახელმწიფოებრივი მმართველობის, თავდაცვის, უშიშროების და სხვა ზოგადსახელმწიფოებრივი ამოცანების გადაჭრას. მაგრამ რაც შეეხება შემოსავლებს, რომელიც უშუალოდ ოჯახში მოსახმარებლად უნდა დაიხარჯოს, აქ ზრდის მაჩვენებელი მოკრძალებულია.
ჩვენ ერთი უკიდურესობიდან მეორისკენ გადახრა მოგვიხდა.
ის უხვი სიახლე, რომელიც ღარიბ ადამიანს გაკეთებული გზებისა და განათებული ქუჩების სახით ხვდება, კარგია, მაგრამ საჭიროა მას შეეძლოს მისი მიღება საკუთარ ოჯახში. მართალია, მას შეუძლია ნებისმიერ დროს აანთოს ნათურა, მაგრამ ეს დამოკიდებულია მის ეკონომიკურ შესაძლებლობაზე. თითოეულმა ოჯახმა შიდა მეურნეობიდან უნდა მიიღოს იმდენი საშუალება, რომ მან მისი მოხმარება შეძლოს იმისდა მიხედვით, თუ უშუალოდ მას რამდენი სჭირდება.
საქართველოში ამჟამად ორი ტიპის ინფლაციაა – ხარჯებისა და მოთხოვნის ინფლაცია. ხარჯების ინფლაციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ეროვნული ბანკი თვლის, რომ ხარჯების ინფლაციაზე გავლენას ახდენს ეგზოგენური ფაქტორები და მისი წვლილი 70-80%-ია.
როდესაც ძვირდება ბუნებრივი აირი, ჩვენ დაახლოებით 220 მილიონი დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევს იგივე რაოდენობის ბუნებრივი აირის შემოტანისათვის, ვიდრე 2006 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა და სამეურნეო ერთეულები იმპორტირებულ ბუნებრივ აირს ძვირად მიიღებენ, ე.ი. წარმოებული პროდუქციის თუ ოჯახის ხარჯებში უკვე ფასების ზრდაა ჩადებული.
ეს ეგზოგენური ფაქტორია, რასაც შემდეგ ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება – ძვირდება ელექტროენერგია, ტრანსპორტი… ამას ვერ გავექცევით.
თუმცა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სპეციალისტი იოსებ არჩვაძე თვლის, რომ ხარჯების ინფლაციაზე ეგზოგენური ფაქტორების გავლენა შეიძლება 1,3% იყოს, დანარჩენი კი წმინდა ეკონომიკური გარემოებებითა და ფაქტორებით უნდა აიხსნას.
მაგრამ არის კიდევ შიდა ფაქტორები.
საშუალო წლიური ინფლაცია 9,2%-ის დონეზეა. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ფაქტობრივად ინფლაციის ტემპი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს უტოლდება, მაშინ, როცა, მეზობელ სომხეთში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ხოლო ინფლაციის ტემპი – 2,9%. ამიტომ მარჟა – მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასა და ინფლაციის ტემპებს შორის სხვაობა საკმაოდ მაღალია, ჩვენთან კი ეს სხვაობა თითქმის არც იგრძნობა.
აზერბაიჯანი კი თანდათან გადის ამ ეკონომიკური წონითი კატეგორიიდან და უფრო მძიმე წონით კატეგორიაში გადადის. მთელი რიგი ინდიკატორების მიხედვით აზერბაიჯანი დღეს საგრძნობლად უსწრებს საქართველოს.
ინფლაციაზე მონეტარული აგრეგატებიც ახდენენ გავლენას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მითითება და რეკომენდაციაა ის, რომ გატარდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, მოხდეს მიმოქცევიდან ჭარბი ფულის მასის ამოღება სხვადასხვა აუქციონებითა და სერთიფიკატების გამოშვებით, რათა მიმოქცევის სფეროს რაც შეიძლება ნაკლები თანხა დააწვეს. ეს რეცეპტი შეიძლება წარმატებულიც აღმოჩნდეს, მაგრამ ერთი ტიპის რეცეპტი ვერ იძლევა უნივერსალურ შედეგებს. საჭიროა კომპლექსური ღონისძიებები და ხელისუფლების ძალისხმევა, ისეთი საგადასახადო რეჟიმის ფორმირება, რომელიც გააძლიერებს ადგილობრივი მეწარმის ინტერესებს.
“როგორ გვინდა ჩვენ შევინარჩუნოთ სავალუტო ფონდის რეკომენდაცია და წლის ბოლომდე მხოლოდ ერთნიშნა ინფლაცია გვქონდეს, როცა მარტო კომუნალური ტრანსპორტის გაძვირება (1 ივლისიდან) 4.5%-იან ინფლაციას გამოიწვევს, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება”- ამბობს იოსებ არჩვაძე.
ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების გამო მაისის თვეში, წინა წლის მაისთან შედარებით, სამომხმარებლო საქონლის ინფლაციის ტემპი 7,1% იყო, მაშინ, როცა საშუალო და გრძელვადიანი საქონლის მხრივ დეფლაციას ჰქონდა ადგილი – ფასები დაახლოებით 3-4%-ით შემცირდა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს ბაზარზე დიდი ადგილი იმპორტირებულ საქონელს უკავია და ვალუტის გამყარება უზრუნველყოფს იმას, რომ ლარებში მათი ფასი არ გაიზარდოს ან შემცირდეს. მაგრამ მეტისმეტი გამყარებით შეიძლება სერიოზული საფრთხე შევუქმნათ ადგილობრივ მეწარმეობას, საექსპორტო ნიშის დაკავებას ან შენარჩუნებას.
სახელმწიფომ უნდა იზრუნოს არა მარტო ეროვნული ვალუტის გამყარებისა და ინფლაციის ერთნიშნა ციფრზე შენარჩუნებისათვის, არამედ დასაქმებულთა კონტიგენტის მნიშვნელოვან ზრდაზე და დასაქმების შიდა სტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
ინფლაცია ადამიანებს მძიმედ რომ არ დააწვეს, საჭიროა მოქალაქეს საშუალო ხელფასი მაინც ჰქონდეს. საქართველოში კი საშუალო ხელფასი 190 ლარია, 2003 წელთან შედარებით, ის 70 ლარით გაიზარდა.
საქართველოში ხელფასმა ერთადერთი შემოსავლის წყაროს ფუნქცია დაკარგა, მეტიც, ის ძირითადი წყაროც კი არ არის. ხელფასის წილად მოდის მთლიანი შემოსავლების მესამედზე ნაკლები. დანარჩენი არის სამეწარმეო შემოსავალი, ტრანსპერტები, ქონების ელემენტების რეალიზაცია, სასოფლო-სამეურნეო სახის შემოსავალი და ა.შ.
საქართველოში 1 200 000 შიდა მეურნეობაა, ხოლო ეკონომიურად აქტიური მოსახლეობა – 1 700 000.
ყოველ 100 ოჯახზე 50 დაქირავებულ-დასაქმებული ადამიანია, ე.ი. ყოველ მეორე ოჯახს არცერთი ისეთი ეკონომიკურად აქტიური წევრი არ ჰყავს, რომელიც ხელფასს ან ხელფასის მსგავს შემოსავალს იღებს.
ბოლო წლებში ინფლაციასთან შედარებით თითქმის 1/5-ჯერ იზრდებოდა ფასები სურსათზე (33%), მაშინ როცა 24,9%-ით გაიზარდა ინფლაცია.
მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბალშემოსავლიანია და მის საერთო ხარჯებში სურსათის შესაძენად გაწეულ ხარჯებს მაღალი წილი უკავია. სხვა რამისათვის მას ფული არ რჩება, ე. ი. სურსათზე ფასები მისთვის კიდევ უფრო გაიზარდა, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს.
“თვალყურს ვადევნებთ, რომ ინფლაცია არ გაგვექცეს ორნიშნა ციფრამდე, მაგრამ გვავიწყდება, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა შეიძლება საგრძნობლად შემცირდეს. იზრდება ხარჯების რეალური დონე და ღარიბთა რაოდენობა თითქმის ხუთი პუნქტით გაიზარდა, რასაც სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება,”- განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
ვამაყობთ, რომ ბევრი ინდიკატორის მიხედვით საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით მოწინავე ადგილზეა. მაგალითად, სამეულში საქართველო პირველ ადგილზეა რეფორმების გატარების მიხედვით და 22-ე ქვეყანაა, სადაც PayBoy გამოიცა, თუმცა ეკონომიკური განვითარების დონით 120-ე ქვეყანა ვართ.
თავისთავად ცუდი არ არის რეფორმების გატარება ან “Pლაყბოყ”-ს გამოცემა, მაგრამ ყოველივე ეს საბოლოო ჯამში უნდა კონვერტირდებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობაში, ეკონომიკური განვითარების დონეში.
ინვესტიციები კარგია. ის ქმნის პირობებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდამ შეუქცევადი და მდგრადი ხასიათი მიიღოს.
მოსახლეობის კეთილდღეობისათვის საჭიროა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა. მაგალითად, ევროკავშირში მცირე და საშუალო ბიზნესის წილად მოდის მთელი ბრუნვის და გამოშვების დაახლოებით 62%. საქართველოში მხოლოდ – 25%, მაშინ, როცა მსხვილი ბიზნესის წილად საქართველოში მოდის 75%-ზე მეტი, ევროკავშირში კი – 38%.
არადა, ახალი სამუშაო ადგილები იქმნება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობით.
მსხვილი კორპორაციები, რომლებიც შეკვეთას იღებენ სახელმწიფოსაგან განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი ქვეკონტრაქტების სახით ნაწილდება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე, რომლებიც ასრულებენ მსხვილი შემკვეთის დავალებებს. ამით უზრუნველყოფილია დასაქმება მასობრივად და მაღალ დონეზე.

1

2

3

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial