სენ სიმონის, ფურიეს და ოუენის თელასური უკვდავები ანუ პარიზული კომუნის კოჯრული ვარიაცია

ემზარ ჯგერენაია

ღმერთო გმადლობთ, შენი წყალობით გადავაგდეთ სოციალიზმი! ხალხმაც შვებით ამოისუნთქა და თავისუფლებით, კერძო საკუთრების ინსტიქტით აღფრთოვანებულებმა დაიწყეს, როგორც შეეძლოთ, საბაზრო ეკონომიკის შენება ქართულ მენტალობაზე, ინდივიდუალიზმზე და დასავლეთის რჩევებზე დაყრდნობით. ვისაც არ უნახავს სოციალიზმი, ის ვერ გაიგებს კოლექტიური საკუთრებისა და სოციალისტური მენტალიტეტის ძალას.

აი მაგალითად, შენი მეგობარი ზესტაფონში რაც შეიძლება ბევრ შავ ქვას თუ არ მისცემდა სამშობლოს და ამ დროს შენ თავდაუზოგავად შრომობდი და გადაჭარბებით უძღვნიდი ამ შავ ქვას სამშობლოს, შენ ვერ მიიღებდი პრემიას და პროცენტს ანუ დამატებით (ხშირად რეალურ ანაზღაურებას) და პასუხი უნდა გეგო მეგობრის საქციელზე. იგივე იყო სოფლის მეურნეობაში – დომენტია პახმელიაზე ცოტა ჩაის თუ მოკრიფავდა, შენ ლუკმა-პურის გარეშე რჩებოდი. ჰოდა, არ გაამართლა ამ სატიალომ, მორჩა სოციალიზმი და ისტორიას ჩაბარდა.
მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, არც ისე მარტივადაა საქმე. კოლექტივი ცოცხალია, ოღონდ ჩვენს გულებში არა – მრიცხველებში.
“თელასის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო, გადაშალა საჯარო ბიბილოთეკაში, სადაც ასევე გამორთული იყო შუქი მათივე წყალობით, ფრანგი კლასიკოსების ფურიეს და სენ სიმონის უტოპიური სოციალიზმის ტრაქტატები და შექმნა ახალი, უკვე ტიპიური ანუ რეალური ელექტრომრიცხველების კომუნა. არა, ეს შრომა არავის გაკვირვებია ამ ტექნიკურ ეპოქაში და ადრე ინდუსტრიულ სამყაროში, მაგრამ რატომ მაინცდამაინც მრიცხველები და თან საქართველო გახდა ექსპერიმენტის ბაზა და მისი მრავალტანჯული, საწყალი კოჯორი (რა ბედი აქვს მაინც ამ კოჯორს, ეს რუსები ხან წითელი არმიის სახელით შემოესიენ, ხან თელასური ელექტროარმიით). მთელი კოჯრის მოსახლეობა გააერთიანეს ერთ ელექტროკომუნაში და დააწესეს – ელექტროენერგიის მოხმარება ყველას სურვილის და მოთხოვნილების მიხედვით და გადახდა – შესაძლებლობების მიხედვით. მრიცხველებს “იგნორე” გაუკეთეს და თვითონ “ზედამხედველ განმკარგულებელმა”, რომელიც ფურიეს ასისტენტს მოგაგონებთ, ჩამოყარა დავალიანება – ვის რამდენი უნდა გადაეხადა და თავის შეფასებებით ბრძანა: იმას 2000 ლარი დაწერეთ, ამას – 1600 და ამას – 100. კითხეს: სადაური წესიაო, აქაური – კომუნისო, ჩვენ დავნერგეთო და თანაც შუქს მაშინ აწოდებდნენ ამ საწყალ კოჯორს, როცა მოეპრიანებოდათ – სეზონურად. ასე, მაგალითად, 2006 წელს სექტემბერში გამორთეს, მერე დეკემბერში ჩართეს რამდენიმე დღით, ზამთრის მოსვლასთან დაკავშირებით, მერე – აღდგომაზე და ახლა – ივლისის ბოლოს. რას ერჩი ძმაო, არცერთი სეზონის შემოსვლა არ დატოვეს შუქის გარეშე. თანაც სწორია – სად სცალია “თელასს” არკვიოს, ვინ რამდენი დენი მოიხმარა კომუნაში, ამხელა საქმესაა შეჭიდებული, თვითონ არკვიონ კოჯრელებმა, თანაც ჩვენი დიდი წინაპრის პრინციპით – ღარიბს ართმევს, მდიდარს აძლევსო. არა, ესეც სამართლიანია და საერთოდ ეს დავა უფრო შორს მიდის სენ სიმონის ბობოქარი ეპოქიდან პლატონამდე. აბა არისტოტელე და პლატონიც ამაზე არ დაობდნენ? კარგია თუ არა კერძო საკუთრებაო? ჰოდა, არ შეიძლება წინაპართა ნაღვაწის ასე უგულებელყოფა, საჭიროა პატივისცემა და საერთოდ “თელასს” რომ კითხოთ, კომუნები და კომუნალური საკუთრება მშვენიერი რამეა, თანაც თვითონ თუ იქნება კერძო მესაკუთრე და მონოპოლისტი, ხმას თუ ამოიღებ – გამოგირთავს შუქს, მიდი და უყარე კაკლი. ესაა მისი სიმართლი. აყვირდა ხალხი, “აკი გადავარდაო კაცოოოო!” გადავარდა, მაგრამ თელასმა მოდერნისტულ სტილში ააღორძინა. უფრო მეტიც, ეს დააპატენტა და თბილწყალ-ს მიყიდა დიდ თანხად. ახლა თბილწყალი აპირებს საწყალო კომუნების შექმნას და მერე ნახე შენ… ჩემი მეზობლები ქვედა სართულიდან უკვე აპროტესტებენ – ეგ 135 კილოა და დღეში 5 ლიტრ წყალს სვამს, დაბანაზე წარმოიდგინე ჯაკუზში რამდენს დახარჯავსო. თანაც იმ მეზობელს ერთი ბიჭი და ერთი ძაღლი ყავს და საერთოდ არ ბანაობენ, წყალს კი დღემდე მეზობლის ონკანიდან სვამენ. შევშინდი, წარმოვიდგინე ჩემი მეზობელი გიული აბაზანაში როგორ შემომივარდება, მორჩი კაცო, რა ამბავია ამდენი ბანაობა და ჭურჭლის რეცხვაო, თანაც კაი ჭიდაობა იცის და ეგეთი მაწაკობა ეხერხება.
არა გვაქვს მაინცდამაინც ეს სოციალიზმის ნოსტალგია, მაგრამ კოჯრული ახლებური აქცენტით, კაპიტალიზმში მყოფ “თელასის” ტოპ მენეჯმენტს უნდა მოსახლეობა კომუნებში და სოციალიზმში ყავდეს. ისე ახალი აქ არაფერია, ცეკა-ს მდივნები თვითონ კაი ბურჟუებივით ცხოვრობდნენ, ხალხი კი ყავდათ კომუნებში.
ისე მინდა გითხრათ, არც სენ სიმონია კოჯრელი და არც პლატონი – იმერელი და დროის მანქანას “თელასი” თავის პეპლის ფრთებივით მოფარფატე ძაბვის მეგავატებითაც ვერ დააბრუნებს უკან. ასე, რომ თავი დაანებეთ ექსპერიმენტებს,
ან სენ სიმონი წაიკითხეთ კარგად საფრანგეთის ისტორიასთან ერთად, ან ეგ საქმე კარგად არ დამთავრდება.
ისე ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ “თელასი” და “რაო იესი” ენერგეტიკაში არიან შემოსულები და არა სხვაგან, აი, მაგალითად, ჯანდაცვაში და თანაც სამშობიარო სახლებში, შექმნიდნენ კომუნალურ სამშობიაროებს და ერთიანი შვილები გვეყოლებოდა, როგორც სპარტაში ადრე. მაგრამ ეტყობა სპარტას ისტორია ჯერ არ წაუკითხავთ და თანაც ჯანდაცვის ობიექტების პრივატიზაცია ახლა დაიწყეს. ასე რომ ყველაფერი წინაა.
ჰო მოიცა, ისე ეგ არაა ურიგო იდეა! მორჩება ძმაკაცების ქილიკი (განსაკუთრებით ჟორჟოლიანის) სამი გოგოს მამა ხარო, ან საწყალი ქალების ტანჯვა ლოზუნგით – ან იქნები გმირი დედა ან იქნები ბიჭის დედა – ყველას თანაბრად გვეყოლება ბიჭებიც და გოგონებიც და საერთოდ უშვილობის პრობლემაც გადაწყდება – ყველას კომუნის საერთო შვილები გვეყოლება.
და… კომუნა კაცო, 21 საუკუნეში? იდეას ვყიდი “თელას”-ზეც და “თბილწყალ”-ზეც და საერთოდ როგორია თქვენი აზრი სენ სიმონის სპარტანულ-ქართული კომუნის საქრთველოში დანერგვის თაობაზე, ხომ არ გაგვეყიდა ეს “ნოუ-ჰაუ” კომუნალურ მშობიარობაზე? “თელას”-ს და “თბილწყალ”-ს თუ დააინტერესებს, ფურიეს ნათელ ხსოვნას ვფიცავ, ნახევარ ფასში მივყიდი.
ემზარ ჯგერენაია,
კომუნის ფანი