რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

სექტემბერი მეტად დაძაბული და მნიშვნელოვანი თვე იყო ჩვენთვის, ქართველებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას თუ დამკვიდრებას ბევრი უკლია, მსოფლიოს თვალში ჩვენ უკვე სახელმწიფო ვართ, რადგან დაკარგული საერთაშორისო ფუნქცია აღვიდგინეთ. ის, რაც 18 სექტემბერს ბაქოში ხდებოდა, როცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს მსოფლიო რუკაზე საბოლოოდ დაფიქსირების ტოლფასია.

ამიერიდან, საქართველოზე ვერ იტყვიან არშემდგარი სახელმწიფოაო. ოპონენტებს, შესაძლოა, დღესაც ყოფნით ძალა ქილიკისათვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოვლენა მტრებმა ჯეროვნად შეაფასეს და სწორედ ამას მოჰყვა მეზობელი რუსეთის ის უმკაცრესი რეაქცია, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვან დღეს, 11 სექტემბერს, პუტინის განცხადებით ფიზიკურ მუქარაშიც კი გადაიზარდა. რუსეთი თვალსა და ხელს შუა კარგავს თავის ტერიტორიას, რომელიც მას ბოლო 200 წელიწადი “ეკუთვნოდა”. მსოფლიო ისტორიამ ბევრი მაგალითი იცის მეტროპოლიისაგან ყოფილი კოლონიების გამოყოფის, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ეკონომიკურად ისევ ყოფილი მეტროპოლიის ზეგავლენის ქვეშ რჩებიან. ავიღოთ, თუნდაც, ინგლისის თუ საფრანგეთის მაგალითები – ინდოეთის, აფრიკის ქვეყნები. იგივე შეიძლება ითქვას ავსტრალია-ახალი ზელანდიის მაგალითზე, სადაც დღემდე გრძელდება ყოფილი მეტროპოლიის მხრიდან ეკონომიკური ექსპანსია.

ჩვენს შემთხვევაში, რუსეთი არა მარტო ეკონომიკური დომინანტის როლს კარგავს, უფრო მეტიც, ყოფილი კოლონია ენერგომატარებლების საექსპორტო ხაზების გატარების საკითხში მისი კონკურენტი გახდა. იგი ამ კონკურენციულ ომში დამარცხდა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო არასტაბილური ქვეყანა გაეხადა, ტერიტორიულ-ეკონომიკური პრობლემებით. შემდგომ მსოფლიოს თვალში საქართველოსგან ტერორიზმის მფარველის იმიჯის შექმნაც დაიწყო, საქართველო რუსეთის წინაშე აგრესიაშიც დაადანაშაულა. პარალელურად, ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენი აღადგინა და ტერიტორიის სრული გაკონტროლების მიზნით, ნახევარი ჩეჩნეთი გაჟლიტა. ამასთან ერთად, სასწრაფოდ აღადგინა და დაიწყო სიმძლავრეების გაზრდა აქტაუ (ყაზახეთი) – ნოვოროსიისკის მიმართულებით, თუმცა, არაფერი ეშველა. საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ მთელ რიგ საკითხებში რუსეთთანაც, თავი ვერ მოაწონა. მათ ერთხმად დაგვიჭირეს მხარი და საქართველოს, რომელმაც საერთაშორისო ფუნქცია აშშ-ის დახმარებით მიიღო, ქვეყანა გახდა. რუსეთმა კი, დაკარგა ტერიტორია, ბაზარი და ბიზნესიც.

11 სექტემბერს, როცა მთელი მსოფლიო, ერთი წლის წინ აშშ-ში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვობდა, რუსეთი საქართველოს დაბომბვით დაემუქრა. ალბათ, ეს მუქარა უკანასკნელი არ იქნება და იგი საქართველოს თავისი ორთავიანი არწივის ბრჭყალებს კიდევ ბევრჯერ უჩვენებს, მაგრამ საქართველო უკვე მსოფლიოს სჭირდება! დასავლეთი, რომელსაც რუსეთი ესოდენ დიდ ანგარიშს უწევს, მას არ დათმობს.

აშშ-ში 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა და აშშ-ში უფრო მხურვალედ უჭერენ მხარს პატარა, განვითარებად ქვეყნებს, განსაკუთრებით, საქართველოს. მან ეს უკანასკნელი თავის ინტერესთა სფეროდ გამოაცხადა. თუ აქამდე ეკონომიკურად ეხმარებოდა, ამჟამად აქტიურ სამხედრო დახმარებასაც არ არიდებს თავს. ტირანია და დიქტატი ერაყში იქნება თუ რუსეთში, ერთიანად საზიანოა მთელი კაცობრიობისათვის. მსოფლიოსათვის მხოლოდ ერაყის ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღი კი არ არის საშიში, არამედ ის, რა დესტრუქციულ როლსაც ასრულებს ერაყი და მსგავსი დიქტატორული რეჟიმები მსოფლიო ბიზნესის განვითარებაში. როცა ნავთობს დემპინგურ ფასებში ყიდიან და ე. წ. “შაპკა”, ანუ ქრთამი კონტრაქტისათვის სახელმწიფო დონეზეა აყვანილი. მიდგომა ერთია – ის, ვინც ბანდიტებს, დამნაშავეებს, ყაჩაღებს მფარველობს და დიქტატურის აპოლოგეტია, ქვეყნის შიდა თუ საგარეო ერთიერთობაში, მთელი ცივილური მსოფლიოსათვის თანაბრად საშიშია და ამიტომაც საქართველოც და პროგრესული მსოფლიო აშშ-ის ირგვლივ ირაზმება ტერორიზმისა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში და მხარს უჭერს მას. დიქტატი, დიქტატურა და ტერორიზმი განუყოფელი ცნებებია და ერთნაირ სენს წარმოადგენენ, რადგან დიქტატურას, რომელსაც არ უწერია დიდი ხნის სიცოცხლე, ცდილობს ხელისუფლების შესანარჩუნებლად ძალადობას და ტერორს მიმართოს. ამიტომ არის ეს ორი სიტყვა სინონიმი და ერთნაირად საშიში დიდი თუ პატარა ქვეყნებისათვის.

სექტემბერში, საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, ჯერ მხოლოდ ეკონომისტის დღეს ვზეიმობთ და ფაცი-ფუცით ვემზადებით არჩევნებისათვის, მაგრამ სექტემბერში, აშშ-ის დახმარებით საქართველოს სახელმწიფოებრიობა შედგა.