საბანკო საქმიანობის შედეგები იმერეთსა და ქ. ქუთაისში

რეზო რობაქიძე

2007 წლის პირველ ნახევარში იმერეთში მოქმედი კომერციული ბანკების (“საქართველოს ბანკი”, “თი-ბი-სი” ბანკი, “პროკრედიტბანკი”, “სახალხო ბანკი”, ბანკი “ქართუ”, “ვი-თი-ბი”, “სტანდარტბანკი” “ტაობანკი” და ბანკი რესპუბლიკა) ფილიალებისა და სერვის-ცენტრების მიერ ადგილობრივი ეკონომიკის დაკრედიტება კვლავ ზრდის მაღალი ტემპით აღინიშნა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეკონომიკისთვის გაცემულმა სესხებმა 77,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 58%-ით აღემატება 2006 წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემული კრედიტების მოცულობას (49.1 მლნ. ლარი).

ამ მონაცემებით რეგიონს ქვეყნის მთლიან საბანკო სესხებში 2,2%-იანი სეგმენტი უკავია. ამასთან იმერეთში მოსახლეობის ერთ სულზე ექვს თვეში საშუალოდ გაცემულია 155 ლარი, მაშინ როცა შარშან შესაბამის პერიოდში გაცემული იყო 98 ლარი, ხოლო ქუთაისში ეს მაჩვენებელი 437 ლარს შეადგენს. სესხების ზრდის პარალელურად უმჯობესდებოდა დაკრედიტების პირობები და ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის გარდა იმერეთის დანარჩენ თორმეტ რაიონსა და ქალაქებში ბანკებმა მიმდინარე წელს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაცემული სესხების მოცულობა თითქმის 5-ჯერ გაზარდეს. ჩვენის აზრით, დიდია ამ სეგმენტის რეზერვების ათვისების მოლოდინი ბანკებისთვის და უახლოეს ორ-სამ წელიწადში შესაძლებელია იმერეთის რაიონების წილი მთლიან სესხებში ქუთაისისას გაუტოლდეს.
რეგიონში საკრედიტო რესურსების ძირითადი ნაკადები მიმართულია ვაჭრობა-მომსახურებისა და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე, რამაც შესაბამისად მთლიანი სესხების 35% (27,1 მლნ. ლარი) და 51% (39,36 მლნ. ლარი) შეადგინა (იხ.გრაფიკი#1).
მრეწველობაში შარშან I-II კვარტალში 1,367 მლნ ლარი გაიცა, ხოლო წელს – 2,148 მლნ ლარი (გაიზარდა 57%-ით). ეს მონაცემი ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან რეგიონის ეკონომიკური მონიტორინგის II კვარტალის შედეგები მიუთითებს მრეწველობის დარგის წარმომადგენელთა პოზიტიურ განწყობას საბანკო სექტორისა და დაკრედიტების პირობების მიმართ. მრეწველობაში ძირითადად კრედიტი გაიცა:
იმერეთში მოქმედი ქვის გადამამუშავებელ მცირე საწარმოებში
საავტომობილო გზებსა და ტროტუარებზე დასაგები სპეციალური ფილების მწარმოებელ საწარმოებში
კვების მრეწველობის ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ ინდმეწარმეებისათვის
მცირე სამკერვალო, საავეჯო და ფეხსაცმლის მწარმოებელი ინდმეწარმეებისათვის
კვლავ მაღალია დაკრედიტების ზრდის მაჩვენებელი (92%) ტრანსპორტში, რაც თვალსაჩინოა ქუთაისსა და იმერეთში: ეს არის ახალი კერძო ტაქსომოტორული კომპანიები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ რეგიონში და ამ მიმართებით უკვე ასეულობით ადამიანი დასაქმდა, რის შედეგად ტაქსით მომსახურეობის სერვისში კონკურენციამ ხელმისაწვდომი გახადა მომსახურების ტარიფები.
2007 წლის I-II კვარტალების მანძილზე გაიზარდა სესხის მომსახურების კულტურა, 62%-ით შემცირდა ვადაგადაცილებები, რაც დასტურდება ჩვენს მიერ მომზადებული საბანკო სტატისტიკის მასალებით. კერძოდ, მთლიან სესხებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 0.4%-ს შეადგენს, მაშინ როცა 2006 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 1,6%-ს შეადგენდა. ყოველივე ეს საბანკო საქმიანობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს, რაც ბოლო წლებში აშკარად იგრძნობა.
აღსანიშნავია დაკრედიტების მასშტაბების დიდი ზრდა სოფლის მეურნეობაში, სადაც გაცილებით დიდი რეზერვებია. სულ უფრო მეტი მეწარმე ფიქრობს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში ჩაბმას. მარტო წყალტუბოს რაიონის 11 სოფელში მწვანილის ინდუსტრიას, სადაც 5500 მცირე და საშუალო ფერმერს 5000 ტონამდე მწვანილი მოჰყავს, 25 მილიონი ლარის საექსპორტო პროდუქცია გააქვს საზღვარგარეთ. მიუხედავად რუსეთის ბლოკადისა და ბრუნვის გარკვეული შემცირებისა, მეწარმეებმა მონახეს პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრები ბელორუსიაში, უკრაინასა და პოლონეთში. აგროსექტორი იმდენად აუთვისებელი სეგმენტია, რომ აქ საბანკო სექტორის კიდევ უფრო დაინტერესებამ რეგიონის ბანკებს შეიძლება განვითარების ახალი, მძლავრი იმპულსი მისცეს. ანალოგიური რეკომენდაცია რეგიონის კომერციულ ბანკებს თვით აგროსექტორის წარმომადგენლებმა შარშან გააცნეს და უკვე 2007 წლის I-II კვარატლების მონაცემებით, სოფლის მეურნეობის დარგის დაკრედიტება 310%-ით გაიზარდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ბანკებმა, განსაკუთრებით კი პროკრედიტბანკის ქუთაისის ფილიალმა და რეგიონის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა დაიწყეს არა მარტო წვრილი და მოკლევადიანი სესხების, არამედ იმერეთის მასშტაბით საშუალო და გრძელვადიანი კრედიტების გაცემა გლეხებზე, რომელთა საკმაო ნაწილი უკვე ქმნის კერძო ფერმერულ მეურნეობებს 4-5 კაპიტალური მინის სათბურით, რომელიც მუშაობს მთელი წლის მანძილზე და ზამთრობით მწვანილის მოყვანის შემდეგ ზაფხულობით კიტრისა და პომიდორის მოსავალს იძლევა. სწორედ ამიტომ ქუთაისის აგრარულ ბაზარზე ფასები ამ პროდუქციაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში. გარდა ამისა, მარტო ერთ სოფელში საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ 300 ოჯახზე გაცემული კრედიტის შედეგად სულ მცირე 1200 ადამიანი დასაქმდა მთელი წლის მანძილზე და მრავალმა მათგანმა გადაიფიქრა ემიგრაციაში წასვლა. სოფლის მეურნეობის დაკრედიტებაში კიდევ დიდი რეზერვებია და ვფიქრობთ, ბანკებმა უნდა იზრუნონ ქუთაისის გარშემო არსებულ მსხვილ სოფლებში სერვის-ცენტრების გახსნაზე.
ჩვენი აზრით, იმერეთის რეგიონში ეკონომიკის, სამეწარმეო აქტივობის ხელშემწყობი ფაქტორია გრძელვადიანი კრედიტების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა. გრძელვადიანი სესხების მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 53,6%-ით გაიზარდა და მისი წილი მთლიან სესხებში 53%-ს შეადგენს.
საბანკო საქმიანობის მდგრადი განვითარების მაჩვენებელია რეგიონში მოქმედი კომერციული ბანკების ფილიალებში მთლიანი დეპოზიტების რაოდენობის ზრდა. მათი მოცულობა 110%-ით გაიზარდა და 72,4 მლნ. ლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ქვეყნის მთლიან დეპოზიტებში იმერეთის რეგიონს 3%-იანი სეგმენტი უკავია. მოსახლეობის ერთ სულზე იმერეთში საშუალოდ დეპოზიტებზე 145 ლარია განთავსებული, ხოლო ქუთაისში – 377 ლარი. ამასთან 55%-ით გადიდდა გრძელვადიანი დეპოზიტების მოცულობა, ესეც ბანკებისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში, 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 180%-ით გაიზარდა. ამის შედეგად შარშანდელთან შედარებით 13,5%-ით შემცირდა დოლარიზაციის კოეფიციენტი, რომელიც ამჟამად 45%-ს შეადგენს (იხ. გრაფიკი N 2), რაც ლარისადმი ნდობის უდაო დადასტურებაა. რაც შეეხება ფიზიკური პირების დეპოზიტებს, აქ დოლარიზაციის კოეფიციენტი 76%-ია.
მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ფარგლებს გარედან იმერეთსა და ქუთაისში ჩამორიცხული ვალუტის სტრუქტურა (იხ.გრაფიკიN3)
პირველი: ჩამორიცხული ვალუტის მოცულობამ 117 მლნ. ლარი შეადგინა, ანუ თითქმის 70 მილიონი აშშ დოლარი, რაც საქართველოში უცხოეთიდან ჩამორიცხული თანხების თითქმის 20%-ს უდრის. მოსახლეობის ერთ სულზე იმერეთში საშუალოდ 233 ლარის ფულადი გზავნილობა მოდის, ხოლო ქუთაისში ეს მაჩვენებელი 610 ლარს შეადგენს, ანუ თვეში – 102 ლარს.
მეორე: გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გზავნილობების მოცულობა 40%-ით გაიზარდა. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ქუთაისის გარდა იმერეთის რაიონების საბანკო დაწესებულებებში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გზავნილობები გასამმაგდა და 21,5 მილიონ ლარს მიაღწია.
მესამე: შევძელით ჩამორიცხვების გეოგრაფიის გაშიფვრა, რამაც გვიჩვენა, რომ გზავნილობების 2/3 კვლავაც რუსეთზე მოდის.
საყურადღებოა გზავნილობების ერთ-ერთი დადებითი შედეგები: მათ სარგებელი მოაქვთ როგორც ემიგრანტების ოჯახებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. როგორც საბანკო სტატისტიკით, ასევე ეკონომიკური მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით ჩანს, თუ როგორ აქტიურად დაბანდდა ეს თანხები უძრავ ქონებასა და კერძო მშენებლობებში. ის, რომ დღეს ქუთაისში მშენებლობის ბუმია და უძრავმა ქონებამ მაღალი ფასი დაიდო, ეს ფულად გზავნილობებთან არის დაკავშირებული. ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისში მშენებარე ორ მასშტაბურ და სოლიდურ სავაჭრო ცენტრში (ერთ-ერთია ქარვასლა) კვადრატული მეტრის ფასმა ორი ათას აშშ დოლარის შესაბამის თანხას ლარებში გადააჭარბა. არადა, სულ რაღაც 8 თვის წინ, როცა მათი მშენებლობა დაიწყო, კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 1000 აშშ დოლარი იყო. ფართების ძირითადი მყიდველები სწორედ ემიგრაციაში წასულები არიან. ამითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ მიუხედავად გრძელვადიანი ანაბრების 55%-იანი და მთლიანი დეპოზიტების 110%-იანი ზრდისა, გზავნილობების საკმაო ნაწილი სწორედ უძრავ ქონებაში ბანდდება, ვინაიდან უკუგება აქ უფრო დიდია.
ახლა ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ერთ დაკვირვებაზე: ექვს თვეში ფულადი გზავნილობების სახით ბანკებში ჩამოირიცხა 117 მილიონი ლარი. ამ პერიოდში რეგიონის ბანკებმა მოსახლეობისგან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით 84 მილიონი ლარის უცხოური ვალუტა შეისყიდეს. იმერეთის რეგიონში მოქმედმა 70-მა ლიცენზირებულმა ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა მოსახლეობისგან 32 მილიონი ლარის უცხოური ვალუტა შეისყიდა, ანუ ოფიციალური გზავნილობების რაოდენობა პუნქტებში და ბანკებში კონვერტირებული ვალუტის ოდენობას ემთხვევა, რაც რეგიონში სავალუტო პუნქტებში აღიცხვიანობის მოწესრიგებაზე მიუთითებს.
გასულ წელს პირველად საბანკო სტატისტიკის შედგენისას, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვესწავლა, თუ როგორ ინერგება რეგიონში საბანკო მომსახურების ისეთი სერვისი, როგორიცაა ბანკომატები და პლასტიკური ბარათები. აღმოჩნდა, რომ ქუთაისის გარდა ბანკომატებით სარგებლობს სამტრედიის, ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს რაიონების მოსახლეობა. ქუთაისის ჩათვლით, იმერეთში დადგმულია 34 ბანკომატი. პლასტიკური ბარათების მფლობელთა რაოდენობა რეგიონში ერთ წელიწადში 12-ჯერ გაიზარდა და 103,5 ათას კაცს მიაღწია, რაც ქვეყნის მთლიანი მაჩვენებლის 6,8%-ს შეადგენს. 2007 წლის I-II კვარტალში ბანკომატებიდან განაღდებულია სებ-ის ქუთაისის ფილიალიდან კომერციული ბანკების ფილიალებზე I-II კვარტალის მანძილზე გაცემული თანხების 24%, ანუ 44,25 მილიონი ლარი, ე.ი. ქვეყნის მთლიანი მაჩვენებლის 4,4%. ჩვენი მონაცემებით, ამ ახალი სერვისით ძირითადად სარგებლობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ასევე სხვადასხვა კორპორატიული კლიენტები. ოქტომბრის თვეში სახალხო ბანკმა დაიწყო რეგიონის პენსიონერების პლასტიკური ბარათების სერვისზე გადაყვანა და უახლოეს პერიოდში ეს სერვისი რეგიონში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. რაც მთავარია, სახალხო ბანკის მიერ დანერგილმა სიახლემ მთლიანად მოხსნა ბანკის სერვის-ცენტრებთან მრავალსაათიანი რიგები. ვფიქრობთ, რეგიონის სავაჭრო ქსელებში უნაღდო ანგარიშსწორების სერვისის დანერგვას სავაჭრო ბრენდების შემოსვლის შემდეგ, აუცილებლად მოჰყვება პლასტიკური ბარათების გამოყენების ზრდა. ასევე გაიზრდება მოსახლეობის ერთ სულზე პლასტიკური ბარათებით შესრულებული ოპერაციების მოცულობა რომელმაც 2007 წლის ექვს თვეში იმერეთში 88 ლარი შეადგინა.
რეგულარულად ვსწავლობთ რეგიონში ეკონომიკის მონიტორინგისა და საბანკო სექტორის საქმიანობას და ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით სრულყოფილად უნდა განვიხილოთ იმერეთის რეგიონის ის რაიონები, რომლებსაც აქვთ სერიოზული პერსპექტივა ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულების კლასტერებად, იქნება ეს სამრეწველო, სატრანსპორტო, თუ სამთო ნედლეულის მომპოვებელი. ამ პერსპექტივებთან დაკავშირებით, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის განვითარება და გააქტიურება სწორედ ამ რაიონებში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვა სექტორების სწრაფ განვითარებასაც. ჩვენ მიმოვიხილავთ ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურისა და საჩხერის რაიონებში საბანკო და ეკონომიკური მონიტორინგის შედეგებს, ხოლო მომავალში შევეხებით რეგიონის სხვა რაიონებსაც.

ზესტაფონის რაიონში მოქმედი საბანკო საქმიანობა და რაიონის ეკონომიკური მდგომარეობა
ზესტაფონის რაიონში ორი საბანკო დაწესებულება მოქმედებს: “სახალხო ბანკი-ს ფილიალი და “საქართველოს ბანკი-ს სერვის-ცენტრი. აღსანიშნავია, რომ რაიონს ზოგიერთი საბანკო მაჩვენებლის მიხედვით იმერეთში მეორე ადგილი უკავია ქუთაისის შემდეგ. ეს წარმატებები ძირითადად უკავშირდება “საქართველოს ბანკი-ს სერვის-ცენტრს, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინათ გაიხსნა.
1) 2007 წლის მონაცემებით, ექვს თვეში რაიონის ბანკების მიერ გაცემულია 3,95 მლნ ლარის სესხი, რაც იმერეთის რაიონებში მოქმედი 18 საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული მთლიანი სესხების (12,05 მლნ ლარი) 33%-ია.
2) ზესტაფონის რაიონი მესამე ადგილზეა რეგიონში ფულადი გზავნილობების სიდიდით, ქუთაისისა და სამტრედიის შემდეგ. 2007 წლის პირველ ნახევარში ზესტაფონის ბანკებში უცხოეთიდან ფულადი გზავნილობების სახით ჩამორიცხა 5,685 მილიონი ლარი, რაც ამ პერიოდში ქუთაისის გარდა, იმერეთის დანარჩენ 11 რაიონში ჩამორიცხული თანხების 26 %-ია. საინტერესოა, რომ გზავნილობები 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,5-ჯერ გაიზარდა.
3) მიმდინარე წელს ფიზიკური პირების დეპოზიტებზე რაიონის ორივე საბანკო დაწესებულებაში 1,1 მილიონი ლარია განთავსებული, რაც იმერეთის ბანკებში რიცხული ფიზიკური პირების მთლიანი დეპოზიტების 26%-ია.
4) რაიონში განთავსებულია 2 ბანკომატი, პლასტიკური ბარათის მფლობელია 16255 კაცი და 6 თვეში ბანკომატებიდან განაღდებულია 3,82 მილიონი ლარი, რაც რეგიონული მაჩვენებლის მეოთხედია.
გარდა ამისა, რაიონში წარმატებით ვითარდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, მიმდინარე წელს ზესტაფონში ორი ახალი ლიცენზირებული პუნქტი გაიხსნა, ხოლო ახლო მომავალში კიდევ ორი ახალი პუნქტის გახსნაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება რაიონში ზოგად ეკონომიკურ სიტუაციას. აქ “ფეროს” საქმიანობის განვითარებას და ადამიანთა დასაქმებას, სტაბილურ ხელფასებს, მოჰყვა თანამდევი სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება. შენდება სავაჭრო ობიექტები როგორც ადგილობრივი ძალებით, ასევე ხდება დედაქალაქის სავაჭრო ბიზნესის შემოსვლა რაიონში. ყოველივე ამან გამოიწვია ბოლო ერთ წელიწადში ფასების მინიმუმ 100%-იანი ზრდა, როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ ფართებზე.
როგორც ჩანს, ზესტაფონის რაიონში ბიზნეს-სიტუაციის გაუმჯობესებამ ბიძგი მისცა “საქართველოს ბანკს” გაზარდოს საცალო-საბანკო პროდუქტებით მომსახურების ქსელი, ხოლო “ტაობანკმა გადაწყვიტა მიმდინარე წლის ბოლომდე დაარეგისტრიროს ფილიალი ზესტაფონში. ვფიქრობთ, სხვა ბანკებს სურვილის შემთხვევაში ამ რაიონში მეტი ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობა შეექმნებათ.

სამტრედიის რაიონში საბანკო საქმიანობა და ეკონომიკური მდგომარეობა
სამტრედიის რაიონში ორი საბანკო დაწესებულება მოქმედებს: “სახალხო ბანკი-სა და “ბანკი რესპუბლიკი-ს ფილიალები.
1) საბანკო კრედიტები: 2006 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ამ რაიონის ბანკების მიერ გაიცა იყო 1,3 მილიონი ლარის სესხი. ამ მონაცემით რაიონი შარშან მეორე ადგილზე იმყოფებოდა რეგიონში, ქუთაისის შემდეგ, ხოლო “ბანკი რესპუბლიკის ფილიალი, რომელზეც მოდიოდა ამ სესხების 90%-ზე მეტი, საუკეთესო იყო რეგიონში, ქუთაისის შემდეგ.
2007 წლის მონაცემებით, ექვს თვეში რაიონის ბანკების მიერ გაცემულია 1,563 მლნ ლარის სესხი, ანუ ზრდა შარშანდელთან შედარებით თითქმის 20 პროცენტია. თუმცა სამტრედიის ბანკებს ამ მაჩვენებლით მიმდინარე წელს უკვე გადაუსწროზესტაფონის ბანკებმა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი სამტრედიელი კრედიტებს იღებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში “კონსტანტა” და “კრისტალში”, რომლებსაც ამ რაიონში სერიოზული საკრედიტო პორთფელი გააჩნიათ, ასევე ბევრი სამტრედიელი სარგებლობს ქუთაისში “პროკრედიტბანკის კრედიტებით. ასე რომ, რაიონი, რომელიც ჩამოყალიბდა რეგიონის სატრანსპორტო კვანძად, საბანკო სექტორის მიერ ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ ათვისებული
2) სამტრედიის რაიონი ქუთაისის შემდეგ მეორე ადგილზეა რეგიონში ფულადი გზავნილობების სიდიდით. 2007 წლის პირველ ნახევარში სამტრედიის ბანკებში უცხოეთიდან ფულადი გზავნილობების სახით ჩამოირიცხა 7,55 მილიონი ლარი, რაც ამ პერიოდში ქუთაისის გარდა, იმერეთის დანარჩენ 11 რაიონში ჩამორიცხული თანხების 35%-ია. საინტერესოა, რომ გზავნილობები 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,2-ჯერ გაიზარდა. ამ თანხებს, როგორც ჩანს, ძირითადად უძრავ ქონებასა და მცირე ბიზნესში აბანდებენ, რამაც ბოლო ერთი წლის მანძილზე უძრავ ქონებაზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
3) რაიონში განთავსებულია 4 ბანკომატი, პლასტიკური ბარათის მფლობელთა ოდენობამ 14 ათას კაცს მიაღწია და 6 თვეში ბანკომატებიდან განაღდებულია 9 მილიონი ლარი, მაშინ როცა შარშან განაღდებული იყო 2,5 მილიონი ლარი, ანუ ეს მაჩვენებელი 3,5-ჯერ გაიზარდა.
ყველა ამ მონაცემზე დაყრდნობით, შეიძლება დავასკვნათ, რომ საბანკო საქმიანობა სამტრედიაში მზარდი და პერსპექტიულია.

ჭიათურისა და საჩხერის რაიონებში საბანკო და ეკონომიკური სექტორის პერსპექტივები
ჭიათურისა და საჩხერის რაიონები, როგორც ეკონომიკურად ურთიერთდაკავშირებული რაიონები იმერეთის მხარეში, თანდათანობით ყალიბდება ეკონომიკურად აქტიურ რეგიონებად. ჭიათურაში სამი საბანკო დაწესებულება მოქმედებს: “სახალხო ბანკის, “ტაობანკის ფილიალები და “საქართველოს ბანკის სერვის-ცენტრი, ხოლო საჩხერეში მხოლოდ “სახალხო ბანკის ფილიალი ფუნქციონირებს.
1) 2007 წლის მონაცემებით, ექვს თვეში ორი რაიონის ბანკების მიერ გაცემულია 0,9 მლნ ლარის სესხი, რაც იმერეთის რაიონებში მოქმედი 18 საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული მთლიანი სესხების (12,05 მლნ ლარი) მხოლოდ 7,5%-ია.
2) 2007 წლის პირველ ნახევარში საჩხერისა და ჭიათურის რაიონების ბანკებში უცხოეთიდან ფულადი გზავნილობების სახით ჩამოირიცხა 3,535 მილიონი ლარი, რაც ამ პერიოდში ქუთაისის გარდა, იმერეთის დანარჩენ 11 რაიონში ჩამორიცხული თანხების 16,5%-ია. საინტერესოა, რომ გზავნილობები 2006 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა.
3) მიმდინარე წელს ფიზიკური პირების დეპოზიტებზე რაიონების ოთხივე საბანკო დაწესებულებაში 1,14 მილიონი ლარია განთავსებული, რაც იმერეთის ბანკებში რიცხული ფიზიკური პირების მთლიანი დეპოზიტების 27%-ია, ხოლო რაც შეეხება მთლიან დეპოზიტებსა და მიმდინარე ანგარიშებს, ამ მონაცემებით ჭიათურასა და საჩხერეში დეპოზიტებზე განთავსებულია 5,755 მლნ ლარი, ანუ ქუთაისის გარდა მთელი იმერეთის მაჩვენებლების 36,4 პროცენტი, რაც იმის დასტურია, რომ ამ რაიონებში ფინანსური რესურსების მქონე ბიზნეს-სტრუქტურები საქმიანობენ, რასაც ადასტურებს ამ რაიონების ეკონომიკური მონიტორინგის მასალები. მარტო “ჭიათურმანგანუმ-ში ახალი მმართველი კომპანიის “ჯორჯიან მანგანეზის შემოსვლამ და მის მიერ დაზარალებულ მოსახლეობაზე მილიონობით ლარის დარიგებამ რაიონში, ერთის მხრივ, ბიზნეს აქტივობის ზრდა და უძრავ ქონებაზე სულ რაღაც ექვს თვეში ფასების 100-200%-ით ზრდა გამოიწვია, ხოლო, მეორე მხრივ, გაჩნდა ახალი ინვესტიციების მოლოდინი მმართველი კომპანიის მხრიდან. ამას დაემატა სავაჭრო და მომსახურების სექტორის გააქტიურება და მათ მიერ რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელების ( კერძოდ, მსხვილი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის) დაწყება. რაიონში დაკრედიტების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. თუკი “ჯორჯიან მარგანეზი მართლაც დაიწყებს დაპირებული საინვესტიცო პროგრამის განხორციელებასა და საწარმოო სიმძლავრეების სრულად დატვირთვას და შესაბამისად მრავალი ჭიათურელის დასაქმებას, მას ექნება მულტიპლიკაციის ეფექტი და გამოიწვევს ეკონომიკის სხვა სხვა სექტორების სწრაფ განვითარებას, ასევე მოთხოვნის გაზრდას საბანკო კრედიტებსა და მომსახურებაზე. ჩვენი აზრით, საბანკო სექტორმა აქედანვე უნდა იზრუნოს ჭიათურის რაიონის ათვისებისათვის.
რაც შეეხება საჩხერის რაიონს ჩვენი მონიტორინგის მასალების გაანალიზება ცხადყოფს, რომ ბანკები აგვიანებენ ამ რაიონში აქტიური საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებას, ვინაიდან იმ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებში, რაც საჩხერეში მიმდინარეობს, ბანკები ნაკლებად მონაწილეობენ. არადა, ჩვენი აზრით, რაიონის მცირე ბიზნესს, განსაკუთრებით სავაჭრო და მომსახურების სფეროებს, სოფლის მეურნეობის სექტორს უკვე სჭირდება ბანკებთან თანამშრომლობა. საჩხერის მოსახლეობა ძირითადად გადახდისუნარიანია და ამის გამო ადგილობრივ სავაჭრო სექტორში ფასები ქუთაისზე მაღალია და თბილისის ფასებს უტოლდება, ასევე ძვირია უძრავი ქონებაც. ამდენად ვფიქრობთ,რომ ახალი საბანკო პროდუქტებისა და საკრედიტო პროგრამების დანერგვა საჩხერეში წარმატებული იქნება.
&ლოწასტ; &ლოწასტ; &ლოწასტ;
იმერეთის საბანკო სტატისტიკის ძირითადი მიმართულებებისა და ასევე რეგიონის ზოგიერთ რაიონში ეკონომიკისა და საბანკო საქმიანობის პერსპექტივების განხილვის სტატისტიკური მასალების და ეკონომიკური მონიტორინგის მასალების საფუძველზე შეიძლება დავასკვათ:
1. კერძოდ, საბანკო სექტორი ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში დინამიურად ვითარდება (გრაფიკი N4) და იგი რეგიონში ეკონომიკის ზრდის უმთავრესი ფაქტორი გახდა, ბანკებს საქმიანობის მზარდი ტემპების შესანარჩუნებლად მოუწევთ ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვა და კლიენტთა მომსახურების სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მეტიც, ჩვენი აზრით, რეგიონის ეკონომიკისა და საბანკო სექტორის დასავლურ სტანდარტებთან მიახლოების მიზნით აუცილებელია ახალი ბანკების ფილიალებისა და ახალი სერვის-ცენტრების გახსნა. ამიტომ დადებით მოვლენად მიგვაჩნია ბანკი “რესპუბლიკის ქუთაისის ფილიალის გახსნა და ჭიათურაში “ტაო-ბანკის სერვის-ცენტრის ამოქმედება, ასევე “საქართველოს ბანკის ჭიათურის სერვის-ცენტრის ახალი, თანამედროვე ოფისის გახსნა. ჩვენი ინფორმაციით, წლის ბოლომდე ტაობანკი აპირებს ახალი ფილიალების გახსნას ქუთაისსა და იმერეთის რამდენიმე რაიონში. ჩვენი ანალიზით, იმერეთის რეგიონში ამჟამად არის მოთხოვნილება ფუნქციონირებდეს მინიმუმ 80 სერვის-ცენტრი და ბანკის ფილიალი, არადა, მათი რიცხვი ჯერ-ჯერობით 30-ს არ აღემატება.
2. ჩვენი აზრით, ბანკებმა აქედანვე უნდა დაგეგმონ საქმიანობის გაფართოება ტყიბულის რაიონში, ვინაიდან აქ უკვე 2 დიდი მაღაროს ამუშავებით ინვესტორმა “საქინვესტმა” შეძლო 600 სამუშაო ადგილის შექმნა და ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზება. ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში იგეგმება სამუშაო ადგილების გაორმაგება და მუშა-მოსამსახურეთა საშუალო ხელფასი 300 ლარის ფარგლებში იქნება. ეს ნიშნავს, რომ მიგრანტების ფულად გზავნილობებთან ერთად ტყიბულში გაჩნდება მნიშვნელოვანი რაოდენობის ადგილზე შექმნილი თანხა, რომელიც ასევე დაიხარჯება ადგილობრივ სავაჭრო და მომსახურეობის ობიექტებში, ასევე უძრავ ქონებაში. ამ პერსპექტივებმა ბოლო პერიოდში უკვე გამოიწვია ტყიბულში საცხოვრებელ და კომერციულ ფართებზე ფასების სოლიდური ზრდა. ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ შაორის წყალსაცავი, რომელსაც ფართო ტურისტული პერსპექტივა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში მდებარეობს, ტერიტორიულად სწორედ ტყიბულს ესაზღვრება.
3. საბანკო მენეჯმენტის წინაშე ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა კლიენტთა დიდი რიგები ბანკების სალაროებთან და საოპერაციო დარბაზებში, ასევე ბანკომატებთან. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა კომერციული ბანკების ქუთაისის ყველა ფილიალში. აღნიშნული კი კლიენტურის უკმაყოფილებას იწვევს, რაც ჩვენს მიერ ჩატარებული ეკონომიკის მონიტორინგის მასალების გაანალიზებით დასტურდება. თუკი ბანკები გაიზიარებენ ჩვენს რეკომენდაციებს და აქტიურად იზრუნებენ სერვის-ცენტრების ქსელის გაფართოებაზე ქუთაისში, უახლოეს მომავალში ეს ქალაქი გადაიქცევა ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბანკო ცენტრად და ერთ დროს სამრეწველო ქალაქი, საბანკო და სავაჭრო- საფინანსო მომსახურების ცენტრი გახდება.
4. ამასთან რეგიონის ეკონომიკის მონიტორინგის ჩატარების საფუძველზე გვაძლევს დავასკვნათ, რომ ბანკისადმი ნდობა იზრდება, სულ უფრო მეტ მეწარმესა და ფიზიკურ პირს აქვს სურვილი იყოს ბანკის აქტიური კლიენტი. ისინი ბანკში ელოდებიან თანამედროვე სერვისს, სწრაფ მომსახურებასა და შესაფერის გარემოს.

1

2

3

4

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial