სახელმწიფო ბანკი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921 წწ.)

თამარ ათანელიშვილი, ეკ. მეცნ. კანდიდატი, თსუ ასისტენტ-პროფესორი

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საბანკო სისტემის შექმნას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მართალია, ამ დროისთვის საქართველოში არსებობდა რუსული და სხვა ქვეყნების ბანკები, მაგრამ ისინი ძირითადად თავიანთი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდნენ, ამდენად ნაკლებად აინტერესებდათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში ამ ბანკებს თავიანთი კლიენტების ფულის ნიშნებით დაკმაყოფილება უჭირდათ, რის გამოც საზოგადოებაში ბანკებისადმი უნდობლობა დამკვიდრდა – ბანკებში ფულს ფაქტობრივად არავინ ინახავდა. კ.კანდელაკის აზრით: “ა) მას შემდეგ რაც რევოლუცია დაიწყო (1917 წ. თებერვალი), აქტივის განაღდება გაძნელდა, ხოლო ამიერკავკასიის რუსეთიდან ფაქტიურად ჩამოცილების და რუსეთში ბანკების ნაციონალიზაციის შემდეგ (1917 წ. ოქტომბერი), ჩვენში არსებული განყოფილებანი მოსწყდნენ თავის გამგეობებს და იქ მათ მიერ გადაგზავნილ ფულს უკან ვერ იღებდნენ; ბ) ფულის ნიშნის დიდი ნაკლებობა იყო”.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღეებში გადაწყვიტა საქართველოს ეროვნული ბანკის შექმნა საემისიო უფლებებით. შესაბამისი წინადადება განსახილველად გადაეგზავნა ეროვნულ საბჭოს, წარდგენილი პროექტი დამფუძნებელმა კრებამ ერთსულოვნად მოიწონა.
გათვალისწინებული იყო, რომ საქართველოს სახელმწიფო ბანკს, ჩვეულებრივი ოპერაციების გარდა, თვალყური ედევნებინა ყველა კერძო საკრედიტო დაწესებულებათა ოპერაციებისათვის. იგი ფაქტობრივად უნდა ყოფილიყო “ბანკების ბანკი” და საქართველოს ტერიტორიაზე მთელი საკრედიტო-ფულადი ურთიერთობების რეგულატორი.
1918 წლის 3 ივნისს ეროვნული საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მოისმინეს მოხსენება რესპუბლიკის ფინანსური მდგომარეობის, ბონების გამოცემის და ეროვნული ბანკის დაარსების საკითხებზე. ამ მოხსენებაში აღინიშნა, რომ ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონოდა მყარ გარანტიებზე დაფუძნებული ფულის ემისიის უფლება რეზერვის არარსებობის პირობებში. ვინაიდან არ არსებობდა ოქროს რეზერვები, ეროვნული ვალუტის შექმნა რთულდებოდა, მაგრამ სახელმწიფოს შეეძლო “ტყისა, ჭიათურის მარგანეცისა, თეთრი ნახშირის და ბორჯომის მამულების ნაციონალიზაცია და მისი შემწეობით თავისი ფინანსების უზრუნველყოფა.”2 ოქროს რეზერვების შექმნა შეიძლებოდა აგრეთვე საგარეო სესხებითაც. კერძოდ, შესაძლებლად მიიჩნია სამას მილიონამდე გერმანული მარკის სესხება, თუმცა, საქართველოს პასიური სავაჭრო ბალანსი საეჭვოდ ხდიდა ამ თანხის მიღებას.3
ვაჭრობა-მრეწველობის აღორძინება და აქტიური საგადასახდელო ბალანსის არსებობა ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო ნორმალური სახელმწიფო ფინანსების არსებობისათვის. ამასთან, აუცილებელი იყო ახალი ფინანსური სისტემის ჩამოყალიბების პროცესში უცხოელი სპეციალისტების კონსულტაციებიც.
წინადადებები სახელმწიფო ბანკის შექმნის შესახებ ფინანსთა და ვაჭრობის მრეწველობის მინისტრმა კ. კანდელაკმა მთავრობის სხდომას 1919 წლის 29 მაისს გააცნო. მისი აზრით, ბანკის როლი დიდად იზრდება მაშინ, როდესაც იგი ფულის ემისიის უფლებითაა აღჭურვილი, ემისიის უფლებას კი იმ პერიოდში რამდენიმე ბანკი ფლობდა. მაგრამ საქართველოში რამდენიმე საემისიო ბანკს არ უნდა ეარსება, ეს უფლება უნდა მინიჭებოდა მხოლოდ ერთს – სახელმწიფო ბანკს.4
აქტიურად განიხილებოდა ბანკის ორგანიზაციული მოწყობის საკითხიც. საერთოდ, სახელმწიფო საემისიო ბანკის სამი ტიპი არსებობდა: “ა) სრულიად დამოუკიდებელი წმინდა სააქციონერო (ინგლისი); ბ) წმინდა სახელმწიფო (რუსეთი) და გ) შერეული-სააქციონერო სახელმწიფო (გერმანია)”.5
სწორად უნდა არჩეულიყო ბანკის ის ტიპი, რომელიც საქართველოში დაარსდებოდა. ზუსტად უნდა განესაზღვრათ მისი ძირითადი დანიშნულება – “ვაჭრობა-მრეწველობისათვის და საზოგადოდ მეურნეობისათვის კრედიტის სახით ხელის შეწყობა და ფულის ტრიალის მოწესრიგება სახელმწიფოში”6.
“ქართული ბანკის” დაფუძნებაში, გასაგები მიზეზების გამო, კერძო კაპიტალი მონაწილეობას ვერ მიიღებდა. მომავალი ბანკის წესდების პროექტის საფუძვლად რუსეთის სახელმწიფო ბანკის წესდება განიხილებოდა. მართალია, რუსეთის ბანკს “სახელმწიფოს” უწოდებდნენ, მაგრამ იგი ფაქტობრივად მთავრობის ბანკი იყო, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო განაგებდა.
საქართველოში სახელმწიფო ბანკის დაარსებამდე, მის ფუნქციებს რუსეთის სახელმწიფო ბანკის თბილისის კანტორა ასრულებდა. იმისათვის, რომ საზოგადოებაში ქართულ ბანკს ნდობა დაემსახურებინა და ეჭვი არ შეეტანათ მის მომავალ საქმიანობაში, გამართლებულად მიიჩნიეს სახელმწიფო ბანკის პირდაპირ საკანონმდებლო დაწესებულებაზე დამორჩილება.7
ასეთ პრინციპებზე დაარსებული ბანკი, კ. კანდელაკის აზრით, კერძო აქციონერების ყოველგვარი გავლენის გარეშე უნდა ყოფილიყო და არც ფინანსთა მინისტრის ყურმოჭრილი ყმა გამხდარიყო. საქართველომ აირჩია შვედეთის სახელმწიფო ბანკის მოდელი, სადაც “ძირითადი თანხა სახელმწიფო ხაზინის მიერ იყო გაღებული, მთელი მისი მოგება სახელმწიფო ხაზინას ეკუთვნოდა, ხოლო თავის მოქმედებაში იგი პირდაპირ საკანონმდებლო დაწესებულებას, პარლამენტს ემორჩილებოდა. მისი გამგეობა და ზედამხედველი საბჭო მთავრობიდან დამოუკიდებელი ორგანოები იყვნენ და მათ პარლამენტი ირჩევდა”8.
სახელმწიფო ბანკის მოწყობის პრინციპები მთავრობამ 1919 წლის 25 იანვარს მოიწონა, შესაბამისი კანონპროექტი 1919 წლის 23 სექტემბერს – საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამაც, ხოლო 24 სექტემბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ უკვე მუხლობრივად განიხილა ბანკის წესდების პროექტი და მასში შესწორებები შეიტანა.
თითქმის ერთი წლის შემდეგ – 1920 წლის 16 აგვისტოს, დამფუძნებელი კრების დეკრეტით, სახელმწიფო ბანკის “ძირითადი თანხა” 150,0 მლნ მანეთამდე გაიზარდა და დამატებული 100,0 მლნ მანეთი ხაზინიდან უნდა შევსებულიყო9.
1919 წლის 26 სექტემბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში დამთავრდა წესდების პროექტის მუხლობრივი განხილვა და მცირედი შესწორებების შეტანით იგი მოიწონეს.
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 30 სექტემბერის სხდომაზე მოაწყო აღნიშნული კანონპროექტის ზოგადი განხილვა.
ბანკის წესდების განხილვის დასრულების შემდეგ, დამფუძნებელი კრების 1919 წლის 11 ნოემბრის სხდომაზე იმსჯელეს “საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ” წარდგენილი დეკრეტის პროექტზე. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წინადადებით იგი კანონპროექტის სახით უნდა განეხილათ. კრება დაეთანხმა ამ შემოთავაზებას. საბოლოოდ, დოკუმენტმა კანონის ძალა 1919 წლის 31 დეკემბერს მიიღო შემდეგი სახით:
“1. დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული წესდების თანახმად დაარსებული იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბანკი;
2. გაღებული იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბანკის ძირითად თანხად წესდების მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხაზინიდან ორმოცდაათი (50) მილიონი მანეთი.
არსებული კანონმდებლობის ყოველი ის მუხლი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდებას, გაუქმებულ იქნეს ბანკის მოქმედების დაწყების დღიდან.
კანონი ესე ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.”10
საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდება 7 განყოფილებისა და 144 მუხლისაგან შედგებოდა. წესდების მიხედვით, “ბანკის” დანიშნულება იყო: ფულის მიმოქცევის გაადვილება და ვაჭრობის, მრეწველობის და სოფლის მეურნეობისათვის მოკლევადიანი სესხებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ფულის სიმყარის განმტკიცება და სხვ. ამასთან, ბანკის წმინდა მოგების ნაწილი უნდა გადარიცხულიყო სარეზერვო თანხებში, ნაწილი კი – ხაზინის შემოსავლებში.
ბანკს უფლება ეძლეოდა: გაენაღდებინა თამასუქები და სხვა ვადიანი ვალდებულებები; გაეცა სესხები; მიეღო ანაბრები; ეყიდა და გაეყიდა თამასუქები და სხვა განძეული; უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა; გადაეგზავნა ფული და შეესრულებინა სხვა საკომისიო ოპერაციები11.
ბანკს შეეძლო სესხის გაცემა (არამალფუჭებადი) საქონლის დაგირავებით ისე, რომ სესხის რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო დაგირავებული ქონების ღირებულების 60%-ზე მეტი. კრედიტზე სარგებლის განაკვეთს (პროცენტს) კვარტალში ერთხელ ბანკის საბჭო აწესებდა: “სესხად აღებული ფული შეიძლება ვადამდე იქნას გადახდილი მთლად, ან ნაწილ-ნაწილ და თან განთავისუფლდეს გირაოდ მიღებული საქონელი, ბანკის შეხედულებისამებრ. ბანკი იჭერს მხოლოდ სარგებელს მთელი თვისას და დაწყებულ თვეს სრულ თვედ ანგარიშობს, ხოლო დანარჩენ ვადის სარგებელს მსესხებელს უკან უბრუნებს.”12
თუ სესხი დროულად ვერ დაიფარებოდა, მაშინ “ექვსის საშეღავათო დღის გასვლის შემდეგ” დაგირავებული ქონება საჯაროდ იყიდებოდა და შემოსული თანხებით, პირველ რიგში, ბანკის ვალები იფარებოდა, დანარჩენი თანხები კი ქონების მესაკუთრეს ეძლეოდა. სახელმწიფო ბანკს აგრეთვე შეეძლო სესხი გაეცა ფასიანი ქაღალდების დაგირავებითაც.
ბანკის სესხი გაიცემოდა ექვსი თვის ვადით, რომელიც, ბანკის გადაწყვეტილებით, შეიძლება მაქსიმუმ სამი თვით გაგრძელებულიყო. ბანკი იღებდა ანაბრებს: “1) სახელდახელო ანგარიშით, 2) უვადოდ და 3) ვადით.”13 ბანკში “სახელდახელო” ანგარიშის მფლობელი სარგებლობდა ჩეკებით და თუ მას თავისი ხელმოწერით მეორე პირს გადასცემდა, ეს უკანასკნელი იძენდა მისი პირველი მესაკუთრის უფლებებს შესაბამისი თანხების განკარგვაში; უვადო ანაბარზე გაცემული საბუთი აუცილებლად სახელობითი უნდა ყოფილიყო (იგი გადაიცემოდა მემკვიდრეზეც). ვადიანი ანაბარი არსებობდა სახელობითი და უსახელო ფორმით. სახელობითი ანაბარის სხვაზე გადაცემა ბანკის დავთარში უნდა დარეგისტრირებულიყო, მეორე (უსახელო) ანგარიში კი ეძლეოდა ყველას, ვინც ამ ანაბრის საბუთს წარადგენდა.14
ბანკი შესანახად იბარებდა: ფასიან ქაღალდებს, ოქროს, ვერცხლს და სხვა ძვირფას ნივთებს, ყოველგვარ საბუთებს ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით, ბანკს შეეძლო თამასუქების, ჩეკების და სხვა ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა. იგი აწარმოებდა ფულის გადაგზავნის ოპერაციებს მისი დაწესებულებებისა და კორესპონდენტების ადგილმდებარეობის მიხედვით.
სახელმწიფო ხაზინის ნაღდი ფული სახელმწიფო ბანკში სარგებლის გარეშე სპეციალურ ანგარიშზე ირიცხებოდა. ბანკს ევალებოდა სახელმწიფო ხაზინის ხარჯით შემდეგი ოპერაციების ჩატარება: სახელმწიფო სესხის სარგებლის გადახდა კუპონებით, “უვარგისი” ობლიგაციების გამოცვლა, მთავრობის უზრუნველყოფილი სესხით ოპერაციების წარმოება, აგრეთვე “სახელმწიფო გადასახადების მიღება ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით”.15
სახელმწიფო ბანკს მართავდა გამგეობა და საბჭო. ბანკის გამგეობაში შედიოდნენ: მმართველი, მმართველის “ამხანაგი” და ორი წევრი. “გამგეობის” წევრები ინიშნებოდნენ სამწლიანი ვადით, მაგრამ შემადგენლობა უნდა განახლებულიყო კენჭის ყრით: პირველ წელს იცვლებოდა ერთი წევრი, მეორე წელს – მმართველის მოადგილე და მეორე წევრი, ხოლო მესამე წელს – მმართველი და დანარჩენი წევრები.16
ბანკის მმართველს ირჩევდა პარლამენტი, რომელიც ასევე ამტკიცებდა მის მოადგილესა და გამგეობის წევრებს მმართველის წარდგინებით17.
ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებებს ბანკის გამგეობა აღასრულებდა. გამგეობის მოვალეობებში შედიოდა: ბანკის ხელმძღვანელობა და ოპერაციებზე კონტროლი, რევიზიის დანიშვნა, ბანკის წლიური ხარჯთაღრიცხვის შედგენა, იმ საქმეების წინასწარი განხილვა, რომელიც საბჭოს ან პარლამენტის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ბანკის ინტერესების დაცვას მოითხოვდა სასამართლოში; ბანკის საბჭოსთან, ფინანსთა მინისტრთან და სახელმწიფო კონტროლიორთან შეთანხმებით იმ ოპერაციების წარმოება, რაც ბანკს შეიძლება დაევალოს “სახელმწიფო ხაზინის ანგარიშით, ოქროს შესახებ ოპერაციები და განსაკუთრებული ოპერაციები სესხის გამოცემის, კონვერსიების წარმოების და სხვ.”18
ბანკის გამგეობა იკრიბებოდა საჭიროებისამებრ, კვირაში ერთხელ კი – აუცილებლად. მისი გადაწყვეტილებები ძალაში შედიოდა, თუ მას ესწრებოდნენ მმართველი და გამგეობის ორი წევრი მაინც, გადაწყვეტილებები კი მიიღებოდა ხმათა უმრავლესობით (თანაბარი ხმების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა). გამგეობის სხდომების ოქმს ხელს აწერდნენ დამსწრეები. ბანკის გამგეობის კრებას ბანკის მმართველი თავმჯდომარეობდა. მას შეეძლო გამგეობის დადგენილების შეჩერება და გადასაწყვეტად მისი ბანკის საბჭოსათვის წარდგენა.
ბანკის საბჭოში თორმეტი წევრი შედიოდა: საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და შვიდი წევრი, რომელთაც ნიშნავდა პარლამენტი. მათ გარდა, საბჭოს წევრად თანამდებობრივად ითვლებოდნენ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს ორი წარმომადგენელი და სახელმწიფო ბანკის მმართველი.19 საბჭოს წევრები ინიშნებოდნენ სამი წლის ვადით. ამ ვადაში გათვალისწინებული იყო წევრების შემადგენლობის განახლება. საბჭოს თავმჯდომარის ან ბანკის მმართველის მიერ საბჭოს კრება ინიშნებოდა თვეში ერთხელ. აქაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა ხმათა უმრავლესობით, თანაბარი ხმების შემთხვევაში კი თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტი იყო.
ბანკის საბჭოს ევალებოდა: ბანკის საქმიანობაზე, კერძოდ, ბანკის ანგარიშების წარმოებაზე საერთო კონტროლი. ასევე პარლამენტზე წარსადგენი წინადადებების შემუშავება; ბანკის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვა; ბანკის განყოფილებათა დაარსება; სესხზე სარგებლის განაკვეთის განსაზღვრა; ვალების გადახდის ვადების დადგენა; უიმედო ვალების ჩამოწერაზე გადაწყვეტილების მიღება; გამგეობის წევრებს შორის უთანხმოების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა; დასაგირავებელი ქონების ნუსხის განსაზღვრა; სესხისათვის გირაოში ჩასადები ქონების შეფასება; გამგეობის წარდგინებით, განყოფილებების მმართველების, მთავარი მოლარის, მთავარი ბუღალტრის და ბანკის ინსპექტორების თანამდებობაზე დამტკიცება და მათი თანამდებობიდან დათხოვნა და სხვ. ამასთან, ბანკის საბჭოს წევრს, საბჭოს დავალებით, შეეძლო ბანკის გამგეობის კრებაზე დასწრება20.
ბანკის სტრუქტურულ შემადგენლობაში შედიოდა: ძირითადი კანტორა, განყოფილებები და ბანკის სააგენტოები. ბანკის მთავარ დაწესებულებას თბილისის კანტორა წარმოადგენდა, სადაც ბანკის მმართველობა იყო განთავსებული. ბანკის განყოფილებები იხსნებოდა, უპირველეს ყოვლისა, დიდ სამრეწველო-სავაჭრო ცენტრებში. ბანკის სააგენტოში შედიოდნენ: სააგენტოს მმართველი, მოლარე, ან დამატებით ბუღალტერი და საქმის მწარმოებელი.
ბანკის გამგეობა თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა ბანკის მუშაკებს (გარდა იმ პირებისა, რომლებიც წესდების მიხედვით სხვა წესით ინიშნებოდნენ). ასევე, გამგეობას შეეძლო მისი ზოგიერთი ფუნქციის ადგილობრივი დაწესებულებებისთვის გადაცემა.
ბანკის ყველა მოხელე, გამგეობის და საბჭოს წევრები ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ ბანკის ანგარიშების საიდუმლოება, რაზეც მათ შესაბამისი ხელწერილი ჩამოერთმეოდათ. მათ აგრეთვე არ შეეძლოთ ბანკიდან სესხის აღება, თამასუქების განაღდება და დაგირავება. ბანკის ხარჯვითი აღრიცხვა უნდა შეედგინა ბანკის გამგეობას და საბჭოს მიერ მისი განხილვის და სახელმწიფო კონტროლიორის დასკვნის შემდეგ იგი პარლამენტს უნდა გადასცემოდა დასამტკიცებლად.21
ბანკის საოპერაციო წელი მოიცავდა 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს. ბანკის ანგარიშების შემოწმებაც სახელმწიფო კონტროლს ევალებოდა. წლიური ანგარიშის შედგენამდეც საბანკო ოპერაციებს სახელმწიფო კონტროლი ამოწმებდა. სახელმწიფო კონტროლიორის რევიზია ძირითად კანტორაში ბანკის საბჭოს ორი წევრის თანდასწრებით ტარდებოდა, ბანკის სხვა დაწესებულებების რევიზიისას კი საბჭოს წევრების დასწრება აუცილებელი არ იყო. სახელმწიფო კონტროლიორის რევიზიის შედეგები სათანადო რეაგირებისათვის ეგზავნებოდა ბანკის გამგეობას და იგი ბანკის საბჭოზეც განიხილებოდა. ამასთან, “სახელმწიფო კონტროლიორმა თავისი დასკვნა წლიური ანგარიშის შესახებ უნდა აუწყოს ბანკის საბჭოს, არა უგვიანეს პირველი ივლისისა საანგარიშო წლის შემდეგ.”22
დაბოლოს, ბანკის მმართველი ბანკის ანგარიშს პარლამენტში წარადგენდა მომავალი წლის (1920) 1 სექტემბრისათვის. ანგარიშს თან უნდა დართოდა: “1) ბანკის საბჭოს მოქმედების მოხსენება და ჟურნალი ანგარიშის განხილვის შესახებ და 2) გამგეობის საპასუხო განმარტებანი საბჭოს დასკვნითურთ სახელმწიფო კონტროლიორის შენიშვნების გამო.”23 ამასთან, ბანკი ვალდებული იყო პერიოდულად გამოექვეყნებინა ძირითადი ანგარიშების ამსახველი ბალანსი, რაც 1920 წლის მეორე ნახევარში ორჯერ შესრულდა (იხ. ცხრილი 1 და 2).
სახელმწიფო ბანკის განყოფილება მალე ბათუმშიც გაიხსნა, რომელიც ემსახურებოდა “დასავლეთ იმერეთის, აფხაზეთის და ბათუმის ოლქებს”24.
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს დეკრეტით სახელმწიფო ბანკს “დამზღვევი ფონდის” შესაქმნელად ხაზინიდან უპროცენტო სესხის სახით 50,0 მლნ მანეთი გამოეყო: “მიეცეს სახელმწიფო ბანკს უფლება იმ საქონლის დაზღვევისა, რომელსაც ის დაიგირავებს, შესანახად მიიღებს და თავის საწყობებში მოათავსებს.”25
მთავრობის 1920 წლის (31 აგვისტო, 11 სექტემბერი) და ბანკის საბჭოს (24 აგვისტო, 22 სექტემბერი) დადგენილებებით და უცხოური ვალუტის ოპერაციის მომწესრიგებელი საგანგებო სათათბიროს (16 სექტემბერი) დადგენილებით სახელმწიფო ბანკს დაევალა:26
– სავალუტო ფონდის შექმნა, რომელშიც ჩაირიცხებოდა 25% იმ წმინდა მოგებიდან, რომელსაც მიიღებდა ვალუტით მთავრობა და მისი ორგანოები სხვადასხვა სავაჭრო ოპერაციებიდან;
– იმ ნორმის დაწესება, რომლის ფარგლებში ნებადართულია უცხოური ვალუტის დაუბრკოლებლად გატანა და საზღვარგარეთ გადაგზავნა;
– დადგენილი ნორმის ზევით ნებართვების გაცემა საზღვარგარეთ უცხოური ვალუტის გატანაზე და გადაგზავნაზე;
– სავაჭრო-სამრეწველო მიზნით უცხოური ვალუტის შესაძენად ნებართვების გაცემა;
– იმ საკრედიტო დაწესებულებებზე კონტროლი, რომელთაც უცხოური ვალუტის ოპერაციების წარმოების უფლება მიენიჭათ;
– ზომების მიღება ძველი ისეთი ანგარიშების და ხელშეკრულებების სალიკვიდაციოდ, რომლებიც უცხოურ ვალუტაზე უნდა განაღდებულიყო.
ბონების გაუფასურებამ და უცხოური ვალუტის კურსის ზრდამ ქვეყნის მეურნეობაზე სავალალოდ იმოქმედა. ამ საკითხის განხილვას მიეძღვნა მთავრობის 1920 წლის 31 აგვისტოს სხდომა, სადაც მოისმინეს “სახელმწიფო ბანკის მოხსენება ბონების კურსის განმტკიცების შესახებ”. განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ აუცილებელი იყო ღონისძიებების გატარება: სახელმწიფო ბიუჯეტში წონასწორობის დასამყარებლად, სავალუტო ფონდის შესაქმნელად, უცხოური კაპიტალის მოსაზიდად, სავაჭრო და საკრედიტო არბიტრაჟის გასაძლიერებლად; ქართული ბონებით გადასახადების გადასახდელად და საქონლის შესასყიდად, განსაზღვრული ნორმის ზევით ვალუტის საზღვარგარეთ გასატანად.
1920 წლის 20 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სავალუტო ოპერაციების წარმოებისათვის საჭირო ინსტრუქციები,27 რომელთა შესაბამისად: საქართველოს სახელმწიფო ბანკი გასცემდა ნებართვებს უცხოური ვალუტის შესაძენად იმ საკრედიტო დაწესებულებებზე, რომელთაც სავალუტო ოპერაციების წარმოების უფლება ჰქონდათ. უცხოური ვალუტის შეძენა შეიძლებოდა აგრეთვე სავაჭრო-სამრეწველო მიზნებისთვისაც; განსაკუთრებული ნებართვა არ სჭირგებოდა კანონით განსაზღვრული (100 გირვანქა სტერლინგი) უცხოური ვალუტის გატანას; შიგა დაზღვევა მხოლოდ ადგილობრივი ბონებით უნდა განხორციელებულიყო, დამზღვევ საზოგადოებებს შეეძლოთ პრემიების ვალუტით მიღება; გემების მომსახურებაში უცხოური ვალუტა გამოიყენებოდა; კერძო პირებს ყოველდღიურად უნდა წარედგინათ სახელმწიფო ბანკში ინფორმაცია თავიანთი სავალუტო ოპერაციების შესახებ.
1920 წლის 14 დეკემბერს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა სახელმწიფო ბანკის მიერ 1920 წლის სექტემბერ-დეკემბერში გაწეული მუშაობის ანგარიში. წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ბანკში შეტანილი და ბანკიდან სესხად გაცემული თანხების მოცულობა იზრდებოდა. ასე მაგალითად, 1 სექტემბრისათვის ბანკში შეიტანეს 412 427 ათასი მანეთი, სესხად კი გაიცა 47 407 ათასი მანეთი, შესაბამისი მონაცემები შეადგენდა: 1 ოქტომბერს – 548511 და 138 174 ათას მანეთს, 1 ნოემბერს – 405 504 და 286 751 ათას მანეთს, 1 დეკემბერს კი – 667 571 და 246 061 ათას მანეთს.28
ამგვარად, სახეზეა ფულის მიმოქცევის მოცულობის მკვეთრი ზრდის დინამიკა ანუ სახელმწიფო ბანკი აქტიურად ჩაერთო ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში.
1920 წლის 8 ივნისს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა სახელმწიფო ბანკში 95 საშტატო ერთეული29, მაშინ როდესაც 1917 წელს რუსეთის სახელმწიფო ბანკის თბილისის კანტორაში 200-მდე მოხელე მუშაობდა.
სახელმწიფო ბანკის საშტატო განრიგში და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები შევიდა დამფუძნებელი კრების 1920 წლის 24 თებერვლის დადგენილებით (იხ. ცხრილი 3).
ამრიგად, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო ბანკი, განისაზღვრა მისი ფუნქციები, საშტატო განრიგი და მართვის სისტემა. მართალია, ბანკი შეუდგა თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, მაგრამ საბედისწეროდ ხანმოკლე დროით.

1
2