საქართველო საბჭოური სტანდარტებით ცხოვრობს

მაია რაზმაზე

სამეწარმეო საქმიანობის განვითარება ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა – ამ პოსტულატის ირგვლივ დღეს არავინ კამათობს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კი, რომელიც სხვა არაერთ და არაერთგვაროვან ბარიერებთან ერთად მეწარმეობის განვითარებას ზღუდავს, სტანდარტიზაციის და სერტიფიცირების სფეროში არსებული მდგომარეობა რჩება.

საქართველოში დაახლოებით 2000-ზე მეტი სტანდარტი მოქმედებს, რომელიც, ძირითადად, 60-80-იან წლებშია მიღებული და განვითარებადი ბაზრის მოთხოვნებს ვერ უძლებს. ქვეყანას კი დღეისათვის 4.500-5000-მდე სტანდარტი სჭირდება, ანუ ამ სფეროში სერიოზული ვაკუუმი არსებობს. საერთოდ, სტანდარტები და მის საფუძველზე გაცემული სერტიფიკატები ეროვნული ბაზრის დასაცავად გამოიყენება. გარდა ამისა, მსოფლიო ინტეგრაციის პროცესში სავალდებულო ხდება საერთაშორისო, ერთიანი თამაშის წესების არსებობა და დაცვაც.

სტანდარტების მნიშვნელობა ქვეყნისათვის ძალზე დიდია, რადგან მის უკან სახელმწიფო პოლიტიკა მოიაზრება. სტანდარტიზაციის სისტემების არსებობის მთავარი მიზანი მოსახლეობის და ბაზარზე მეწარმეების ინტერესების სრულყოფილად დაცვაა.

დღევანდელი სიტუაცია ასეთია – ძველი საბჭოეთის დროინდელი სტანდარტები ვერანაირად ვერ უძლებს საერთაშორისო თუ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, ახლის შემუშავებისათვის კი არანაირი სახსრები არ არსებობს.

ჯემალ მანჯგალაძე, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკატის დეპარტამენტის თავმჯდომარე: “სსრკ-ის პერიოდში სტანდარტი რეგიონალურ სამსახურს წარმოადგენდა და ცენტრიდან ღებულობდა შემუშავებულ სტანდარტებს, ანუ მას ამ სტანდარტების დაცვაზე ეკისრებოდა მაკონტროლებლის ფუნქცია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი სტანდარტების შემუშავების პრობლემა საქსტანდარტში გადმოვიდა. სტანდარტებს, მიმართულებების მიხედვით, კონკრეტულად ამა თუ იმ სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული ტექნიკური კომიტეტები იმუშავებს. დღეისთვის 31 ტექნიკური კომიტეტი მოქმედებს, რომელიც ვალდებულია, თავის სფეროში შეიმუშაოს სტანდარტები. ეს კომიტეტები საზოგადოებრივ საწყისებზე არიან და ხელფასს არ იღებენ. სამწუხაროდ, სტანდარტების შემუშავების მიმართულებით 1 ლარიც არ არის გამოყოფილი, სამუშაო მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიაზმზე კეთდება”.

წელს უკვე მესამე ბიუჯეტი დამტკიცდა, საიდანაც საქსტანდარტს სამუშაოებისათვის თანხები არ მიუღია. რეალურად თუ შევხედავთ სიტუაციას, საამისო სახსრები, ალბათ, ახლო მომავალშიც არ იქნება და სფეროში არსებული ვაკუუმიც ისევ ისე დარჩება.

1999 წელს საქსტანდარტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა. მსო-ს სავალდებულო მოთხოვნა კი საერთაშორისო ნორმების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და ნებაყოფლობით სტანდარტებზე გადასვლაა, რისთვისაც საქართველოს 3 წლის ვადა აქვს. ტექნიკურ რეგლამენტებში ძირითადი პარამეტრებია მოცემული და ის აუცილებლად დასაცავი სტანდარტია. ნებაყოფლობითი, ანუ თავად მეწარმის მიერ შემუშავებული სტანდარტი სწორედ ტექნიკურ რეგლამენტს უნდა აკმაყოფილებდეს. სამი წლის მანძილზე ნებაყოფლობით სტანდარტებზე გადასვლა, ცხადია, მოესწრება, მაგრამ საკითხავია, ამ ვადაში მოხდება თუ არა ტექნიკური რეგლამენტების მთელი სპექტრის შემუშავება. ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია და მისი გადაწყვეტა არსებული დაფინანსების პირობებშიLსაეჭვოდ გამოიყურება. არადა, მეწარმის მიერ შემუშავებული სტანდარტი ამა თუ იმ პროდუქტზე, სწორედ ტექნიკურ რეგლამენტთან უნდა იყოს შესაბამისობაში. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ არ იქნება ტექნიკური რეგლამენტი, რომელშიც საერთაშორისო ნორმებია ჩადებული, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება ნებაყოფლობითი სტანდარტების დამუშავება.

გიორგი ისაკაძე, ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი: “სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გამონახოს უკანასკნელი საშუალება და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივ წარმოებას, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული. რა იცის ამა თუ იმ პროდუქციის მწარმოებელმა მეწარმემ, ახალი მოთხოვნების მიხედვით რა სტანდარტის შესაბამისი პროდუქტი აწარმოოს, თუ ეს მოთხოვნები თავად სახელმწიფომ არ შესთავაზა”.

არსებობს საერთაშორისო, რეგიონალური და ეროვნული სტანდარტები. რაკი ეროვნული სტანდარტების შესამუშავებლად ქვეყანას სახსრები არ გააჩნია, იბადება კითხვა, ხომ არ გადმოგვეღო რომელიმე ქვეყნის სტანდარტები, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებს მით უფრო, რომ ამის არაერთი მაგალითი არსებობს.

ჯემალ მანჯგალაძე: “თუ ავიღებთ რომელიმე უცხო ქვეყნის სტანდარტს, ან ტექნიკურ რეგლამენტს და პირდაპირ გადმოვიღებთ, ბევრი პრობლემის წინაშე დავდგებით. კერძოდ, ნორმატივები გარკვეული აპარატების და რეაქტორების არსებობას ითხოვს. საამისო ბაზა კი ჩვენთან არ არის. ამიტომ, მონაცემებს იმ სიზუსტით, რაც ნორმატივში დევს, უბრალოდ, ვერ განვსაზღვრავთ. ასეთ სირთულეს წავაწყდით ბენზინის ახალი სტანდარტის შემოღებისას. სტანდარტი 1995 წელს დამუშავდა, მაგრამ კონტროლის, და, შესაბამისად, სერტიფიკაციისათვის შესაბამისი აპარატურაც იყო საჭირო, რომელიც არ გვქონდა. ბენზოლის შემოწმება კაპილარულ ქრომატოგრაფზე ხდება, რაც ძველ სსრკ-ის დროინდელ სტანდარში არ იყო”.

გარდა ამისა, აქ ისევ ფინანსური პრობლემა იჩენს თავს. მსო (მსოფლიო სტანდარტების ორგანიზაცია) სტანდარტების ერთი ჯგუფის გამოსაწერად 1200 დოლარია საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ ორგანიზაციის წევრია. სტანდარტი ფული ღირს.

არსებობს სხვა მაგალითებიც – ბალტიისპირეთის ქვეყნები და ყირგიზეთი მსო-ში ნულოვანი ციკლით შევიდა და ამის გამო, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ – დღეს იქ ძველი სტანდარტები აღარ მოქმედებს, ახალი კი ვერ შემოიღეს. თუმცა, გამოსავალი იმაში გამოიხატა, რომ ევროგაერთიანებისა და მსოფლიო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტები რაციონალურ სტანდარტებად მიიღეს. მაგრამ ამანაც გარკვეული პრობლემები შეუქმნათ, რადგან ვერ მოხდა მეთოდების ადაპტირება და ამასთან, ინგლისურენოვანი სტანდარტები ენობრივი ბარიერის გამო, ყველასთვის არ არის გასაგები.

ასევე, არსებობს ე.წ. რეგიონალური სტანდარტები, ანუ დსთ-ის სტანდარტები, რომლის შემუშავებაში საქსტანდარტიც მონაწილეობდა. სტანდარტები რუსულ ენაზეა და მათი გადმოთარგმნა გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული.

ჯემალ მანჯგალაზე: “არსებობს ყდის მეთოდი, ან შვილობილ სტანდარტად მიღების მეთოდი. შესაძლებელია, ამ რეგიონალური სტანდარტების ამ წესით მიღება. მით უფრო, რომ საქართველოში დღეს ცოტამ თუ არ იცის რუსული. თუ ამ სტანდარტებს დროებით საქართველოს ნაციონალურ სტანდარტებად მივიღებთ, რასაკვირველია, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ლაბორატორიებს ამ მეთოდის დანერგვის საშუალება მიეცემათ, თანაც რუსეთის მიერ დამუშავებული სტანდარტები ჰარმონიზირებულია ევროგაერთიანებისა და მსოფლიო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის სტანდარტებთან. უკვე 2500 რეგიონალური სტანდარტი არსებობს. მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ იმის გამო, რომ კანონით, იუსტიციის სამინისტრო არაქართულენოვან დოკუმენტს არ არეგისტრირებს”.

საქმე ის გახლავთ, რომ ნორმატიული დოკუმენტების შესახებ კანონის თანახმად, ყველა ნორმატიული დოკუმენტი მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა იყოს. ამჟამად, საკითხი იუსტიციის სამინისტროსთან დამუშავების სტადიაშია. რეგიონალური სტანდარტების შემოღება სფეროში არსებული ვაკუუმის დროებით შესავსებად ერთ-ერთი გამოსავალია.

სტანდარტის არსებობის პირობებში (სსრკ-ის დროინდელი სტანდარტები ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს) გამოსული პროდუქცია, ცხადია, ექსპორტზე ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუძლებს. ამავე დროს, ჩვენს შიდა ბაზარზე გამოსული პროდუქცია არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს.

თამაზ ბეჟანიშვილი, პარლამენტის მრეწველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია “მრეწველები”: “აუცილებელია, გვქონდეს საშუალება, რომ შემოწმდეს პროდუქცია, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამა თუ იმ სტანდარტს. ეს სავალდებულო ფუნქციაა. შესაძლოა გვქონდეს სტანდარტი, მაგრამ გამოდიოდეს პროდუქცია, რომელიც მას არ შეესაბამება. დღეს უამრავი სასერტიფიკაციო ორგანოა შექმნილი, რომელთა ფუნქცია სერტიფიკაციის გაცემაა. საერთოდ, სერტიფიკატი გაიცემა იმ სტანდარტის შესაბამისად, რომელიც რეალურად არსებობს. დღეს კი ეს პროცედურა დამუხრუჭებულია, ანუ ფორმალურ ხასიათს ატარებს – სტანდარტი არ არსებობს, სერტიფიკატი კი გაიცემა. როცა მაკონტროლებელი ქსელიდან ამოიღებს პროდუქციას, უნდა შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა მასზე გაცემულ სერტიფიკატს, შემდეგ კი თავად სერტიფიკატი აკმაყოფილებს თუ არა კანონის მოთხოვნებს. როცა ეს დიკუმენტაცია არ არსებობს, ყველაფერი ფიქტიურ ხასიათს ატარებს. ფალსიფიკაციის ბატონობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი სწორედ ეს გახლავთ”.

სტანდარტების არქონა ხელს უწყობს ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქციის თარეშს. წარმოებები, რომლებიც მოთხოვნებს ასე თუ ისე აკმაყოფილებენ, არსებულ კონკურენციას ვეღარ უძლებენ. Aამასთან, საერთაშორისო სტანდარტების არსებობისას, პროდუქცია ექსპორტზე ვერ გავა და ნებისმიერი ქვეყნის საბაჟოზე მომენტალურად “დაიბრაკება”.

თამაზ ბეჟანიშვილი: “შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ მანქანათმშენებლობის თუ მსუბუქი მრეწველობის პროდუქციას გავიტანთ ექსპორტზე. მაგრამ კვების პროდუქციას, როგორიცაა, ღვინო, ნამდვილად აქვს შანსი, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შევიდეს. სტანდარტების არქონა კი ამ პროცესს, რბილად რომ ვთქვათ, ხელს უშლის”.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial