საფონდო ბირჟა – კრიზისის მიზეზი თუ შედეგი?

თეა შველიძე

დღეს მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე კრიზისი მძვინვარებს. საქართველოს საფონდო ბაზარი ასეთი ვნებათაღელვისაგან ჯერჯერობით შორს არის, ვინაიდან ათწლეულების მანძილზე საბჭოთა ხალხის ცნობიერებაში სიტყვა “ბირჟა” კაპიტალიზმის “საშინელებასთან” ასოცირდებოდა, ხოლო ანალოგების არსებობის გამო, ბევრისთვის დღესაც უცხო ხილია. აფონდო ბირჟის ფუნქციაა ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ორგანიზება. ფასიანი ქაღალდებია – ობლიგაციები და აქციები.

მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ერთ დროს სსრკ-ის მიერ გამოცემული ობლიგაციები ეკუთვნოდა, ფასიან ქაღალდად მხოლოდ მათ აღიქვამს და არც კი ახსენდება, რომ იგი რომელიმე საწარმოს აქციების მფლობელია, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ქვეყანაში აქციები სხვადასხვაგვარად ნაწილდებოდა და “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” კანონით, საქართველოში აქციები დემატერიალიზებულია (არ იბეჭდება და აქციათა რეესტრით აღირიცხება). ხოლო აქციონერთა ნაწილისათვის აქციათა შემოსავლის ერთ-ერთი იოლი წყაროა, ანუ გულხელდაკრეფილი დაჯდება და თვის ბოლოს “შემოდგომის წიწილებივით” დაითვლის დივიდენდებს (“ტო დივიდე” – ინგლისური ზმნა, რაც განაწილებას ნიშნავს. ამ შემთხვევაში საწარმოს მოგებიდან გარკვეული წილი აქციონერებს ერგება). ასეთი გამოცდილების პირობებში, ბუნებრივია, ბევრისთვის გაუგებარია ის “გულისხეთქვა”, რაც განვითარებული ქვეყნების საფონდო ბაზრებზე აქციების ფასების დაცემას მოჰყვება.

ფასიანი ქაღალდების რეგულირება მსოფლიოში პირველად ამერიკაში დაიწყო. ნიუ-იორკის, მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი საფონდო ბირჟა, ამჟამად 208 წლისაა. 30-იანი წლების კრიზისის შემდეგ, მორალურად და მატერიალურად დაზარალებულმა ინვესტორებმა სახელმწიფოს ბაზრის რეგულირების დაწყება მოსთხოვეს. 1932 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რუზველტმა ჰარვარდის უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორი მოიწვია, რომლებმაც “ფასიანი ქაღალდების შესახებ” კანონი მოამზადეს. 1933 წელს იგი კონგრესმა დაამტკიცა. 1934 წელს კონგრესმა დაამტკიცა კანონი “საფონდო ბირჟების შესახებ”, რომლის საფუძველზეც პირველი მარეგულირებელი ორგანო “ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია” შეიქმნა. კომისიის პირველი თავმჯდომარე, ჯონ კენედის მამა, ჯოზეფ კენედი, იყო. ხოლო 60-იან წლებში პრეზიდენტ ჯონ კენედის მოთხოვნით, ჩატარდა ბაზრის გამოკვლევა, რის შედეგადაც კონგრესმა ძალზე მნიშვნელოვანი – “ინვესტორთა უფლებების დაცვის შესახებ” აქტი მიიღო.

ქართული საფონდო საზოგადოება 1991 წლიდან ყალიბდება. 1999 წელს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექციის ბაზაზე, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ჩამოყალიბდა. კომისია განიხილავს და ამტკიცებს ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტებს საჯარო შეთავაზებისა და გაყიდვის დროს. ლიცენზიას გასცემს, როგორც საბროკერო კომპანიებზე, ასევე კერძო პირებზე, რომლებიც ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობენ. კომისიას აქვს ადმინისტრაციული და სამოქალაქო, მაგრამ არა სისხლის სამართლის საქმეების წარმოების უფლება.

სახელმწიფო ქონების პრივატიზება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირშია. საქართველოში პრივატიზების პროცესი 1991 წელს დაიწყო. ამ პერიოდში შემოღებულ იქნა “ვაუჩერები”, რაც მოსახლეობაზე სახელმწიფო ქონების სამართლიანად გადანაწილების საუკეთესო ფორმად მიიჩნიეს. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ეროვნული მეურნეობის ძირითადი ფონდების 114 ობიექტი ფარულად იყო პრივატიზირებული.

სააქციო საზოგადოებები წარმოების განვითარებისთვის საჭირო დამატებით კაპიტალს ფასიანი ქაღალდების გამოშვებითა და პირველადი განთავსებით იზიდავენ. პრივატიზაციის შემდეგ საქართველოში უამრავი სააქციო საზოგადოება შეიქმნა, რომელთა უმრავლესობაც წამგებიანია. შესაბამისად, ისინი დივიდენდებს ვარ გასცემენ, რაც, თავისთავად, აქციონერთა უკმაყოფილებას იწვევს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მთავარი პრობლემა ინფორმაციულ ვაკუუმშია, აქციონერებმა თავიანთი უფლება-მოვალეობები არ იციან და საწარმოებს კვლავაც დირექტორები ერთპიროვნულად მართავენ.

ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პერიოდულად აწყობს “ღია კარის დღეებს”, სადაც კომისიის წევრები აქციონერებს იმ კანონმდებლობას აცნობენ, სადაც კაპიტალის ბაზარი იმართება. უპირველეს ყოვლისა, აქციის მფლობელობა მხოლოდ დივიდენდის მიღებას არ ნიშნავს. წვრილი აქციონერები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ მათი უფლებები ირღვევა. ზოგმა ისიც არ იცის, ამა თუ იმ საწარმოში რამდენ აქციას ფლობს. “ღია კარის დღეზე”, რომლებიც ადგილებზე ეწყობა, აქციონერებს შესაძლებლობა აქვთ, ყველა კითხვაზე პასუხი მიიღონ. იმისათვის, რომ აქციონერმა აქციების შესახებ ინფორმაცია მიიღოს, უნდა შეავსოს განცხადება, რის შემდეგაც კომისია მონაცემებს დამოუკიდებელ რეგისტრატორთან გადაამოწმებს. საქართველოში ამჟამად ექვსი რეგისტრატორია. “ფასიანი ქაღალდების შესახებ” კანონით ანგარიშვალდებული საწარმოები (რომელთაც ასზე მეტი აქციონერი ჰყავთ) ვალდებულნი არიან, დამოუკიდებელ რეგისტრატორთან აქციათა რეესტრი აწარმოონ. კომისიის ინფორმაციით, საქართველოში ანგარიშვალდებულად 379 საწარმოა მიჩნეული. აქედან, 239 მათგანი საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაშია ჩართული.

ბირჟაზე საწარმოს აქციების ყიდვა-გაყიდვას ლიცენზირებული ბროკერები ახორციელებენ, რომლებიც რჩევას აძლევენ კლიენტებს, როდის და რომელი საწარმოს აქცია იყიდოს და გაყიდოს. ამჟამად, საქართველოში 37 საბროკერო კომპანია მოქმედებს.

სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ ფუნქციონირებს ინტერნეტის მეშვეობით. მეტიც, ხშირად ჩვენი საფონდო ბაზრის მონაწილეების ქცევა, მოგვიანებით და იძულებით განხორციელებულ რეგისტრაციებს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ აღებ-მიცემობას. მიუხედავად “UშAID”-ის და “ბარენც ჯგუფის” დიდი მცდელობისა, ჩვენთან საფონდო ბაზარი ჯერჯერობით ჩანასახშია. ამის მთავარი მიზეზია ეკონომიკაში საბაზრო ურთიერთობების სუსტი განვითარება და რეალური სააქციო საზოგადოებების არარსებობა. თუმცა, ამაში ბევრი დადებითი მომენტია: მაშინ, როცა დღეს მსოფლიო საფონდო ბირჟები უმტკივნეულეს კრიზისს განიცდიან, საქართველოს საფონდო ბაზარი მყარად დგას. სანატრელია ის დრო, როცა ამგვარი რყევა ჩვენც შეგვეხება.