თბილისის მერიის საინვესტიციო პროექტები

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

თბილისი წელს რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს – როგორც ცნობილია, მაისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნეს-ფორუმი ჩატარება იგეგმება, გარდა ამისა, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა, რომელიც ივლისის ბოლოს გაიმართება, ასევე 11 აგვისტოს დაგეგმილი სუპერ თასის ფინალი. ამ ყველა ღონისძიების ფარგლებში თბილისი საკმაოდ დიდ ინვესტიციებს დებს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში, ისევე როგორც ცენტრალური ხელისუფლება. დაახლოებით 50/50 წილობრივი მონაწილეობით. ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობისთვის, 2015 წელს, 28 მილიონი ლარი უშუალოდ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმართა ქალაქ თბილისის მერიამ. 10 მილიონი ლარი საქველმოქმედო ფონდიდან დამატებით მიიზიდა, რომელიც ასევე მოხმარდება საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ოლიმპიადის ობიექტებისთვის; 20 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო დინამოს სტრადიონის მოდერნიზაციისთვის, საიდანაც 14 მილიონი მერიამ დახარჯა.

ერთი მხრივ, იდება ინვესტიცია და ამით ეკონომიკური განვითარების სტიმულირება ხდება, მეორე მხრივ, ის ობიექტები, რომელიც აშენდა და რომლებიც უახლოეს პერიოდში აშენდება, რჩება ქალაქს და დაგეგმილია შემდგომ წლებში შესაბამისი ფედერაციების მიერ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება. „ასე რომ, ამითაც ქალაქისთვის კარგი საქმე კეთდება. ვცდილობთ, რომ საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტები განვავითაროთ თბილისში და საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობით მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, რომელიც ქალაქს მნიშვნელოვნად აწუხებს, ავარიული სახლების პრობლემა ისტორიული სახლების აღდგენა/რეაბილიტაცია, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ინიციატივებია და დოკუმენტის სახე მას არ აქვს“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მინიციპალიტეტის საინვესტიციო აქტივობებზე გვესაუბრა:

დავით ნარმანია: „როდესაც 2014 წლის აგვისტოს დასაწყისში მოვედით თბილისის მერიაში, პირველი, რაც გავაკეთეთ, არსებული მდგომარეობა შევისწავლეთ და ინვენტარიზაცია მოვახდინეთ. ცალკეული დეტალები, რომლებიც წლების განმავლობაში დახურული და დამალული იყო, გავასაჯაროვეთ. ერთ-ერთ მაგალითად შემიძლია დავასახელო „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ მთლიანად საჯარო გავხადეთ, ინფორმაცია, რომელიც აქამდე მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელი იყო, დღეს თბილისის მერიის ვებგვერდზე დევს და ის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც არსებობდა, დაკმაყოფილებულია. იგივე შემიძლია ვთქვა თბილისის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც არასრული სახით იდებოდა ვებგვერდზე. ჩვენ არათუ ინფორმაციის გამოქვეყნება დავიწყეთ მასიურად ყოველდღიური ღონისძიებების შესახებ, არამედ ვაპირებთ ახალი პორტალის ამოქმედებას, რომელიც უფრო მეტად დაიტვირთება. 2015 წლის ბიუჯეტი გამჭვირვალობისა და ვალდებულების გაზრდის თვალსაზრისით წელს პირველად გავაკეთეთ პროგრამული ფორმით, თუმცა ის არ არის დახვეწილი, კლასიკური პროგრამული ბიუჯეტი, რადგან ამას მეტი დრო სჭირდებოდა, თუმცა, ბიუჯეტის 70% მაინც მოვიცავით. რაც შეეხება 2016 წლის ბიუჯეტს, ის უფრო სიღრმისეული იქნება პროგრამული ბიუჯეტის თვალსაზრისით. ამიტომ ხალხს აქვს ინფორმაცია, რას ვაკეთებთ, რას ვაფინანსებთ, როგორი ფორმით და რა შედეგები უნდა მივიღოთ.

ს.ე. როგორია თბილისის მერიის საინვესტიციო აქტივობები?
დ.ნ.
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერიაში შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელიც საინვესტიციო პროექტებს განიხილავს, სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პროექტების განხილვა თბილისის მერიაში სხვადასხვა სამსახურებს შორის აზრთა და პოზიციათა შეჯერებას საჭიროებდა. სწორედ ამიტომ ინვესტორებს უწევდათ კარიდან კარზე, უწყებიდან უწყებაში გადასვლა და ლოდინი, საუბარია: მერიაზე, ქონების მართვის სამსახურზე, არქიტექტურის სამსახურზე და ა.შ. ამიტომაც ჩვენ ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ბაზაზე გავაკეთეთ ასეთი პროექტების განმხილველი ჯგუფი, სადაც დღემდე ასზე მეტი საშუალო და მსხვილი პროექტი გავიარეთ და მათი ჯამური ღირებულება 300 მილიონი დოლარია, უმეტესი მათგანი გაეშვა მშენებლობაში, მიეცა ნებართვა, ზოგიერთი კი დაზუსტების პროცესშია და ისინიც მიიღებენ მშენებლობის ნებართვას. დაგისახელებთ რამდენიმე მათგანს, რომელიც მეჩვენება, რომ საინტერესო და დიდი პროექტია: მაგალითად, გლდანი-მოლის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პარკირების პრობლემა, სადაც ჩვენი მხარდაჭერის შემდეგ დამატებით 370 ადამიანი დასაქმდა. 2015 წლის სექტემბერში სრულად გაიხსნება ეს ცენტრი და დამატებით 22 ობიექტი მიემატება, ჯამში კი 700 ადამიანი იქნება დასაქმებული, ცენტრს 250 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი ექნება, რომლის მშენებელობაც დღეს მიმდინარეობს.

„ნიუ ჰოტელი“ 32 მილიონი დოლარის ინვესტიციაა და ითვალისწინებს გერგეთის ქუჩაზე 5-ვარსკვლავიანი გოთიკური სტილის 100-ნომრიანი სასტუმროს აშენებას, სადაც მშენებლობისა და შემდგომი ექსპლუატაციის პროცესში 200 ადამიანი დასაქმდება. სასტუმრო სამშენებლო ვადების მიხედვით 2017 წელს უნდა გაიხსნას.

„პარკინ რედისონი“, რომელიც 25 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს, სასტუმრო „თორის“ ტერიტორიაზე აშენედება, იქნება 200-ნომრიანი და 4-ვარსკვლავიანი. ისიც 2017 წელს გაიხსნება. ეს არის მინიმალური ოდენობა იმ საინვესტიციო პროექტებისა, რომელიც ჩვენ დაჩაქრებული ტემპით გავიარეთ და მათ მეპატრონეებს მაქსიმალურად დავეხმარეთ, რომ ბიუროკრატიული ბარიერები, მექანიზმები მარტივად გადაელახათ. საუბარია იმაზე, რომ ნორმების არაცალსახად წაკითხვადი დებულებები მოგვეყვანა შესაბამისობაში. ჩვენ არა მხოლოდ პროექტებს ვუჭერდით მხარს, არამედ გავლილი პრაქტიკის მიხედვით კანონმდებლობისა და პროცედურების ანალიზი გავაკეთეთ და ვგეგმავთ მასშტაბურ ცვლილებებს ამ მიმართულებით.
ჯგუფი, რომელიც შევქმენით სამი მთავარი მიმართულებით მუშაობს: თვითონ ინვესტორების მიერ შემოთავაზებული პროექტების მხარდაჭერა, მათთვის ადმინსიტრაციული ბარიერების შემსუბუქება, მეორე – ქალაქის საკუთრებაში არსებული და სარეალიზაციოდ მიზანშეწონილი ქონების, მათ შორის, მიწის და შენობა-ნაგებობების შეთავაზება ინვესტორებისთვის, თუ მათ ასეთი რამ სჭირდებათ, მესამე – კერძო საკუთრებაში არსებული და ფუნქციურად და ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული შენობებისთვის ან მიწის ფართებისთვის დამატებით მხარდაჭერა – ზოგიერთ შემთხვევაში მათ შესაძლოა მომიჯნავე ტერიტორიის შეძენა ან გაერთიანება სჭირდებოდეთ ან სხვა რამ, რაშიც ეს ჯგუფი ეხმარება მათ, ამზადებს წინადადებებს და შემდგომ უკვე მათი პროექტები საინვესტიციოდ უფრო მიმზიდველი ხდება.

ს.ე. პოლიტიკური ოპონენტები ხშირად გსაყვედურობენ, რომ თქვენი ქალაქის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მშენებლობა გაჩერდა ქალაქში. რას აკეთებთ გაჩერებული მშენებლობების კუთხით?
დ.ნ.
საგადასახადო ომბუსდმენის აპარატთან ერთად შევისწავლეთ ყველა შეჩერებული მშენებლობა თბილისში. სწორედ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მმართველობის დროს შეჩერებული პროექტების სრული ინვენტარიზაცია და შესწავლა მოვახდინეთ. ეს არის მხოლოდ თბილისში 100-ზე მეტი მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობა, რომლის ფუნდამენტი ჩაყრილი იყო, მშენებლობა დაწყებული იყო ან ქვაბული ამოღებული და მშენებლობა ჯერ არ იყო დაწყებული და 2008 წლის ომმა და კრიზისმა მოუსწრო. მათთავის ერთ-ერთი მთავარი მასტიმულირებელი მექანიზმი იყო დღგ-სგან გათავისუფლების აქტი, მაგრამ როცა პრობლემა შევისწავლეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ეს არ იყო საკმარისი და მეორე მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ეს არის მშენებლობის ე.წ. K2 კოეფიციენტის მოსაკრებლისგან სრულად განთავისუფლება, ამიტომ 2008 წლის 8 აგვისტომდე მშენებლობები, რომლებზედაც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა და პროექტი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, ისინი სრულად გათავისუფლდნენ ზემოაღნიშნული მოსაკრებლისგან, რაც, ვფიქრობ, რომ დიდი სტიმულია და ბევრ მათგანს მისცემს საშუალებას გააგრძელონ პროექტები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნორმები მთლიანად არ არის ძალაში შესული, ბევრ ობიექტზე ტექნიკის მობილიზება შეინიშნება.

ს.ე. ქალქისთვის დიდი პრობლემაა ე.წ. „ხრუშოვკები“ და ავარიული სახლები, რას უპირებთ მათ?
დ.ნ.
უბნების მიხედვით რამდენიმე პროექტი მოვამზადეთ და კერძო სექტორს შევთავაზეთ, ზოგიერთი ინიციატივა თვითონ კერძო სექტორისგან წამოვიდა. საუბარი მიდის ათამდე კორპუსის ჩანაცვლებაზე ან დაბალსართულიანი სახლების ტერიტორიაზე გაზრდილი კოეფიციენტით მშენებლობის ნებართვის მიცემაზე, რაც გარკვეული პროგრესია იმ თვალსაზრისით, რომ ამორტიზირებული საბინაო ფონდი განახლდეს. თუმცა, ჩვენ უფრო კომპლექსური მიდგომა გვაქვს და მასშტაბურ პროექტებს ვამუშავებთ, რომლებსაც დაინტერესებულ კომპანიებს შევთავაზებთ მოგვიანებით.

ვაპირებთ ადმინისტრაციული პროცედურების კიდევ უფრო გამარტივებას, ამის კონკრეტული გეგმა გვაქვს და ვმუშაობთ, მათ შორის, საუბარია რამდენიმე სერვისის ელექტრონიზაციაზე და ვიყენებთ უკვე განვითარებულ სერვისებს, რაც ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს გააჩნია იმისთვის, რომ ის პროცედურები, რაც დღემდე მაინც რჩება ქაღალდზე, გადავიტანოთ ელექტრონულ ფორმატში.

დავიწყეთ მუშაობა ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე, ეს არის საკმაოდ კომპლექსური სამუშაო, მაგრამ ინვენტარიზაცია და არსებული მდგომარეობის შესწავლა დავასრულეთ. მანამდე რამდენიმე უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება დავიწყეთ, რათა შემდგომ ინვესტორებს შევთავაზოთ გრგ-ს ფარგლებში კონკრეტული უბნების განვითარება, მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო მზიური და მისი მიმდებარე 18 ჰექტარი ტერიტორია, რომლისთვისაც ვამზადებთ გრგ-ს და შემდეგ მას ინვესტორებს შევთავაზებთ. ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაზე. გარდა იმისა, რომ ჰუალინ ჯგუფის მიერ მიმდინარეობს ინტენსიური სამშენებოლ სამუშაოები, 150 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია იდება, სხვა ნაწილის განვითარებაზეც აქტიურად ვმუშაობთ. იქაც ვამზადებთ განაშენიანების რეგულირების გეგმას, იმისათვის, რომ დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ. მათ შორის, ფართოვდება „ჯინო პარკის“ ტერიტორია, შემოსულია მსგავსი რეკრეაციული დასვენებითი ობიექტის წინადადება, რომელსაც მალე მივცემთ მშენებლობის ნებართვას. გარდა ამისა, ჩვენ იქ საჯარო ინფრასტრუქტურის ნაწილს ვაწესრიგებთ, წელს თბილისის ზღვის ერთი ნაწილის 13-კილომეტრიანი გზა მთლიანად დაიგება თემქამდე. გარდა ამისა, წყლისა და კანალიზაციის სისტემის პროექტს ვამუშავებთ, რომელიც ასევე ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიციის ფარგლებში იქნება დამატებითი სტიმული ინვესტორისთვის, რომ მათ იქ განავითარონ თავიანთი საინვესტიციო პროექტები.

მინდა გითხრათ, რომ გერმანიაში გამართულ კონკურსში მოვიგეთ პროექტი და ორი გერმანული ქალაქის მერე თბილისი მესამე ადგილზე გავიდა. KFW-ს მხარდაჭერით ჩვენ მას განვახორიციელებთ. ეს იქნება საგრანტო დაფინანსება და თბილისის ბიუჯეტიდან თანადაფინანსება გაკეთდება, მომზადდება თბილისის, როგორც ჭკვიანი ქალაქის განვითარების კონცეფცია, რომელსაც ბევრი თანამედროვე ქალაქი იყენებს, ის ითვალისწინებს შუქნიშნების ელექტრონულ მართვას, პარკირების სისტემის ელექტრონულ მართვას, ენერგოდამზოგავი ლედ განათების სისტემებსა და ბევრ სხვა რამეს.

მანამდე რამდენიმე პროექტზე ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ, გარე განათების, ლედ განათების სისტემებზე. ასევე, გამოვახცადეთ თბილისში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა, დასრულდა წინადადებების მიღება, სულ ახლა გაიხსნა პაკეტები და 13 ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პაკეტი გვავქს მიღებული, პირველი ეტაპისთვის შერჩევა-შეფასება გაკეთდება, მეორე ეტაპზე გადავა არაუმეტეს 5 წინადადებისა და მათ ავტორებს მიეცემათ ორთვიანი ვადა რათა მოამზადონ ე.წ. „ფიზიბილითი“, კონკრეტული ბიზნეს-გეგმა, თუ რა ინვესტიცისა ჩადებენ ისინი თბილისში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში, რას მოითხოვენ ქალაქის მუნიციპალიტეტისგან. გარდა ამისა, მიმდინარე კვირას გამოვაცხადებთ მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას, რომელიც ასევე გამზადებული გვაქვს და პრემიერთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა აღნიშნული პროექტი. ამ თემითაც დაინტერესებულნი არიან სერიოზული ჯგუფები, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს და ჩვენ გამოვაცხადოთ ჩვენი პირობები და ამ პირობების საფუძველზე შემოიტანონ საინვესტიციო წინადადებები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial