ახალი ტრანსევრაზიული მილსადენი

ემზარ ჯგერენაია
აზიური ნავთობის ევროპისაკენ ტრანსპორტირებისათვის ომი გრძელდება, რასაც ერთდროულად ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათი აქვს. ერთის მხრივ, ქვეყნებს, რომლებიც გუშინ რუსეთის ხელისუფლების და ეკონომიკის თანამგზავრები იყვნენ, არ სურთ რუსეთმა ეს მათ წინააღდეგ სადამსჯელოდ გამოიყენოს, მეორეს მხრივ, ეს არის მათი ეკონომიკებისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. შეიძლება ითქვას, ეს ამ ბაზრის მონოპოლიზაციის (რუსეთის მხრიდან) წინააღმდეგ ომიცაა, რაც აუცილებლად ფასების ოპტიმიზაციასაც ნიშნავს.
ენერგეტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 10-11 ოქტომბერს ვილნიუსს ოფიციალური წარმომადგენლები 30 ქვეყნიდან ესტუმრნენ. მათ შორის, საქართველოს, აზერბაიჯანის, პოლონეთის, უკრაინის, ლიტვისა და ლატვიის პრეზიდენტები. კონფერენციაზე ხელი მოეწერა ოდესა-ბროდი-პლოცკის ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას. ოდესა-ბროდი-პლოცკის ნავთობსადენი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისათვის შენდება, რის შედეგადაც პოლონეთი და უკრაინა რუსეთის ენერგომატარებლებზე ნაკლებად დამოკიდებულნი გახდებიან.
რუსეთი ვერ ეგუება მისი იმპერიული ბუნებიდან გამომდინარე, თავის გავლენის სფეროების დაკარგვას როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ისე ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. მისი დასაყრდენი შუა აზიის ზოგი ძველი კომუნისტი დიქტატორია, რომლებიც კრემლის დახმარებით რჩებიან ხელისუფლების სათავეში, სამაგიეროდ მარადიულ და დიქტატორულ მმართველობას ცვლიან ქვეყნის რესურსების ექსკლუზიურად რუსეთის გამგებლობაში გადაცემაზე.
რუსეთი კი იმ ქვეყნებს, რომლებიც ორიენტირებას ევროპაზე და ნატო-ზე ახდენენ სჯის იმით, რომ ცდილობს ისინი თავისი ბაზრიდან და საერთაშორისო ბიზნეს-სქემიდან ამოაგდოს. ამ ელემენტარული ჭეშმარიტების სახეა ბალტიის ზღვაზე მილსადენის გაყვანა გერმანიამდე და შავ ზღვაზე ცისფერი ნაკადი, თუ ახალი ნავთობსადენი, რომლის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება ნოვოროსისკი- ბურგასი-ალექსანდროპოლუსის მიმართულებით (საბერძნეთი) წელიწადში 30 მილიარდი მ/კუბ სიმძლავრის და შემდგომ გაგრძელდება ცენტრალურ ევროპაში.
ამის გამოვლინება ეკონომიკური ემბარგოს დაწესებაა პოლონეთის, ესტონეთისა და საქართველოსათვის. შეიძლება ერთი შეხედვით ეს წინააღმდეგობა მოინათლოს, როგორც დასავლეთის და რუსეთის ჭიდილი, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის, ზუსტად ამ ქვეყნების დასჯა სურს რუსეთს და არა დასავლეთს. დასავლეთის ბაზარი, მიუხედავად აღმოსავლეთში ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის არსებობისა, მას ჰაერივით სჭირდება, მაგრამ ზედმეტ მილიარდებს იხდის, რათა ეს ქვეყნები დასაჯოს მათი თავისუფლებისა და რუსეთის ორბიტიდან გასვლისათვის. ბუნებრივია, ეს გარკვეულწილად ეხება დასავლეთ ევროპასაც, რადგან რუსეთი სრული მონოპოლიის პირობებში მათთვის არა მარტო მონოპოლიურ ფასებს დააწესებს, არამედ პოლიტიკურ შეკვეთებსაც დაიწყებს და ამის ნიშნები უკვე იყო. მაგალითად, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი მხარს უჭერდა რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, როცა მან მხარი არ დაუჭირა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და ა.შ.
პოლონეთის მთავრობამ კაჩინსკის მეთაურობით დაიწყო მუშაობა ახალი მილსადენის პროექტზე. ლეხ კაჩინსკი 30 მარტს ესტუმრა აზერბაიჯანს და ალიევისაგან მიიღო დაპირება, რომ მხარს დაუჭერდა ახალ პროექტს და მონაწილეობას მიიღებდა ენერგეტიკულ სამიტში. შემდგომ, 6 აპრილს კაჩინსკი ესტუმრა ყაზახეთს, სადაც ნაზარბაევთან გამართული მოლაპარაკება მეტად მძიმე იყო. ყაზახეთი არ იყო წინააღმდეგი ნავთობი მიეწოდებინა პოლონეთისათვის, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო რუსეთის გავლით. კაჩინსკის მონდომებამ – დაერწმუნებინა ყაზახეთის პრეზიდენტი რუსეთის გვერდის ავლით მილსადენის მშენებლობაში და ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში, შედეგი არ გამოიღო. თუმცა კაჩინსკის არ დაუკარგავს იმედი, რომ დასავლეთის ზეწოლით ყაზახეთს დაითანხმებდა. თანაც ნაზარბაევს არჩევნები წინ ჰქონდა და მას ჭირდებოდა რუსეთის გარე მხადაჭერა ამ საკითხში, რადგან იქ მოსახლეობის 45% რუსია.
16 აპრილს კაჩინსკი იგივე საკითხის განსახილველად საქართველოს პრეზიდენტს ესტუმრა და შემდგომ – უკრაინისას. ბუნებრივია, ამ ქვეყნების სრული მხარდაჭერამიიღო. ამ მოლაპარაკების შედეგი იყო 11 მაისს პოლონეთში, კრაკოვში ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში პოლონეთის, საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის პირველი პირების შეკრება და ამ ახალი მილსადენის ირგვლივ შეთანხმების მიღწევა. ამ ქვეყნებს შეუერთდა ლიტვის პრეზიდენტი ადამკუსი. ბუნებრივია, ნაზარბაევი ამ სამიტზე არ წასულა, ის პუტინს მასპინძლობდა, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. მას წარმოადგენდა ენერგეტიკის და რესურსების მინისტრის მოადგილე კიინოვა, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი იხილავენ ჯერ სხვადასხვა ვარიანტებს თავისი ნავთობისა და გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისათვის. ამასთან უკვე მუშაობს მძლავრი ნავთობსადენები ტენგის-ნოვოვროსისკის მიმართულებით, 64 მილიონი ტონა წელიწადში და ატირაუ-სამარას მიმართულებით 25 მილიონი ტონა წელიწადში.
სამიტის შეთანხმების ძირითადი მომენტები იყო მარშრუტის დაახლოებითი მიმართულება – ბაქო (აზერბაიჯანი)-(საქართველო) ფოთი ან ყულევი, ოდესა-ბროდი, ხოლო შემდგომ იყო ორი ვარიანტი: ან პირდაპირ პლოცკში ან გაყვებოდა უკრაინა პოლონეთის საზღვარს და შემდგომ მივიდოდა პლოცკში.
მილსადენი შავი ზღვის ფსკერზე გავიდოდა 650 კილომეტრს და საქართველოში, ფოთში დაიდგმებოდა მძლავრი ტუმბოები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 350-380 მილიონი დოლარია, რათა 2000 მეტრის სიღრმეში გავლილი ნავთობსადენით გადაექაჩათ გაზი თუ ნავთობი. ასეთი პროექტი ძალიან რთულია და ძვირადღირებული. ის პირველად რუსებმა განახორციელეს ცისფერი ნაკადის მშენებლობისას – თურქეთის მიმართულებით 900 კმ გაიყვანეს ორი მილსადენი და მიაღწიეს 16 მილიარდი მ/კუბ-ს სიმძლავრეს წელიწადში, რადგან უფრო მეტის საშუალებას ტექნიკური პირობები არ იძლეოდა. ამ პროექტზე მუშაობდნენ იტალიელი სპეციალისტები და ფირმები და თუ რა დაუჯდა ამ ტექნოლოგიის შექმნა რუსებს, დღემდე არ გაუმჟღავნებიათ.
ამ პროექტს აქვს ის დადებითი მომენტი, რომ საქართველოში არსებობს მილსადენის დერეფანი და აზერბეიჯანში თუ მას ახლოს გავიყვანთ – ბაქო-ჯეიხანთან და ბაქო-სუფსასთან, ხოლო ოდესა-ბროდცკი უკვე მუშაობს. რაც შეეხება პლოცკს, იქ არის 350 კმ სიგრძის დიდი ნავთობსადენი გდანსკამდე, პოლონეთის პორტამდე, ხოლო პლოცკში – 16 მილიონი ტონის სიმძლავრის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (პლოცკი მშვენიერი ისტორიული ქალაქია ვარშავიდან 100 კილომეტრში, მისი ისტორია მე-10 საუკუნიდან იწყება, მაგრამ დღეს ცნობილია, როგორც რუსეთ-ევროპის შემაერთებელი ნავთობსადენის – დრუჟბას ცენტრი. აქ არის სამართავი სადისპეჩერო სათავსოები და ა. შ.
სამიტზე გადაწყდა, რომ ევროკავშირისათვის ეთხოვათ პროექტის ფინანსური მხარდაჭერა – 500 მილიონის დოლარის ოდენობით და ამა წლის მაისში ვენის ენერგეტიკულ ფორუმზე ახალი მარშრუტი აზერბაიჯანი-საქართველო-უკრაინა-პოლონეთი შევიდა Nაბუცცო-თან ერთად (თურქეთი-საბერძნეთი-იტალია) ევროპის მიერ დაწერილი პროექტების სიაში. პოლონეთის ეკონომიკის მინისტრმა ჩვენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი მაგისტრალი იქნება და მის განხორციელებას შემდეგი ეტაპები სჭირდება: რეალურად კონსორციუმის შექმნა ამ მონაწილე ქვეყნების მიერ, რომელიც იქნება მილსადენის ოპერატორი, ამასთან ამ კონსორციუმში წილების განსაზღვრა. მინისტრმა განაცხადა, რომ 26 სექტემბერს თბილისში ენერგეტიკის მინისტრების კიდევ ერთი მუშა შეხვედრა გაიმართება ვილნიუსის სამიტამდე, ამასთან დაზუსტდება მარშრუტი, თუ ბროდსკიდან პლოცკამდე როგორ მოვა მილსადენი და პროექტის ღირებულებაც ამაზე იქნება დამოკიდებული. მინისტრის განცხადებით, დასავლეთის ტრანსნაციონალური კომპანიები – ბი-პი, შელი და სხვები იმიტომ არ არიან ჯერ ჩართული ამ პროექტში, რომ საჭიროა ბიზნეს-წინადადებების შემუშავება – თუ რას და როგორ ვთავაზობთ მათ და შეიქმნას საინვესტიციო პროექტი.
26 სექტემბერს თბილისი-მერიოტში შეიკრიბნენ მონაწილე ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები და ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები ექსპერტებთან ერთად და გადაწყდა, რომ პლოცკში მილსადენი პირდაპირ მივა პოლონეთის ტერიტორიის გადაჭრით და შეიქმნა პროექტი კონსორციუმში მხარეების წილობრივი მონაწილეობის თაობაზე, რომელსაც ოქტომბერში ვილნიუსში განიხილავენ (ცნობილია, რომ ლიტვის წილი იქნება სიმბოლური – 1%). ლიტვის ყოფნა, პოლიტიკურის გარდა, პოლონეთისათვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პოლონელებმა ლიტვაში შეიძინეს ნავთობგადამუშავების ქარხანა, რომელიც რუსებს უნდოდათ და ამის გამო ნავთობის მიწოდებაში სულ პრობლემებს უქმნიან. ამიტომ ეს ქარხანაც მომარაგდება უწყვეტად და ამას დაამტკიცებენ მონაწილე ქვეყნის პირველი პირები, ამასთან გადაწყდება პროექტის შემუშავებისა და დაფინანსების საკითხი. ოქტომბერი იქნება ამ ახალი იმ ტრანსევრაზიული მილსადენის დაბადების თარიღიც, რომლის ღირებულება, ჩვენი გათვლებით, 3 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება და სიგრძე – 2.5 ათასი კილომეტრი.