WELCOME TO GEORGIA და ტურიზმიც განვითარდება?

ნინო არველაძე

ქალბატონ სინდია უაითლესის ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურისა და პრესის ახალი ატაშეა, თბილისს ნევადის შტატის ყოფილი გუბერნატორი რობერტ მილერი და საერთაშორისო ექსპერტი თომას თაითი ესტუმრნენ. მათ ნევადის შტატში ტურიზმის აყვავებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. 15 სექტემბერს “გაერთიანებული ამერიკის უნივერსიტეტში” ამერიკის საელჩოს ინიციატივით სპეციალისტებისა და ჟურნალისტებისათვის სემინარი გაიმართა.

ნევადის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, რომელიც ნევადაში ტურიზმის განვითარების პროექტის ერთ-ერთი ავტორია, ამ დარგში ცენტრალური ხელისუფლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, ხოლო შტატის ტურიზმის განვითარების საბჭოს მთავარმა აღმასრულებელმა და ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტმა თომას თაითმა ამ სფეროში კერძო ბიზნესის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მოგვითხრო.
2007 წლის დასაწყისიდან გლობალურმა ტურიზმმა მაღალი სტარტი აჩვენა – საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 2007 წელს დაახლოებით 4%-ით გაიზრდება, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ პირველი ოთხი თვის შედეგებს ეფუძვნება, ამიტომ ექსპერტები უფრო მაღალ ინდექსს ელიან. 2007 წლის იანვარ-აპრილში მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტთა პროცენტულმა მაჩვენებელმა 6%-ს გადააჭარბა და 252 მლნ ტურისტი დააფიქსირა, რაც 2006 წლის იგივე პერიოდის მონაცემებს 15 მლნ ტურისტით აჭარბებს. მრავალრიცხოვანი ტურისტებით ევროპა ლიდერობს, პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს, მეორე და მესამე ადგილებს კი ესპანეთი და აშშ ინაწილებენ, თუმცა შემოსავლების მხრივ პირველი ადგილი აშშ-ის უჭირავს, მეორე – ესპანეთს, მესამე – საფრანგეთს. სწრაფად ვითარდება აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ტურიზმის სფერო. დღეს მთავარი მიმართულებებია ზაფხულის, ექსტრემალური და ისტორიული ტურიზმის სახეობები, თუმცა ტენდენცია გასართობი ტურიზმის განვითარება ხდება.
ამერიკელ ექსპერთა ჯგუფი კიდევ ერთხელ იმეორებდა, რომ განვითარებული ტურიზმი განვითარებული ეკონომიკის, დასაქმების მაღალი მაჩვენებლის და ქვეყნის იმიჯის გარანტიაა და ტურიზმის განვითარება მხოლოდ საზღვაო კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარებას არ გულისხმობს. ჯგუფი მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობს და შეხვედრებს კერძო სტრუქტურის სექტორთანაც მართავს.
მართალია, მონაცემების მიხედვით, 2003 წლის შემდეგ საქართველოში ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად 2-ჯერ იზრდება, მაგრამ ტურიზმის სფეროდან მიღებულ შემოსავლებს საქართველოს მშპ-ში ჯერ კიდევ უმნიშვნელო წილი აქვს.
ნევადის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ლას-ვეგასის განვითარების მაგალითის მიხედვით ახსნა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში ტურისტების მიზიდვა.
მსოფლიოში ტურიზმის განვითარების ტენდენციების შესასწავლად შექმნილია ვებ-გვერდი www.wttc.org, (The World Travel & Tourism Cpuncil WTTC; მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო). მოგზაურობისა და ტურიზმის სფერო მსოფლიოს უმსხვილეს ინდუსტრიას წარმოადგენს, ასაქმებს დაახლოებით 231 მლნ ადამიანს და მსოფლიო მშპ-ის 10.4%-ი სწორედ ამ დარგზე მოდის.
25-26 სექტემბერს “შერატონ მეტეხი პალასში” გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO – United Nations World Tourism Organization) და საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზატორობით გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “სტრატეგიული კომუნიკაციები ტურიზმის სფეროში”. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ტურისტული მედიის გამოცდილება ახალი ტურისტული ადგილების რეკლამირების დარგში. UNWTOმიზნად ისახავს ტურიზმის ხელმისაწვდომობასა და ტურიზმის ეთიკის გლობალური კოდექსის დანერგვას, განსაკუთრებული ინტერესი კი განვითარებადი ქვეყნებისკენაა მიმართული.
ამ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ტურიზმის განვითარების საქმეში მთავრობის ვალდებულებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მდიდარი ისტორიის, კულტურისა და გეოგრაფიული მრავალფეროვნების გამო სწრაფად ხდება ტურისტების მიმზიდველი ადგილი: “ჩვენ ინვესტიციებს სასტუმროებში, რესტორნებში, ტრანსპორტში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვალიფიციური კადრების მომზადებაში ვდებთ.”
საერთაშორისო კონფერენციაზე გენერალური მდივნის თანაშემწემ ჯეფრი ლიპმანმა საქართველოში ტურისტების მოზიდვის მთავარ პირობად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ყველა დონის სერვისის სრულყოფა დაასახელა, ღიმილით წარმოთქმული მისი ბოლო ფრაზა კი იყო: “შეწყვიტეთ ჩინელების მიღება”. როგორც ძველი გამონათქვამი ღაღადებს, ყველა ხუმრობაში სიმართლის მარცვალი დევს.
აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში ახალი ბაზრების გამოჩენა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საუკეთესო გზაა. საქართველოს მსოფლიო ტურისტულ რუქაზე დამკვიდრება სურს, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ფრანჩესკო ფრანჯიალი საქართველოში ტურიზმის სკოლის გახსნას გეგმავენ.
ქვეყანაში ტურიზმის განვითარება მხოლოდ მთავრობის დამსახურებაა, რომელმაც სწორად უნდა გადააფასოს ეკონომიკისა და სოციალური ღირებულებები და ამ დარგში აუცილებელი პირობების შექმნა უზრუნველყოს.
ნევადა
აშშ-ში შტატის გუბერნატორი არჩევნების გზით ინიშნება, ნევადის შტატში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინისტრის პოზიციაზეა.
ნევადის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ბატონმა ბობ მილერმა აღნიშნა, რომ მისთვის ტურიზმი მნიშვნელოვანი ინდუსტრია იყო, ხოლო მისი მამა სპეციალურად გადავიდა ლას-ვეგასში კაზინოებისა და სასტუმროების ბიზნესში ჩასართავად. მომავალი გუბერნატორი კი ზაფხულობით ავტობუსის გამყოლად ან მაშველად მუშაობდა. ამიტომ ის კარგად იცნობდა ბიზნესის იმ მხარეს, რომელსაც მომხმარებელი არასოდეს ხედავს და ვერ ამჩნევს – უზარმაზარ შრომას. უდიდესი მნიშვნელობა მართვის სფეროს ენიჭება. წარსულში ლას-ვეგასი დღევანდელისგან ძირფესვიანად განსხვავდებოდა – მცირე მაშტაბების გამო სასტუმროებს შორის მჭიდრო კავშირი იყო დამყარებული და არ არსებობდა ფეშენებელური სასტუმროები. ნევადის გუბერნატორის მამა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შეცვლილ კონცეფციაზე მუშაობა გადაწყვიტა. 60-იანი წლების დასასრულს ოჯახურ სადილს ერთ-ერთი დიზაინერი დაესწრო, მისი დიზაინით შექმნილი სასტუმრო სხვებისგან განსხვავებული და უცნაური იყო. მას ახალი კაზინოს აშენების შესახებ ახალი იდეები ჰქონდა – ცირკის კარავის ფორმის მქონე კაზინო, სადაც მაგიდებს შორის სპილოები და სხვა ცხოველები ისეირნებდნენ, კაზინოში იქნებოდა სხვადასხვა სახის გასართობი კუთხეები. მომავალმა გუბერნატორმა მაშინ განაცხადა, რომ მოსმენილ იდეებს შორის დიზაინერის პროექტი ყველაზე სულელური იყო, თუმცა ერთი წლის შემდეგ ლას-ვეგასში პირველი ცირკი-კაზინო გაიხსნა, მოგვიანებით კი კიდევ რამდენიმე მსგავსი შეემატა. გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნისას ბობ მილერს უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა, ამიტომ მან შეძლო ნევადის ტურიზმის განვითარებაში აქტიური მონაწილეობის მიღება და დიდი წვლილის შეტანა. ტურიზმი სუფთა ინდუსტრიაა, ის საკმაოდ ადვილად და სწრაფად ვითარდება, ამიტომ ხშირად ეს სფერო ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩება, რაც უდაოდ, დიდი შეცდომაა. ის ქვეყნებსა და რეგიონს თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს. სწორედ ამიტომ უნდა იყოს ხელისუფლება ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული, მთავრობის მოვალეობაა უზრუნველყოს ის საშუალებები და პირობები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში მიიზიდავს. ბობ მილერმა განაცხადა, რომ ის საქართველოს მთავრობას დიდ ენთუზიაზმს ატყობს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ენთუზიაზმი მხოლოდ კარგი დასაწყისის მაჩვენებელია, რასაც კარგი გაგრძელებაც უნდა მოჰყვეს. პირველი ნაბიჯი კი ინსტიტუციონალიზაცია უნდა იყოს, რადგან დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები თანამდებობებზე მუდმივად არ იქნებიან, საქმე კი მათ გარეშე უნდა გაგრძელდეს, მყარი საფუძველი კი ძლიერი კავშირების შექმნა და ურთიერთობების აწყობაა.
ტურიზმის ინდუსტრია პირდაპირი პარტნიორობის სისტემაზე მყარდება. ნევადის შტატში ტურიზმი სხვადასხვა მეთოდებით განვითარდა. პირველი ნაბიჯი სახელმწიფო გადასახადების სწორი მართვა იყო.
მთავარი მაინც პირველი შთაბეჭდილებაა!!!
ტურიზმი უზარმაზარი ბიზნესია, რაც სახელმწიფოს დიდი ფულის შოვნისა და იმიჯის ამაღლების უდიდეს შესაძლებლობას აძლევს. პროგნოზების მიხედვით, მომავალ წლებში ტურიზმი ბევრ ქვეყანაში სწრაფი ტემპით განვითარდება. ტურიზმის ბიზნესში დამკვიდრების სურვილის მქონე თითოეულ ქვეყანას საკუთარი ნაკლის გამოსწორება და ღირსების წამოჩენა მართებს. საქართველოს საზღვაო და სამთო-სათხილამურო კურორტების მიხედვით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რადგან მას მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზება შეუძლია, თუმცა ისტორიული ტურიზმის განვითარება არ უნდა დაიჩრდილოს. საქართველოში ბევრი ისტორიული აღმოჩენა გაკეთდა, რაც შესანიშნავი ფაქტია, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება აუცილებლობელია, ისტორიული ძეგლები და კულტურა საქართველოს სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს. მთავარი კი მაინც პირველი შთაბეჭდილებაა. საქართველოს აეროპორტში მომღიმარი სიმპათიური გოგონას ღიმილით წარმოთქმული ფრაზა: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, მოხარულნი ვართ რომ ჩამობრძანდით”, უდაოდ შთამბეჭდავია და პირველ კეთილგანწყობასაც ქმნის, თუმცა აეროპორტის დატოვების შემდეგ ამ განწყობილების გაქარვება არაპროფესიონალი მომსახურე პერსონალის ერთი მარტივი ჟესტითაც კი იოლად შეიძლება. საქართველოში მალე მწვავედ დადგება კადრების სიმცირის პრობლემა (არ იგულისხმება მხოლოდ ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები და ა.შ), ახლადაშენებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს მაღალკვალიფიციური მომსახურე პერსონალი დასჭირდება (ამბობენ, რომ ქართველი ბუნებით მომსახურე პერსონალი არ არისო, იმასაც ამბობენ, რომ ჩინელი შესანიშნავი მომსახურე კადრიაო). ლას-ვეგასში მომსახურების უმაღლეს დონეს ყოველწლიურად ახალი ტურისტების 50% ამტკიცებს (ლას-ვეგასს ყოველწლიურად 50 მლნ ტურისტი სტუმრობს). თომას თაითმა საკუთარ თავზე გამოსცადა თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მარშრუტის სიკეთე – კერძოდ, კვალიფიციური მომსახურე პერსონალი და კუპეში არსებული სისუფთავე, მაგრამ უკან დაბრუნება მანქანით მოუხდა, სადაც გზებზე ნახირების მოძრაობამ საფრთხე შეუქმნა. ყოფილმა მინისტრმა ნათლად ჩამოაყალიბა, თუ რას აკონტროლებს სახელმწიფო ტურიზმის სფეროში – ვიზები, ემიგრაცია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვის საკითხები და რეგიონის განვითარება, მათ შორის ყველაზე მთავარი კი ინფორმაციული სამსახურის უზრუნველყოფაა. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თაოსნობით შექმნილ კატალოგში, რომელმაც პოტენციურ ტურისტებს საქართველოს ღირსესანიშნავი ადგილებისა და კურორტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, საქართველოს საზღვაო კურორტების შესახებ ინფორმაციას ერთი გვერდის მხოლოდ მეოთხედი აქვს დათმობილი და ზღვის სანაპიროს მომცრო პეიზაჟით შემოიფარგლება. რასაკვირველია, ამ უყურადღებობას ამომწურავ ინფორმაციას ვერ უწოდებ, მაგრამ იმედია, რომ შემდეგი კატალოგი სრულყოფილ ინფორმაციას გაავრცელებს.
საქართველოში 25-26 სექტემბერს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზეUNWTO-ის გენერალურმა მდივანმა ფრანჩესკო ფრანჯიალიმ განაცხადა, რომ ის საქართველოს მესამედ სტუმრობს და მოხარულია, საქართველო მნიშვნელოვან კონფერენციას რომ მასპინძლობს, სადაც ესწრება 32 ქვეყნის წარმომადგენლობა, 15 ეროვნული ტურიზმის ორგანიზაცია და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები. როგორც მან დასძინა, რომ საქართველოს მთავრობამ კარგად იცის, რომ ეროვნული იმიჯის შესაქმნელად მშენებლობისა და ტურიზმის განვითარება გადაჯაჭვული მცნებებია. მედია კი ტურიზმის სფეროში მთავარ როლს თამაშობს, ის პლანეტას აახლოვებს, მაგრამ ტურიზმისა და მედიის ურთიერთობა ყოველთვის დაბალანსებული არ არის. ტურიზმი ძლიერ დამოკიდებულია მედიაზე, რადგან ხშირად ამა თუ იმ ადგილის რეკლამას აკეთებს ისეთი ხალხი, რომლებსაც დანიშნულების ადგილი თავად არასოდეს უნახავთ. ამიტომ, ტურიზმის სფეროში მომუშავე ოფიციალურმა პირებმა აღნიშნულ ფაქტს ყურადღება უნდა მიაქციონ და მედიის მიმართ პროფესიული მიდგომები განავითარონ. არსებობს მოსაზრება, რომ ინტერნეტი ტრადიციულ მედიას ჩაანაცვლებს, მაგრამ ის ლოგიკას მოკლებულია, რადგან ის მედიას არ ზღუდავს, სამაგიეროდ ზრდის კომუნიკაციების სფეროს. მედიას დიდი მნიშვნელობა აქვს, მას შეუძლია დადებითი ინფორმაციის გავრცელებაც და რისკების დაზღვევაც, შესაძლებელია მოსალოდნელი კრიზისის შესახებ ინფორმაციის სწრაფად გავრცელება. დროსთან ერთად იცვლება მედიაც. ჟურნალისტები მოსალოდნელი ან მომხდარი კატასტროფების შესახებ უფრო მგრძნობიარენი გახდნენ და დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ. UNWTO აქტიურადაა ჩართული ამ საქმიანობაში.
რეკორდულად მაღალი ფასების მიუხედავად, ტურისტების რაოდენობა მსოფლიოში ყოველწლირად იზრდება. ტურისტული თვალსაზრისით შავი ზღვა მნიშვნელოვანი რეგიონია. UNჭთO მზად არის აღნიშნულ რეგიონთან თანამშრომლობისა და საჭირო ინფორმაციის მომზადებისათვის.
UNWTO-ის გენერალური მდივნის თანაშემწემ ტურიზმთან დაკავშირებულ მთავარ საკითხებზე ისაუბრა. ახალი ბაზრებისთვის ყველაზე მთავარი ამ ბიზნეს-სტრუქტურაში ჩართვაა, რაც კანონების სრულყოფაზე, უსაფრთხოების სისტემაზე და დანიშნულების ადგილის სწორ რეკლამაზეა დამოკიდებული. ტურიზმის განვითარებაში უნდა ჩაებას ახალგაზრდა ჭკვიანი თაობა, რომელიც მსოფლიოში ტემპს ადვილად აჰყვება, რადგან მათ თანამედროვე ტექნოლოგიების ფენომენი კარგად ესმით. ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებში CNN International-ის სტრატეგიულმა მრჩეველმა ანიტა მენდირატამ ხორვატიის მაგალითის მიხედვით ისაუბრა და აღნიშნა თუ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალიზაციის ეპოქაში კომუნიკაციებსა და მედიას ტურიზმის განვითარების სფეროში. ქვეყანაში კომუნიკაციის განვითარება გავლენის გაძლიერების პირდაპირპროპორციულია, ეფექტური ხდება იმ ტურისტული ადგილების რეკლამა, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ქვეყნის სავიზიტო ბარათი მსოფლიოში შეიძლება მისი პროდუქცია გახდეს, მაგალითად ჩაი, ღვინო და ა.შ. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა ფორმის იქნება მისი ტურიზმი და რა არის მისი მიზანი. მართალია, ოქროსფერი ქვიშის რეკლამა მიმზიდველი სანახაობაა, დუბაის პალმის ფორმის ხელოვნური კუნძული ძალიან საინტერესოა, მაგრამ საქართველოს აქვს მდიდარი ისტორია და კულტურა.
აზერბაიჯანის მარკეტინგული საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარემ რაჰიმ ჰუსეინოვმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ისინი საქართველოს კონფერენციაზე დასწრების მიზნით ესტუმრნენ. ექვსი თვეა, რაც აზერბაიჯანში აჭარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მუშაობს, ამჯერად კი შედეგების ანალიზი კეთდება. მონაცემების მიხედვით, სარეკლამო კამპანიის შედეგად აზერბაიჯანში ერთ სეზონზე ტურისტების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. აზერბაიჯანში დინამიური განვითარების ტენდენციაა, ქვეყნის მშპ 25%-ზე მეტით გაიზარდა. ნავთობის სექტორის გარდა, აზერბაიჯანის მთავრობის პრიორიტეტი ტურიზმის განვითარება და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება ხდება. რაც შეეხება ტურიზმის სფეროს განვითარებას, პირველ რიგში იქმნება შესაბამისი პირობები, მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების შექმნა და მათი მუშაობა.
მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, იქმნება ადგილები, სადაც დასვენება და დროის სასიამოვნოდ გატარებაა შესაძლებელი. რაჰიმ ჰუსეინოვს მიაჩნია, რომ ქვეყნებმა ერთმანეთს გამოცდილება და ცოდნა უნდა გაუზიარონ. კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება – საქართველოში ტურიზმის სკოლის გახსნის შესახებ სასიამოვნო სიახლეა, აზერბაიჯანში კი ტურიზმის უნივერსიტეტი არსებობს. ბატონ რაჰიმს მიაჩნია, რომ ორივე დაწესებულებას გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციები ესაჭიროება.
“ვფიქრობ, საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც დასავლეთ მედიის მხრიდან აქტიური რეკლამის გაკეთება სჭირდება, მაგრამ ქვეყნები ამისთვის მზად უნდა იყვნენ და რეკლამა რეალობას უნდა შეესაბამებოდეს, რათა ჩამოსულ ტურისტს პრობლემები არ შეექმნას”.
ჩვენ კითხვით მივმართეთ რაჰიმ ჰუსეინოვს:
– აჭარის რეგიონი საქართველოში ერთადერთი საკურორტო ადგილი არ არის, ჩვენს ქვეყანას სასრიალო და სამკურნალო კურორტებიც აქვს, ასევე გვაქვს მრავალი ისტორიული ადგილი, თქვენს კომპანიას თუ შესთავაზეს აჭარის რეგიონის გარდა სხვა კურორტებთან თანამშრომლობა?
– ჩვენ საქართველოში რამდენჯერმე ვიყავით და რეგიონი შევისწავლეთ, ჩვენ ძირითადად აჭარასთან ვთანამშრომლობთ. ვფიქრობ, საჭიროა აზერბაიჯანის შესახებ რეკლამა საქართველოში და საქართველოს რეკლამა – აზერბაიჯანში. ორ ქვეყანას შორის არ არსებობს ვიზებთან ან მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენ ერთმანეთის ქვეყნები კარგად უნდა შევისწავლოთ და დავეხმაროთ. საქართველოსა და აზერბაიჯანს სტრატეგიული პროექტები აახლოებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ხალხიც კარგად გაიცნობს ერთმანეთს.
– აზერბაიჯანში თუ არის საქართველოს შესახებ საკმარისი ინფორმაცია?
– ჩემი აზრით, არ არის. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ქართულ-ამერიკული კომპანია აზერბაიჯანში მარკეტინგულ კვლევას აწარმოებდა, თუ როგორ უნდა მოეზიდათ აზერბაიჯანში მცხოვრები უცხოელები საქართველოში თავისუფალი დროის გასატარებლად, რაც დადებითი მოვლენაა. ვფიქრობ, ქვეყნებში მსგავსი სამუშაოების ჩატარება უნდა გაგრძელდეს.
საქართველო შავი ზღვის კურორტებითა და მდიდარი ბუნებით 2020 წლისთვის ევროპის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ადგილად გადაქცევას აპირებს. შეიძლება თუ არა აჭარის რეგიონში სომეხი სტუმრების სიმრავლე ტურიზმის განვითარების საქმეში წინგადადგმულ ნაბიჯად მივიჩნიოთ, ანუ სტუმრობს თუ არა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სომხეთის მკვიდრთა ის ფენა, ვისი დანახარჯიც რეგიონის ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს და ფეშენებელური სასტუმროების ნომრებს შეავსებს?

1

2