შემოდგომა საქართველოს საბანკო სექტორში

რედაქციისაგან

სავალუტო რეზერვები საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა 1 მლრდ 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. დეპოზიტების დოლარიზაცია 2005 წლის დასაწყისიდან დღემდე 10.5 პროცენტით შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა მორიგ ისტორიულ მაქსიმუმს – 1 მლრდ 406 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. უცხოური რეზერვების ახალი მაჩვენებელი 2006 წლის 31 დეკემბრის მონაცემზე (882 მლნ აშშ დოლარი) 59 პროცენტით მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს საერთაშორისო ბაზარზე ოპერაციების განსახორციელებლად, საინვესტიციო პორტფელში ცვლილებების დასარეგულირებლად და საგარეო ვალის მომსახურების მიზნით იყენებს. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უმაღლესი კატეგორიის ბანკებში დეპოზიტებზე და ლიკვიდურფასიან ქაღალდებშია განთავსებული.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვების არსებული დონე საქართველოს საფინანსო და სავალუტო ბაზრების სტაბილური ფუნქციონირების გარანტიაა. მათი სწრაფი ზრდა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური პროცესების და უცხოური ინვესტიციების შემოდინების გამოძახილია, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
ცნობისათვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2006 წლის 4 იანვარს 475 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ, როდესაც, 2004 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 191.953 მლნ აშშ დოლარი იყო. 1995 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველაზე ნაკლები მოცულობის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი, დაახლოებით 62 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, 1998 წლის 8 დეკემბერს ჰქონდა. ბოლო ორწელიწადნახევარში უცხოური ვალუტის რეზერვებმა 7.3-ჯერ მოიმატა.
სწრაფი ფულადი გზავნილები
უცხოეთიდან გადმორიცხული სწრაფი ფულადი გზავნილები 60 პროცენტით გაიზარდა. მცირე ბიზნესის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძირითადი დანიშნულებაა.
საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული 2007 წლის იანვარ-ივლისში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების (ვესტერნ იუნიონი, მანიგრამი, ანელიკი, კავკასუს ექსპრესი და სხვ.) საშუალებით 431 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ეს მონაცემი 2006 წლის იანვარ-ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელს 162 მლნ აშშ დოლარით (60 პროცენტით) აღემატება.
2007 წლის ივლისში საბანკო არხებით უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობამ 78 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (50 მლნ აშშ დოლარი) 56 პროცენტით მეტია.
ფულადი გზავნილების გეოგრაფიული სტრუქტურის მიხედვით, 2007 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი, 272 მლნ აშშ დოლარი (გადმორიცხული მთლიანი თანხის 63 პროცენტი), რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, 61 მლნ აშშ დოლარი (14 პროცენტი) – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 13 მლნ აშშ დოლარი (3 პროცენტი) – ესპანეთიდან, 11 მლნ აშშ დოლარი (2.5 პროცენტი) – ავსტრიიდან, 10.6 მლნ აშშ დოლარი (2.5 პროცენტი) – საბერძნეთიდან, 10 მლნ აშშ დოლარი (2.3 პროცენტი) – უკრაინიდან და 9 მლნ აშშ დოლარი (2 პროცენტი) – თურქეთიდან. 2006 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდში 90 მლნ აშშ დოლარით (50 პროცენტით) გაიზარდა რუსეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების ოდენობა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
ივლისში უცხოური ვალუტის მიწოდება კვლავ სჭარბობდა მოთხოვნას. სადეპოზიტო სერტიფიკატების განთავსება 44 პროცენტით გაიზარდა.
2006 წლის 18 ივლისს ამოქმედდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონი, რომელმაც განსაზღვრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, როგორც კერძო სამართლის სუბიექტების ძირითადი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, მათი დაფუძნების, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და საქმიანობის დასაშვები სახეები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძირითადი დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ
გაცემული სესხები დანიშნულების მიხედვით
(2007 წლის პირველი ნახევარი)

კანონის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარა 8 მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, საიდანაც 3 რეგისტრირებულ იქნა 2006 წლის, ხოლო 5 – მიმდინარე წლის განმავლობაში.
გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, საქართველოში უკვე 10 წელია ფუნქციონირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთაც თავის დროზე რეგისტრაცია გაიარეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და ჩამოყალიბდნენ, როგორც არაკომერციული ფონდები. ისინი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2007 წლის 11 ივლისს მიღებული საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ჩამოყალიბდნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები, 2007 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, 22 606 013 ლარის ტოლია. მათ მიერ გაცემულია 15.9 მლნ ლარის მოცულობის სესხი, რაც მათი მთლიანი აქტივების 70 პროცენტს შეადგენს. რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი უმთავრესად სამომხმარებლო სესხებისგან შედგება (პორტფელის თითქმის 50 პროცენტი), მაგრამ თანდათან იზრდება მცირე ბიზნესისათვის გაცემული მიკროსესხების ოდენობაც.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიკროკრედიტების ძირითად არეალს წარმოადგენს ვაჭრობისა და მომსახურების სექტორების დაფინანსება. ვაჭრობასა და მომსახურების სფეროზე მოდის გაცემული მიკროსესხების 30 პროცენტი, სოფლის მეურნეობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი სახსრების წილი მცირეა – იგი 1 პროცენტს შეადგენს, ხოლო გაცემული მიკროსესხებიდან 19 პროცენტი სხვა დარგებზე მოდის. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტთა უდიდესი ნაწილი ინდივიდუალური პირები არიან. იურიდიულ პირებზე მოდის მათ მიერ გაცემული სესხების მხოლოდ 6 პროცენტი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებად გასაცემი სახსრების მოპოვების ორ ძირითად წყაროს წარმოადგენს საკუთარი კაპიტალი, რომლიდანაც მთლიანი აქტივების 43 პროცენტი ფორმირდება და ნასესხები საშუალებები, რომლებზეც მთლიანი აქტივების 52 პროცენტი მოდის. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმატებულ მუშაობაში დიდი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც ასეთ ორგანიზაციებს გრანტებით ან შეღავათიანი, გრძელვადიანი კრედიტებით უზრუნველყოფენ. თუმცა, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ეს წყარო ჯერ-ჯერობით გამოყენებული არც ერთს არა აქვს, გარდა რიკო ექსპრესს, რომელსაც არარეზიდენტი იურიდიული პირისგან გრძელვადიანი კრედიტი აქვს აღებული.
რაც შეეხება არარეგისტრირებულ მიკროსაფინანსო დაწესებულებებს, მათ მიერ უმთავრესად მიკროსესხები გაიცემა. ხუთი ასეთი ორგანიზაციის (კონსტანტა, ფინკა საქართველო, კრედო, კრისტალი და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი) მიერ გაცემული მიკროსესხის საერთო ჯამი, 2007 წლის პირველი ივლისისათვის, 73.6 მლნ ლარის ტოლი იყო და ის 52 121 მსესხებელზე ნაწილდებოდა.

სავალუტო ბაზარი
2007 წლის ივნისთან შედარებით, დოლარის მიმართ ნომინალური გაცვლის კურსი თვის ბოლო მონაცემებით, 0.1 პროცენტით, ხოლო საშუალო მონაცემებით, 0.4 პროცენტით გამყარდა. ივლისში ლარის ნომინალური გაცვლის კურსი გამყარდა (თვის საშუალო მონაცემებით) უკრაინული გრივნის, აზერბაიჯანული მანათისა და აშშ დოლარის მიმართ. ამასთან, ლარი გაუფასურდა ყველა დანარჩენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტების მიმართ. 1.1 პროცენტით გაუფასურდა ლარის ნომინალური ექტური გაცვლის კურსიც.
2006 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მიმდინარე ივლისში ლარის საშუალო თვიური ნომინალური კურსის აშშ დოლარის მიმართ 5.7 პროცენტით მიუხედავად, ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსი 1.6 პროცენტით გაუფასურდა. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების წესის შეცვლის შედეგად, კომერციულ ბანკებს 2007 წლის განმავლობაში ყოველთვიურად უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების სულ უფრო მეტი წილის შენახვა მოეთხოვებათ აშშ დოლარით. ბუნებრივია, რომ ეს კომერციული ბანკების მხრიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდის. მიუხედავად ამისა, თვის მანძილზე თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე უცხოური ვალუტის მიწოდება კვლავინდებურად სჭარბობდა მოთხოვნას.
ივლისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული 22 ვაჭრობიდან 17-ში მიიღო მონაწილეობა და აქედან 12-ჯერ – როგორც უცხოური ვალუტის შემსყიდველმა. ამ ვაჭრობებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთო ჯამში, 98.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა და 25.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, ძირითადად, მიმართული იყო გაცვლის კურსის მკვეთრი გამყარების თავიდან აცილებისაკენ.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ივნისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე ლარის აშშ დოლართან გაცვლის კურსი 1.6695-დან, თანდათანობით, 1.6680-მდე შეიცვალა. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე, კურსის გამყარება შესაძლოა უფრო ძლიერი ყოფილიყო.
2007 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლის კურსი 1.2 პროცენტით, ხოლო 2006 წლის ივლისთან შედარებით, 2.2 პროცენტით გაუფასურდა. ამ ერთი წლის განმავლობაში (ივლისიდან ივლისამდე) ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსი 1.6 პროცენტით გაუფასურდა. ნომინალურ ეფექტურ გაცვლის კურსთან შედარებით რეალური გაცვლის კურსის უფრო ძლიერი გაუფასურება საქართველოში მის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით (საშუალოდ, შესაბამისი წონების გათვალისწინებით) დაბალ ინფლაციაზე მიუთითებს. კერძოდ, ივლისში წლიური ინფლაცია რუსეთში 8.8, თურქეთში 6.9, უკრაინაში 13.5, აზერბაიჯანში 14.7 პროცენტის ტოლია მაშინ, როცა საქართველოში იგი 6.6 პროცენტს შეადგენს.
ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლის კურსები უმნიშვნელოდ არის შეცვლილი 2005 წლის დეკემბრის შემდეგ. კერძოდ, 2007 წლის ივლისში, 2005 წლის დეკემბერთან შედარებით, რეალური ეფექტური გაცვლის კურსი 0.5 პროცენტით გამყარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსი 2.2 პროცენტით გაუფასურდა კიდეც.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial