აღიღე ჯვარი, რომელიც მოგცა შენ ღმერთმა

დავით ჩახვაშვილი

არავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ღრმა კრიზისს განიცდის. საზოგადოებამ, რიგითი მოქალაქით დაწყებული, ხელისუფლების წარმომადგენლებით დამთავრებული ორიენტაცია დაკარგა. ქვეყანაში, ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოკვეთილი სახელმწიფოებრივი იდელოგია არ არსებობდა, გადაწყვეტილებები კონიუნქტურის მიხედვით მიიღებოდა, ხოლო გაურკვეველ და ბუნდოვან პოლიტიკას იმით ხსნიან, რომ დღეისათვის მიზანშეწონილია შიდა და გარე ფაქტორთა (ტრანსნაციონალური კორპორაციების, ზესახელმწიფოების, სეპარატისტული რეგიონების და კლანების) ბალანსირება.

მწიგნობართა გარკვეული ჯგუფის კარნახით ჩვენში დამკვიდრდა აზრი, რომ ადამიანი სხვა არაფერია თუ არა მოქალაქე, ანუ მიმართულება “ერთია და ნათელი” – სამოქალაქო საზოგადოება. ასეთი მიდგომით მივიწყებული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები როგორიცაა: სახელმწიფო, ეკლესია, ერი, ოჯახი, ტრადიციები და ა. შ.

მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ აღრევას, ჩვენი “მცირე” აღრევაც დაემატა. “დემონკრატებმა” ერთმანეთში აურიეს სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება არის ინდივიდუალური, კერძო ინტერესების ასპარეზი. იგი დაფუძნებულია მოგება-სარგებლის მიღების პრინციპზე. სახელმწიფო კი ერთობლივი ინტერესების სარბიელია. მათ შორის ყოველთვის იარსებებს დაპირისპირება. როდესაც შენდება მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება მაშინ ინდივიდუალური ინტერესები ცდილობენ დაჯაბნონ და გამოიყენონ სახელმწიფო. შედეგად გაჩნდა სახელმწიფოსადმი უნდობლობა, ხელისუფლების ორგანოების პროფანაცია, ნიჰილიზმი.

მაგრამ რა არის ნიჰილიზმი? ვინ არის ნიჰილისტი? ნიცშეს მიხედვით ნიჰილიზმის “ფორმულა”, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის “ღმერთი მოკვდა”. ნიჰილისტი ისაა, ვისაც ღმერთი არ სწამს. როდესაც უზენაესი არ არსებობს ადამიანი იძულებულია, მისი კომპენსირება: მეცნიერებით, ხელოვნებით და თანამედროვე ცივილიზაციის სხვა მოციმციმე ობიექტებით მოახდინოს. საყოველთაო დაბნეულობას დაემატა ფსევდორელიგიები, მოაზროვნე ადამიანებში აღმოცენდა ეგრეთ წოდებული “მეცნიერული მსოფლმხედველობა” და “პრობლემატური რელიგიურობა”. დაიწყო აფსურდული წყლის ნაყვა. დოსტოევსკის გმირის არ იყოს, როცა სწამთ, მათ არა სწამთ, რომ სწამთ, ხოლო როცა არა სწამთ, მათ არა სწამთ, რომ არა სწამთ.

იგივე მწიგნობრების კარნახით ქრისტიანობა გაგებული იქნა მხოლოდ პირადი ხსნის რელიგიად. გამოთიშეს სოციალური და სახელმწიფო პროცესებიდან. სულის ხსნა ჩვეულებრივ პირად პრობლემად აქციეს თუ ერთი სიმღერის პერიფრაზს გავაკეთებთ: “მოქალაქე იყავ და სადაც გინდა იქ ილოცე”.

სამშობლოს არვის წავართმევ…
დიდი რელიგიური დღესასწაულების წინ თითქმის ყველა ოჯახში, სამეგობროში თუ სამსახურში რწმენის საკითხებზე საუბრობენ. ხალხში იღვიძებს რაღაც მიჩქმალული და მიკარგული სურვილი, ეზიარონ და სხვასაც გაუზიარონ ის ცოდნა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აკრძალული იყო. ასეთი საუბრების დროს ბევრი ბრძნული და უფრი მეტი, რბილად რომ ვთქვათ, მცდარი აზრი (რომლებსაც რატომღაც უკანასკნელი ინსტანციის პრეტენზია აქვთ) ტრიალებს. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ჩვენი სახელმწიფოსთვის მართლმადიდებლობის მნიშვნელობაა. ამის შესახებ იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ აქ აღარ შევჩერდებით. ჭკვიანმა ადამიანებმა (რომლებიც ხშირად დიდი რელიგიურობით არ გამოირჩევიან), აღიარეს მართლმადიდებლობის უდიდესი როლი ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. დღევანდელი დღისგან განსხვავებით ქართველებს ყოველთვის გვქონდა მკვეთრი ორიენტაცია და ვიცოდით ერის მისია. საქართველოს ზნეობრივ-პოლიტიკური ორიენტაცია ყოველთვის ბიზანტია-ათენი იყო და არა რომი. გელათი “სხვად ათენად” უნდა ქცეულიყო და არა “მესამე რომად”.

სიბრძნის წყარო მარად ცოცხლობს მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმსარებელ საქართველოში. როდესაც იცი შენი დანიშნულება არასოდეს არ გინდა იმაზე მეტი ვიდრე გეკუთვნის.

რამდენი ერი (თუ ადამიანი) შეეცადა იმაზე მეტის დაუფლებას ვიდრე ჰქონდა. თუნდაც ჩვენი მეზობლები გავიხსენოთ… ქართველების თვალწინ ერთი მეორეს მიყოლებით ჩაიქროლეს არაბების, ხაზარების, სელჯუკების, ხვარაზმელების, მონღოლების და სხვათა არმიებმა. ერთ დროს ისინი მთელ მსოფლიოს აზანზარებდნენ, მათი ბელადების ნატერფალზე ბალახი არ ამოდიოდა. ასეთი “გმირული” წარსულის შემყურე ბევრი ქართველი ჩვენ მეფეებს უჩივის “…კავკასიაში პირველობით რატომ დაკმაყოფილდნენ? რატომ არ დაძრეს ჯარები დავითმა, დემეტრემ, გიორგიმ. ნუთუ ის მცირედი მონაპოვარი საკმარისი იყო დიდებისათვის. ხომ შეგვეძლო ისტორიის ბორბალი ჩვენებურად დაგვეტრიალებინა, როგორც ეს ერთ დროს ჩვენსავით პატარა მაკედონიამ შეძლო. ჩავიკეტეთ ამ მთებში, თითქოს მართლაც მიჯაჭვულები ვიყოთ კავკასიონზე, ვინ გვიშლიდა? ვინ შეგვაჩერებდა? ამის სანაცვლოდ ჩვენი ხელმწიფეები დამორჩილებულ მიწებს რაღაც მამობრივ ყმადნაფიცობაზე ითანხმებდნენ და შემდეგ ამაზეც მწარედ ნანობდნენ თავიანთ გალობებში…” (გიორგი მცხვეთაძე)

მართლაც, უცნაური თავისებურებაა, თითქოს ერთი ეპოქის უძლიერესი მეფეები იყვნენ: ფრიდრიხ I ბარბაროსა, სალადინი, რიჩარდ I ლომგული, ჩინგის ყაენი. როგორ არ ჰგავს მათი ანდერძები იმავე ეპოქის არანაკლებ ძლევამოსილი მეფის, დავით IV აღმაშემებლის (მთელი მსოფლიო მას იოანე პრესვიტერად ანუ მეფე ხუცეს იოანედ იცნობს. ლეგენდებში იგი უდიდესი ეზოტერიკული ცოდნის მატარებელი და ჭეშმარიტი რწმენის დამცველია) ანდერძს. დავითის “გალობანი სინანულისანი”-ში ჩანს ის სხვაობა და ის გზა რომელიც ასე თვალსა და ხელს შუა დავკარგეთ. რატომ უნდა გვშურდეს სხვისი ცრუ დიდების? XI-XIV საუკუნეების კავკასიის იმპერია აღარ არსებობს, დარჩა მხოლოდ “გალობანი სინანულისანი”. ალბათ კიდევ ერთხელ დაფიქრება გვმართებს.

საქართველო, მთელი თავისი 69.5 ათასი კვადრატული კილომეტრით ერთი დიდი სასწაულია. რადგან, რომ არა ღვთის ნება, ჩვენისთანა პატრონების ხელში დიდი ხანია საქართველოს ხსენებაც არ იქნებოდა. უეჭველია ის, რომ ერს ნათლად თუ აქვს წარმოდგენილი თავისი ისტორიული გზა და ამ გზას არ გადაუხვევს, მას გადაშენება არ ემუქრება, როგორი დემოგრაფიული აფეთქებები უნდა ხდებოდეს მის გარშემო.

ოფლითა პირითა შენისათა სჭამდე პურსა შენსა
ყოველივე ზემოთ თქმული, როგორც მთელ ერს ისე ერთ ცალკეულ ადამიანს შეიძლება მივუსადაგოთ. თუ ადამიანსა და ერს შორის პარალელებს გავავლებთ მივხვდებით, რომ რაც ერისთვის კარგია ის ადამიანისთვისაც სასარგებლოა. რადგან ჭეშმარიტება აბსოლუტურია და ყოვლისმომცველი. ადამიანები ხშირად, საკუთარი ყოფით უკმაყოფილონი ვშფოთავთ. ბევრს ვფიქრობთ იმის შესახებ საშუალება რომ გვქონდეს რის გაკეთებას შევძლებდით. ხშირად გვიფიქრია: “მე, რომ მის ადგილას (მაგალითად პრეზიდენტის) ვყოფილიყავი ასე არ მოვიქცეოდი. მე, რომ ამდენი ფული მქონოდა ამას და ამას გავაკეთებდი…” ასეთი აზრები ერთ ძველ იგავს მოგვაგონებს, მოდით მის სიბრძნეს დავუკვირდეთ: “იყო ერთი სულმოკლე კაცი, რომელიც ცხოვრობდა თავისი შრომით, – მაგრამ ისე ღარიბად, რომ ძლიერ გაჭირვებით ასაზრდოებდა ცოლ-შვილსა. ერთხელ ის წავიდა ზღვის პირად, ჩამოჯდა ქვაზე და ნიდაყვდაბჯენილი გასცქეროდა ძვირფასი საქონლით დატვირთულ გემებსა, რომლებსაც სცლიდნენ ზღვის პირზე და მიჰქონდათ ქალაქებში გასაყიდათ. გლეხ კაცს გულში ბოროტმა ფიქრმა გაუარა და სთქვა: “შე დალოცვილო ღმერთო, სხვებისთვის ამდენი სიმდიდრე მოგიცია და მე ლუკმა პურის მოპოვებაც მიჭირს, რა იქნება მეც მომხედო წყალობის თვალით და გამიუმჯობესო ტანჯული ცხოვრებაო!” შუადღისას მზის ლული იდგა. ფიქრებში გართულ გლეხს თვლემა დააწყებინა და დაეძინა. ძილში მან ნახა, ვითომც იგი სდგას ერთ მაღალ მთის ქვეშ, მიდის მასთან ერთი პატიოსანი თეთრწვერა მოხუცი და ეუბნება: “ჰოი, კაცო, ადე და გამომყე მე!” გლეხი კაცი მიჰყვება მოხუცს. კაი ხნის მსვლელობის შემდეგ ისინი მივიდნენ ერთ ალაგას, სადაც ეწყო უანგარიშო რიცხვი ჯვრებისა: ოქროისა, ვერცხლისა, სპილენძისა, რკინისა, ქვისა და ხისა. “ხედავ ამ ჯვრებს?” – ჰკითხა მოხუცმა გლეხსა – “ამოირჩიე, რომელიც გინდა და აიტანე იმ მთაზე, რომლის ქვეშაც შენ გეძინაო”. გლეხმა ჯვრებს თვალი გადაავლო, ამოირჩია ერთი დიდი მზესავით ბრწყინვალე ოქროს ჯვარი, წაატანა ხელი, მაგრამ ვერ დაძრა ადგილიდან. “არა, უთხრა მოხუცმა: “გეტყობა – ვერ ძალგიძს აღება მაგ ჯვრისა. აიღე მეორე – ვერცხლისა, ვინძლო მოერიო” თუმცა ეს მეორე ჯვარი უფრო მსუბუქი იყო პირველზე, მაგრამ, ვერც ამას მოერია გლეხი კაცი. ასევე დაემართა სპილენძის, რკინის და ქვის ჯვრების აღებაზეც. ბოლოს უბრძანა მოხუცმა გლეხსა აეღო ერთი რომელიმე ხის ჯვართაგანი. გლეხმა აიღო ერთი მორჩილი ხის ჯვარი და მჩატედ აიტანა ნაჩვენებ ადგილზე.
– რითი მაჯილდოებ ამ ჯვრის მთაზე ატანისათვის? – ჰკითხა გლეხმა მოხუცსა.
– მე დაგაჯილდოებ შენ მით, რომ აგიხსნი მნიშვნელობას ამა ჯვრისასაო, – უთხრა მოხუცმა და მოჰყვა: “ოქროს ჯვარი, რომელიც შენ ეგრე ძლიერ მოგეწონა და წაატანე ხელი, არის ჯვარი მეფისა, შენ ჰფიქრობ გუნებაში: “რა კარგი და ადვილი ხელობაა მეფობაო! მაგრამ იმას კი აღარ ჰფიქრობ, თუ რა ძნელია ხელობა მეფისა და რაზომ მძიმეა მისი ჯვარი. აი, როგორ მოსვენებით გეძინა – ზღვის პირად! შენ არ გაწუხებდა არავითარი დარდი და ვარამი, ჰფიქრობდი მხოლოდ დღიურ საზრდოს მოპოვებაზე, რომელსაც ცოტად თუ ბევრად კიდევაც ჰპოულობ. მაგრამ სულ სხვაა დარდი და ვარამი მეფისა. მას აქვს მინიჭებული ღვთისაგან სამეფო, რომელზეც უნდა ზრუნავდეს იგი. დილიდან საღამომდის უნდა იყოს გართული სამართველო საქმეებში, სცდილობდეს მამულის დაცვას მტერთაგან, სცემდეს კანონთ და თვალყურს ადევნებდეს მის მტკიცედ აღსრულებას და სხვა. აი, შვილო, ასე ძნელია მეფის ხელობა და მიტომაც ვერ მოერიე მის ჯვარს. ჯვარი ვერცხლისა არის მწყემსთა, ეკლესიისა და დაახლოვებულთა მსახურთა მეფისათა: ვეზირთა და მრჩეველთა მისთა, რომელნიც ეხმარებიან მეფეს სამეფოს მართვაში…

ჯვარი სპილენძისა ეკუთვნის მათ, ვისთვისაც ღმერთს მიუცია სიმდიდრე, შენ გშურს მათთვის სიმდიდრე და ამბობ გუნებაში: ოჰ, რა ბედნიერნი არიანო, მაგრამ არ არის საშურველი მათი ცხოვრება. მართალია, ისინი თავის თავად არ მუშაობენ და ყოველისფერი საკმაოდ აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ მათ მტერიც ბევრი ჰყავთ და მოშურნეც. შრომის შემდეგ შენ შეგიძლია მოსვენებით დაიძინო. იცი, რომ ხელს არავინ ახლებს არც შენს საწყალ ქოხს და არც შენს მცირე ქონებას. მდიდარი კაცი კი მარად შიშსა და ფიქრშია: ან არავინ მოატყუოს, ან არავინ გაქურდოს და ან არავინ გადაწვას. ჯვარი რკინისა არის ჯვარი მხედართა. აბა ჰკითხეთ მათ, რომელნიც ყოფილან ომში და გიამბობენ შენ, თუ რამდენჯერ შეხვედრიათ მათ ღამის თევა ღია ცის ქვეშ, ნოტიო მიწაზე: სიცივე, შიმშილი და სხვა ამგვარი გაჭირვება. ამას გარდა სიცოცხლის შეწირვა მამულისა და სარწმუნოებისათვის. ჯვარი ქვისა, არის ჯვარი მოვაჭრეთა. შენ ძლიერ მოგწონს მათი ცხოვრება და მათსავით ყოფნას ნატრობ: მაგრამ არც მათი ცხოვრებაა სანატრელი, რადგან ხშირად მთელი ნავაჭრი ქონება მათ ზღვის ტალღებში დაღუპვიათ და შინ გაღატაკებულნი მოსულან. საშურველი არც მათი ქონება და არც მათი ჯვარი არ არის. განსაკუთრებით პატიოსან კაცს ეძნელება ამ ჯვრის აღება. შენ, მიწის მუშას არ გაქვს შემთხვევა არც სიცრუისა, არც ქურდობისა, არც მოტყუებისა და ამაო ფიცისა, ვაჭარი კაცი კი ამაებს ვერ აცდება… ის ხის ჯვარი, რომელიც შენ აიღე და აიტანე მთაზე, შენი ნამდვილი ჯვარია. შენი ხელობა – მიწის მუშაობა უცოდველი ხელობაა. მდიდარი რომ ყოფილიყავი ღმერთს დაივიწყებდი. დიდებული თუ იქნებოდი – სხვას შეაწუხებდი. ვაჭარი რომ ყოფილიყავი – ყველას მოატყუებდი, მხედარი თუ იქნებოდი – სამხედრო ბეგარის ტანჯვა-წამებას ვერ აიტანდი და აყვედრიდი ღმერთს. გულთამხილველმა უფალმა კარგად იცოდა, რომ შენ ყოველგვარ სხვა ხელობაში, გარდა მიწის მუშაობისა, შენს სულს დაღუპავდი და ამისთვის მოგცა მდაბალი და მსუბუქი ჯვარი – ჯვარი ხისა. წარვედ მშვიდობით, იყავ კმაყოფილი შენის ბედისა და ნუღარ აყვედრი ღმერთსა შენის მდგომარეობისათვის”. მოხუცის უკანასკნელ სიტყვებზე გლეხს გამოეღვიძა, მადლობა შესწირა ღმერთს კეთილი ჩვენებისათვის და ამიერ ჟამითგან კმაყოფილი იყო თავის ბედისა”.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial