ცოტნე ბაკურია: ზაფხულობით აჭარაში დასასვენებლად დამნაშავე კრიმინალები ჩადიან

რუსიკო უშიკიშვილი

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ისევ გააქტიურდა “აჭარის კოზირის” გათამაშების შანსი. ამასთან, “თემების პაკეტი” უცვლელია: აჭარა ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის, რეგიონი, თავის მხრივ, ცენტრალურ ბიუჯეტს ბრალს სდებს, ითხოვს კანონს თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ ცენტრის წინააღმდეგ, აჭარა ცენტრიდან იკრებს მოკავშირეებს, ცენტრი მას კოალიციას ურღვევს.

ამ მუდმივი თემების ფონზე, აჭარის პოლიტკონგლომერატს ბევრი თბილისელი ძალა აკლდება და ბევრიც – ბათუმურს, ბევრი თბილისელი დეპუტატის მანდატისა და ამ კონგლომერატის გამო გადაბარგებას აპირებს თბილისში, ახალ ოფისში გადადის “არორძინების” თბილისის ორგანიზაცია. რა არის ეს – თვისობრივი ცვლილება თუ საარჩევნო ღონისძიება?

გვესაუბრება “აღორძინების” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ცოტნე ბაკურია.
ბატონო ცოტნე, როგორ მოხდა თბილისში “აღორძინების” ახალი წარმომადგენლობის დანიშვნა და რა გეგმები აქვს მას?
თბილისში “აღორძინების კავშირი” მრავალი წლის განმავლობაში წარმოდგენილი იყო სერიოზული პარტიული ორგანიზაციებით, მაგრამ ის, რაც ამჟამად არსებობს თვისობრივად და შინაარსით, მნიშვნელოვნად განსხვავდება აღორძინების ადრინდელი თბილისის ორგანიზაციებისგან, ანუ დღეს ჩვენ საკმაოდ საფუძვლიანად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სერიოზულ წარმატებებს უნდა მივაღწიოთ. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. დემოკრატიული აღორძინების კავშირს ჰქონდა იმის საშუალება, რომ ხალხისთვის ეჩვენებინა თავისი რეალური შემართება ქვეყნის აღმშენებლობით საქმეში. საუბარია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, სადაც აღორძინების კავშირი მმართველ პარტიას წარმოადგენს და სადაც, რა თქმა უნდა, იმ ფონზე, რაც საქართველოშია, შეუდარებლად მაღალ დონეზეა სოციალური სფერო, ვითარდება ეკონომიკა, საუკეთესო მაჩვენებელია განათლების, კულტურის და მეცნიერების დარგში. ამ ყველაფრის განხორციელება დემოკრატიული აღორძინების კავშირმა შეძლო იმ პირობებში, რაც დღეს საქართველოში არსებობს და სადაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია მსგავსი მაჩვენებლების მიღწევა.

ამიტომ ჩვენ, საქართველოში არსებულ სხვა პოლიტიკური პარტიებისაგან განსხვავებით, შეგვიძლია საკმაოდ სერიოზულად განვაცხადოთ, რომ გვყავს პროფესიონალთა არმია – პატრიოტთა სერიოზული ჯგუფი, რომელსაც შესწევს ძალა, თუნდაც დღეიდანვე, ჩაუდგეს სათავეში ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას, გადაწყვიტოს ეს პრობლემები ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ისე პოპულისტურად, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი აკეთებს და თვალებში ნაცარს აყრის საქართველოს მოსახლეობას.

ბატონო ცოტნე, რას გვეტყვით აჭარის როლზე საქართველოს ეკონომიკაში?
ამ მხრივ ფრიად საინტერესოა ერთი ფაქტი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 4%-ს შეადგენს. ხოლო აჭარის ეკონომიკის ხვედრითი წილი ქართულ ეკონომიკაში, დაახლოებით, ერთი მესამედია. ეს არის წარმოუდგენელი ფენომენი, რომელიც მსოფლიო პრაქტიკაშიც კი არ მოიპოვება (?-მმე).

საერთოდ ეს სალაპარაკო არც იქნებოდა, ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, მაგრამ, ვინაიდან ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მთელ ქვეყანაში აჭარა არის ერთადერთი კუთხე, სადაც ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასოდეს იკარგება, ანუ საბიუჯეტო შემოსავლები და გასავლები არსებული რეალობის თანაბარპროპორციულია.

ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ყოველი წლის ბოლოს იწყება ხოლმე ხმაური ბიუჯეტიდან გამქრალ თანხებთან დაკავშირებით. ეს ხომ ანომალური მოვლენაა. ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს ნორმალურ ქვეყანაში. აჭარაში კი, მსგავსი არაფერი ხდება. პირიქით, აჭარის ბიუჯეტი გადაჭარბებითაც კი სრულდება.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილი საინვესტიციო კლიმატი უნიკალურ ფენომენს ბადებს ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის. მე თამამად შემიძლია განვაცხადო – რომ არა ხელისუფლების ბოროტი ნება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა იქნებოდა ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. აჭარაში ინვესტიციების მოზიდვა, ერთობლივი კაპიტალდაბანდებები ხდება, მაშინ, როცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ერთი თეთრიც კი არ მიუღია იმ მრავალმილიონიანი გრანტებიდან და სესხებიდან, რომლებსაც საქართველო ღებულობს. ეს ხდება იმ დროს, როდესაც სრულიად შეჩერებულია სატრანსფერო პოლიტიკა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ და როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებას ავტონომიური რესპუბლიკის ვალი აქვს 130 მილიონი ლარის ოდენობით (?-მმე).

აჭარაში წელიწადში 240 დღის განმავლობაში არ ხდება არც ერთი დანაშაული. პრაქტიკულად, ნახევარი წელიწადი აჭარა თავისუფალია კრიმინალური ურთიერთობისაგან. დანაშაულებათა რაოდენობის მატება ხდება ხოლმე ზაფხულში, როდესაც აჭარაში დამსვენებლები ჩადიან.