მოლდავეთის ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდა

რედაქციისაგან

მოლდავური ღვინო და კონიაკი წლინახევრიანი აკრძალვის შემდეგ რუსეთის ბაზარზე დაბრუნდა და ამ პროდუქციის შეძენა მოსკოვის მაღაზიებში უკვე შესაძლებელია.

მოლდოვური ღვინო-პროდუქტების რუსეთის ბაზარზე შემოტანა ჯერ კიდევ ზაფხულის ივნის-ივლისის თვეებში იყო შესაძლებელი. მოლდოვეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში ვასილი სტურზა აცხადებს, რომ ჯერჯერობით დადებულია კონტრაქტი რუსეთში 300 მლნ ბოთლი ღვინის შემოტანაზე.
ქართულ და მოლდოვურ ღვინოებზე აკრძალვა 2006 წლის გაზაფხულზე მოხდა იმ მიზეზებით, რომ ისინი უსაფრთხოების ზომებს არ შეესაბამებოდნენ. მოლდოვურ ღვინოსთან ერთად აიკრძალა ქართული და აფხაზური წარმოების ღვინოების შემოტანა მათში მძიმე მეტალებისა და პესტიციდების არსებობის გამო.
რუსეთის ღვინის ბაზარი კრიზისის პირას აღმოჩნდა, რადგან 2006 წლის გაზაფხულამდე მოლდოვური და ქართული წარმოების ღვინოებს რუსეთის ბაზარზე 57,5% ეკავა.
ღვინის რეალიზაციის მოცულობა მკვეთრად შემცირდა და მათი ფასი შესაბამისად გაიზარდა. დახლებიდან გაქრა ის ღვინო, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მოლდოვური ღვინო-მასალებისგან იწარმოებოდა.
მოლდოვეთმა დაკარგა თავისი პროდუქციის ექსპორტის უმსხვილესი ბაზარი. ზემოაღნიშნულ აკრძალვამდე მოლდოვური ღვინო-პროდუქტების 80%-ის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე ხდებოდა.
Discovery Research Group-ის შეფასებით, რუსეთის ღვინის ბაზრის მოცულობა ამჟამად 95-დან 103 დეკალიტრამდეა – ეს მსოფლიო ბაზრის 3,4%-ია.
2007 წლის ივნისში მოსკოვმა და კიშინიოვმა მიაღწია შეთანხმებას ღვინის მიწოდების შესახებ. ვლადიმერ ვორონინმა განკარგულება მიიღო ღვინის ექსპორტის აღდგენის თაობაზე. მოლდოვური ღვინის ექსპორტის აღდგენა ჯერ კიდევ ზაფხულში იყო შესაძლებელი, მაგრამ ეს პროცესი ნოემბრამდე გადაიდო.
2007 წლის ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის ბაზარზე ქართული წარმოების ღვინის დაშვების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუსეთის მხარე აცხადებს, რომ მათ დახლებზე მომავალი წლის დასაწყისში აფხაზური წარმოების ღვინოც გამოჩნდება.
რუსეთის ბაზარზე მოლდოველებს თავიანთი პოზიციის აღდგენის შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია მათი პროდუქციის ხარისხზე. მოლდოვური ღვინო რუსი მომხმარებლისთვის დიდი ხანია ნაცნობია, მაგრამ ქვეყნის ბაზარზე ამჟამად დიდი ნაწილი ბულგარეთისა და რუსეთის წარმოების ღვინოებს უკავია. თუ ღვინო მაღალი ხარისხის იქნება, მას ძველი აღიარების დაბრუნება არ გაუჭირდება, ხოლო თუ პროდუქციის ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ იქნება, მათი შემცვლელი უკვე რუსეთის ბაზარზე არსებობს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial