არის თუ არა უკანასკნელი ფინანსური კრიზისი ოქროს ხანისა და სტაბილური ზრდის დასასრულის დასაწყისი?

რედაქციისაგან

ეკონომიკა საბავშვო ზღაპარი რომ იყოს, მზარდი შემოსავლებისა და ცხოვრების ამაღლებული დონის ხანგრძლივ პერიოდებს ყოველთვის დიდი და ცუდი ვარდნა მოყვებოდა. უმუშევრობის მზარდი მაჩვენებელი, დანახარჯების კლება და შეზღუდული წარმოება – ასეთია გადაჭარბებული სამუშაო ადგილებისა და უდიდესი შემოსავლების გარდაუვალი მომავალი, რადგან ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

არ მოიძებნება მეორე ქვეყანა, რომელსაც ამერიკის მსგავსი ეკონომიკური აღმასვლა განეცადოს. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკა ახერხებდა სტაბილური ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებას. ნელი ტემპით ვითარდებოდა ტენდენცია – დანახარჯები შემოსავლებს აღემატებოდა, რაც მიმდინარე ანგარიშის უცვლელ დეფიციტს იწვევდა, მაგრამ დეფიციტი ეკონომიკაზე მავნე გავლენას არ ახდენდა. 1991 წლის დასაწყისში ქვეყნის მშპ დაეცა, მაგრამ გაუმჯობესებული წარმოების ფონზე წლის ბოლოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა თავდაპირველ ნიშნულს გადააჭარბა. მომდევნო დაღმასვლა აღინიშნა 2001 წელს. მომდევნო წლებში კი სხვა მდიდარმა ქვეყნებმა ეკონომიკური სტაბილურობის ზრდის ამერიკისეული წინსვლა აჩვენა. ქვეყნების ეკონომიკის მაჩვენებელ გრაფიკებზე ტეხილი ხაზების ამპლიტუდა იზრდებოდა. ამ მოვლენით შესაძლებელია ნაწილობრივ ავხსნათ ფასიანი ქაღალდების გარშემო ატეხილი ხმაური და ის მიზეზი, თუ რატომ ამჯობინებდნენ ფირმები და სახლების მეპატრონეები ვალების აღებას.
დღეისთვის რისკებს უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ. უკანასკნელ წლებში ამერიკის ეკონომიკა ჩვეულებრისამებრ სწრაფი ტემპით აღარ იზრდება, რაც უმეტესწილად საბინაო ბაზრის კრიზისითაა გამოწვეული. საკრედიტო კრიზისი კი განვითარებული დაღმავლობის გაგრძელების საფრთხეს ქმნის. მიმომხილველები პესიმისტურ განწყობას აძლიერებენ და უმსხვილესი ეკონომიკის უიღბლობის ხანას ვარაუდობენ.
იცვლება შეხედულებებიც. გასაგები მიზეზების გამო, სტაბილური ზრდის შემთხვევაში მაღალია ბიზნესის ციკლის მართვის რწმენა, დაღმავლობის განვითარების საფრთხე კი თვითდაჯერებას უკვალოდ აქრობს.
მსოფლიო ეკონომიკა გადამწყვეტ გზაჯვარედინს აღწევს – თუ სტაბილურობისა და ზრდის ჯადოსნური კომბინაცია მხოლოდ იღბალი იყო, მას შეიძლება მტკივნეული უიღბლობის პერიოდი მოჰყვეს, მაგრამ თუ ის სწორი გადაწყვეტილებების ლოგიკური გაგრძელება იყო, ნიშნავს თუ არა ეს ოქროს ხანის გაგრძელების შესაძლებლობას?
იღბალი თუ სწორად განსჯა?
ამერიკის ეკონომიკის სტაბილურობაც და მერყეობაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. 1980-იანი წლების შემდეგ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა საგრძნობლად დაეცა, რაც ყველაზე საგრძნობლად სამუშაო ძალის ბაზარზე აისახა. 1980-იანი წლების შუა ხანებიდან ამერიკის უმუშევრობის მაჩვენებელი საგრძნობლად ირყეოდა. 1961 და 1983 წლებში ამერიკის უმუშევრობის წლიური მაჩვენებელი 3.5%-დან 9.7%-მდე გაიზარდა, ხოლო 1984 წლიდან კი მაჩვენებელმა 4%-დან 7.5%-ს მიაღწია. გასულ წელს გამოქვეყნდა ეკონომიკის სფეროს პროფესორების გამოკვლევები, სადაც აღნიშნულია, რომ OECD-ის 25 ქვეყნიდან 16 ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთში, გერმანიაში, ესპანეთში და ავსტრალიაში ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად ბაზრის გაუმჯობესების ტენდენციები აღინიშნა.
რა იწვევს ცვლილებებს? სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და დიდ როლს იღბალი თამაშობს. ეკონომიკური შოკი, ანუ 1970 წლის ნავთობის კრიზისი – ბიზნესის პირობების მოულოდნელი ცვლილება შემთხვევით არ გახდა ზემომქმედი ფაქტორი.
მსოფლიო ეკონომიკას “ოქროს ხანის დროს” არა ერთი კრიზისი გადაუტანია, კერძოდ, აზიის ფინანსური კრიზისი, რუსეთის ვალების კრიზისი, ამერიკაზე ტერორისტული თავდასხმები, ნავთობის ფასების მკვეთრი ცვლილება, ავღანეთისა და ერაყის ომები. მაგრამ მსოფლიო ეკონომიკას კრიზისის კულმინაციისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია. მართალია, მსოფლიოსთვის ენერგომატარებლების მიწოდების შემცირება მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ნავთობზე, მაგრამ ის მაინც ყველაზე ზიანისმომტან მოვლენად ფასდება. იმდროინდელი ეკონომიკები უფრო შეზღუდული იყო – სამუშაო ბაზარი ნაკლებად მოქნილი იყო, ხოლო მწარმოებლები მეტად დამოკიდებულნი რეგულაციებზე. სავალალო შედეგებს მთლიანად ენერგომატარებლებით ვერავინ ახსნის.
მოქნილი ეკონომიკა
ახსნა ეკონომიკების მოქნილობაში უნდა ვეძებოთ. მათ მრავალი სტრუქტურული ცვლილება განიცადეს, გლობალიზაციისა და მრეწველობის შემცირების ჩათვლით. აკადემიური ლიტერატურის მიხედვით სამი ძირითადი ფაქტორი არსებობს: საქონლის მარაგების გაუმჯობესებული მართვა, საკრედიტო ბაზარზე გავრცელებული ფინანსური ინოვაციები და გონიერი სავალუტო პოლიტიკა.
გასაოცრად დიდი ეფექტი მოახდინა საწყობების სეგმენტმა, როდესაც ქარხნები მოთხოვნის შესაბამისად ამცირებდნენ ან ზრდიდნენ მარაგებს, ეს ეფექტურად მოქმედებდა გაყიდვებზე. ტექნოლოგიების გაუმჯობესებით ფირმებს მყიდველების შესახებ ინფორმაციის პროგნოზირება შეუძლიათ.
შოკის მომგვრელი საბინაო ბაზარი
ყველამ იცის, რომ ზრდის სტაბილურობის შენარჩუნების მექანიზმი შესაძლებელია მისი საფრთხის წყარო გახდეს. ფინანსური სიახლეები დაბალანსების მთავარი წყაროა, მაგრამ ადვილად ხელმისაწვდომი კრედიტი უკვე საფრთხეს ქმნის, იგი ბაზარს ემუქრება. ამერიკის საბინაო ბაზრის გამო ინვესტორებმა თავი დაუცველად იგრძნეს. თუმცა, ეკონომიკის ზრდის სტაბილურობამ ხალხს ვალების აღებისკენ უბიძგა და კრედიტების მატება ოქროს ხანის შედეგია. ბოლო წელს ბრიტანეთმა მყარი ზრდა აჩვენა, მაგრამ მას ამერიკის მსგავსად ზედმეტად შეფასებული საბინაო ბაზარი, მაღალი სამომხმარებლო ვალი და უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი აქვს. არსებობს საშიშროება, რომ საბინაო ბაზრის კრიზისი გლობალურ ხასიათს მიიღებს. ფედერალური სარეზერვო ფონდის ყოფილი თავმჯდომარე ალან გრინსპენი ინფლაციის საშიშროებებზე საუბრობს და ყველას შეახსენებს, რომ საბინაო ბაზრის ბუმი 40 სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნებოდა და კრიზისი მხოლოდ ამერიკას არ ემუქრება, ამიტომ საკრედიტო კრიზისი ქსელში გავრცელდება. დღეს აქციების ფასი ძალიან მაღალია და ეკონომიკების დასაყრდენი ნომინალური საპროცენტო განაკვეთები ხდება.
ყურადღების ცენტრში ის ახალი ბაზრები ექცევა, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობის წყაროდ ითვლება. უცხოური ვალუტის რეზერვების გამო აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკები კაპიტალურ ბაზარზე ნაკლებად დამოკიდებულნი გახდნენ.
ამერიკა უდიდეს რისკად მიიჩნევა, გასულ წელს ის გლობალური ეკონომიკის ზრდის ცენტრი აღარ იყო, მაგრამ ის დიდი იმპორტიორია და მასზე მრავალი ქვეყნის ეკონომიკაა დამოკიდებული. ამერიკის ეკონომიკის მკვეთრი დაღმასვლა მდიდარი მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის ავისმომასწავებელი მაცნე იქნება.