ჰონგ-კონგის საიდუმლო

მოამზადა ნატალია ბიკაშვილმა

ივლისში 10 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგმა კიდევ ერთხელ “დაიწყო ახალი ცხოვრება”. კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ იგი არასოდეს ყოფილა დამოუკიდებელი სახელმწიფო და სხვადასხვა დროს იმყოფებოდა როგორც ჩინეთის, ასევე დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის სუვერენიტეტის ქვეშ. 1997 წელს “სამშობლოში” დაბრუნების შემდეგ “ჩინეთის კარიბჭე” კვლავაც რჩება სახელმწიფოდ სახელმწიფოში, რომლის მსგავსიც არ არსებობს. ეს არის კომუნისტური იდეოლოგიის, დემოკრატიული თავისუფლების, საბაზრო ეკონომიკის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გადაკვეთის წერტილი.

“სურნელოვანი ნავსადგურის” (ასე ითარგმნება ჩინურიდან მისი სახელწოდება) მომავალს ყოველთვის ეჭვის ქვეშ აყენებდენენ, როცა იგი ახალ ხელში გადადიოდა. როგორც ამბობენ, როდესაც 1949 წლის რევოლუციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ სახალხო-რევოლუციური ჯარი ჰონგ-კონგს მიუახლოვდა, რომელიც ის-ის იყო ბრიტანეთს დაუბრუნდა იაპონური ოკუპაციის შემდეგ, მის აღებას წინ არაფერი ედგა, რადგან მას არ შეეძლო არავითარი წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა მაო ძედუნი გაჩერდა, გადაწყვიტა ჰონ-კონგი ბრიტანელებისთვის დაეტოვებინა, რათა უბრალოდ ენახა, რა გამოუვიდოდა მათ. მას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ბრიტანელები ვერ შეძლებდნენ ახალი თავისუფალი ჩინეთის ეკონომიკურ ძლიერებასთან გაჯიბრებას და კოლონიის ბედი, ყველა იმპერიალისტის სამარცხვინოდ, არასახარბიელო იქნებოდა.
მას შემდეგ რაც ჰონ-კონგმა ცხოვრების დონით თავის მეტროპოლიას – ინგლისსაც კი გაუსწრო და აზიის ყველაზე მდიდარი ქალაქი გახდა, 30 წლით იგი ცოცხალ საყვედურად იქცა თავად კომუნისტური ჩინეთისთვის. ძირითადად ამ “საკონტროლო ტერიტორიაზე” მიღწეულმა შედეგებმა განაპირობა დენ სიაოპინის მიერ 1978 წელს რეფორმების გატარება, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა სახალხო მეურნეობის განვითარების ტემპები.
ანალოგიურად ვერ წარმოიდგენდა ბრიტანეთიც 1997 წელს ჰონ-კონგის ჩინეთისთვის გადაცემის დროს, რომ ათწლეულის გასვლის შემდეგ ამ ქალაქს სულ უფრო ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც ტოკიოს შემდეგ აზიის სიდიდით მეორე ფინანსურ ცენტრად.
კითხვაზე – არსებობს თუ არა ორი სხვადასხვა სისტემისა და კულტურის შერწყმის სწორი რეცეპტი, დღესაც ვერავინ პასუხობს. ეს ექსპერიმენტი ჯერ ისევ გრძელდება. როგორც ერთ დროს საფრანგეთის XVIII საუკუნის დიდი რევოლუციის ისტორიულ როლზე თქვა მაო ძედუნმა: “ჯერ საკმაოდ ნაადრევია ამ საკითხზე მსჯელობა…”.
აზიის მაგალითი
ამ უჩვეულო ექსპერიმენტის ისტორია არც თუ ისე ორიგინალურად დაიწყო: თავიდან ბრიტანეთი საომარ-ეკონომიკური მიზნებისთვის მოსახერხებელი მოედნის მოპოვებას დიპლომატიური გზით შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. 1842 წელს კი ჩინეთი იძულებული გახდა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, რომლის მიხედვით ჩინეთის იმპერატორი დიდი ბრიტანეთის დედოფალს უთმობდა კუნძულ სიანგანს. ჰონ-კონგის საბოლოო საზღვრები 1898 წელს ჩამოყალიბდა და დღეისათვის იგი მოიცავს საკუთრივ კ.სიანგანს, კოულუნის ნახევარკუნძულს და “ახალ მიწებს”. საერთო ფართობი 1104 კმ2-ია, რომელიც დასახლებულია 6 მლნ-ზე მეტი ადამიანით. ჩრდილოეთით მას სპეციალური ეკონომიკური ზონა შენჩზენი ესაზღვრება.
1997 წლის 1 ივლისს ჰონ-კონგის მცხოვრებლებმა გაიღვიძეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონში – სიანგანში. ერთ დღეში უმტკივნეულოდ ჩაენაცვლა ერთი ეპოქა მეორეს. ჰონგ-კონგს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭა: კომუნისტურმა ჩინეთმა პირობა დადო, რომ 50 წლის მანძილზე არ შეცვლიდა კომერციულ და სამოქალაქო კანონმდებლობის ჩამოყალიბებულ სტრუქტურას და დათანხმდა, ჰოკონგს შეუნარჩუნებდა ყოველივეს, რაც მის წინსვლასა და კეთილდღეობას განაპირობებდა. ამ პერიოდის განმავლობაში “ერთი ქვეყანა – ორი სისტემა” კურსის ფარგლებში ჩინეთის ცენტრალური სახალხო მმართველობა თავის თავზე იღებს ტერიტორიის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, ჰონ-კონგი კი იტოვებს კანონმდებლობის, პოლიციის, ფულადი სისტემის, საბაჟო გადასახადებისა და საიმიგრაციო პოლიტიკის კონტროლის უფლებას, ასევე ინარჩუნებს წარმომადგენლობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ღონისძიებებში. ჰონგ-კონგის სავალუტო რეზერვები დაახლოებით 60 მლრდ დოლარის ფარგლებში ასევე ცენტრის კონტროლს გარეთ დარჩა.
დღეისათვის ჰონ-კონგში წლიური საქონელბრუნვა 600 მლრდ დოლარია, მისი ეკონომიკა მსოფლიოში მე-11 ადგილზეა, სადაც დარეგისტრირებულია მილიონ ორას ათასზე მეტი კომპანია. ჰონ-კონგის საფონდო ბირჟა (Hong Kong Stock Exchange) მსოფლიო ბირჟებს შორის სიდიდით მე-7 ადგილზეა. 2007 წლის თებერვლის მდგომარეობით მისი კაპიტალიზაცია 1.69 ტრლნ აშშ დოლარს შეადგენს. 2006 წელს IPO-ს რაოდენობის მიხედვით ჰონ-კონგის ბირჟა მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებდა ლონდონის ბირჟის შემდეგ. მსოფლიოს ფინანასური ცენტრების 2007 წლის ინდექსის შესაბამისად, რომელიც ლონდონის სიტის კორპორაციის მიერ დგინდება მსოფლიოს 46 ფინანასური ცენტრის კონკურენტუნარიანობის შეფასების მიზნით, ჰონგ-კონგი მსოფლიოში მესამე საუკეთესო ფინანსური ცენტრია და პირველია აზიაში. ბოლო პერიოდამდე, იყო რა შანხაისა და შენჩჟენის საფონდო ბირჟებთან შედარებით ლიკვიდური და ნაკლებად რეგულირებადი, ჰონ-კონგის საფონდო ბირჟა მთავარ სავაჭრო პლატფორმას წარმოადგენს ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას ცდილობენ. ჰონ-კონგის ბირჟის მეშვეობით ევროპელ ინვესტორებს საშუალება აქვთ პირდაპირ ითანამშრომლონ ჩინეთის მრავალრიცხოვან კომპანიებთან და იმუშაონ საწარმოების ფასიან ქაღალდებზე, აგრეთვე შანხაისა და პეკინის ბირჟებზე კოტირებული ჩინეთის საუკეთესო კომპანიების აქციებზე. ჰონგ-კონგში ლისტინგი გავლილი აქვთ ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა: PetroChina, ნავთობქიმიური კომპანია China petroleum & Chemical Corporation (ცნობილია, აგრეთვე, როგორც Sinopec), სადაზღვევო კომპანია China Life Insurance, სატელეკომუნიკაციო კომპანია China Telecom Corporation. თითოეული მათგანის კაპიტალიზაცია აღემატება 35 მლრდ ჰონგ-კონგის დოლარს (დაახლოებით 4.5 მლრდ აშშ დოლარი). სიანგანის საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით მოცემულ ბირჟაზე კოტირებულია 121 კომპანიის აქცია. ჩინეთის კომპანიების ინტერესის ზრდამ უცხოური კაპიტალდაბანდებების მიმართ საშუალება მისცა ჰონგ-კონგის ბირჟას მოკლე ვადაში საკმაოდ მნიშვნელოვნად გაზრდილიყო და გამხდარიყო უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი წყარო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
ჩინეთის საფინანსო ბუმში ჰონგ-კონგის წამყვანმა როლმა გამოიწვია მომსახურების სფეროში ახალი სიმდიდრის ზრდა: გაიზარდა უძრავი ქონების ფასი, სასტუმროებში აღარ არის თავისუფალი ნომრები, თვითმფრინავები სავსეა მგზავრებით, ხოლო ფინანსურ რაიონებში ბარები სავსეა ბანკირებითა და ბროკერებით.
უძრავ ქონებაზე ფასებმა სწრაფად იწყო ზრდა, რისი მიზეზიც, პირველ რიგში, მოთხოვნის ზრდა გახდა, ასევე გარკვეული დაძაბულობა ბაზრის გაჯერებასთან დაკავშირებით, გაზრდილი სამშენებლო ხარჯები და ბაზრის მოლოდინი. საცხოვრებელ ფართზე მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს მოსახლეობის შემოსავლების სტაბილური ზრდა, რაც განვითარებული ეკონომიკის შედეგია. ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკური სამმართველოს წარმომადგენლის ლი სიაოჩაოს ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში მიწის ნაკვეთები 12.8%-ით გაძვირდა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სამშენებლო ხარჯების გაზრდას ხელს უწყობს სამშენებლო მასალების გაძვირება, მუშების ხელფასის მომატება და სხვა. იმავდროულად, მოსალოდნელია ბაზარზე საცხოვრებელ ფართებზე ფასების შემდგომი ზრდა, ამასთან ხშირად ბინებს ყიდულობენ მათი გადაყიდვის მიზნით. საერთო ჯამში კი ყოველივე ამან საცხოვრებელ ფართებზე ფასები საშუალოდ 6.7%-ით გაზარდა.
ჰონგ-კონგის ეკონომიკის საფუძველს მომსახურების სფერო წარმოადგენს, კერძოდ, ვაჭრობაში, ტურისტების მომსახურებაში, სასტუმროებისა და რესტორნების საქმიანობაში, უძრავი ქონების ოპერაციებში, ფინანასებისა და დაზღვევის სფეროში, კომუნალურ მომსახურებაში დასაქმებულია მოსახლეობის 80%. ჰონგ-კონგში განთავსებულია ტრანსნაციონალური კორპორაციების აზიური შტაბ-ბინები, ფუნქციონირებს ასობით ლიცენზირებული ბანკი, დეპოზიტური და სადაზღვევო კომპანიები. ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატისტიკის დეპარტამენტის განცხადებით, 2006 წელს ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის ტვირთბრუნვამ 3.58 მლნ ტონა შეადგინა და ამ მაჩვენებლის მიხედვით ეს აეროპორტი მსოფლიოს სხვა აეროპორტებს შორის პირველ ადგილზე რჩება. ამასთან, მონაცემების თანახმად, ტვირთის 70%-მდე ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში აზიის ქვეყნებიდან და რეგიონებიდან მოდის, 17% – ევროპიდან და 9% – ჩრდილოეთ ამერიკიდან. ტვირთის უდიდესი წილი ამ აეროპორტიდან აგრეთვე აზიას მიეწოდება.
ჰონგ-კონგს დასამუშავებლად ვარგისი მიწის ძალიან მცირე ფართობი და მწირი ბუნებრივი რესურსები აქვს, ამიტომ იძულებულია საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის უმეტესი ნაწილის იმპორტირება მოახდინოს. იგი მსოფლიოს ყველაზე აქტიური სავაჭრო ცენტრების სიაში მე-11 ადგილს იკავებს. მისი იმპორტისა და ექსპორტის საერთო ღირებულება აღემატება ტერიტორიის მშპ-ს მაჩვენებელს. ჰონგ-კონგის ექსპორტის მნიშვნელოვან წილს რეექსპორტი შეადგენს, ანუ ის პროდუქცია, რომელიც მოცემული ტერიტორიის ფარგლებს გარეთაა წარმოებული (ძირითადად კონტინენტალურ ჩინეთში) და ჰონგ-კონგის შუამდგომლობით ვრცელდება. ჰონგ-კონგის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში ექსპორტის მოცულობამ 238.7 მლრდ ჰონგ-კონგის დოლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით მეტია გასული წლის იმავე თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ტრანზიტის მოცულობა 9.4%-ით გაიზარდა და 228.9 მლრდ ჰონგ-კონგის დოლარი შეადგინა, ხოლო ჰონგ-კონგში წარმოებული საქონლის ექსპორტი კი 9.8 მლრდ ჰონგ-კონგის დოლარამდე შემცირდა, ანუ ამ წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ექსპორტი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 9.6%-ით გაიზარდა, ტრანზიტის მოცულობა – 11.7%-ით, ხოლო ჰონგ-კონგის წარმოების საქონლის ექსპორტი კი 24%-თ შემცირდა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული დროისთვის ჰონკონკიდან ჩინეთის შიდა რაიონებში ექსპორტის ნომენკლატურის 95% არ იბეგრება საბაჟო გადასახდელებით. ამის შესახებ განცხადება გაკეთდა ჰონგ-კონგში ჩატარებულ ფორუმზე, რომელიც მიძღვნილი იყო ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონსა და ქვეყნის შიდა რაიონებს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების პროგრამისადმი. ფორუმზე ჰონგ-კონგის მრეწველობისა და ვაჭრობის სამმართველოს ხელმძღვანელმა ლი იდემ განაცხადა, რომ 2007 წლის ივნისისთვის ჰონგ-კონგის მაცხოვრებლებმა ჩინეთის შიდა რაიონებში შექმნეს 2500-ზე მეტი ინდივიდუალური სავაჭრო-სამრეწველო მეურნეობა. დარეგისტრირებული კაპიტალის მოცულობამ გადააჭარბა 150 მლნ იუანს. მათგან 85%-ზე მეტი თავიანთ ბიზნესს ავითარებენ ძირითადად საცალო ვაჭრობის სფეროში.
ჰონგ-კონგის მშპ-ს მაჩვენებლის 90% მომსახურების სფეროს წილად მოდის. 1980-იანი წლების შემდეგ მშპ-ს მაჩვენებლის საშუალო წლიური ზრდა 7.2%-ს შეადგენდა. ამ პერიოდში წარმოების ძირითადი ნაწილი კონტინენტალურ ჩინეთში იქნა გადატანილი და ამჟამად წარმოების შენატანი ეკონომიკაში მხოლოდ 9%-ს შეადგენს. მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგი 90-იან წლებში აღიარებული ფინანსური ცენტრი გახდა, ეკონომიკური ზრდა 2.7%-მდე შენელდა. მძაფრი ეკონომიკური ზრდისა და სწრაფი ინდუსტრიალიზაციის წყალობით ჰონგ-კონგი “აზიური ვეფხვებისა” თუ “დრაკონების” ოთხეულში შევიდა სინგაპურის, სამხრეთ კორეასა და ტაივანთან ერთად. 2006 წლის მშპ-ს მაჩვენებლის მიხედვით, გაანგარიშებული 1 სულ მოსახლეზე, რაც 38 127 აშშ დოლარს შეადგენს, ჰონგ-კონგმა მსოფლიოში მე-6 ადგილი დაიკავა და გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, დანია და იაპონია. მშპ-ს საერთო მოცულობით (253.1 მლრდ აშშ დოლარი) ჰონგ-კონგი მსოფლიოში მე-40 ადგილს იკავებს.
ჰონგ-კონგი ერთ-ერთი ყველაზე წმინდა კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემის მფლობელია მსოფლიოში. მისი ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალ ბაზარს, დაბალ საგადასახადო დაბეგვრას და სახელმწიფოს ჩაურევლობას ეკონომიკაში. მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით გაანგარიშებული მშპ-ს მაჩვენებლით 1 სულ მოსახლეზე ჰონგ-კონგი წინ უსწრებს წამყვან დასავლეთ ევროპულ ქვეყნებს (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია), ასევე იაპონიას. იგი აგრძელებს ბრიტანული ადმინისტრაციის პოლიტიკას და ჰონგ-კონგის ხელისუფლება ეკონომიკის მართვაში უპირატესობას თავისუფალ ბაზარსა და კერძო სექტორს აანიჭებს.
პეკინმა შეუნარჩუნა ჰონგ-კონგს მისი ვალუტა – ჰონგ-კონგის დოლარი, რომელიც მყარად არის მიბმული აშშ დოლარზე და რომლის კურსი 1 აშშ დოლარისთვის შეიძლება მერყეობდეს 7.75-7.85 ჰონგ-კონგის დოლარის ფარგლებში. დღეისათვის მოცემული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ შეადგენს: 1 USD = 7.75 HKD, ხოლო ევროს მიმართ კი – 1 EUR = 11.16 HKD. ჰონგ-კონგში არ არსებობს არანაირი სავალუტო შეზღუდვა, თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი ვალუტის შეძენა თუ გაყიდვა, თუმცა საქონლის ჰონგ-კონგის დოლარით შეძენის შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვანი შეღავათების მიღება ფასებისა და ფასდაკლებების მხრივ. ტერიტორიის ფარგლებში შესაძლებელია შეუზღუდავი ოდენობის უცხოური ვალუტის შემოტანა (აუცილებლად აღინიშნება დეკლარაციაში), გატანილი თანხა კი არ უნდა აღემატებოდეს შემოტანილს. საზღვრის ორივე მიმართულებით გადაკვეთა ჰონგ-კონგის დოლარებით აკრძალულია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვალუტის გადაცვლა ყველაზე ხელსაყრელია ბანკებში. საერთოდ, აქ ძალიან ბევრი ბანკი და საინვესტიციო კომპანიაა: ყოველ 3000 კაცზე თითო ბანკი მოდის. ჰონგ-კონგის ბანკებმა მიმდინარე წელს სექტემბრიდან შენატანებსა და კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ განაცხადეს. 20 სექტემბრიდან ჰონგ-კონგ-შანხაის ბანკის, “ხან სენ” ბანკისა და ჩინეთის ბანკის ჰონგ-კონგის კორპორაციის განაკვეთები პრიმე-რატე 7.75-დან 7.5%-მდე შემცირდა, “სტანდარტ ჩერტერდ” ბანკის განაკვეთი პრიმე-რატე კი – 8-დან 7.75%-მდე. იმავდროულად, შემნახველი შენატანების საბაზისო განაკვეთები ამ ბანკებში პროცენტის 0.25 პუნქტით შემცირდება.
ცხოვრების მაღალი დონის უზრუნველყოფას ჰონგ-კონგში დიდად უწყობს ხელს ის, რომ იგი თავისუფალი პორტია დაბალი საგადასახადო დაბეგვრით. აქაურ კომპანიებს, რომლებიც ჰონგ-კონგის ფარგლებს გარეთ იღებენ მოგებას თავიანთი საქმიანობის შედეგად, უფლება აქვთ არ გადაიხადონ გადასახადი ამ შემოსავლებიდან არა თავიანთი “დაუბეგრავი კომპანიის” სტატუსის საფუძველზე, არამედ დაბეგვრის ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც გათვალისწინებულია ჰონგ-კონგის საგადასახადო კანონმდებლობით. საგადასახადო დაბეგვრისგან გათავისუფლება ხდება არა ავტომატურად, არამედ საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის საქმიანობის შეფასების შემდეგ.
ძირითად კორპორატიულ კანონმდებლობას წარმოადგენს “ორდონანსი კომპანიების შესახებ” (Companies Ordonance). ჰონგ-კონგის არარეზიდენტ კომპანიას აქვს ყველა ის უფლება და ვალდებულება, რაც რეზიდენტ კომპანიას. საკანონმდებლო და კორპორატიული დოკუმენტების ენაა ინგლისური, თუმცა სურვილისამებრ შესაძლებელია ჩინური სიმბოლოების დამატებაც.
კორპორატიული სტრუქტურის შექმნა ჰონგ-კონგში ორი გზით არის შესაძლებელი:
ჰონგ-კონგის ახალი კომპანიის ინკორპორაციის გზით;
არსებული უცხოური კომპანიის ჰონგ-კონგში რეგისტრირების გზით.
ჰონგ-კონგში შესაძლებელია შემდეგი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის კომპანიის ჩამოყალიბება:
აქციების მიხედვით შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე დახურული კომპანია – Private Company Limited By Shares (იგივე LTD);
შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე ღია კომპანია – Public Company Limited By Shares;
შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორობა – Limited Partnership;
უცხოური კომპანიის ფილიალი – Branch;
კერძო საწარმო – Sole Partnership.
ჰონგ-კონგში ასევე შესაძლებელია ტრასტისა თუ ჰოლდინგის შექმნაც.
არსებობს გარკვეული შეზღუდვები ჰონგ-კონგის კომპანიების სახელების შერჩევისას. გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი:
აკრძალულია ისეთი სახელწოდების რეგისტრაცია, რომელიც შეურაცხმყოფელად ითვლება ან გულისხმობს კრიმინალურ საქმიანობას;
მიუღებელია ნებისმიერი სახელწოდება, რომელიც გულისხმობს მთავრობისა თუ სამეფო ოჯახის პატრონაჟს (Royal, Federal და ა.შ.);
ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული კომპანიის ნებისმიერი სახელწოდება ლიცენზირებას ექვემდებარება. შემდეგი სიტყვები თუ მათგან წარმოებული სახელწოდებები: Building Society, Chamber of Commerce, Chartered, Co-operative, Imperial, Kaifong, Mass Transit, Municipal, Savings, Tourist Assosiation, TrusT, Trustee, Underground Railway, Bank, Insurance, Assurance, Reinsurance, Fund Management, Asset Management, Investment Fund, ასევე მათი ექვივალენტები სხვა ენაზე საჭირობს შეთანხმებას და ლიცენზირებას;
სიტყვა Lიმიტედ ან მისი შემოკლება საჭიროა შეზღუდული პასუხისმგებლობის აღსანიშნავად და სახელწოდებაში მისი არსებობა სავალდებულოა.
ჰონგ-კონგის ყველა კომპანიისათვის არსებობს კანონმდებლობის სამი ზოგადი მოთხოვნა:
კომპანიას უნდა ჰყავდეს მდივანი – ჰონგ-კონგის რეზიდენტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი);
არ შეიძლება კომპანიის აქციების ღიად შეთავაზება, ხოლო აქციების გადაცემისთვის საჭიროა საერთო კრების თანხმობა (იმ შემთხვევაში, თუ ეს არ არის Public Company Limited By Shares);
კომპანია ვალდებულია ჩააბაროს ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგება, რომელიც დამოწმებულია ჰონგ-კონგის აუდიტორით.
სპეციალისტების აზრით, ჰონგ-კონგის კომპანიები არის ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია სერიოზული ბრუნვის მქონე სავაჭრო კომპანიებისთვის. ასეთი ინსტრუმენტი, სთავაზობს რა ოფშორულის იდენტურ საგადასახადო შეღავათებს, სხვა ჩვეულებრივი ოფშორული კომპანიებისგან განსვავებით, ითხოვს ხარჯებს აუდიტის ჩასატარებლად. ჰონგ-კონგში კომპანიების აუდიტი სამ ეტაპად ხორციელდება. კომპანიის აქტიურობიდან გამომდინარე, ჰონგ-კონგის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამმართველო შეიძლება შემოიფარგლოს, მაგალითად, მხოლოდ პირველი ან მეორე ეტაპიდან მიღებული მონაცემებით.
ჰონგ-კონგის ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ სულ უფრო მეტი საქმიანი პარტნიორი და ინვესტორი მოიზიდოს. ყოველწლიურად აქ ტარდება უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვები. საქმიანი ადამიანებისთვის ეს ხელსაყრელი კონტრაქტების დადების შესანიშნავი შანსია. ტერიტორიის ავტონომიური სტატუსი მას საშუალებას აძლევს კარიბჭის როლი შეასრულოს კონტინენტისკენ მიმართული ინვესტიციებისა და რესურსებისთვის.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევითი ცენტრის ექსპერტები, მოხმარებისა და ჰონგ-კონგის ძირითად ფონდებში ინვესტიციების ზრდის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს ჰონგ-კონგის ეკონომიკის 6%-იან ზრდას ვარაუდობენ. პროგნოზის მიხედვით, შიდა მოთხოვნა სწრაფად გაიზრდება, დოლარის დევალვაციისა და სხვა ფაქტორების ზეგავლენით, ამ წლის მეოთხე კვარტალში ჰონგ-კონგში ინფლაციის დონე 3.2%-ს მიაღწევს, ხოლო უმუშევრობის კოეფიციენტი კი 4%-მდე შემცირდება.
ჰონგ-კონგის ჩინეთთან შეერთებამ ქალაქს ახალი სიცოცხლე შესძინა, მაგრამ დემოკრატიას მიჩვეულ მოქალაქეებს ყველაფერი არ აწყობთ ამ ახალ ცხოვრებაში. ბევრი არ იყო დარწმუნებული შეპირებული ავტონომიის მაღალ დონეში. ხელისუფლების სათავეში ახალი პირების მოსვლამ არ გამოიწვია დიდი ცვლილებები – არცერთი ოპოზიციონერ-დემოკრატი არ დაზარალებულა ახალი რეჟიმით, თუმცა მოქალაქეთა თავისუფლებასა და დემოკრატიის შენარჩუნებას მაინც დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით ადევნებენ თვალყურს. ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის ადმინისტრაციის მთავარ მინისტრად მეორე ვადით აირჩიეს დონალდ ცანგი, მას პრაქტიკულად არ ჰყავდა კონკურენტი. მან ოპტიმისტურად განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს მიღწეულ იქნება ჭეშმარიტი დემოკრატია, თუმცა იმავდროულად ყველას აგრძნობინა, რომ სკეპტიკურად უყურებს ეკონომიკური წინსვლისთვის ისეთი ფასეულობის მნიშვნელობას, როგორიცაა საყოველთაო საარჩევნო უფლება.
არსებობს მოსაზრება, რომ გამწევი ძალის ფუნქციის შესრულების შემდეგ ჰონგ-კონგს ბოლოს და ბოლოს გვერდზე გაწევენ, ხოლო ჩინეთის “ეკონომიკური საოცრების” წინა პლანზე წამოწევენ ისეთ ტერიტორიებს, რომლებიც “შელახული” არ არიან დემოკრატიული წესებით, მაგალითად, შანხაი. გაზაფხულზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფასიანი ქაღალდების ბრუნვის კონტროლის კომისიამ არაოფიციალურად ურჩია ორ ჩინურ კომპანიას, რომლებიც თავიანი აქციების (საერთო თანხით 800 მლნ დოლარი) განთავსებას ჰონგ-კონგის ბირჟაზე აპირებდნენ, რომ გადაეხედათ თავიანთი გეგმებისთვის შანხაის სასარგებლოდ. მართალია, ჯერ ადრეა სიტუაციის დრამატიზება, მაგრამ პირველადი განთავსებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შანხაის ბირჟისთვის მიმდინარე წელი გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ჰონგ-კონგისთვის. ასე, მაგალითად, შანხაის ბირჟაზე პირველი 6 თვის განმავლობაში გატარებული IPO-ები შეფასებულია 15.5 მლრდ დოლარად, ჰონგ-კონგის ბირჟის ანალოგიური მაჩვენებელი კი – 9.9 მლრდ დოლარია. ჩინეთის ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უბრალოდ საჭიროა გადახურებული საფონდო ბირჟის “გაგრილება”.
ასეა თუ ისე, საბოლოო დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. ჰონგ-კონგი უკვე რამდენიმე წელია აოცებს მსოფლიოს. კომპრომისი ორ მოდელსა და ორ სისტემას შორის გრძელდება და როგორი იქნება ამ სოციალურ-ეკონომიკური ექსპერიმენტის შედეგები, ამას დრო გვიჩვენებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.