რეგულარული რეისის – თბილისი-ვარშავა-ს გარეშე

ნინო არველაძე

საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებს, პოლონეთის ეკონომიკასა და მის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებს ჩვენს ჟურნალში მრავალი სტატია მიეძღვნა. ვცდილობთ პოლონეთის ეკონომიკისა და გამოცდილების შესახებ მკითხველს დაწვრილებითი ინფორმაცია მივაწოდოთ.

ბოლო დროს თბილისის ხელისუფლება “ნატოში” ახალადგაწევრიანებული ქვეყნების მიმართ ცხოველ ინტერესს გამოხატავს. საქართველო პოლონეთში იმ კარგ მოკავშირეს ხედავს, რომელსაც მისი დახმარება ევროპასთან ინტეგრაციის ასპექტში საკუთარი გამოცდილების საფუძველზე შეუძლია. საქართველოსა და პოლონეთის ისტორიებში მრავალი საერთოა, სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი საქართველოში მოღვაწე პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან ბევრის სწავლა და ქართულ რეალობაში გადმოღება. პოლონეთი საქართველოს ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხით განიხილავს, რაც პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდა. ქვეყანას, საქართველოს მსგავსად, პრობლემები დიდ რუსეთთან აქვს. ამიტომ ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. საქართველოში რამდენიმე პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია მოღვაწეობს, მათი მიზანია ტრეინინგების, გაცვლითი პროგრამებისა და კონფერენციების ფორმით ეკონომიკური და სისტემური გარდაქმნების პოლონური გამოცდილების გაზიარება. თავდაპირველად მათ საზღვარგარეთულ პროექტებს უცხოური ფონდები აფინანსებდნენ, ხოლო შემდგომ ნელ-ნელა დაიწყო მათი პოლონური ინსტიტუციონალური წყაროებიდან დაფინანსებაც. საქართველოში დაგეგმილი პროექტების შესახებ გვესაუბრება “პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის” პროგრამის დირექტორი, ბატონი იაიცეკ მიხალოვსკი:
– როგორ მუშაობს გდანსკის სპეციალური ეკონომიკური ზონა და რა ფორმატით გააგრძელებს ის მუშაობას ევროზონაში შესვლის შემდეგ, ითხოვს თუ არა ევროპა ამ ზონის დახურვას?
– დიახ, არის ასეთი ინფორმაცია. ეს ზონა ფუნქციონირებას 5-7 წელი კიდევ გააგრძელებს, შემდეგ კი დაიხურება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე ცუდადაა, ევროპა პოლონეთის სხვა ეკონომიკური ზონების გაფართოებას გეგმავს.
– რას იტყვით პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის საქართველოში, ყაზახეთში, აზეირბაიჯანში, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში ვიზიტის შესახებ, რა მიზანი ჰქონდა ამ ვიზიტებს, ეს იყო ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზნები?
– ჩვენ რუსეთთან, საქართველოს მსგავსად, პრობლემები გვაქვს და მე ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების ერთობლივად გადასაწყვეტად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. რუსეთმა პოლონეთს ხორცსა და ბოსტნეულზე დაუწესა ემბარგო, საქართველოს – ღვინოსა და სხვა პროდუქტებზე. ჩვენ შეგვიძლია ამ პროდუქტების გაცვლა, მაგრამ ამისთვის ამ ორ ქვეყანას შორის საჭიროა საჰაერო ინფრასტრუქტურის არსებობა, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ვერ მოგვარდა. პოლონელები საქარველოს საინტერესო ქვეყანად მივიჩნევთ. ლეხ კაჩინსკის ვიზიტი კი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნებოდა. ამ ასპექტში ჩვენ პრობლემები გვაქვს რუსეთთან და თქვენი ქვეყნის აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთს რუსეთთან მწვავე პრობლემები აქვს, ხოლო აშშ-სთან ურთიერთობა კი არასტაბილურია, რადგან ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობები აღარ გამოირჩევა ისეთი სტაბილურობით, როგორც ეს 50 წლის წინ იყო. ამიტომ, ვფიქრობ პოლონეთისთვის მნიშვნელოვანია ევროპის ერთ-ერთ ნაწილთან – საქართველოსთან დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობა, რაც ჩვენს ქვეყანებს ენერგეტიკული და პოლიტიკური ურთიერთობების დაბალანსებაში დაეხმარება. მართალია, რუსეთთან ორივე ქვეყანას აქვს პრობლემები, მაგრამ ორივე მათგანს სჭირდება ეს ქვეყანა.
– პოლონელ და ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთის კარგად ესმით და ყველას გააზრებული აქვს, რომ ურთიერთობები უნდა გამყარდეს. პოლონელები ეკონომიკის სფეროში ბევრ საკითხში გვპირდებიან დახმარებას, მაგალითად, ბიზნეს-ინკუბატორების გახსნას,. პოლონელებს შეუძლიათ ასწავლონ ჩვენს ყოფილ სოც-ჰუმანოიდებს კერძო ბიზნესის წარმოება, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება, თვითმმართველობასა და ბიზნეს-წრეებს შორის ურთიერთობები და კიდევ მრავალი სხვა რამ. მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე წინ არ მიიწევს, რა უშლის ხელს თბილისი-ვარშავის რეგულარული რეისის გახსნას? ქართველებს შეუძლიათ პოლონელებისგან ევროზონის სტანდარტების გადმოღება, მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის ევროპული სტანდარტების მიხედვით შეფუთვა, რაც ქართული პროდუქტების ევროპის ბაზარზე გასვლას შეუწყობს, ხელს. გასაგებია, რომ ამ ორ ხალხს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის და ურთიერთობების გასაღრმავებლად კონკრეტული პროექტებია საჭირო.
– უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთის ბიუჯეტში კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად საკმარისი ფული არ იყო. სამი წლის წინ გამოიძებნა გარკვეული თანხები, ვფიქრობ ამ მხრივ ეს წელი საუკეთესო არ იქნება, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს. სამწუხაროდ, ამ საკითხში პოლონეთში პოლიტიკური პრობლემებიც არსებობს, აპარატებში პროფესიონალთა ნაკლებობაა. მართალია, ბოლო ორი წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლება გადასალახი რჩება. პოლონეთი რუსეთისგან დამოუკიდებელი 17 წლის წინ გახდა, მაგრამ ჩვენი სამსახურები, მაგალითად საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები ჯერ კიდევ ვერ მუშაობენ პროფესიონალურად, ანუ, 50-წლიან კომუნისტურ რეჟიმში ცხოვრების შემდეგ ყველაფრის შესაცვლელად 17 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ამჟამად პოლონეთის ხელისუფლებაშია საბჭოური წყობის დროს დაიბადნენ, ამიტომ, ვფიქრობ, დაახლოებით 10-20 წელიწადია საჭირო, რომ ხელისუფლებაში ახლებურად მოაზროვნე პროფესიონალთა თაობა მოვიდეს. 17 წლის, შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთს გამოუცდელი ხელისუფლება ჰყავდა, არ არსებობდა სენატის მმართველი აპარატი და ჩვენ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობდით. მაშინდელი თაობიდან ცოტა თუ საუბრობდა უცხო ენებზე, ამჟამად კი საწინააღმდეგო ტენდენციაა და თითქმის ყველას შეუძლია ინგლისურად და ფრანგულად საუბარი.
– მაგრამ პოლონელების ახალ თაობას საქართველო ასე არ ეყვარება და საქართველოსადმი დახმარების გაწევა აღარ იქნება მათი რეალური სურვილი. 10-15 წლის შემდეგ საქართველო მათთვის მხოლოდ ევროპის ერთ-ერთი ნაწილი იქნება და არა მეგობარი ქვეყანა.
– სწორედ ამიტომ არის საჭირო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება, უნივერსიტეტებს შორის სტუდენტების გაცვლითი პროგრამების შემუშავება.
– ეს კარგი იდეაა, უნდა ვაღიაროთ რომ პოლონეთში უმაღლესი განათლების დონე საქართველოსთან შედარებით მაღალია, ეს ყველაზე მეტად ეკონომიკურ განათლებას ეხება. თუ არსებობს რაიმე კონკრეტული პროექტი, რომელიც პოლონეთსა და საქართველოს შორის სტუდენტების გაცვლას ეხება? ასევე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი მაგისტრატურა.
– მსგავსი იდეა არსებობს. ჩვენ საქართველოსთან კონკრეტულ პროექტებზე ვმუშაობთ და ეს საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას და პოლონეთში ქართველი პროფესურის სტაჟირებას ეხება.
– სამწუხაროდ, ყველაფერი ჯერ-ჯერობით მხოლოდ იდეის დონეზე რჩება და ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით. თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, მაგალითად, პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტმა ორი ქვეყნის ურთიერთობა თითქოს გამოაღვიძა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პოლონეთის ეკონომიკას კარგად არ ვიცნობთ და მიუხედავად ამისა, ჩვენთვის პოლონეთში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების არსებობა აღმოჩენა იყო, ანუ იმის თქმა გვინდა, რომ კიდევ ბევრი უნდა გავიგოთ ერთმანეთის შესახებ, უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნების ახალგაზრდა ბიზნესმენებს, სტუდენტებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაცვლა.
– სამი წლის წინ საქართველოსთვის ჩამოვაყალიბეთ “”The Lane Kirkland Scholarships Program””, მისი დამფუძნებელი პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდია. ის 1990 წელს ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი არსებობის 10 წლის შემდეგ ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ ის პოლონეთს არ სჭირდებოდა და საჭირო იყო მისი დახურვა, მაგრამ 1999 წელს გადაწყდა მისი გადამზადება და მან არსებობა ამჟამინდელი სახით განაგრძო. პროგრამა უკრაინაზე, ბელორუსიაზე, რუსეთზე, ასევე სომხეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, ყაზახეთსა და მოლდავეთზეა გათვლილი. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოდან კრაკოვში და სხვა ქალაქებში 3-4 ადამიანი გაიგზავნა. ჩემი მიზანია, ამ პროგრამისთვის დაახლოებით 10 სხვადასხვა პროფესიის პრედენდენტის შერჩევა (ეკონომისტები, იურისტები, სოციოლოგები და სხვა), მათი საშუალო ასაკი 30 წელი იქნება. ისინი პოლონეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში 2 სემესტრის განმავლობაში ისწავლიან და მათ საკუთარი ხელმძღვანელები ეყოლებათ, რომლებიც მათი სწავლების ხარისხზე იქნებიან პასუხისმგებელნი. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის სასურველია ელემენტარული პოლონურისა და კარგი ინგლისური ენების ცოდნა. პროგრამას აუცილებლად მოჰყვება კონკრეტული შედეგები. ფორთოხლისფერი რევოლუციის შემდეგ ჩვენ უკრაინისთვის პროგრამა შევქმენით – მოვითხოვეთ 10-15 მცირე ჯგუფის შექმნა და ყოველ თვეს სხვადასხვა სახელმწიფო დონის პროფესიონალები პოლონეთში ჩადიოდნენ. პროგრამის მიზანია ეკონომიკის, სოციოლოგიისა და პოლიტიკურ ტრანსფორმაციაში პოლონური გამოცდილების გაზიარება და პირველ ნაბიჯებში დახმარების გაწევა, რაც პოლონურ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში 2-4 – კვირიან პროფესიონალთა გაცვლით კურსს მოიცავს. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა იგივე პროგრამის საქართველოში წარდგენა და განხორციელება. სამწუხაროდ, ფინანსებში შეზღუდულები ვართ, მაგრამ ეს საკითხიც მოგვარდება. კიდევ არსებობს პროგრამა “რიტა” – გადამზადება რეგიონებში. პროგრამის მიზანია დემოკრატიული და საბაზრო გადამზადებისათვის ხელშეწყობა, ხოლო უმთავრესია, პოლონური გამოცდილების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გაზიარება. პროგრამის მიზანია:
პოლონეთის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების პროექტების ხელშეწყობა, რომელთა მიზანსაც, პოლონური გამოცდილების გაზიარებით, ცეტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სისტემური ტრანფორმაციის პროცესების გაღრმავება წარმოადგენს;
არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პოლონეთისა და მისი მეზობელი ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შორის პარტნიორული თანამშრომლობის მხარდაჭერა;
რეგიონში პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
პოლონეთის, ევროკავშირისა და რეგიონის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლისთვის პლატფორმის შექმნა.
ვმუშაობთ ისეთ პროექტზე, რაც მეტის გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს. ეს პოლონელ ბიზნესმენებს დაანახებს, თუ რისი გაკეთება შეიძლება საქართველოში. გასულ წელს პოლონეთში საქართველოს დღე მოეწყო, ვფიქრობ უმჯობესი იქნება ეს დღე მხოლოდ სახელწოდებით არ შემოიფარგლოს.