რედაქტორისგან

ჯემალ ინაიშვილი

სუსხი ჯიუტად იპარება და ზამთარი იწყებს ბატონობას. შობა ახლოვდება და ფინიშის სიახლოვე იგრძნობა. ყველაფერთან ერთად შობის კვირაძალს წლის შედეგები აინტერესებს ყოველ ჩვენთაგანს, მითუმეტეს ეკონომიკასა და ბიზნესში. წლის შეჯამება და მიღწევებსა თუ პრობლემებზე საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კერძოდ, სავალუტო ფონდის საქართველოში ბოლო წარმომადგენელს, ბატონ რობერტ ქრისტიანსენს ვთხოვეთ.

ვფიქრობთ, ის მეტად ობიექტური იყო და საინტერესო ხედვა შემოგვთავაზა (გვ.15). რ. ქრისტიანსენი მსჯელობს საქართველოში ეკონომიკის მიღწევებსა და პრობლემებზე, ინფლაციაზე, საბიუჯეტო საკითხებზე და 2008 წელს ჩვენი ეკონომიკის წინაშე მდგარ ამოცანებზე. მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური ვნებათაღელვის ფონზე, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა პროფესორ რევაზ კაკულიას მოსაზრებები საქართველოში ფინანსური სისტემის სრულყოფის პრობლემებზე, გლობალიზაციის პროცესის გათვალისწინებით (გვ.8), აშშ-ის იპოთეკურ ბაზარზე განვითარებული დრამის საერთაშორისო რეზონანსი და შედეგები, მათი საქართველოს საბანკო სისტემაზე ზეგავლენა.
რაც შეეხება წლის შედეგებს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და ჟურნალმა “საქართველოს ეკონომიკამ მეტად მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი) 30 დეკემბერს მოეწყობა სამეცნიერო-ეკონომიკური საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია, რომელიც დიდი ილიას 170 წლისთავს მიეძღვნება. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ამ უნივერსიტეტების პროფესორებისა და მაგისტრანტების საუკეთესო მოხსენებები ეკონომიკის აქტუალურ პრობლემებზე, გამოვლინდება კონკურსის წლის საუკეთესო ნაშრომი. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა არა მარტო მეცნიერ-ეკონომისტებისა და სპეციალისტებისათვის, არამედ ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც სურს მოისმინოს დისკუსია, ბიზნესმა კი კიდევ ერთხელ გააანალიზოს არსებული პრობლემების სპექტრი და შეძლოს მომავლის პროგნოზირებაში მეცნიერული რეკომენდაციების გათვალისწინება. გეპატიჟებით ყველას ეროვნულ ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში 14 საათზე და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ წლის შედეგების შეჯამებას და სასარგებლო დისკუსიის გამართვას ჩვენს სამეცნიერო-ეკონომიკურ ელიტასთან ერთად.
ნიშანდობლივია, რომ ამ ნომერში გთავაზობთ სტატიას, იმაზე თუ რა კეთდება საქართველოში მეცნიერების განვითარებისათვის (გვ.19) და ასევე პროფესორ პაატა კოღუაშვილის, ილიას ჭავჭავაძის ეკონომიკურ და სახელმწიფოებრივ შეხედულებებისადმი მიძღვნილი ნაშრომის – სამკვიდროს გულიდამ ამოღება ძნელია – შესახებ რეცენზიას (გვ.56).
პრივატიზაციის საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებები შევიდა, გამკაცრდა პირდაპირი მიყიდვის წესით განხორციელებული ქონების რეალიზაციის დროს ვალდებულებათა კონტროლი. გთავაზობთ ამ სიახლის ანალიზს (გვ.45) და პრივატიზაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე კომენტარს (გვ.46).
რაფაელ ელიგულაშვილის დაბადებიდან ასი წელი შესრულდა. მის სახელს უკავშირდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნა. რაფაელ ელიგულაშვილმა მეტად საინტერესო ცხოვრების გზა განვლო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ინსტიტუციონალურად პალატამ მაშინაც და ახლაც შეძლო მეწარმეობის სულისკვეთების შენარჩუნება და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა. ამ ღვაწლმოსილი პიროვნების იუბილეს მიეძღვნა სპეციალური მასალა (გვ.33).
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ნოემბერში ევროპელ ექსპერტებს უმასპინძლეს. სპეციალური ვორკ-შოპები ჩატარდა ქართული ბიზნესის წარმომადგენელთათვის, რომლის მიზანი იყო ქართული ბიზნესისათვის დახმარება მენეჯმენტისა და ბიზნესის მეთოდების დახვეწაში, მის ევროპულ სისტემაზე გადაყვანაში. გთავაზობთ მიმოხილვას ამის შესახებ (გვ.32).
ტრადიციულად გთავაზობთ საერთაშორისო და შიდა ბაზრის მიმოხილვას და სამეცნიერო ნაშრომების ბლოკს.
იმედია, ჩვენ შევძელით სათანადოდ წარმოგვეჩინა პრობლემები და გაისადაც – 2008 წელს ველოდებით თქვენს მხარდაჭერას.