როგორ გახდა ნევროზი ეკონომიკური კატეგორია

ემზარ ჯგერენაია

ისტორია
– საუკუნის მოვლენებს კი არ გამოვყავარ მწყობრიდან, არამედ წვრილმანები მაღიზიანებს და მიშლის ნერვებს.
ვიქტორია –
დიდი ბრიტანეთის დედოფალი
ყველა დროის კარგი ლიტერატურული ქმნილება არის ვიღაცის
ნევროზის შედეგი.
ულიამ სტაირონი
ფული საუკეთესო დამამშვიდებელი
საშუალებაა.
ლეონარდ ლუის ლევინსონი
აწმყო

და… ნევროზი, როგორც ეკონომიკური კატეგორია, სამომხმარებლო ბაზრის ინდიკატორი და ინფლაციის მულტიპლიკატორი. მაგარია! უკვე მომწონს – ნევროზი – ინფლაციის მულტიპლიკატორი! ნევროზი ჩვენი ცხოვრების სერიოზული შემადგენელი ნაწილი გახდა. ისეთი ნევროზული გავხდით, რომ ყოველ წვრილმანზე ვიშლით ნერვებს. ისე, რა გასაკვირია, დედოფალი ვიქტორიაც იშლიდა თურმე წვრილმანებზე ნერვებს. აი, მაგალითად, მუდმივი ტრაფიკ-ჯემები (ანუ გადატვირთული მოძრაობა), ცხოვრების გაძვირება, პოლიტიკური დაძაბულობა და საერთოდ, ყველაფერი – გლობალიზაცია, კლიმატის დათბობა, ჩვენი ნაკრების წაგება, ფუნდამენტალისტები, ყველაფერი ნერვებზე მოქმედებს და ამიტომაც გახდა წამალი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. რომ ჩამოთვალო მთელი დღის განმავლობაში რა რეკლამებიც გადის წამლების შესახებ ტელევიზორში და უფრო მეტიც, რას ლაპარაკობენ (თუ რას და როგორ უხდებაო ეს პრეპარატი) ამ რეკლამებში – თითქმის არაა დაავადება სრულად და წარმატებით რომ არ არჩენდნენ, გამოვა რომ ყველა მორჩენილი უნდა იყოს და სამკურნალოც არც არავის არაფერი უნდა სჭირდებოდეს. ჰო ასეა ალბათ, თუ რეკლამებს დავუჯერებთ, მაგრამ ყველაფერი ნევროზის ბრალია და ის კი უკურნებელია. რატომ??? იმიტომ, რომ მისი წამალი ფულია! ჰოოო,… ის კი არ იშოვება ადვილად და საერთოდ დეფიციტისკენ, ქრონიკული დეფიციტისკენ აქვს მიდრეკილება. საქართველო წამლის იმპორტის მოცულობის მიხედვით, ენერგომატარებლებისა და ნავთობის შემდგომ, მე-5 ადგილზეა და ხორბლის იმპორტის მოცულობასაც კი უსწრებს. სულ 2007 წელს 9 თვეში იმპორტირებულია 105.0 მილიონი დოლარის წამალი, ე.ი. ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 25.0 დოლარის წამალს მოიხმარენ, ამას ემატება ადგილობრივი წარმოების წამალი და გამოდის, რომ სულ წელიწადში საშუალოდ ვიხმართ ან მოვიხმართ 100 ლარის წამალს თითოეული, მაშინ როცა 89 მილიონის ხორბალია იმპორტირებული, ანუ იგივე გათვლებით, ერთ სულზე 22 დოლარი და მთლიანად საშუალოდ ერთ სულზე 75 ლარი მოდის.
საკმაოდ შემაშფოთებელი და დასაფიქრებელი ციფრია, რადგან ბოლოდროინდელი სტატისტიკით, მოიმატა დაავადებულთა რაოდენობამ, ყოველივე ეს მაინც ნევროზის ბრალია, აბა ამ დალოცვილ საქართველოში რა უნდა ამ დაავადებას?! ბუნებრივი პირობები – ჰაერი, წყალი, საკვები, სასმელი, იუმორი, სიმღერა, ვასკიტარიკი… და სხვა ფანტასტიურია. რა და მთავარი არის ფულის ნაკლებობა და მისი გენერირების საფუძველზე რეგენერირებული -ათიუს ნერვიუს ბრამს სინსი.
ვერ გაიგეთ? ვერც მე და ამიტომ გვაქვს ნევროზის რეგენირება, ხომ გაიგეთ? რატომ? ჰოოო, ამაშია საქმე. ყველაფერი დასავლური გვაქვს: კანონები, გადასახადები, სიტყვები, მიხვრა-მოხვრა, ოხვრა (ო, მაი გოდ!) და საერთოდ, ყველაფერი – დენის, შუქის, წყლის და სხვა ფასები და გადასახადები, …აქაური გვაქვს ნევროზი და შემოსავლები. ამიტომ იმატა დაავადებამ და წამლების ხარჯმა, როგორც გასავლის სტატიამ. როგორც ბოლო ეკონომიკურმა კვლევებმა აჩვენა, როგორც გასავლის სტატია, ის სერიოზულ დაპირისპირებაშია ბენზინისა და შუქ-გაზის ფასთა კოალიციასთან, თუმცა, ბოლო დროს სასურსათო ფასები საბაზრო პროფკავშირებთან აპირებს შეკედლებას და ერთობლივი ძალებით სამომხმარებლო კალათის პირველობისათვის ბრძოლას. ეს ახალი ფენომენია სამომხმარებლო კალათის კვლევის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე. ამაზეა ნათქვამი: ახლა ესღა გვაკლდაო – ნევროზი, როგორც ეკონომიკური კატეგორია და მისი კვლევის ახალი მეთოდიკა, თუმცა, ძველი დოსტოევსკისეული რჩევაც შემიძლია შემოგთავაზოთ – როცა ღამე ნევროზული უძილობა გაწამებს, ნუ გაბრაზდები, ეს ეშმაკებია! ილოცე, პირჯვარი გადაიწერე და აღავლინე ლოცვა – ფეოდორ დოსტოევსკი. აი, ასე ჯობს, რადგან ნევროზი, ძალიან ძვირია, მისი წამალი ფულია! ფულს კი ვერ იყიდი, ის უნდა იშოვნო! ჰოდა, რომ ვერ შოულობ, დედოფალ ვიქტორიასი არ იყოს, ამ წვრილმანებზე ნერვებს იშლი და ისევ წამალს სვამ და ასე წრეში გაუთავებლად, სანამ არ გათავდება ან წამლისათვის ფული ან სიცოცხლისათვის სული.
ესეც ალბათ, მსოფლიო ეკონომიკის ახალი თავისებურებაა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ტრანზიტული ეკონომიკის ქვეყნებში, ისეთში, როგორიც საქართველოა უკვე მოსახლეობის შემოსავლების უდიდესი ნაწილი წამლებში და ძირითადად ნევროზთან და მასთან დაკავშირებული საკითხების მკურნალობაში იხარჯება.
ასე გახდა ჩვენი ერთი უწყინარი და უჩინარი ნევროზი ეკონომიკური კატეგორია. ახლა ნერვოპათოლოგიის ინსტიტუტი უკვე ეკონომიკურ-სამედიცინო პროფილისაა. აბა? დუალ საწყისი აქვს, რას ნიშნავს დუალი? მერე გეტყვი. ისე იაფიანი გამოსავალიც არსებობს – Do not care!