საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა: გამოწვევები, შესაძლებლობები და პრიორიტეტები

დემნა კვარაცხელია, ასოცირებული პროფესორი, გლობალიზაციის და რეგიონული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის ყოვლისმომცველმა პროცესებმა გამოიწვია საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განმსაზღვრელი პირობების ცვლილებები, მსოფლიო ეკონომიკის ფუნქციონირებაში საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციებისა და ტრანსნაციონალური კომპანიების როლის ზრდა და სუვერენული სახელმწიფოების როლის შემცირება. აღნიშნული ვითარება განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება საქართველოს გარდამავალ, ფორმირების პროცესში მყოფ ეკონომიკაზე, მით უფრო, რომ ქვეყანას არ გააჩნია ეკონომიკის მართვის გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი, მეცნიერულად დასაბუთებული ეროვნული სტრატეგია.

ამასთან ისტორიული მემკვიდრეობისა (წარმოების დაბალი ეფექტიანობა) და პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის განვლილ პერიოდში განვითარებული მოვლენების (სამხედრო გადატრიალება, ეთნოკონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება და სამამულო წარმოების განადგურება) შედეგად მკვეთრად დაბალია ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა. შესაბამისად, გაურკვეველია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების პერსპექტივები.
მცირე, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანამ და ერმა, როგორც წესი, უნდა გამოიმუშავოს ერთგვარი იმუნიტეტი გარეშე პირობების ცვლილებების მიმართ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შესძლებს იგი აღნიშნულ ცვლილებებთან უმტკივნეულო ადაპტაციასა და ამ პროცესში საკუთარი სახის შენარჩუნებას.
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია სათანადო მატერიალური ბაზის ფორმირება. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა აქვს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკისა და ისეთი სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს განავითაროს პრიორიტეტული დარგები და ამ გზით მოიპოვოს კონკურენტუნარიანი უპირატესობა შრომის საერთაშორისო დანაწილებაში.
ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლება და კონკურენტუნარიანი უპირატესობის მოპოვება აუცილებელია იმდენად, რამდენადაც იგი ეკონომიკური ზრდის, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისა და ეროვნულ-ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელი პირობაა.
პორტერის თანახმად, რადგან ეკონომიკის პროდუქტიულობის მუდმივი ამაღლება უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს, ამიტომ ქვეყნის დონეზე კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება რესურსების გამოყენების პროდუქტიულობითა და გამოგონებებისა და ინოვაციების დანერგვის უწყვეტი პროცესის საფუძველზე მისი (პროდუქტიულობის) ამაღლების უნარით (1, გვ.: 24-25).
დანიელი ეკონომისტი ბ. იონსონი კი კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს, როგორც “ქვეყნის ეკონომიკის უნარს შეინარჩუნოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სრული დასაქმების პირობებში, სახელმწიფოს მიერ საგარეო ვალის დაგროვებისა და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის გარეშე” (2, გვ.: 30).
ამგვარად, ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ხარისხი განისაზღვრება ღია საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანი საერთაშორისო კონკურენციის პირობებში, კონკურენტებთან შედარებით რესურსების უფრო მაღალმწარმოებლურად გამოყენებისა და მაღალხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის უწყვეტი წარმოებისა და მიწოდების უნარით. მთავარი კი ისაა, რომ ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მაღალი ხარისხი გულისხმობს შრომის საერთაშორისო დანაწილებაში ქვეყნის ისეთ მონაწილეობას, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს დაბალანსებულ ეკონომიკურ ზრდას, მოსახლეობის შემოსავლებისა და ცხოვრების დონის განუხრელ ამაღლებასა და ქვეყნის ეროვნულ-ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებას.
საინტერესოა რა ფაქტორები უწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასევე საყურადღებოა, თუ რა წყაროები გააჩნია ქვეყანას კონკურენტუნარიანი უპირატესობის მოსაპოვებლად?
ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია ამა თუ იმ მიზეზით განპირობებული სპეციფიკური კონკურენციული უპირატესობა მსოფლიო ბაზარზე. ქვეყანას შესაძლებელია გააჩნდეს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ან ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობით განპირობებული კონკურენციული უპირატესობა, რომელიც განპირობებულია პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობით და/ან სხვადასხვა ეკონომიკური ცენტრების დამაკავშირებელი სავაჭრო გზების, აგრეთვე, სათბობ-ენერგეტიკული რესურსების განაწილება-გადატანის ქსელების ეპიცენტრში არსებობით. ასე მაგალითად, შუა საუკუნეებში, თურქეთის მიერ ბიზანტიის იმპერიის განადგურებამდე არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ განსაზღვრა როგორც ხელსაყრელი ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა იტალიური ქალაქსახელმწიფოებისათვის (ვენეცია, გენუა), რომლებიც აღნიშნულ პერიოდში წამყვან როლს ასრულებდნენ ხმელთაშუაზღვისპირეთის სავაჭრო-ეკონომიკურ და საფინანსო საფინანსო ურთიერთობებში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ვითარება დიამეტრალურად შეიცვალა, რადგან ჩაიკეტა აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი გზები და თურქეთმა თავის ხელში ჩაიგდო აღმოსავლეთის პროდუქციით ვაჭრობის მონოპოლია. შესაბამისად, იტალიის ქალაქსახელმწიფოებმა დაკარგეს ის კონკურენტული უპირატესობა, რომელიც მათ მოპოვებული ჰქონდათ, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთ ევროპას შორის დამაკავშირებელ რგოლს. ამერიკის კონტინენტისა და აფრიკის შემოვლით აზიისაკენ სანაოსნო გზების აღმოჩენის შემდეგ შექმნილმა ვითარებამ ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები დასახა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ჩამოყალიბებულ დასავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე. ახალ ვითარებაში განსაკუთრებით ხელსაყრელი გეოპოლიტიკური და ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა შეიძინა დიდი ბრიტანეთის სამეფომ, რითაც მან კარგად ისარგებლა და მალე ეს ქვეყანა გახდა მსოფლიოს წამყვანი საფინანსო-ეკონომიკური ცენტრი. სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით იგივე ვერ შეძლო ირლანდიამ და თუნდაც ესპანეთმა.
ამრიგად ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ-გეოგრაფიულ მდებარეობას გონივრული გამოყენება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შეიძლება იქცეს სრულიად ახალი პრობლემების წყაროდ. საქართველოს, როგორც აზია-ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყნის, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების დაინტერესების არეალში მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ან ქვეყნის აყვავება, თუკი საზოგადოება და ხელისუფლება ღირსეულად უპასუხებს ახალი ვითარებით განპირობებულ ისტორიულ გამოწვევებს და გონივრულად გამოიყენებს მის წინაშე წარმოშობილ შესაძლებლობებს, ან კიდევ პირიქით, ქვეყნის დაქცევა, თუკი საქართველო ვერ შეძლებს საკუთარი ფუნდამენტური ინტერესების დაცვას და/ან თუკი იქცევა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მუდმივი დაპირისპირებისა და კონფლიქტის საგნად.
ყველაზე სასურველია, როდესაც ქვეყანის კონკურენციული უპირატესობა განპირობებულია წარმოების ორგანიზაციის მემკვიდრეობით მიღებული პროგრესული ფორმების გამოყენებით, მისი თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვით, მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის არსებობით, სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებითა და მისი შედეგების წარმოებაში დანერგვის მაღალი ხარისხით, რაც მას მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარებისა და ტექნოლოგიურად რთული და შესაბამისად, ძვირადღირებული პროდუქციის წარმოების საშუალებას აძლევს. ეს კი შრომის საერთაშორისო დანაწილებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების გარანტიაა. სამწუხაროდ, საქართველოში ამ ფაქტორების არსებობის თვალსაზრისით, არასახარბიელო მდგომარეობაა. ერთადერთი სანუგეშო ისაა, რომ ქართველი ერი ნიჭიერი და მუდამ სიახლის მაძიებელი ერია, რაც სათანადო საგანმანათლებლო და ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში სასურველი შედეგის, ანუ ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მისი აღორძინების გარანტიაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის კონკურენტუნარიანი უპირატესობის ძირითადი ფაქტორები და წყაროებია:
– ეკონომიკურ-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობა;
– რესურსების (ადამიანური, მატერიალური, სანედლეულო და ა. შ.) არსებული პოტენციალი;
– კულტურული მემკვიდრეობა და ტრადიციები, შრომისადმი და ბიზნესისადმი დამოკიდებულება, შრომის დისციპლინა და ა. შ.;
– საგანმანათლებლო-სამეცნიერო პოტენციალი;
– პოლიტიკური წყობა და მართვის მეთოდები;
– ეკონომიკური განვითარების დონე და ა.შ.
აღნიშნულ ფაქტორებსა და წყაროებზე დაყრდნობით ყალიბდება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა და შედარებითი უპირატესობა შრომის საერთაშორისო დანაწილებაში.
საქართველოს ეკონომიკაში, Dჯერჯერობით, შედარებითი უპირატესობების გამოვლენის პროცესი და შესაბამისად, დარგობრივი სტრუქტურის ცვლილებები პრაქტიკულად თვითდინებაზეა მიშვებული, ანუ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები მთლიანად დამოკიდებულია ბაზრის უხილავი ხელის მოქმედებაზე, ანუ აღნიშნული სტრუქტურის ფორმირება მიმდინარეობს ბიოლოგიური ორგანიზმებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი შერჩევის მკაცრი პროცესის ზეგავლენით.
სელექციის პროცესში კი, როგორც ცნობილია არსებობას აგრძელებენ ის ბიოლოგიური ორგანიზმები, რომლებიც მკაცრი კონკურენციის პირობებში გამოავლენენ გარემო პირობებთან შეგუების უნარს. თვითდინებაზე მიშვებისა და სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ჩაურევლობის შემთხვევაში, ანალოგიური პროცესებით განისაზღვრება სოციალური ორგანიზმებისა და სტრუქტურების ცხოველმყოფელობა და განვითარებაც, რაც ერთი შეხედვით დადებითი მოვლენაა, ვინაიდან არსებობას გააგრძელებენ და განვითარდებიან ის სოციალური ორგანიზმები და სტრუქტურები, რომლებიც მკაცრი კონკურენციის პირობებში გამოავლენენ კონკურენტუნარიანობას და გამოიმუშავებენ იმუნიტეტს გარემო პირობებთან მიმართებაში. მაგრამ ასეთი მიდგომა მიუღებელია საქართველოს ფორმირების პროცესში მყოფი ეკონომიკის პირობებში იმდენად, რამდენადაც ეს პროცესი ხორციელდება საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სრული ლიბერალიზაციისა და უცხოური კომპანიებისა და პროდუქციის მხრიდან ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გადაცილებული ტოტალური კონკურენციის პირობებში. აღნიშნული პროცესი, სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობის შემთხვევაში შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და/ან ეროვნული ინტერესებისათვის (ეროვნულ-ეკონომიკური უსაფრთხოება და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება) მიუღებელი დარგობრივი სტრუქტურის ფორმირებით დამთავრდეს.
ქვეყნის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის ფორმირების პროცესში სახელმწიფოს ჩარევის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ ესა თუ ის თაობა წარმოების ისეთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს, როგორიცაა: კვალიფიციური მუშახელი, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი, ინსტიტუტები და ინფრასტრუქტურა, ხშირად მემკვიდრეობით კი არ ღებულობს, არამედ თავდაუზოგავი შრომისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგად, რაშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, მისი უნარი წაახალისოს და ხელი შეუწყოს ეფექტიანი საწარმოო პოტენციალის ფორმირებას.
მართალია ქვეყნის სპეციალიზაციას ძირითადად განსაზღვრავს შედარებითი უპირატესობა ამა თუ იმ ტრადიციული პროდუქციის წარმოებაში, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა გააჩნია ხელისუფლების მიზანმიმართულ გრძელვადიან ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია შეფარდებითი უპირატესობის მოპოვება სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის აუცილებელი ზოგიერთი მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული პროდუქციის წარმოების სფეროში. გასათვალისწინებელია ის, რომ ბიზნესის არჩევანი დამოკიდებულია არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის ბუნებრივ შეფარდებით უპირატესობაზე ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებაში, არამედ აგრეთვე მთავრობის მიერ პრიორიტეტების განსაზღვრაზე, შესაბამისი სტიმულებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე.
საქართველომ, ისევე როგორც ნებისმიერმა ეკონომიკურად ჩამორჩენილმა ქვეყანამ, განვითარებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა სცადოს სპეციალიზაციის ადაპტირება სწრაფად ცვალებად გარე გარემოსთან და შეფარდებითი უპირატესობა უნდა მოიპოვოს არა მხოლოდ ტრადიციულ დარგებში, არამედ აგრეთვე მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური და მაღალპროდუქტიული წარმოების სფეროებშიც, ვინაიდან მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი კონკურენტუნარიანობის გრძელვადიანი და შეუქცევადი ზრდა, შემოსავლებისა და ხელფასების ამაღლება და მოსახლეობის ცხოვრების პირობების არსებითი გაუმჯობესება.
ამგვარად, საქართველოში სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით აუცილებელია მაქსიმალურად ხელი შეეწყოს იმ დარგების განვითარებას, რომლებშიც ქვეყანას გააჩნია ფარდობითი უპირატესობა, რაც არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენების საწინდარია. შრომის საერთაშორისო დანაწილებაში საქართველოს წარმატებული მონაწილეობა შეუძლია სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და კვების მრეწველობის ტრადიციული სექტორების განვითარების ხარჯზე.
ამასთან, ეროვნულ-ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და მოსახლეობის ცხოვრების დონის არსებითი გაუმჯობესებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური და მაღალპროდუქტიული დარგების, ან ქვედარგების ვიწრო სპექტრის (2-3 სექტორის) განსაზღვრა და მათი განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა, ანუ აუცილებელია იმ დარგების გამოვლენა, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებული პოტენციალის (სამეცნიერო, შრომითი, ბუნებრივი და ა. შ.) რაციონალურ-ოპტიმალური გამოყენებით და რომლებსაც გააჩნიათ გრძელვადიან პერიოდში განვითარებისა და სიცოცხლისუნარიანობის პერსპექტივები (მაგალითად, ასეთი პერსპექტივები გააჩნია ფარმაცევტული პროდუქციის, სატელოკომუნიკაციო მოწყობილობების, აგრეთვე ხელსაწყოებისა და ჩარხების წარმოებას), ე. ი. ყურადღება უნდა გამახვილდეს ახალი სიცოცხლისუნარიანი, მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული პროდუქციის წარმოებაზეც.
ზემოაღნიშნული დარგების განვითარების ხელშეწყობა თავის მხრივ გამოიწვევს მათი მონათესავე და მხარდამჭერი დარგების, ეგრეთწოდებული კლასტერების განვითარების წახალისებას.
მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული პროდუქციის წარმოება ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს განსაზღვრული მოცულობის აუცილებელი იმპორტული პროდუქციის შესაძენად გაიღოს სამამულო პროდუქციის შედარებით ნაკლები მოცულობა და შესაბამისად, მის შესაძენად გასწიოს შედარებით ნაკლები მოცულობის რეალური დანახარჯები, ანუ, რაც იგივეა, საკუთარი საექსპორტო პროდუქციის ზემოაღნიშნული ნაწილის სანაცვლოდ მიიღოს იმპორტული პროდუქციის შედარებით მეტი რეალური მოცულობა.
პორტერის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამოსავალი წერტილია კომპანიების კონკურენტუნარიანობა, ანუ ისეთი კომპანიების არსებობა, რომლებსაც მინიმალური დანახარჯებით ისეთი მაღალხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოების უნარი აქვს, რომელზეც მზარდი მოთხოვნაა როგორც სამამულო, აგრეთვე მსოფლიო ბაზარზე. კონკურენტუნარიანი ფირმების არსებობა კი გამოიწვევს კონკურენტუნარიანი დარგების ფორმირებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო ბაზარზე (3, გვ.: 29-41).2
კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოყალიბებაში კომპანიებისა და ფირმების ცენტრალური როლიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და სათანადო წამახალისებელი პოლიტიკის გატარება. განსაკუთრებით აუცილებელია:
– სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შემდგომი გამარტივება;
– სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების რეალური გარანტიების შექმნა;
– კერძო საკუთრების ლეგიტიმურობის ხარისხის ამაღლება. საკუთრების უფლების დაბალი ლეგიტიმურობა გამოწვეულია 1991-92 წლების ტრაგიკული მოვლენების შემდეგ პერიოდში საკუთრების განუკითხავი მიტაცება-მითვისებით. კერძო საკუთრების ლეგიტიმურობის ხარისხის ასამაღლებლად აუცილებელია მისი ლეგალიზება-დაკანონება ქონებრივი უფლების სფეროში საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე. ხოლო საკუთრების აშკარად კრიმინალური გზით მოპოვების თითოოროლა შემთხვევებში, მათი ლეგალიზება-დაკანონებისა, თუ ჩამორთმევის საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლოს მეშვეობით, ყველა პროცესუალური ნორმისა და ეტაპის გათვალისწინებით.
– ანტიმონოპოლიური ღონისძიებებისა და რეალურ ცხოვრებაში მათი რეალიზაციისათვის აუცილებელი მექანიზმების შემუშავება და კონკურენციული ურთიერთობების გაღრმავება;
– ოპტიმალური საგადასახადო პოლიტიკის გატარება, რაც უზრუნველყოფს ბიუჯეტს საჭირო რაოდენობის სახსრებით და უდეფიციტოს გახდის მას, პარალელურად კი სასურველ გავლენას მოახდენს ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე.
– საგადასახადო კოდექსის გამარტივება. იგი თავიდან უნდა დაიწეროს გასაგები და კარგად გამართული ენით. მისი ცალკეული მუხლები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს. არ უნდა იყოს ბუნდოვანი და ორაზროვანი, ანუ არ უნდა იძლეოდეს ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას.
– საგადასახადო განაკვეთების დიფერენციაცია დასაბეგრი შემოსავლისა დაან რეგიონების მიხედვით;
– გადასახადის გადახდის საყოველთაობის პრინციპის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება. მიუხედავად ამ მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა, გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელები ხშირ შემთხვევაში მაინც განწირულნი არიან გაკოტრებისათვის, რადგან მკაცრ და უშეღავათო ზეწოლას განიცდიან ბიზნესში ჩართული ჩინოვნიკებისა და ხელისუფლების ამა თუ იმ შტოსთან შეზრდილი ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისად, ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ არაკეთილსინდისიერ გადამხდელებთან კონკურენციულ ბრძოლაში, რაც მათ აიძულებს თვითონაც თავი შეიკავონ გადასახადების გადახდისაგან. ამითაა განპირობებული ის, რომ ჩვენთან ბიზნესმენები არ გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე.
ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან პატიოსანი მეწარმეების დასაცავად აუცილებელია ხელისუფლების ნებისმიერი შტოს წარმომადგენლის, ან მათთან დაახლოებული ბიზნესმენების მიერ გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების წინააღმდეგ მკაცრი ზომების განხორციელება, ვინაიდან მათ მიერ გადასახადის გადაუხდელობა, გარდა პატიოსანი გადამხდელებისათვის მიყენებული ზემოაღნიშნული ზიანისა, ცუდი ზნეობრივი მაგალითია მთელი საზოგადოებისათვის.
ამასთან უნდა შეიქმნას ისეთი ბიზნეს-გარემო, რომლის პირობებშიც სამეწარმეო საქმიანობისა და ბიზნესის წარმატება დამოკიდებული იქნება არა ხელისუფლების ცვლაზე, არა მის მაღალ ეშელონებთან სიახლოვეზე, არამედ სტაბილურ კანონებსა და ინსტიტუტებზე, მართლმსაჯულების სამართლიან სისტემაზე.
პორტერს კონკურენტუნარიანობის დონის, მისი ხარისხის შეფასების საფუძვლად მიაჩნია მისი საექსპორტო კონკურენტუნარიანობა, ანუ იგი ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლად მიიჩნევს საექსპორტო საქონლის წილის დონეს ამ ტიპის პროდუქციის მთლიანი მსოფლიო ექსპორტის მოცულობაში (1, გვ.: 27).
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მკვეთრად გაუარესდა საგარეო ვაჭრობის ბალანსი, რაც გამოიხატა იმპორტის ექსპორტით გადაფარვის კოეფიციენტის შემცირებაში (იხ. ცხრ. 1). ხელისუფლების მტკიცებით ეს გამოწვეულია იმპორტის ლეგალიზაციის ხარისხის ამაღლებით, რაშიც შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ დავეთანხმოთ, რადგანაც იმავე პერიოდში განხორციელდა ექსპორტის ლეგალიზაციაც. საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუარესების მთავარ მიზეზად კი მიგვაჩნია, ჯერ ერთი, საგარეო ვაჭრობის ტოტალური ლიბერალიზაცია, რაც ძირითადად გამოიხატა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას იმპორტისათვის დაწესებული შეზღუდვების ცალმხრივი, ვადამდელი გაუქმებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან3 და მეორე, ბიზნეს-გარემოს გაუარესება (ძირითადად ადგილობრივი მეწარმეებისათვის), რასაც ადასტურებს 2006 წლისათვის ადგილობრივი ინვესტიციების მკვეთრი შემცირება. ასე მაგალითად, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წლისათვის, 2005 წელთან შედარებით, ადგილობრივი, ქართული წარმოშობის ინვესტიციების მოცულობა შემცირდა 954 მლნ ლარით და 1493,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2001 წლის შემდგომ პერიოდში.
როგორც ვხედავთ, საქართველოში სამამულო წარმოების აღორძინებისათვის აუცილებელია ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბება, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საექსპორტო პროდუქციის წარმოების წახალისება შეღავათიანი დაბეგვრისა და შეღავათიანი კრედიტების გამოყენებით.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საექსპორტო პროდუქციის დაბეგვრა არაპირდაპირი გადასახადების ნულოვანი განაკვეთით მართალია აუცილებელია, მაგრამ იგი არაა სამამულო საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის ან ამაღლების საკმარისი პირობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნულ პროდუქციას არაპირდაპირი, მ. შ. საბაჟო გადასახადებითაც ბეგრავს მისი იმპორტიორი ქვეყანა. შესაბამისად ქართულ პროდუქციას მხოლოდ იმ ქვეყნების პროდუქციასთან შედარებით გააჩნია უპირატესობა, რომლებშიც ბევრად უფრო დაბალია არაპირდაპირი (მ. შ. საბაჟო) გადასახადები.
აღნიშნული გადასახადების განაკვეთები რიგ ქვეყანაში დაბალია, ზოგში კი პირიქით – მაღალი, დანარჩენებში კი ჩვენსას შეესაბამება, ამიტომ ვინაიდან “შესაკრებთა ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება”, ზემოაღნიშნული საგადასახადო სისტემის გავლენა სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობაზე ნეიტრალურია, ანუ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ექსპორტისა და იმპორტის დაბეგვრის ჩვენთან მოქმედი საგადასახადო სისტემა ხელს უწყობს სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. საჭიროა უფრო გადამჭრელი ზომების განხორციელება, კერძოდ, შეღავათიანი კრედიტების მიწოდება მხოლოდ ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისათვის.
სამამულო წარმოების აღორძინება, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდა მჭიდრო კავშირშია ლარის გაცვლითი კურსების შემცირებასთან. ამ თვალსაზრისით საინტერესოა უახლოეს წლებში განვითარებული მოვლენების შეფასება.
1998 წლის ბოლოსთვის ეროვნული ვალუტის ლარის დევალვაციას წესით უნდა გამოეწვია სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლება. სინამდვილეში კი მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად დაეცა. რა იყო ამის მიზეზი? ჩვენი აზრით, ამის მიზეზია ის, რომ ეროვნული ბანკის მიერ ლარის დევალვაცია 1998 წლის ბოლოსათვის დაგვიანებული რეაქცია იყო, ერთის მხრივ, საქართველოში 1996 წლის დასაწყისიდან განვლილ პერიოდში ფასების დონის ამაღლების მიმართ, მეორეს მხრივ კი, რუსეთში 1998 წლის აგვისტოში განვითარებული პროცესების მიმართ, რომლის უპირველეს შედეგიცაა რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურება საგარეო ბაზარზე. ამან, თავის მხრივ გამოიწვია რუსული პროდუქციის გაიაფება და კატასტროფული სახე მიიღო არალეგალური იმპორტული რუსული პროდუქციის მიერ ქართული ბაზრის შევიწროებამ. მკვეთრად შემცირდა რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ერთობლივი მოცულობაც. საქართველოს ხელისუფლებამ სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზების გამო სწრაფად ვერ აუღო ალღო აღნიშნულ პროცესს, რის შედეგადაც, საბოლოო ანგარიშით, დაზარალდა სამამულო წარმოება.
ამგვარად, 1999 წლისათვის ეკონომიკური ზრდის ტემპის 3%-მდე, ხოლო 2000 წლისათვის 2%-მდე შემცირების მიზეზი ლარის დოლარის მიმართ დევალვაცია კი არ იყო, რომელიც 1998 წლის ბოლოსთვის დაგვიანებით განხორციელდა, არამედ ლარის აღნიშნული დაგვიანებული დევალვაცია, რასაც შედეგად მოჰყვა იაფი რუსული იმპორტის (იგივე ითქმის თურქული და სხვა იმპორტული პროდუქციის შესახებაც) მიერ ქართული ბაზრის დაპყრობა და რუსეთში ქართული ექსპორტის ერთობლივი მოცულობის (როგორც ლეგალურის ასევე არალეგალურის) შემცირება. ქართველმა მეწარმეებმა მთელი 4-5 წელი მოანდომეს შეცვლილ გარემო პირობებთან ადაპტირებას და დაკარგული პოზიციების დაბრუნებას, ე. ი. 1998-2002 წლებში სამამულო წარმოებაზე უარყოფითად იმოქმედა ეკონომიკური სივრცის მოშლამ და დემპინგური საქონლის კონტრაბანდის არნახულმა აყვავებამ.
ლარის დევალვაციის შემდეგ სამამულო წარმოებამ ვერ შეძლო დაკარგული პოზიციების სწრაფად დაბრუნება. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ დაიკარგა როგორც ადგილობრივი, აგრეთვე საგარეო ბაზრების მნიშვნელოვანი სეგმენტები. ქართველმა მეწარმეებმა ვერ შეძლეს საქმიანობის თავიდან დაწყება და დაკარგული ბაზრების სწრაფი დაბრუნება. მიუხედავად ამისა, ლარის დევალვაციამ მნიშვნელოვანწილად გაანეიტრალა ქართულთან შედარებით რუსული (და სხვა ქვეყნების) პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რამაც დადებითი შედეგები გამოიღო უფრო გრძელვადიანი პერიოდისათვის, კერძოდ 2003 წლიდან, ე. ი. 1998 წლისათვის ეროვნული ვალუტის დევალვაციამ სასურველი შედეგი მოგვცა მოგვიანებით – 2003 წლისათვის.
ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი აღინიშნა ინფლაციის შედარებით მაღალი დონისა და ლარის მაღალი ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების პირობებში, რაც ცოტა არ იყოს შეუსაბამობაა. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები 2004-2006 წლებში გარკვეულწილად წახალისებულია ინფლაციის ზემოაღნიშნული მაღალი ტემპებით.
დღეისთვის ლარის ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების ამაღლების მიუხედავად, იზრდება ექსპორტის მოცულობა (ექსპორტის ზრდა, ისევე როგორც მთელი ეკონომიკისა, ჩვენი აზრით განპირობებულია კრიმინოგენური ვითარების გაჯანსაღებით, 1998 წლის ბოლოსთვის ლარის გაუფასურებისადმი სამამულო წარმოების დაგვიანებული რეაქციით, საბაჟო სამსახურის საქმიანობაში ადმინისტრირების გაუმჯობესებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის გადიდებით და ა. შ.). ამიტომ მიჩნეულია, რომ მათი ამაღლება უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობაზე. მაგრამ ყურადღება არ ექცევა იმ ფაქტს, რომ უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება იმპორტი, რაც იწვევს სამამულო წარმოების განვითარებისათვის აუცილებელი სასიცოცხლო სივრცის შეზღუდვას, ანუ რეალური გაცვლითი კურსის ამაღლება იმპორტული პროდუქციის გაიაფებისა და წახალისების გზით დაბლა სცემს სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობას, რაც შედარებით გრძელვადიანი პერიოდისათვის გამოიწვევს წარმოების დაცემას. ჩვენი აზრით, ეროვნული ვალუტის გაძვირება, რასაც განსაკუთრებით ადგილი აქვს 2004 წლიდან, აუცილებლად მოიტანს უარყოფით შედეგს 2008-2010 წლებში.
სავალუტო ბაზარზე ექსპანსიის გზით ეროვნული ვალუტის ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების გეგმაზომიერი შემცირება, რაც აუცილებელია სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის, სასურველია განხორციელდეს არა ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების პირობებში, როდესაც სხვა არასასურველ მოვლენებთან ერთად აღინიშნება მიმოქცევაში ფულის მასისა და ფასების დონის მკვეთრი ზრდა, არამედ შედარებით სტაბილურ ეკონომიკურ გარემოში, როდესაც ფასების ზრდა არ სცილდება ზომიერ ფარგლებს, ანუ აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა დადებით შედეგს იძლევა შედარებით სტაბილურ მაკროგარემოში, ხოლო ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება, ეროვნული ვალუტის დევალვაცია აუცილებლად გამოიწვევს ფასების დონის დაუგეგმავ მასშტაბურ ზრდას, რასაც დამღუპველი შედეგები მოჰყვება.
მიუხედავად ამისა, გაცვლითი კურსების შემცირება ეროვნული ეკონომიკის აღორძინებისა და საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ საქართველოში გაცვლითი კურსებისა და ინფლაციის ერთდროულად ამაღლების მიზეზები.
გაცვლითი კურსების ამაღლების მიზეზია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უცხოური დახმარებებისა და უცხოეთში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების მიერ ფულადი გზავნილების ზრდა. მაგრამ ეს განაპირობებს შიდა ბაზარზე მიმოქცევაში მყოფი ლარის მასისა და შესაბამისად, ფასების დონის ზრდას. ინფლაციას კიდევ უფრო აღრმავებს საბანკო კომერციული კრედიტების არნახული გაფართოება. დღეისთვის მეტისმეტად გამარტივებულია კრედიტის ასაღებად მოთხოვნილი პირობები, რამაც ამ სფეროში ნამდვილი ბუმი გამოიწვია. უფრო მეტიც, მსესხებლები ერთ კომერციულ ბანკში აღებულ სესხებს ფარავენ მეორე ბანკში აღებული კრედიტებით და ამაში მათ ხელს არავინ და არაფერი არ უშლის. ყოველივე ეს კი გაუმართლებლად ზრდის მიმოქცევაში მყოფ ლარის მასას და აღრმავებს ინფლაციურ პროცესებს.
ასეთ პირობებში ლარის ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების შემცირების მიზნით აუცილებელია ერთდროულად განხორციელდეს, ჯერ ერთი, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია დოლარის შესაძენად ლარის გაცვლითი კურსის შესამცირებლად, მეორეს მხრივ კი, შიდა კრედიტების შეზღუდვა. პირველი ღონისძიება ლარის დევალვაციასთან ერთად გამოიწვევს მიმოქცევაში მყოფი ლარის მასისა და ფასების დონის ზრდას, მაგრამ მისი ნეიტრალიზება შესაძლებელია მეორე ღონისძიებით.
აღნიშნული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არ არის ადვილი განსახორციელებელი, მაგრამ მისი გატარება აუცილებელია სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.