ყულევის სამკუთხედის საიდუმლოებანი
თამარ აბაშმაძე
ყულევის ნავთობტერმინალიდან ნავთობის პირველი პარტიის გატანა ნოემბერში იგეგმებოდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა, მაგრამ ტერმინალის გახსნა უახლოესი მომავლისთვის გადაიდო (მიზეზები არ დაკონკრეტებულა).
ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის პროექტის განხორციელების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, კერძოდ, საუბარი არ არის აზერბაიჯანისა და საქართველოს დამაკავშირებელ ახალ ნავთობსადენზე.
ნავთობის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან საქართველოში რკინიგზის მეშვეობით (ბათუმის ან ყულევის ტერმინალამდე), ან ბაქო-სუფსის ნავთობსადენით მოხდება.
ბროდიდან პლოცკამდე (პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქი) უნდა აშენდეს ახალი მილსადენი, ხოლო პლოცკიდან გდანსკამდე (პოლონეთის ჩრდილოეთ პორტი) არსებული მილსადენი საჭიროების შემთხვევაში ახლით შეიცვლება.
ევროპაში ნავთობის მიწოდებისათვის ყველაზე ხელმისაწვდომ მარშუტს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება აჩვენებს, რომელზეც მუშაობასაც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიწყება.
პროექტის დეტალებზე თბილისში აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის და ლიტვის მხარეებმა იმსჯელეს.
თბილისში შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი, ლიტვის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვიტაუტას ნაუდუჟასი, პოლონეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე პიოტრ ნაიმსკი და საქართველოში უკრაინის ელჩი მიკოლა სპისი.
ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და სხვა ქვეყნების სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები, სახელდობრ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი ბელარბეკოვი და ლიტვური “კლაიპედას ნაფტას” გენერალური დირექტორი იურგის აუსრა.
ყულევის “შავი ზღვის ტერმინალი” განსაზღვრულია ნავთობისა და ნავთობ-პროდუქტების შენახვა-გადაზიდვისათვის. ტერმინალის ძირითადი ინვესტორი არის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარი” და ქართული კერძო კომპანიები (არ სახელდება რომელი).
ყულევის ტერმინალი რამდენჯერმე გაიყიდა, ეტაპობრივად ერთიდან მეორის ხელში გადავიდა, ამიტომ უჭირთ იმის განსაზღვრა თუ რამდენის ინვესტიცია ჩაიდო ამ პროექტში.
ამჟამად ყულევის ტერმინალში მშენებლობის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.
ტერმინალის მთლიანად ამუშავების შემდეგ, იქ შემოვა სამი სახის პროდუქტი: ნედლი ნავთობი, დიზელის საწვავი და მაზუთი. ისინი ძირითადად აზერბაიჯანიდან რკინიგზის საშუალებით შემოვა, შემდეგ გემებით გავა პორტიდან.
ყულევის ტერმინალზე აშენდა ორი დიდი ნავსადგური, რომელიც შემდეგ მიიღებს პორტის სტატუსს, საიდანაც შესაძლებელი იქნება ერთდროულად ორი ტანკერის მიღება. ერთი ტანკერი გათვლილია 100 ათას ტონა ნავთობპროდუქტზე, მეორე – 60 ათას ტონაზე..
ყულევის ნავთობტერმინალით შესაძლებელი გახდება საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდაც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა საქართველოს რკინიგზა ამისთვის მზად.
ტერმინალის რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციაში აზერბაიჯანის სახელმწიფომ 300 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე განლაგებულ ყულევის ტერმინალზე. ტერმინალი განთავსებულია ტანკერებზე 3 მლნ ტონა ნედლი ნავთობის, 3 მლნ ტონა დიზელის საწვავის, 4 მლნ ტონა მაზუტის მისაღებად, შესანახად და დასატვირთად. რეზერვუარის მოცულობა შეადგენს 380 ათას კუბურ მეტრს, გამტარუნარიანობა – 15-20 მლნ ტონას წელიწადში. ყულევის ტერიტორიაზე აშენებულია ნავსადგური, მდინარე “ცივზე” კი – ახალი ხიდი, რომელიც ყულევს დააკავშირებს ფოთთან. აღსანიშნავია, რომ ყულევი განლაგებულია ჭაობიან ნიადაგზე. ამის მიუხედავად, იქ ჩატარებული სამუშაოები სერიოზული და მაშტაბურია.
საქართველოსა და აზრბაიჯანის სახელმწიფოებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ყველა ტექნიკური პირობების გათვალისწინებით, პარალელურად ვითარდება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურა. სამტრედიის გამგზავნ პარკში 6 ლიანდაგის აღდგენა იგეგმება, ასევე ფოთი-ჭალადიდის გადასარბენზე, 31-ე კილომეტრზე სადგური “კოლხეთი” აშენდება, რომელიც ყულევის ტერმინალთან მისასვლელ ლიანდაგებს ფოთი-ჭალადიდის გადასარბენს დაუკავშირებს.
მშენებლობის საწყის ეტაპზე ყულევის ტერმინალში 2000-2300 ადამიანი მუშაობდა. სამუშაოს შემცირებასთან ერთად, ეტაპობრივად ხდება დასაქმებულების შემცირებაც. ამ ეტაპზე მუშაობს 1200-1300 ადამიანი, აქედან 280 აზერბაიჯანელია, დანარჩენი ადგილობრივი კადრია. ინჟინერ- ტექნიკური პერსონალი, პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ჩამოყვანილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და ბაქოდან. დანარჩენი, მუშა-ხელი ადგილობრივი კადრია. როგორც “შავი ზღვის ტერმინალის” დირექტორი კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დარგში – გოჩა მურუსიძე ამბობს, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი შემცირების დროს ის იყო, რომ, დაეტოვებინათ ადგილობრივი კადრები, რათა სოციალური საკითხი მეტნაკლებად მოგვარებულიყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ასევე გათვალისწინებული იყო პროფესიონალების დატოვება.
გოჩა მურუსიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობა ამ მშენებლობით კმაყოფილია: “მოსახლეობას არ ჰქონდა სასმელი წყალი. ტერმინალის მშენებლობის დაწყების შემდეგ ეს პრობლემა გადაიჭრა და ისინი ჩვეულებრივ მარაგდებიან მტკნარი, სასმელი წყლით.
ჩვენ ვზრუნავთ, ჩვენ პერსონალზე. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მუშებს. საშუალება აქვთ უფასოდ იცხოვრონ სასტუმროში. 11 დღეა სამუშაო გრაფიკი, შემდეგ მოდის მეორე ცვლა. აქ მომუშავე პერსონალი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. გარდა ამისა, ნიჭიერი ახალგაზრდები გავგზავნეთ ბაქოში გადამზადების მიზნით. მათ აქვთ სერთიფიკატები და ისინი ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.საშუალო ხელფასი ტერმინალში 600 ლარია.
უახლოეს მომავალში საქართველოს ამ რეგიონის ელექტროცენტრად გახდომასაც უწინასწარმეტყველებენ.
ყულევის ტერმინალის საშუალებით საქართველო ექსპორტის მოცულობას საგრძნობლად გაზრდის. ამასთან, ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში ინვესტორებისათვის ყველა ბარიერი მოიხსნება. აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის წარმომადგენლობა უახლოესი ორი წლის განმავლობაში საქართველოში არანაკლებ 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამადოვმა განაცხადა. მისი თქმით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოს მასშტაბით 25 ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა იგეგმება. ყველაზე მსხვილი ინვესტიცია ყულევის ტერმინალში იქნება დაბანდებული. მამედოვის თქმით, ყულევის ტერმინალი ექსპლუატაციაში უახლოეს მომავალში შევა. ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვება არსებულ გარემოს მხოლოდ სასიკეთოდ შეცვლის და კორუფციულ ურთიერთობებს მინიმუმამდე შეამცირებს.
აზერბაიჯანულ კომპანიებს სამომავლოდ უფრო მასშტაბური პროექტებიც აქვთ, რომლებიც ძირითადად ენერგომატარებლებს უკავშირდება.
არსებობს პროექტი, რომელიც ყულევის ტერმინალზე გაზის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინვესტიციები საგრძნობლად გაიზარდა. ინვესტორები ძირითადად უცხოური კომპანიები არიან.
რეალურად ამ კომპანიებს არა ქართული საინვესტიციო გარემო, არამედ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციები ხიბლავთ. გარიგებები პრეზიდენტების დონეზე ხდება, რაც მათზე ზეწოლის საშიშროებას ამცირებს.
ყულევის ტერმინალი ყველაზე მასშტაბურია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. შთამბეჭდავია მოლოდინებიც მისი ამოქმედების შემდეგაც.
საქართველოს ეკონომიკისთვის ექსპორტი და იმპორტი მომგებიანია. ტვირთის გატანა-შემოტანის დროს მოხდება გადასახადების გადახდა და შესაბამისად საქართველოს ბიუჯეტი მიიღებს სერიოზულ მოგებას. გარდა ამისა დასაქმდება ხალხი (ტერმინალის დასრულების შემდეგ იქ იმუშავებს 500 ადამიანი), რომელთა სოციალური საკითხი მოგვარდება.
ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი; 1999 წლის საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და რამსარის კონვენციის შესაბამისად, მხოლოდ გარდაუვალი ეროვნული ინტერესების დასაბუთების, რამსარის კონვენციით დადგენილი კრიტერიუმებისა და სახელმძღვანელო პრინციპების, ადგილობრივი კონვენციის ბიუროს მიერ დელეგირებული ექსპერტების დასკვნის საფუძველზე ყულევის საზღვაო ტერმინალის მშენებლობისათვის შეირჩა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტის საზღვაო ტერმინალის მშენებლობის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვა არ გაუცია. გაიცა მხოლოდ იმის ნებართვა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულიყო.
2007 წლის მარტში საქართველოს პარლამენტში ჩატარდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთობლივი სხდომა. სხდომაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პრიორიექტი – “საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 30 აპრილის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პროექტით წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანად განსაზღვრულია კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელთა მდებარეობა, ფართობი და საზღვრები განსაზღვრულია “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონით.
დადგენილების პროექტით, საქართველოს მთავრობას ევალება უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის წარდგენა მდინარე ხობისწყლის შესართავში ყულევის საზღვაო ტერმინალისა და მასთან მისასვლელი რკინიგზის ხაზის მშენებლობისათვის დაცულ ტერიტორიებთან შეერთების თაობაზე.