ოპეკის “კალათის” ფასი ბარელზე 85 დოლარზე ნაკლები გახდა

რედაქციისაგან

ოპეკის ნავთობის “კალათის” ფასი 3 დეკემბრის ოფიციალური მონაცემებით, ბარელზე 84,28 დოლარს შეადგენდა. მაჩვენებელი ბოლო 33 დღის განმავლობაში პირველად შემცირდა. ოპეკის “კალათის” ფასის ისტორიული მაქსიმუმი იყო ბარელზე 91,1 დოლარი, რომელიც 2007 წლის 21 ნოემბერს დაფიქსირდა, რაც შეეხება ნავთობის ფასებს მსოფლიო ბირჟებზე, ის ზამთრის დადგომასთან ერთად გაიზარდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. კერძოდ, ახალი სავაჭრო კვირის დაწყებისთანავე ნავთობის ბაზარზე ფიუჩერსების ფასი მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და ჯერ-ჯერობით ბარელზე 90 დოლარზე ნაკლებია.

ბირჟაზე 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად უახლოესი თვეების კონტრაქტებით მიწოდება შემდეგნაირი იყო: ნიუ-იორკში NYMEX-ზე Light, Sweet Crude Oil-ის ფიუჩერსის ფასი 60 ცენტით (+0,7%) გაიზარდა და ბარელზე 89,91 დოლარი შეადგინა. ბირჟის სესიაზე გარიგებების ფასები ბარელზე 87,14-89,99 დოლარი იყო; ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე IPE Brent Crude-ის ფიუჩერისი ფასი 1,54 დოლარით (+1,7%) გაიზარდა და ბარელზე 89,90 დოლარი შეადგინა. სესიაზე გარიგებების ფასები ბარელზე 86,93-90,43 დოლარი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის ბოლოს ნავთობის ფასი საშუალოდ 7,5%-ით შემცირდა, 3 დეკემბრის სავაჭრო დღე ტექნიკური გაყიდვების გაგრძელებით დაიწყო. კოტირებები ბარელზე 1,5 დოლარზე მეტით შემცირდა. ამასთანBrent-ის კოტირება ოქტომბრის ბოლოდან პირველად გახდა ბარელზე 87 დოლარზე ნაკლები, ხოლო Light Sweet-ის კოტირება 24 ოქტომბრის შემდეგ – ბარელზე 88 დოლარზე ნაკლები. საბოლოოდ ბაზარზე ტექნიკური შესყიდვებისათვის მიმზიდველი პირობები ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ 3 დეკემბრის ვაჭრობა პლიუსით დასრულდა, ნავთობის ოფიციალური ფასი უფრო ნაკლები გახდა, ვიდრე ის 29 ნოემბერს იყო.
ოპეკი ნავთობზე ფასის შემცირების მიზეზით მოპოვების გაზრდას არ აპირებს. კარტელის წევრების აზრით, ბაზარზე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი რაოდენობის ნავთობია. ამგვარად ოპეკი ადასტურებს, რომ ის დაინტერესებულია ნავთობის ნედლეულზე მაღალი ფასით.
ოპეკის წევრები თვლიან, რომ ნავთობის მარაგის გაზრდას აზრი არა აქვს: “მე ვთვლი, რომ ნავთობის მოცულობა ბაზრის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და მისი უკმარისობა არ არსებობს” – განაცხადა ოპეკის პრეზიდენტმა მუჰამედ ალ-ხამლიმ. მისი სიტყვები დაადასტურა კატარის ნავთობწარმოების მინისტრმა აბდულა ალ-ატტიამ, რომელმა აღნიშნა, რომ კარტელი მარაგების გაზრდას არ აპირებს.
ორგანიზაციის წევრები არ მალავენ, რომ თუ ნავთობის ფასი ბარელზე 90 დოლარზე მეტი იქნებოდა, შეიძლებოდა მარაგების გაზრდაზე ფიქრი, ეხლა კი როდესაც ფასი დავარდა, ამაზე საუბარი არც ღირს.
ოპეკი დარწმუნებულია, რომ ნავთობის ფასი მარაგების ნაკლებობის გამო არ იზრდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი დოლარის დასუსტებაა. ეს იმით დასტურდება, რომ იმ ეკონომიკებმა, სადაც დოლარი არ არის ძირითადი ვალუტა, ნავთობის მაღალი ფასი უმტკივნეულოდ გადაიტანეს. გარდა ამისა, ამ მოსაზრებას ისიც ადასტურებს, რომ ნავთობის ფასი დოლარის ევროსთან მიმართებაში გამყარების პარალელურად შემცირდა: 2 დეკემბერს ევრო 1,50 დოლარი ღირდა, ხოლო 3 დეკემბერს – 1,46 დოლარი.
“ოპეკი ნავთობის ფასის განსაზღვრაში არ ერევა. ფასებს საბაზრო და სხვა ფაქტორები განსაზღვრავს, კერძოდ, სპეკულაცია და გეოპოლიტიკური ვითარება” – განაცხადა არაბეთის გაერთიანებული ემირატების ენერგეტიკის მინისტრმა მუჰამედ ბენ ზაენ ალ-ხამილიმ.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ოპეკს სურს თავი დაიზღვიოს. არსებობს ამერიკის ეკონომიკის შესუსტების დიდი ალბათობა და ამის შედეგად შემცირდება როგორ ნედლეულზე მოთხოვნა, ასევე მისი ფასიც.
ამერიკის საინვესტიციო ბანკმა Morgan Stanley-მ ნავთობის ფასის გრძელვადიანი პროგნოზი ბარელზე 65 დოლარიდან 85 დოლარამდე გაზარდა და დააფიქსირა, რომ ნედლეულის ფასი უახლოესი წლების მანძილზე გაიზრდება. ბანკის სპეციალისტების აზრით, ენერგეტიკული სექტორი ამ დროისთვის სათანადოდ არ არის შეფასებული.
2008 წელს, ბანკის სპეციალისტების ვარაუდით, ნავთობის ფასმა შესაძლოა ბარელზე 115 დოლარს მიაღწიოს. საერთოდ ბანკის წარმომადგენლები თვლიან, რომ ნავთობის მაღალი ფასი ყოველდღიური რეალობა გახდება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial