რაფიელ ელიგულაშვილი 100

რედაქციისაგან

2007 წლის ნოემბერში დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირველ თავმჯდომარეს, ოცი წლის განმავლობაში მის უცვლელ ხელმძღვანელს, ბატონ რაფიელ ელიგულაშვილს.

რაფიელ ელიგულაშვილმა ურთულესი ცხოვრების გზა განვლო. დაიბადა 1907 წლის 17 ნოემბერს, წიგნის მკინძავის სიმონ ელიგულაშვილის ოჯახში. ხონის პროგიმნაზიისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ქ. ბათუმში. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. 1935 წელს რ. ელიგულაშვილი დაინიშნა საქართველოს საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრად. 1938 წელს ის დააპატიმრეს კონტრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, გადაასახლეს ჯერ კრასნოიარსკის მხარის ქალაქ ენისეისკში, შემდეგ კი – ყალმუხეთში. სასჯელის ვადა 1943 წელს ამოეწურა, მაგრამ საქართველოში დაბრუნება ვერ გაბედა, რადგან ეს დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. თბილისში დაბრუნება მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული რეაბილიტაციის პროცესის დროს გახდა შესაძლებელი.
ახალი ცხოვრების დაწყება თბილისში რ. ელიგულაშვილს არ გასჭირვებია. მუშაობდა აზოტის ქარხნის დირექტორის მოადგილედ, საქართველოს საგეგმო კომისიის წევრად და საქონელბრუნვის განყოფილების გამგედ. 1957-1965 წლებში საქართველოს სსრ ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა.
1960 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 30 აპრილის #328 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომლის თავმჯდომარედ შეთავსებით დაინიშნა რ. ელიგულაშვილი. იგი მას 20 წელი ხელმძღვანელობდა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ჩამოყალიბდა, როგორც საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში გაერთიანების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ინტერესების გამომხატველი საკავშირო-რესპუბლიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
პალატის მთავარი ამოცანა იყო გაერთიანებების, საწარმოების და ორგანიზაციებისათვის დახმარების გაწევა საგარეო-ეკონომიკური კავშირების დამყარებაში, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციაში, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე ჩვენი ქვეყნის ექსპორტიორების საქმიანი შეხვედრების, სიმპოზიუმების, კონფერენციების ჩატარებაში, მიზნობრივი საქმიანი მივლინებების ორგანიზებაში და საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობაში.
პალატას მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იმ ორგანიზაციების საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებაში, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საგარეო ვაჭრობებში, გამოფენებში. მას უნდა გაეწია ქვეყანაში უცხოური ფირმების წარმომადგენლების, ბანკების, ორგანიზაციების მომსახურება, მათთვის იმ მომსახურების შეთავაზება, რომელიც აუცილებელია კომერციული საქმის განსახორციელებლად.
პალატის საქმიანობის ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენების მოწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ ამოცანიდან გამომდინარე, პალატის დაარსებიდანვე არ ყოფილა თითქმის არც ერთი წელი, რომ ქართული საექსპორტო პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნის საგამოფენო დარბაზებსა და პავილიონებში არ გამოეფინათ ან დამოუკიდებლად, ანდა საბჭოთა კავშირში წარმოებულ პროდუქციასთან ერთად ცალკე პავილიონის სახით.
პალატის მიერ მოწყობილ გამოფენებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 1967 წლის ალჟირის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობა. კერამიკითა და ჭედურობით გაფორმებულ პავილიონში ჟღერდა ქართული მუსიკა, ეკრანზე აჩვენებდნენ ქართულ ფილმებს. ეს ექსპოზიცია უმაღლესი ჯილდოთი – ოქროს დიდი მედლით დაჯილდოვდა. ასევე წარმატებით მოეწყო გამოფენები ირანში, ბუქარესტში, იზმირში, კაიროში, დასავლეთ ბერლინში, ლიონში, დელიში და სხვაგან.
გარდა ამისა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით ეწყობოდა სხვადასხვა ქვეყნების გამოფენები საქართველოში, რათა დამთვალიერებელს საშუალება მისცემოდა ენახა და გაცნობოდა სხვა ქვეყნის მიერ წარმოებულ პროდუქციას.
პალატის მიერ მოწყობილ ყველა ღონისძიებას სათავეში ედგა და მისთვის დამახასიათებელი პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით ხელმძღვანელობდა პალატის თავმჯდომარე რაფიელ ელიგულაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ რეპრესიებამდე ჰქონდა მინიჭებული პირველი კატეგორიის საგარეო ვაჭრობის მუშაკის წოდება. იგი დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით, შეყვანილი იქნა სსრკ საგარეო ვაჭრობის სამინისტროს საპატიო წიგნში.
ყველა, ვისაც რაფიელ ელიგულაშვილთან მოუწია შეხვედრა, მას ახასიათებს, როგორც კომპეტენტურ, პრინციპულ, პუნქტუალურ, სამართლიან და გულისხმიერ ადამიანს, თავისი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებულ პიროვნებას.