ლეგენდა ლეგენდის მიღმა

მიმდინარე წლის ივნისში, შვეიცარიაში, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა ”ნავთობის მეფედ” წოდებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ცნობილი ტრეიდერი, მარკ რიჩი. მისი სახელი ბევრ წარმატებას, დანაშაულს, უკანონო ქმედებებსა და კორუფციულ გარიგებას უკავშირდება. მარკ რიჩი ბელგიაში, 1934 წელს დაიბადა. მისი ოჯახი საცხოვრებალდ აშშ-ში 1941 წელს გადავიდა. 1974 წელს, მარკ რიჩიმ, პარტნიორ პინკუს გრინთან ერთად, შვეიცარიის ერთ-ერთ გადასახადებისგან გათავისუფლებულ კანტონში შექმნა კომპანია Marc Rich&Co, რომელიც შემდგომში მსოფლიოში ნედლეულის უმსხვილეს ტრეიდერად, Glencore-ად გადაიქცა.

ნავთობის ემბარგოს დროს, 70-წლიან წლებში მათ დიდი ქონება დააგროვეს: ნავთობს ყიდულობდნენ ახლო აღმოსავლეთში და აშშ-ში 3-ჯერ ძვირად ჰყიდიდნენ. საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, კომპანია მუშაობდა ირანთან, კუბასთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან. მარკ რიჩი იყო ხორბლის უმსხვილესი მიმწოდებელი საბჭოთა კავშირისთვის და ასევე საბჭოთა ნავთობის და ლითონების მთავარი გამყიდველი.

1983 წელს, აშშ-ის მთავრობამ ბიზნესმენს უამრავი ბრალდება წაუყენა, მათ შორის გადასახადებისგან თავის არიდება. მილიარდერმა მაშინ აშშ დატოვა და თავი შვეიცარიას შეაფარა. ის არ დაბრუნებულა აშშ-ში 2001 წელსაც, როცა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მისი შეწყალების აქტს მოაწერა ხელი. 20 წლის განმავლობაში რიჩი FBI-ის მიერ ძებნილ ”ტოპ დევნილთა” სიის სათავეში იყო. მას დასდევდნენ ფინეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და იამაიკაშიც კი. კლინტონმა მისი შეწყალების აქტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც რიჩის ყოფილმა მეუღლემ, ქველმოქმედების სახით გადაურიცხა ფული კლინტონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას. მართალია, შემდეგ ბილ კლინტონი აღნიშნავდა რომ ამ საჩუქარს მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ, დასავლური პრესა რიჩის შეწყალებას მაინც ამ ფაქტს უკავშირებს. მარკ რიჩის სახელი კიდევ ერთ სკანდალს უკავშირდება – როგორც ამერიკელმა ფედერალებმა დაადგინეს, 70-იან წლებში ის ფარულ გარიგებებს დებდა ირანთან.

მარკ რიჩი იყო ჰეჯ-ფონდის წარმატებული მენეჯერი, ფინანსისტი და ბიზნესმენი. მის სახელს უკავშირდება ნავთობის ნედლეულის სპოტ ბაზრის ჩამოყალიბება-განვითარება, ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრეიდერია ნედლეულით ვაჭრობის სეგმენტში. ექსპერტთა შეფასებით, მან დიდწილად შეუწყო ხელი ნავთობ ნედლეულის სპოტ ბაზრის გაფართოებას 1970-იანი წლების დასაწყისში.

”ნავთობის მეფის” სახელი მარკ რიჩმა იმ არჩეული სტრატეგიით მოიპოვა, რომლის მიხედვითაც სპოტ ბაზარზე ვაჭრობდა. რიჩმა მის მიერ არჩეული სავაჭრო სტრატეგიებით, დაამკვიდრა შეხედულება იმის შესახებ, რომ სპოტ ბაზარზე შეიძლება ნებისმიერმა ტრეიდერმა ივაჭროს სწორი გათვლების შემთხვევაში და ეს მხოლოდ მათი პრეროგატივა არაა, ვისაც უმსხვილესი კაპიტალი ან უდიდესი ტრადიციებისა და გამოცდილების კომპანია უმაგრებს ზურგს. მცირე კაპიტალის მქონე ტრეიდერებისათვის კი გამოსავალი ბანკები და ლევერიჯის სტრატეგიაა, რომელსაც რიჩი ხშირად იყენებდა და ამით მან სათავე დაუდო თანამედროვე ვაჭრობის ტენდენციებს. უკვე რამდენიმე ათეული წელია, ჰეჯ-ფონდები და მსხვილი ინვესტორები, ასევე კერძო ტრეიდერები ვაჭრობაში ლევერიჯის სტრატეგიას აქტიურად იყენებენ.

დასავლურმა პრესამ, რიჩი უკვე შერაცხა ლეგენდად, რომელმაც თან კიდევ უფრო ბევრი საიდულო წაიყოლა, ვიდრე მის შესახებ ახლაა ცნობილი.

1974 წლის ზამთარში რიჩი შვეიცარიის ალპებში გაფრინდა, მაგრამ არა იმისთვის, რომ ესრიალა, არამედ იმისათვის, რომ გამხდარიყო Phillip Brothers-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმჟამად მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ნედლეულით მოვაჭრე კომპანია იყო. ამ კომპანიაში რიჩმა ნავთობის ტრეიდერად დაიწყო მუშაობა. რიჩის ბონუსები იმ პერიოდისათვის კოლოსალურ რაოდენობას აღწევდა, რადგან მისი სავაჭრო სტრატეგიები ხშირ შემთხვევაში უზარმაზარი მოგების მომტანი იყო კომპანიისთვის. მაგრამ როდესაც რიჩმა Phillip Brothers-ის ხელმძღვანელობას მილიონიანი ბონუსის დანიშვნა სთხოვა, მათ განუცხადეს, რომ Phillip Brothers-ს არასოდეს გადაუხდია ამხელა თანხა ბონუსად და არც მომავალში აპირებდა ამის გაკეთება.

საპასუხოდ რიჩმა კომპანიის ნიუ-იორკის ფილიალში თავის მარჯვენა ხელს დაურეკა და უბრძანა, სასწრაფოდ გამოეტანა ოფისიდან ყველაფერი. უკვე მომდევნო დღეს კი გამოცხადდა კომპანია Marc Rich AG დაარსების შესახებ, იმ დროს რიჩის მთავარი მიზანი იყო მისი ყოფილი ბოსისა და Phillip Brothers-ის ჩაძირვა. თუმცა ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
Phillip Brothers-მა შეიცვალა სახელი, გადაკეთდა Phillip Brothers-ად და შეიძინა იმ პერიოდში Wall Street-ის ყველაზე წარმატებული სავაჭრო სახლი შალომონ Bროტჰერს. ამის შემდეგ კომპანია საბოლოო სახით ჩამოყალიბდა როგორც Phibro-Salomon Inc. რამდენიმე წელში კომპანია შეიძინა Travelers Group-მა, რომელიც 1999 წელს შთანთქა CitiCorp-მა. 2009 წელს ჩიტი-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, Andrew J. Hall-მა (რომელიც რიჩის ბოსი იყო მაშინ, როცა Phillip Brothers-მა უარი უთხრა მარკს მილიონიანი ბონუსის გადახდაზე) ხელმძღვანელობისგან მოითხოვა 100 მილიონის ბონუსი, იმ 2 მილიარდი მოგებიდან, რომელიც მისი მუშაობის შედეგად კომპანიამ მიიღო, მაგრამ ისევე როგორც წლების წინ მან უთხრა უარი რიჩს ბონუსის გაზრდაზე, ასევე საკუთარი ხელმძღვანელებისგან მანაც უარი მიიღო.

1973-74 წლებში ნავთობზე არაბულმა ემბარგომ აშშ-ში შავი ოქროს ფასებზე მარეგულირებელი ნორმების გამკაცრება განაპირობა. მათ შორის იყო ახალშემოღებული ინიციატივა, რომელიც ფასებს ნავთობზე არეგულირებდა იმის მიხედვით, ახალ საბადოზე იყო ის მოპოვებული თუ ძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ნავთობი მოპოვებული იყო ახალ საბადოზე, ის გაცილებით ძვირი ღირდა. ამას მარეგულირებლები აკეთებდნენ ახალი საბადოების აღმოჩენის წახალისების მიზნით. მარკ რიჩმა ეს მომენტი სათავისოდ სარფიანად გამოიყენა. მან 100 მილიონი დოლარი იშოვა იმით, რომ ძველი ჭაბურღილებიდან ამოღებულ ნავთობს ჰყიდდა როგორც ახლი საბადოების ნედლეულს, რითაც მის ფასს დაახლოებით 4-ჯერ ზრდიდა.

ნავთობი არ იყო ერთად ერთი ნედლეული, რითაც მარკ რიჩი ვაჭრობდა. რიჩი და მისი კომპანია ვაჭრობდა თითქმის ყველა პროდუქტით, რომელიც ბაზარზე არსებობდა და საკუთარ ქსელებს უფრო აფართოებდა ამით. რიჩი სულ უფრო მდიდრდებოდა. მან მეგობართან, დენვერელ მილიარდელ მარვინ დევისთან ერთად, იყიდა 20th Century Fox. მოგვიანებით მარკ რიჩმა თავის 50%-იანი წილი კომპანიაში მიჰყიდა რუპერტ მერდოკს 250 მილიონ დოლარად.

რიჩის ნავთობით ვაჭრობა ნელ-ნელა სულ უფრო სცდებოდა კანონიერ ჩარჩოს. მისი მანიპულაციები მხოლოდ ”ახალი” და ”ძველი” საბადოების ნავთობის ერთმანეთში გაცვლით არ შემოიფარგლა. მან დიდი რაოდენობის ნავთობი იყიდა აიათოლა ჰომეინის ირანისგან, მაშინ როცა ამ უკანასკნელს ძალიან დაძაბული ურთიერთობა ქონდა აშშ-სა და ევროპასთან.
1983 წლისათვის რიჩის საქმიანობა აერთიანებდა ”სახელმწიფო მტრებთან” ვაჭრობის, რეკეტირება-გამოძალვის, გადასახადებისთვის თავის არიდების, კონსპირაციისა და თაღლითობების ფაქტებს. თუმცა, სანამ ამერიკელი სამართალდამცავები მას მისწვდებოდნენ, რიჩმა თავი შვეიცარიას შეაფარა. სადაც რიჩმა ვაჭრობა უფრო გააფართოვა და საბოლოოდ ჩამოაყალიბა Glencore იმ სახით, როგორც დღესაა. Glencore Xstrata plc პლანეტის უმსხვილესი ნედლეულით მოვაჭრე ფირმაა.

ფინანსურ ბაზრებს მიღმა კი, მარკ რიჩის სახელს მხოლოდ ირანის მთავრობასთან არ აკავშირებენ. მართალია, ჯერ დაუდასტურებელი, მაგრამ უკვე არსებობს ”ლეგენდები” რიჩის კავშირის შესახებ ესპანეთის მეფესთან, ისრაელის პოლიტიკურ ძალებთან და ევროპული ქვეყნების სხვადასხვა მაფიურ დაჯგუფებებთან. რამდენად შეეფერება ეს ყველაფერი სიმართლეს? თუ ეს მხოლიდ იმ ლეგენდის ნაწილია, რომელსაც მარკ რიჩის შესახებ უკვე წლებია ყვებიან. ერთი რამ ცხადია, მან ძალიან ბევრი კითხვა დატოვა პასუხგაუცემელი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial