ეკონომიკური ზრდის ზონა, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის თავისებურება

ეკა ლეკაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და მენეჯმენტის კონსულტანტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

დასავლეთ ევროპაში წარმატებულად მიმდინარე ეკონომიკური ინტეგრაციის ტალღა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონზე XX საუკუნის 60-იანი წლებიდან აისახა, თუმცა XX საუკუნის დასასრულს ჩამოყალიბებული ინტეგრაციული დაჯგუფებები მნიშვნელოვნად განსხვავდება 1960-1980-იან წლებში დაფუძნებული რეგიონული გაერთიანებებისაგან.

კერძოდ, უკანასკნელ პერიოდში შექმნილი დაჯგუფებების საქმიანობა მიმართულია გრძელვადიანი მიზნების მიღწევისკენ – არასატარიფო შეზღუდვების აღმოფხვრისკენ, მომსახურებით ვაჭრობის, ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ერთიანი საინვესტიციო რეჟიმის და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისკენ; ჩაკეტილი რეგიონალიზმის განვითარების სტრატეგია ღია რეგიონალიზმით შეიცვალა; ამასთან, თუ ადრე ინტეგრაციულ დაჯგუფებებში ძირითადად განვითარების მსგავსი დონის ქვეყნები ერთიანდებოდნენ, ახლა სხვადასხვა განვითარების დონის ქვეყნები ინტეგრირდებიან.
ტრადიციულად მსოფლიო ეკონომიკაში რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის სამი ერთმანეთთან კონკურენტული ცენტრი ვითარდება: ევროპა – ევროკავშირის მეთაურობით, ამერიკა – ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ლიდერობით და აზია – წყნარი ოკეანის რეგიონი. სიტუაციის პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ორი უკანასკნელი ცენტრის მამოძრავებელ ძალად გვევლინება აშშ, რასაც შესაძლებელია მათი გაერთიანება მოჰყვეს.
აზია-წყნარი ოკეანის აუზი გვევლინება მსოფლიოს მესამე ინტეგრაციულ ცენტრად, რომელშიც ფუნქციონირებს ისეთი მნიშვნელოვანი სუბრეგიონული დაჯგუფება, როგორიცაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონშიც შემუშავებულია საქონლითა და მომსახურებით ურთიერთვაჭრობის ლიბერალიზაციის პროგრამები, თუმცა იგი ევროპას ჩამორჩება თავისუფალი ვაჭრობის კონკრეტული იდეის რეალიზაციაში.
სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია (Association of South East Asian Nations – ASEAN) 1967 წელს შეიქმნა ხუთი ქვეყნის – სინგაპურის, ტაილანდის, ფილიპინების, ინდონეზიის და მალაიზიის შემადგენლობით. 1984 წელს მათ შეუერთდა ბრუნეი, 1995 წელს – ვიეტნამი, 1997 წელს – ლაოსი და მიანმას კავშირი, ხოლო 1999 წელს – კამბოჯა. 1999 წლიდან აღნიშნული ქვეყნები ინტენსიურად თანამშრომლობდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან – იაპონიასთან, ჩინეთსა და კორეის რესპუბლიკასთან “ASEAN-ს + 3” ფორმულით. ამჟამად ASEAN-ის წევრი-ქვეყნების მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა 560 მილიონია, ხოლო ერთობლივი მშპ ერთ ტრილიონ დოლარს აღემატება (2).
ASEAN-ის ძირითადი მიზნებია: ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების სტიმულირება რეგიონის წევრების საერთო ძალისხმევის საფუძველზე; მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში; ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება. ASEAN-ის მიზნებიდან ჩანს, რომ მისი შექმნა თავდაპირველად დაკავშირებული იყო სამხედრო-პოლიტიკურ სტაბილურობისასთან და მას არ გააჩნდა ეკონომიკური საფუძველი. მაგრამ 70-იანი წლებიდან პოლიტიკური ინტერესი ეკონომიკურმა შეცვალა და ძირითადი ამოცანა პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩარჩოებში საბაჟო კავშირის შექმნა გახდა.
აღნიშნული გეოგრაფიული რეგიონის სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების და ურთიერთშევსების მაღალმა დონემ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი ფორმები წარმოიშვა, რასაც ეკონომიკურ ლიტერატურაში ეკონომიკური ზრდის ზონებს უწოდებენ. ეკონომიკური ზრდის ზონების მრავალფეროვან დასახელებებს ვხვდებით, მათ შორის: ეკონომიკური ზრდის სამკუთხედი; სუბრეგიონული ეკონომიკური ზრდის ზონები; ბუნებრივი ეკონომიკური ტერიტორიები; ტრანსნაციონალური ეკონომიკური ტერიტორიები; ზრდის პოლიგონები; ზრდის რგოლები; ინტეგრირებული ზრდის ზონები და სხვა. აღნიშნული ტერმინის ოფიციალურად მიღებული განსაზღვრება ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა ჩამოთვლილი განსაზღვრებებიდან უფრო ხშირად გვხვდება ორი ტერმინი:
1. ეკონომიკური ზრდის სამკუთხედი (ოთხკუთხედი), რომელიც პირველად 1989 წელს სინგაპურის მაშინდელმა ვიცე-პრემიერმა გ.ტონგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის შიგნით ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმას უწოდა. ამ ტერმინით ხშირად სარგებლობდნენ ექსპერტები და ASEAN-ის ორგანოების ოფიციალური წარმომადგენლები 90-იანი წლების პირველ ნახევარში;
2. ეკონომიკური ზრდის ზონა, რომელიც ფართოდ გავრცელდა 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან, რაც განპირობებული იყო ეკონომიკური ზრდის სამკუთხედებში მონაწილე ქვეყნების რიცხვის ზრდით.
ეკონომიკური ზრდის სამკუთხედის ტერმინის ევოლუცია რეალურად გამოხატავს ყველაზე ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის სამკუთხედის (სინგაპურის, მალაიზიის და ინდონეზიის) განვითარებას.
ეკონომიკური ზრდის ზონების ძირითადი მიზანია ტრანსნაციონალური განვითარების უზრუნველყოფა სამი ან მეტი ქვეყნის გეოგრაფიულად ახლომდებარე რეგიონების წარმოების ფაქტორების ერთობლივი გამოყენების საფუძველზე; ნაკლებადგანვითარებული რეგიონების განვითარების დონის ამაღლება; მეზობელ სახელმწიფოებთან ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაუმჯობესება. ზრდის ზონების კონცეფცია ითვალისწინებს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და პოლიტიკურ შეხედულებებს. ეკონომიკური ზრდის ზონები მოიცავს თავისუფალი ეკონომიკური ზონების მრავალსახეობას – სამრეწველო პარკებს, სატრანსპორტო კვანძებს, ტურისტულ ზონებს, საგანმანათლებო ცენტრებს, სხვა სახის კომერციულ საქმიანობას და ა.შ. ეკონომიკური ზრდის ზონების ფარგლებში მიმდინარეობს ერთობლივი სამრეწველო პროექტების განხორციელება, ტურისტული ცენტრების, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, კადრების ერთობლივი მომზადება. გამოიყენება სასაზღვრო ეკონომიკური კავშირების უპირატესობა – საქონლის და მომსახურების, კაპიტალის და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების სახით.
მოქმედი ეკონომიკური ზრდის ზონების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პირველხარისხოვანი ყურადღება ინფრასტრუქტურის, სამრეწველო წარმოების, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას ეთმობა.
მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით იკვეთება, რომ რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის, ანუ ეკონომიკური განვითარების ზონის ფარგლებში თანამშრომლობა გათვლილია მონაწილე მხარეების გეოგრაფიული სიახლოვის ფაქტორზე. რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ეკონომიკური ზრდის ზონებს შორის პრინციპული განსხვავება გამოიხატება მასშტაბში და ეკონომიკური საქმიანობის მრავალფეროვნებაში, რომელიც ხორციელდება დედაქალაქის ტიპის ცენტრებსა და პროვინციებს, საქალაქო და სასოფლო რაიონებს შორის მონაწილე მხარეების სხვადასხვა პოლიტიკური, მმართველობითი და საინვესტიციო სტრუქტურების მიერ. ამასთან, ეკონომიკური განვითარების ზონების შექმნა ეფუძნება სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს – ურთიერთგაგების მემორანდუმს, ხოლო მართვას ახორციელებენ ადმინისტრაციული სტრუქტურები. ეკონომიკური ზრდის ზონების ჩამოყალიბებაში სახელმწიფო და კერძო სამეწარმეო სექტორები ერთად მონაწილეობენ. კერძო სექტორი აფინანსებს საინვესტიციო პროექტების უმრავლესობას, ხოლო სახელმწიფო სექტორი აგვარებს სამართლებრივ და ადმინისტრაციულ საკითხებს, ახორციელებს ინფრასტრუქტურის ობიექტების, სამთამადნო და გადამამუშავებელი საწარმოების პრივატიზაციას. ადგილობრივი და რეგიონული მმართველობითი ორგანოები გადაწყვეტილებებს იღებენ ადმინისტრაციული ბარიერების შემცირების, საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის დაჩქარების, ცალკეული დარგების სტიმულირების მიზნით. ეკონომიკური ზრდის ზონებში სამთავრობო და კერძო სამეწარმეო სექტორის წარმომადგენლები სამმხრივი საკონსულტაციო სტრუქტურების ფორმირებაში მონაწილეობენ.
ეკონომიკური ზრდის ზონები ეკონომიკური ინტეგრაციული დაჯგუფებებისგან განსხვავდება შემდეგი თავისებურებებით: მათი ჩამოყალიბება უფრო იოლია და შედარებით მცირე დანახარჯებს მოითხოვს; ნაკლებია ეკონომიკური და პოლიტიკური რისკი, რომელიც ნებისმიერი ეკონომიკური დაჯგუფების შექმნას ახლავს; პრიორიტეტი კერძო სამეწარმეო სექტორს ენიჭება, ხოლო ხელშემწყობი პირობები ყალიბდება სახელმწიფო ინვესტიციების ნაკადების ლიბერალიზაციის, გამჭირვალობის და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეკონომიკური ზრდის ზონები ორიენტირებულია არაწევრ ქვეყანასთან კავშირზე. ეს უკანასკნელი მეტად მნიშვნელოვანია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის, რადგან მათ შენარჩუნებული აქვთ საგარეო ეკონომიკური ორიენტაცია რეგიონის ფარგლებს გარე სახელმწიფოზე. ამგვარად, ეკონომიკური ზრდის ზონები არადისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს მესამე ქვეყნებთან მიმართებაში.
ისტორიულად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ხელს უწყობდა კულტურული და ენობრივი მსგავსება. აღნიშნული რეგიონის სასოფლო რაიონების, მთის და სანაპირო ზოლის ადგილობრივი მოსახლეობა უფრო მეტად იყო დაკავშირებული მეზობელი სახელმწიფოების სასაზღვრო რაიონებთან, ვიდრე საკუთარ დედაქალაქთან და სხვა მსხვილ ქალაქებთან. ეს ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია და ძლიერად ზემოქმედებს ეკონომიკური ზრდის ზონების განვითარებაზე.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ზონების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების გარდა, დამაბრკოლებელი ფაქტორებიც იჩენს თავს, კერძოდ, მოსახლეობის მოთხოვნის სიმცირე, შიდა ბაზრების სივიწროვე, განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის მცირე რაოდენობა და შემოსავლების დაბალი დონე, კვალიფიციური კადრების გადინება ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში, დასარეგულირებელი ადმინისტრაციული ფორმალობები, რაც ქვეყნის სასაზღვრო რაიონებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას აფერხებს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამოქმედო მიზნების მიხედვით ეკონომიკური ზონების სამ მიმართულებას განასხვავებენ. ერთი მიმართულება ემსახურება ზრდის პოლუსების შექმნას; მეორე – ბუნებრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის ერთობლივ განვითარებას; მესამე – გეოგრაფიული სიახლოვის უპირატესობით სარგებლობას და გეოპოლიტიკური ინტერესების გადატანას გეოეკონომიკურში.
ზრდის პოლუსების შექმნაზე გათვლილი ეკონომიკური ზრდის ზონები განსხვავებული პოლიტიკური საზღვრების ცენტრს და პერიფერიას აერთიანებს. ცენტრი გამოირჩევა კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, სამრეწველო ბაზით, საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური სამუშაო ძალით. ცენტრის სწრაფი განვითარება ზრდის სამეწარმეო დანახარჯებს და მოითხოვს შრომატევადი წარმოების გადატანას ჭარბი ადამიანური და ბუნებრივი რესურსების მქონე ნაკლებადგანვითარებულ რაიონებში. ეს იძლევა დარგის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების საშუალებას. თავის მხრივ, ცენტრი პერიფერიულ რაიონებში ასტიმულირებს ინვესტიციების ნაკადებს. მსგავსი ზონები კერძო სექტორის მეშვეობით და სახელმწიფოს ხელშეწყობით ვითარდება. საბოლოოდ მონაწილე მხარეები მოგებულნი რჩებიან – ცენტრი იღებს მიუწვდომელ რესურსებს, პერიფერია კი – ეკონომიკურ ზრდას კაპიტალის ნაკადების, კვალიფიციური სამუშაო ძალის გადინების შემცირების, ტექნოლოგიებისა და მმართველობითი სიახლეების ხელმისაწვდომობის საფუძველზე. ზრდის პოლუსის მაგალითს წარმოადგენს ზრდის სამხრეთის ზონა სინგაპურს, მალაიზიას და ინდონეზიას შორის, სადაც სინგაპური გვევლინება ცენტრის, ხოლო მალაიზია და ინდონეზია პერიფერიების სახით.
ეკონომიკური ზრდის ზონების მეორე მიმართულება ბუნებრივი რესურსების და ინფრასტრუქტურის, მათ შორის სატრანსპორტო მაგისტრალების, წყალმომარაგების, კომუნიკაციების სისტემების ერთობლივ მშენებლობას და გამოყენებას ემყარება. ზრდის ზონების მოცემული ტიპის თავისებურებაა მხარეების ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების დაბალი დონე. ასეთ ზონას წარმოადგენს ე.წ. “დიდი მეკონგი” ანუ ჩრდილოეთის ზონა, რომელიც მოიცავს ინდონეზიას, მალაიზიას და ტაილანდს.
ეკონომიკური ზრდის ზონების მესამე ტიპი მონაწილე მხარეების გეოგრაფიულ სიახლოვეზე და ერთიანი გეოპოლიტიკური ინტერესების გეოეკონომიკურში გადაზრდაზე არის გათვლილი. მრავალწლიანი ტრადიციული ეკონომიკური, კულტურული და სოციალური კავშირები სტიმულს აძლევს მსგავსი ზონების შექმნას. აღსანიშნავია აღმოსავლეთ ASEAN-ის ზრდის ზონა, რომლის შემადგენლობაშიც არის ბრუნეი, ფილიპინები, მალაიზია, ტაილანდი და ასევე, მდინარე ტუმანის აუზში მდებარე ეკონომიკური ზრდის ზონა, რომელიც მოიცავს ჩინეთს, კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას, მონღოლეთს და რუსეთის წყნარი ოკეანის სანაპიროს.
ASEAN-ის ფარგლებში 11 ქვეყნის ბაზაზე რვა ეკონომიკური ზრდის ზონა შეიქმნა:
1. სამხრეთის ზრდის ზონა, რომელიც აერთიანებს სინგაპურს, ინდონეზიას და მალაიზიას;
2. აღმოსავლეთ ASEAN-ის ზრდის ზონა – ბრუნეი, ინდონეზია, მალაიზია, ფილიპინები;
3. ჩრდილოეთის ზრდის ზონა – ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი;
4. ეკონომიკური ზრდის ზონა “დიადი ჩინეთი” – ჩინეთი, ტაივანი, ჰონკონგი;
5. ეკონომიკური ზრდის ზონა “დიადი მეკონგი” – ტაილანდი, ვიეტნამი, ლაოსი, კამბოჯა, მიანმა, ჩინეთი;
6. ეკონომიკური ზრდის ზონა “იაპონიის ზღვის რკალი” – ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, იაპონია, რუსეთი;
7. ეკონომიკური ზრდის ზონა “სამხრეთ ჩინეთის (ყვითელი) ზღვის რკალი” – იაპონია, ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, კორეის სახალხო -დემოკრატიული რესპუბლიკა;
8. ეკონომიკური ზრდის ზონა ტუმანის აუზში – ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, მონღოლეთი.
ეკონომიკური ზრდის პირველი ოთხი ზონა წამყვანია. აქედან სამი (“დიადი ჩინეთის” გარდა) ჩამოყალიბდა სამთავრობო ძალისხმევის საფუძველზე (ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შედეგად).
“დიადი ჩინეთის” ზონის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰონკონგისა და ტაივანის სანაპირო რაიონებთან “ღია კარების” პოლიტიკის გატარებამ, რის შედეგადაც თავისუფალი ეკონომიკური ზონები შეიქმნა ჩინეთის ორ პროვინციაში – გუანდანში და ფუდხიანში. ჰონკონგს და ტაივანს ეკონომიკური განვითარების დინამიკა განსხვავებული აქვთ (მაგალითად, საშუალო სულადობრივი შემოსავლის შესაბამისობა ჰონკონგსა და ჩინეთს შორის არის 1:29-თან) (1. 87) , ამიტომ საფასე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით მათთვის მომგებიანი იყო წარმოების დარგების გადატანა გუადანსა და ფუდხიანში. აქ საზღვარგარეთელ ინვესტორებს შესთავაზეს საგადასახადო, ფინანსური და სხვა სტიმულები. ჩამოყალიბდა შრომის დანაწილება სამკუთხედის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვს მონაწილე სამივე მხარისთვის.
სამხრეთის ზრდის სამკუთხედი ჩამოყალიბდა 1989 წელს. მოგვიანებით, 1996 წლიდან იგი სამხრეთის ზრდის ზონად გარდაიქმნა, რადგან გაფართოვდა მონაწილეთა ზონის ტერიტორია. ამ შემთხვევაშიც ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების განსხვავებულმა დონეებმა შესაძლებელი გახადა შრომის დანაწილების ფორმირება, სადაც სინგაპური გვევლინება ინვესტორის სახით და წარადგენს მაღალკვალიფიციურ კადრებს, მენეჯმენტს და მარკეტინგულ მომსახურებას, სატრანსპორტო მაგისტრალებს, ხოლო ინდონეზია და მალაიზია წარმოდგენილია იაფი სამუშაო ძალით, მიწის და წყლის რესურსებით. ინდონეზიის ქალაქები ( ბატა და ბინტანი) განვითარებულ სამრეწველო ცენტრებად გადაიქცა, სადაც ათასობით ტრანსნაციონალური კომპანია და ერთობლივი საწარმო მოქმედებს. საინვესტიციო ბუმმა გამოიწვია მიწაზე ფასების ზრდა (დაახლოებით 40-ჯერ), მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემა, სამომხმარებლო საქონელზე ფასების ზრდა. სამხრეთის ზრდის სამკუთხედში სინგაპურში ინვესტიციების კონცენტრაცია მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაში, მალაიზიასა და ინდონეზიაში კი – გადამამუშავებელი მრეწველობის დარგებში, ელექტრონიკის და ტურიზმის, ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
აღმოსავლეთ ASEAN-ის ზრდის ზონა 1994 წელს ჩამოყალიბდა და ზრდის სხვა ზონებისგან განსხვავებით მის წევრ ქვეყნებს წარმოების ერთნაირი ფაქტორების და კონკურენტუნარიანობის მსგავსი დონე აქვს. კაპიტალდაბანდებები ძირითადად მცირე პროექტებზე – ტურიზმის, თევზჭერის, საზღვაო გადაზიდვების, ხე-ტყის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სფეროებში, ნავთობისა და გაზის წარმოებაში ხორციელდება. აღმოსავლეთ ASEAN-ის ზრდის ზონის განვითარების შემაფერხებელი მიზეზია ეკონომიკური კავშირების დაბალი დონე, რაც მისი განთავსების ფართო მასშტაბით არის განპირობებული.
ჩრდილოეთის ზრდის ზონა 1993 წლიდან ფუნქციონირებს. თანამშრომლობა ვითარდება ვაჭრობის, საბაჟო პოლიტიკის, ფინანსების, ინვესტიციების, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის, სახმელეთო ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, თევზჭერის, ტურიზმის, კომუნიკაციების სფეროებში. პრიორიტეტულია საფეიქრო მრეწველობა და ტურიზმი. ჩრდილოეთის ზრდის ზონის განვითარებაში წინააღმდეგობები გამოწვეულია საინვესტიციო პროექტებში კერძო მეწარმეთა დაბალი აქტივობით, ინფრასტრუქტურის დაბალი, ხოლო არასტაბილურობის და კონკურენციის მაღალი დონით.
ეკონომიკური ზრდის ზონა “დიადი მეკონგი”-მ 1950 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება, თუმცა სუბრეგიონული თანამშრომლობის ახალი იმპულსი 90-იანი წლებიდან – ეკონომიკური რეფორმების დაჩქარების შემდეგ იწყება.
1994 წლის სექტემბერში გაფორმდა მეკონგის ახალი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე ზემოქმედებას. საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, მეკონგის ხელშეკრულება არის სუბრეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის დასაწყისი. ინტეგრაციის წარმატებულ განვითარებას ხელს უშლის დეზინტეგრაციის ფაქტორები – ვიეტნამის, ლაოსის, კამბოჯის განვითარების დაბალი დონე, განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, შიდა ბაზრების მცირე ტევადობა, რეგულირების ბიუროკრატიული და ბუნდოვანი წესები, კორუფცია, ენობრივი ბარიერები და ა.შ
90-იანი წლების დასაწყისიდან შემუშავდა “იაპონიის ზღვის რკალი” და “სამხრეთ ჩინეთის (ყვითელი) ზღვის რკალის” პროექტები ჩრდილო- აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისა და რუსეთის მონაწილეობით. მათი მიზანია ეკონომიკური საქმიანობის დონის ამაღლება; ბუნებრივი აირის მარაგების დამუშავება; ტყის რესურსების გადამუშავება და სხვა. აღნიშნული პროექტების დამაბრკოლებელი მიზეზებია უცხოური კაპიტალის სიმცირე; ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე; სასაზღვრო ბაზრების არსებობა; რუსეთის კანონმდებლობის სპეციფიკა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ინდონეზიის (2003წ.) და ვიეტნამის (2004წ.) სამიტებზე ASEAN-ის ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მხრიდან დაისვა აღმოსავლეთ აზიის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის საკითხი, რომელმაც 2010 წლისთვის კონკურენცია უნდა გაუწიოს ევროკავშირს და აშშ-ს. სატარიფო ბარიერების ეტაპობრივმა შემცირებამ უნდა გაზარდოს ჩინეთის გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში აშშ-სთან შედარებით. თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ მოლაპარაკებები დაჩქარებულად მიმდინარეობს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან.
ამგვარად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ეკონომიკური ზრდის ზონები რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის თავისებურების სახით გვევლინება. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: მხარეების დეფიციტური რესურსებით – ბუნებრივი, შრომითი რესურსებით, ტექნოლოგიებით, კაპიტალით ურთიერთშევსება შედარებითი უპირატესობების საფუძველზე; გეოგრაფიული სიახლოვე, რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბებული ცივილიზაციური მსგავსების უპირატესობებით სარგებლობას უწყობს ხელს; ასევე გეოგრაფიული სიახლოვის ფაქტორით განპირობებული კონკურენტული უპირატესობით სარგებლობა; სამთავრობო და კერძო სექტორის ერთობლივი მონაწილეობა ეკონომიკური ზრდის ზონების შექმნასა და ფუნქციონირებაში.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ეკონომიკური ზრდის ზონების საკითხის სიღრმისეული შესწავლა საშუალებას მოგვცემს გამოცდილება შევუსაბამოთ საქართველოს რეალურ პირობებს საზღვრისპირა რეგიონების ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკურ-ინტეგრაციულ პროცესებში აქტიური მონაწილეობის და ზრდის მაღალი ტემპების მიღწევის მიზნით. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ სამთავრობო განაცხადის შემდეგ, რადგან საქართველოს რეგიონალურ ინტეგრაციულ გაერთიანებებში მონაწილეობის მიუხედავად, რეალური ეფექტი არ ასახულა ეკონომიკურ განვითარებაზე. პრობლემის დამუშავება აქტუალურია აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონისთვის ჩამოყალიბებული თავისებურებების გათვალისწინებით. საქართველოსა და მეზობელი სახელმწიფოების სხვადასხვა რეგიონებს შორის ეკონომიკური ზრდის ზონების წარმატებული განვითარება უნდა გახდეს რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციულ დაჯგუფებებში და საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში ეფექტიანი ინტეგრირების საფუძველი.