საქართველოს ეროვნული შემოსავლის დინამიკის გაზომვის თანამედროვე პრობლემები

ინგა ბენაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლები დროის ხანგრძლივი პერიოდისთვის ქმნიან დინამიკურ მწკრივებს, რომელთა ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავახასიათოთ ქვეყნის შემოსავლების სიდიდე გრძელვადიან პერიოდში, გავაკეთოთ შესაბამისი პროგნოზები, ასევე შევისწავლოთ და აღმოვფხვრათ შიდაწლიური ცვლილებები და მასზე მოქმედი შემთხვევითი ფაქტორები. ეროვნული შემოსავლის დინამიკაში განხილვა და გაანალიზება საშუალებას მისცემს სამთავრობო ორგანოებს სათანადო მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებასა და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაში.

საქართველოს ეროვნული შემოსავლის დინამიკა 1956 წლიდანაა ხელმისაწვდომი. თუმცა ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული წლიური მაჩვენებლების მწკრივების აგება 1990 წლიდან დაიწყო. კვარტალური ეროვნული შემოსავლის დინამიკა კი 1996 წლიდან იღებს სათავეს. დინამიკის გაზომვის ძირითადი პრობლემა დღეისათვის მდგომარეობს მიმდინარე ფასებში გაანგარიშებული მაჩვენებლების მუდმივ ფასებში გადაანგარიშებაში ურთიერთშესადარისი დინამიკური მწკრივების მიღების მიზნით. ასევე პრობლემატურია 1956-1989 წწ მაჩვენებელთა 1990-2009 წწ მაჩვენებლებთან შესაბამისობაში მოყვანა. იმდენად, რამდენადაც საქართველოს სტატისტიკურ პრაქტიკაში ჯერ კიდევ არ არსებობს ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელთა ურთიერთშესადარისი დინამიკის მწკრივები, ცხადია, შესაბამისი სტატისტიკური ანალიზის განხორციელებაც შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, შევეცადეთ ჩვენს ხელთ არსებული მწირი ინფორმაციული რესურსების საფუძველზე, შეძლებისდაგვარად გადაგვეჭრა აღნიშნული პრობლემები: განვახორციელეთ 1990-2009 წწ ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელთა მუდმივ ფასებში გადაყვანა. ამასთან ერთად, შესადარისი დინამიკური მწკრივების მიღების შემდეგ ეროვნული შემოსავლის დინამიკა გავაანალიზეთ და შესაბამისი დასკვნები ჩამოვაყალიბეთ.
ეროვნული შემოსავლის დინამიკის შესასწავლად აუცილებელია მაჩვენებლები ურთიერთშესადარისი იყოს წლების მიხედვით. შესადარისობას ართულებს სხვადასხვა ობიექტური მიზეზი, რომელთაგან უმთავრესია:
ა) გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება;
ბ) ფასების დონის ცვლილება;
გ) ფულადი ერთეულის ცვლილება;
დ) ქვეყნის ტერიტორიის ცვლილება.
ეროვნული შემოსავლის დინამიკის ზუსტი განსაზღვრისათვის პირველ რიგში ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებაა საჭირო.
1990 წლიდან საქართველოში ეროვნული შემოსავალი განსხვავებული მეთოდოლოგიით იანგარიშება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამ მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ეროვნული შემოსავლის დინამიკის მწკრივებიც 1990 წლიდან გვაქვს. სტატისტიკის თეორიაში გამოიყენება დინამიკური მწკრივის მიჯრის სახელწოდებით ცნობილი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული მაჩვენებლების ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშება. აღნიშნული მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იმ წლისათვის, როდესაც დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშება, მაჩვენებელს ანგარიშობენ პარალელურად ძველი მეთოდოლოგიითაც. შემდეგ ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებულ მაჩვენებელს აფარდებენ ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებულ მაჩვენებელს და ვღებულობთ კოეფიციენტს. ამ კოეფიციენტზე ვამრავლებთ ძველი მეთოლოგიით გაანგარიშებულ მაჩვენებელს და შედეგად ვღებულობთ შესადარის მწკრივებს, სადაც უკვე მეთოდოლოგიური განსხვავება აღმოფხვრილია.
1990 წლისათვის ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებულმა საქართველოს ეროვნულმა შემოსავალმა 14 965.1 მლნ მან. შეადგინა, ხოლო ძველი მეთოდოლოგიით – 10 865.7 მლნ. მან. გადამყვანი კოეფიციენტი ტოლია: 14 965.1/10 865=1.38. აღნიშნულ კოეფიციენტზე გავამრავლეთ ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლები 1956 წლიდან დაწყებული 1989 წლის ჩათვლით და მივიღეთ შესადარისი დინამიკური მწკრივები 1956-2009 წლებისათვის.
აქვე შევნიშნავთ, რომ აღნიშნული მეთოდი მოკლებულია მეცნიერულ სიღრმეებს და უფრო გაანგარიშებითი ხასიათისაა. საქართველოს პრაქტიკაში არსებული პრობლემა ძველი და ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებულ მაჩვენებელთა ურთიერთშესადარისობის თვალსაზრისით მოითხოვს სერიოზულ სამუშაოებს, რისთვისაც საჭიროა, როგორც რამდენიმე მაღალკვალიფიციური თანამშრომლის ერთობლივი ძალისხმევა, ასევე შესაბამისი ინფორმაციული რესურსები. მასალათა უმრავლესი ნაწილის მოძიება უკვე არქივში იქნება საჭირო.
როგორ უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ეროვნული შემოსავლის დინამიკის ანალიზისთვის აუცილებელია მისი მუდმივ ფასებში გადაყვანა, რათა გამოირიცხოს ფასების ცვლილების გავლენა და რეალური სურათი მივიღოთ ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელზე.
ეროვნული შემოსავლის მუდმივ ფასებში გადაანგარიშება საქართველოს სტატისტიკურ პრაქტიკაში დღეისათვის არ ხდება. ჩვენ შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად განგვეხორციელებინა აღნიშნული ამოცანა. თავდაპირველად მოვახდინეთ მთლიანი შიდა პროდუქტის მუდმივ ფასებში გადაანგარიშება. შემდეგ საზგვარგარეთიდან მიღებული/გადახდილი პირველადი შემოსავლების დეფლირება განვახორციელეთ, რისთვისაც გამოვიყენეთ მშპ-ს დეფლატორი. მუდმივ ფასებში გადაანგარიშებული მშპ-სა და პირველადი შემოსავლების სალდოს მაჩვენებელთა შეჯამებით მივიღეთ ეროვნული შემოსავალი მუდმივ ფასებში. გადაანგარიშება მოვახდინეთ 1990 წლის, 1996 წლის, 2000 და 2003 წლის მუდმივ ფასებში ცალ-ცალკე. თითოეულ საბაზისო წელს აქვს თავისი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საერთაშორისო თვალსაზრისით. კერძოდ, 1990 წელი იყო ეკონომიკური ციკლის დაღმავლობის ფაზა, 1996 წლიდან დაიწყო აღმავლობა ეკონომიკაში, 2000 წელი საერთაშორისო შესადარისობისთვის და 2003 წელი ვარდების რევოლუციის წელი.
მუდმივ ფასებში გადაანგარიშებული 1990-2009 წწ. მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლები ნაჩვენებია ცხრილში #1.
ეროვნული შემოსავლის მუდმივ ფასებში გადაანგარიშების საერთაშორისო მეთოდოლოგია შემდეგში მდგომარეობს: პირველ ეტაპზე ხდება მთლიანი შიდა პროდუქტიდან მთლიანი შიდა შემოსავლის გაანგარიშება, ხოლო შემდეგ ეტაპზე ეროვნული შემოსავლის გაანგარიშება:
მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივ ფასებში
+ სავაჭრო მოგება ან ზარალი საგარეო ვაჭრობის პირობების ცვლილების გამო
= მთლიანი შიდა შემოსავალი მუდმივ ფასებში
+ პირველადი შემოსავლების მიღება დანარჩენი მსოფლიოდან მუდმივ ფასებში
– პირველადი შემოსავლების გადახდა დანარჩენი მსოფლიოსთვის მუდმივ ფასებში
= მთლიანი ეროვნული შემოსავალი მუდმივ ფასებში
სავაჭრო მოგება ან ზარალი საგარეო ვაჭრობის პირობების ცვლილების გამო გაიანგარიშება შემდეგი სახით:

i1<br?

სადაც, X – ექსპორტია მიმდინარე ფასებში,
M – იმპორტი მიმდინარე ფასებში,
Px – ექსპორტის ფასების ინდექსი,
Pm – იმპორტის ფასების ინდექსი,
P – იმპორტისა და ექსპორტის ფასების ინდექსის საშუალო ფასების ინდექსი.
საზღვარგარეთიდან მიღებული/გადახდილი პირველადი შემოსავლების მუდმივ ფასებში გადაანგარიშება კი ხდება მთლიანი შიდა დანახარჯების (შინამეურნეობების, შინამეურნეობების მომსახურე არაკომერციული ორგანიზაციების, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების საბოლოო მოხმარების ხარჯების, მთლიანი კაპიტალის ფორმირების, მარაგების ცვლილების, ფასეულობების წმინდა შეძენის) დეფლატორის გამოყენებით.
აღნიშნული მეთოდი დღეისათვის საქართველოში არ გამოიყენება, იმდენად, რამდენადაც არ ხდება მშპ-ს დანახარჯების მეთოდით დეფლირება და შესაბამისი დანახარჯების კომპონენტების ფასების ინდექსებიც არ გაგვაჩნია. ამ პრობლემის გადაჭრა მოითხოვს შესაბამის შრომით და ფინანსურ რესურსებს. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში საკითხი დადებითად გადაწყდება.
ეროვნული შემოსავლის დინამიკის ანალიზი დინამიკის შემადგენელი კომპონენტების ანალიზით განვახორციელეთ. ძირითადი კომპონენტებია:
1. ტრენდის კომპონენტი,
2. სეზონური კომპონენტი,
3. ციკლური კომპონენტი,
4. შემთხვევითი კომპონენტი.
ტრენდის კომპონენტი ესაა ძირითადი კომპონენტი, რომელიც ახასიათებს დინამიკის მწკრივის განვითარების ტენდენციას დროში.
სეზონური კომპონენტი ყოველწლიურად განმეორებადი დინამიკის მწკრივის შიდაწლიური კომპონენტია, რომელიც განპირობებულია: ფაქტორების შინაგანი თვისებებით, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო საქმიანობით, კულტურული ტრადიციებით (ოფიციალური დასვენების დღეები, ფიქსირებული დასვენების დღეები როგორიცაა შობა და ა.შ.), ასევე სისტემატური კალენდარული ეფექტებით, რომელთაც არ აქვთ წლიური სტაბილურობა (სამუშაო დღეების გავლენა კვარტალში, ნაკიანი წელიწადი, გარდამავალი თარიღის მქონე არდადეგები, როგორიცაა აღდგომა და ა.შ.).
ციკლური კომპონენტი ესაა პერიოდულად განმეორებადი დინამიკის მწკრივის რხევები, სადაც დროის პერიოდი ხანგრძლივია (50, 60 ………. 100 და ა.შ. წელი).
შემთხვევითი კომპონენტი აერთიანებს ყველა შემთხვევით ფაქტორს, როგორიცაა კლიმატური პირობები, ბუნებრივი კატაკლიზმები, არარეგულარული გაყიდვები და ა.შ.
ეროვნული შემოსავლის დინამიკური მწკრივი ადიტიური და მულტიპლიკატიური მოდელებით გამოისახება.
ადიტიურ მოდელს შემდეგი სახე აქვს:
Yt = Tt + St + Ct + It
მულტიპლიკატიური მოდელი კი ასე გამოისახება:
Yt = Tt * St * Ct * It
სადაც,
Tt – ტრენდის კომპონენტია,
St – სეზონური კომპონენტი,
Ct – ციკლური კომპონენტი,
It – შემთხვევითი კომპონენტი.
ჩვენ განვიხილავთ ეროვნული შემოსავლის ტრენდის, სეზონურ და შემთხვევით კომპონენტებს. რაც შეეხება ციკლურ კომპონენტს, მისი დაწვრილებითი განხილვა ამ ეტაპზე არაა შესაძლებელი, იმდენად რამდენადაც გრძელვადიან დინამიკაში ურთიერთშესადარისი მწკრივები არ გაგვაჩნია.
ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელთა განვითარების ძირითადი ტენდენციის (ტრენდის) გამოვლენა ანალიზური მოსწორების მეთოდით განვახორციელეთ.
ტექნიკურად მოსწორება მდგომარეობს ფაქტობრივი დონეების შეცვლაში ნარ-ნარად ცვალებადი ისეთი დონეებით, რომლებიც საშუალოდ ყველაზე ნაკლებად გადაიხრებოდა ფაქტობრივი დონიდან და ექნებოდა ტრენდის საერთო მიმართულებისა და ხასიათის შესაბამისი განსაზღვრული ანალიზური გამოსახულება. მიუხედავად იმისა, რომ დინამიკის მწკრივის მოსწორება თავის თავში შეიცავს ზოგიერთ პირობითობასაც, მთელ რიგ შემთხვევებში იგი წარმოადგენს სასარგებლო ტექნიკურ ხერხს, რომელიც გვიადვილებს ძირითადი ტენდენციის გამოვლენას და მისი ხასიათის შესწავლას.
მოსწორების ანალიზური ხერხებიდან აღსანიშნავია მოსწორება წრფივი ფუნქციით, პარაბოლით, ჰიპერბოლით ან მაჩვენებლიანი ფუნქციით. თითოეული ფუნქცია ადეკვატურად უნდა ასახავდეს მოვლენის განვითარების სურათს. თუ დინამიკის მწკრივის დონეების ცვალებადობა არითმეტიკული პროგრესიით ხორციელდება, მაშინ ვიყენებთ წრფივ ფუნქციას, ხოლო თუ გეომეტრიული პროგრესიით – მაშინ რომელიმე დანარჩენ ფუნქციას გამოვიყენებთ.
ანალიზური მოსწორება წარმოებს შემდეგნაირად:
1. მოცემული მოვლენის განვითარების არსისა და თეორიული კანონების ხარისხობრივი ანალიზის საფუძველზე გამოიყოფა მისი განვითარების განსაზღვრული ეტაპი და დადგინდება მოვლენის დინამიკის ხასიათი ამ ეტაპის მანძილზე.
2. დინამიკის ხასიათისა და ზრდის სისწრაფის ამა თუ იმ კანონზომიერების ვარაუდიდან გამომდინარე ხდება ანალიზური განტოლების ფორმის არჩევა, რომელსაც გრაფიკულად შეესაბამება განსაზღვრული ხაზი – წრფე, პარაბოლა, ჰიპერბოლა, მაჩვენებლიანი მრუდი და ა.შ. ეს განტოლება ანალიზურად გამოსახავს დონის ნელ-ნელა ცვლილების ნავარაუდევ კანონზომიერებას დროში, ე.ი. გამოსახავს მწკრივის დონეს როგორც დროის ფუნქციას.
3. მრუდის შერჩევის შემდეგ გამოითვლება მისი პარამეტრები უმცირეს კვადრატთა მეთოდით. ეს ნიშნავს იმას, რომ დგება ამოცანა, მრუდების უსასრულო რიცხვიდან შერჩევის სახით ვიპოვოთ ის მრუდი, რომელიც დინამიკური მწკრივის ფაქტობრივი დონეების დროში მათი შესაბამისი მოსწორებული დონეებიდან გადახრების კვადრატების ჯამს გარდაქმნის მინიმუმად, ე.ი. დონეებად, რომლებიც მდებარეობენ საძიებელ მრუდზე.
4. ნაპოვნი მრუდის განტოლების საფუძველზე გაიანგარიშება მოსწორებული დონეები, რომლებიც შესაბამისი იქნება დროში დინამიკური მწკრივის ფაქტობრივ დონეებთან.
განვიხილოთ ეროვნული შემოსავლის დინამიკის მწკრივის მოსწორება 1990-2009 წწ. პირველ რიგში, ფაქტობრივი მონაცემები უნდა გამოვსახოთ წერტილოვანი დიაგრამის სახით. ვღებულობთ უსწორმასწორო ხაზს, რომელიც უახლოვდება წრფივ განტოლებასy = ao + a1x . ვიყენებთ უმცირეს კვადრატთა მეთოდს S(yt – wt)2 = min (ვპოულობთ ისეთ თეორიულ დონეებს (wt), რომელთა ემპირიული დონეებისგან გადახრების კვადრატების ჯამი იქნება მინიმალური). თუ wt-ის ნაცვლად ჩავსვამთ შესაბამის ფუნქციას (S(yt – ao – a1t)2 = მინ), ვიპოვით მიღებული გამოსახულების პირველი რიგის წარმოებულებს ცალ-ცალკე ao და a1 პარამეტრების მიმართ, მივიღებთ ამ პარამეტრების გასაანგარიშებელ განტოლებათა სისტემას:

i2
იმისათვის, რომ ვიპოვოთ აო და ა1 პარამეტრების მნიშვნელობები, ხოლო შემდეგ მათ საფუძველზე მოსწორებული დონეები, უნდა ამოვხსნათ ზემოაღნიშნულ განტოლებათა სისტემა.
ჩვენს შემთხვევაში აო = 8132.1, ხოლო ა1 = 83.0. ამდენად, განტოლება მიიღებს შემდეგ სახეს:
y = 8 132.1 + 83.0ტ
ტ-ს მაგივრად შესაბამის მნიშვნელობათა ჩასმით კი ვღებულობთ მოსწორებულ დონეებს შესაბამისი წლების მიხედვით.
ეროვნული შემოსავლის ფაქტობრივი და მოსწორებული დონეები 1990-2009 წწ. გრაფიკულად გამოსახულია გრაფიკზე #1.
მოსწორების საფუძველზე გამოვავლინეთ ეროვნული შემოსავლის ზრდის ტენდენცია 1990-2009წწ. თუმცა ფაქტობრივი დონეების ანალიზი გვიჩვენებს, რომ 1990-იანი წლებიდან დაწყებული ეროვნული შემოსავლის კლებას 1995 წლიდან ცვლის ზრდა და ასევე 2009 წელს დაფიქსირდა კლება. ეს უკანასკნელი განაპირობა 2008 წლის აგვისტოს საომარმა მოქმედებებმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა.
თუ სწორედაა მოსწორებული, მაშინ ემპირიული მონაცემების ჯამი მცირედით უნდა განსხვავდებოდეს მოსწორებული დონეების ჯამისაგან. ჩვენს მაგალითზე Sy = 180 079.6, შწ = 180 079.6, რაც მიუთითებს მოსწორების სიზუსტეზე.
ტრენდის გამოვლენის ანალიზური მოსწორების ფუნქცია გამოიყენება დინამიკური მწკრივის მაჩვენებელთა პროგნოზირებისთვის. აღნიშნული მეთოდი ცნობილია ექსტრაპოლაციის სახელწოდებით. ექსტრაპოლაცია არის დინამიკური მწკრივის საწყისი ან ბოლო უცნობი დონეების გაანგარიშება. ჩვენს ზემოთგანხილულ მაგალითზე, თუ ანალიზური მოსწორების y = 8 132.1 + 83.0t განტოლებაში t-ს ნაცვლად ჩავსვამთ მწკრივის მომდევნო შესაბამისი წლების მაჩვენებლებს, მივიღებთ ეროვნული შემოსავლის საპროგნოზო სიდიდეებს:
2010 წლისათვის (t = 21) ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელი შეადგენს (y = 8 132.1 + 83.0 * 21) 9875.9 მლნ. ლარს;
2011 წლისათვის (t = 22) – 9959.0 მლნ. ლარს (ყ = 8 132.1 + 83.0 * 22),
2012 წლისათვის (t = 23) – 10042.0 მლნ. ლარს (y = 8 132.1 + 83.0 * 23) და ა.შ.
ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელთა დინამიკის მწკრივის ერთ-ერთი კომპონენტი სეზონური კომპონენტია, რომლის გავლენის ზომის აღმოსაფხვრელად სეზონური შესწორების მეთოდი გამოიყენება. ეს უკანასკნელი დინამიკური მწკრივიდან სეზონური კომპონენტის გამორიცხვის პროცესია.
ეროვნული შემოსავლის კვარტალური მაჩვენებლების სეზონური შესწორებები განვახორციელეთ პროგრამა Demetra 2.0-ის დახმარებით, TRAMO-SEATS მეთოდით. ეს მეთოდი შემუშავებულ იქნა ვიქტორ გომესისა და ავგუსტინ მარვალის მიერ.
SEATS (Signal Extraction in Arima Time Series) მეთოდით ხდება დინამიკის მწკრივის ტრენდის, სეზონური და შემთხვევითი კომპონენტების შეფასება და პროგნოზირება. TRAMO (Time series Regression with Arima noise, Missing values and Outliers) კი არის თანმხლები მეთოდი რეგრესიის მოდელის შეფასებისა და პროგნოზირებისთვის, რომელიც გამოიყენება მწკრივის წინასწარი შესწორებისთვის, რომელიც შემდგომ სეზონურად შესწორდება.
2003-2010 წწ. საქართველოს ეროვნული შემოსავლის სეზონური შესწორება და შემთხვევითი კომპონენტი ნაჩვენებია ცხრილში #2.

i5

i6
სეზონურად შესწორებული ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლები 2003-2010 წწ. ნაჩვენებია გრაფიკზე #2.
ამდენად, როგორც ვნახეთ, ეროვნული შემოსავლის დინამიკის ანალიზი მეტად საინტერესო ინფორმაციას შეიცავს, რაც წარმატებით გამოადგებათ როგორც ხელისუფლების ორგანოებს შესაბამისი პოლიტიკის შესამუშავებლად და განსახორციელებლად, ასევე სამეცნიერო დაწესებულებებს. ჩვენს მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელთა ურთიერთშესადარისი დინამიკური მწკრივების აგებისა და ანალიზის დროს.