საპენსიო რევოლუცია – მსოფლიო დილემის წინაშეა

მაკა ღანიაშვილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება პენსიების მატებასთან დაკავშირებით ძალაში 11 დეკემბრიდან შევიდა. მინიმალური 38-ლარიანი პენსია 55 ლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიონერები იმ დანამატებსაც მიიღებენ, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ამ პროექტისთვის წლევანდელ ბიუჯეტში 14 მილიონი ლარი გამოიყო.

პენსიების მატება გათვალისწინებულია მომავალ წელსაც. 2008 წლის შემოდგომიდან მინიმალური პანსია 76 ლარი იქნება, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 250 მილიონი ლარი გამოიყოფა. “ჩვენი ამოცანაა საქართველოში პენსიების მატება მანამ, სანამ ის არ გაუტოლდება ას დოლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მოძრაობას ვაპირებთ მომდევნო პერიოდის განმავლობაში” – განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე. თუმცა ახალი სოციალური პოლიტიკის შემუშავება და საპენსიო რეფორმის განხორციელება არა მარტო საქართველოსათვის არის აქტუალური – დღეს მსოფლიო ფინანსური კრიზისის ზღვარზეა და ეს კრიზისი გარდაუვალია ძირეული სოციალური რეფორმების გატარების გარეშე.
მსოფლიო პრაქტიკაში საპენსიო სისტემის ფორმირებისა და ორგანიზებულობის 5 ძირითადი მიდგომა არსებობს:
1. როდესაც პენსიების გადახდა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ასეთი პენსიები არსებობს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში და საპენსიო სქემის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს გადასახადები.
2. უმუშევრებს პენსიას უხდიან დასაქმებულები – ასეთი ფონდები იქმნება, როგორც წესი, მომუშავეთა ლოკალური ჯგუფებისათვის, რომლებიც გაერთიანებული არიან პროფესიული, დარგობრივი ან სხვა პრინციპით. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ფონდები ეკუთვნის სახელმწიფოს და მასში შენატანები აუცილებელი ხასიათისაა.
3. ყოფილ მუშაკს პენსიას უხდის საწარმო – როცა საპენსიო ფონდი, როგორც სპეციალიზებული ორგანიზაცია, არ იქმნება, ხოლო პენსიის გაცემა წარმოებს საწარმოს სპეციალური სახსრებიდან (მაგალითად, იაპონიასა და აშშ-ში). ამ სქემის უარყოფითი მხარეები აშკარაა – არ არსებობს გადახდის მყარი გარანტიები, გადახდების შესაძლებლობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ეს არის დამატებითი დატვირთვა, რომელიც საწარმოს საქმიანობის ძირითადი პროფილი არ არის.
4. პენსიებს უზრუნველყოფს სადაზღვევო კომპანია – საპენსიო სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ამ პრინციპზე ასევე არ ითვალისწინებს სპეციალიზებული საპენსიო ფონდის შექმნას. პენსია ყალიბდება სადაზღვევო პოლისის გამოსყიდვის შედეგად, რომელიც იძლევა ანუიტეტს (ყოველწლიურ რენტას) სიცოცხლის ბოლომდე.
5. საპენსიო უზრუნველყოფა წარმოებს ე.წ. საპენსიო ფონდების მეშვეობით – რომელიც დაარსებულია შენატანების კაპიტალიზაციის ხარჯზე. ამ ფონდებში ხდება სახსრების კაპიტალიზაცია და კანონმდებლობის თანახმად, მათი ჯამური აქტივები უნდა უტოლდებოდეს დღევანდელი და მომავალი პენსიონერების წინაშე აღებულ ვალდებულებას.
გასული საუკუნის შუა წლებში ყველა განვითარებულ ქვეყანაში ნორმად იქცა გადანაწილებითი საპენსიო სისტემა, როდესაც სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებდა მხოლოდ მიღებული სოციალური სახსრების სათანადო წესით გადანაწილების ვალდებულებას. მაგალითად, ევროპისა და ამერიკის წარმატებული ქვეყნების საპენსიო სისტემები ხელმძღვანელობენ გადანაწილებისა და თაობათა სოლიდარობის პრინციპებით – დასაქმებული მოსახლეობა იხდის სოციალურ გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ბიუჯეტიდან ეს სახსრები ეძლევა მათ, ვინც უკვე გავიდა პენსიაზე. თავდაპირველად ყველაფერი კარგად იყო – იზრდებოდა შობადობა და დასაქმებული მოსახლეობის პრონცენტული წილიც, მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები მთავრობებს არა მარტო პენსიების გადახდის საშუალებას, არამედ პენსიონერთათვის სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათებისა და ბონუსების გაკეთების შესაძლებლობასაც აძლევდა.
განაწილებითი სისტემის ერთი შეხედვით მყარ კონსტრუქციას ბზარი პირველად ევროპის ქვეყნებში გაუჩნდა. მიზეზი მარტივია: დემოგრაფიული სურათის შეცვლა – შემცირებული შობადობა და სიცოცხლის საშულო ხანგრძლივობის გაზრდა, უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდბრიტანეთში – 8 წლით, იტალიაში – 12-ით და იაპონიაში 16 წლით გაიზარდა. აშშ-ში 1900 წლისათვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 47 წელი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 76 წელია. 1900 წელს 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა აშშ-ს მოსახლეობის 4,1%-ს შეადგენდა, 2000 წელს – 12,4%-ს. პერსპექტივა კი არცთუ სახარბიელოა – 2008 წელს აშშ-ში პენსიაზე მასობრივად გავა 1946-1964 წელს დაბადებული თაობა – დაახლოებით 77 მილიონი ადამიანი. მსგავსი ტენდენციაა საქართველოშიც, ჩვენს ქვეყანაშიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თანდათან იზრდება და თუ 2001 წელს ეს მაჩვენებელი 71 წელი იყო, 2005 წლისათვის, 73 წლამდე გაიზარდა.
გაეროს ექსპერტთა დასკვნით დასავლეთ ევროპაში, აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 2030 წლისათვის 65 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა მოსახლეობის მეოთხედი იქნება, დღეს კი ეს მაჩვენებელი 15 %-ია. საგანგაშოა ევროკავშირის ექსპერტთა პროგნოზებიც. მათი გათვლებით, სახელმწიფო პენსიების არსებული დონის შესანარჩუნებლად ევროგაერთიანების ქვეყნებმა უახლოესი 35 წლის განმავლობაში უნდა გამოყონ დამატებით 456 მილიარდი ევრო. უკვე დღეს ევროკავშირის 15 წევრ-ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის საპენსიო დატვირთვა 10,4%-ს აღემატება, ხოლო 2040 წლისათვის კი 13,6%-მდე გაიზრდება. იმავე 15 სახელმწიფოში 1960 წლისათვის 65 წელს გადაცილებული 34 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 2010 წლისათვის კი მათი რიცხვი 69 მილიონს მიაღწევს, ანუ ყოველ ათწლეულში ხანდაზმულთა რაოდენობა 13%-ით მატულობს. სიცოცხლის ასეთი დიდი ხანგრძლივობა მომუშავე მოსახლეობას ძვირი უჯდება: გადასახადების გადამხდელთა დატვირთვა უფრო დიდია, რადგან მათი რიცხვი პენსიონერებთან შედარებით ნაკლებია, მაშინ როცა საპენსიო სისტემის განაწილებითი სქემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა უკეთესი შეფარდება პენსიონერებსა და დასაქმებულთა რაოდენობას შორის, ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიშვება სახსრების დეფიციტი და ამ პრობლემის მოგვარების ყველა ხერხი – გადასახადების გაზრდა, პენსიების შემცირება ან საპენსიო ასაკის გაზრდა არაპოპულარულია და დემოკრატიული საზოგადოების მკვეთრ პროტესტს იწვევს.
დემოკრატიის განვითარებას საფრთხე არა მხოლოდ ზემოაღნიშნულმა ნაბიჯებმა შეიძლება შეუქმნას. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მსოფლიოში უკვე ისმის მოწოდებები იმის შესახებ, რომ პენსიონერებს აეკრძალოთ არჩევენებში მონაწილეობის მიღება და ხმის მიცემა მხოლოდ მოსახლეობის დასაქმებული ნაწილისთვის იყოს შესაძლებელი, რაც დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფაა. მაგრამ რეალობა ასეთია – მსოფლიო დილემის წინაშეა – დემოკრატია ან ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა. საქმე ისაა, რომ როგორც წესი, პენსიონერები აქტიური ამომრჩეველები არიან და ხშირად მათი ხმები გაადმწყვეტია გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად. ამის საუკეთესო მაგალითია არჩევნები პოლონეთში, სადაც ლეხ კაჩინსკის პარტიამ ძირითადად საპენსიო ასაკის ამომრჩევლის მხარდაჭერით მოიპოვა გამარჯვება. ამ არჩევნებმა კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ წინაასაარჩევნოდ პენსიონერთა “გულის მოგება” დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. პარალელურად კი ბევრი ექსპერტი თვლის, რომ პენსიონერები არჩევანს აკეთებენ მხოლოდ იმ საპენსიო დანამატებისა და სოციალური შეღავათების შესახებ დაპირებების მიღების შემდეგ, რასაც ისინი ამა თუ იმ კანდიდატისაგან იღებენ. პოლიტიკოსთა ნაბიჯები კი ასეთ შემთხვევაში არა ეკონომიკურ სტაბილურობასა და წინსვლას ემსახურება, არამედ მხოლოდ პოლიტიკური გათვლებია და ამომრჩეველთა მაქსიმალურად მეტი ხმის მიღებას ისახავს მიზნად, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
ამ საკითხზე მსჯელობის კარგ საბაბს საქართველოში არსებული ვითარება გვაძლევს – ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია და პენსიონერებმა უკვე მიიღეს გაზრდილი მინიმალური პენსია, ამასთან უახლოეს მომავალში პენსიის მომატების პერსპექტივით.
ექსპერტების ნაწილი, არაფერს ვამბობთ პოლიტიკური სპექტრის ოპოზიციურ ფრთაზე, მთავრობის ამ ნაბიჯს წინააარჩევნო პიარ-აქციად აფასებს. საერთაშორისო გამოცდილებით არ შეიძლება საპენსიო სისტემის რეფორმის ავტონომიურად განხილვა, რადგან ის დაკავშირებულია საბიუჯეტო-საგადასახდო რეგულირების სისტემასთან, მისი ნაწილია და, როცა საუბარია რეალურ შემოსავლებსა და ხელფასზე, ნათელია, რომ საპენსიო ანარიცხების ტარიფის გაზრდას წინ უნდა უსწრებდეს ხელფასის ტარიფების გაზრდაც. საპენსიო სისტემა არ იქნება ეფექტური, თუ მაგალითად, ხელფასი 2-ჯერ გაიზრდება, საპენსიო ანარიცხები კი – 10-ჯერ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეთა მომატებული ხელფასი მთლიანად მოხმარდება გაზრდილ საპენსიო ანარიცხებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა სოციალურ მიზნებზე. ხელფასებისა და შემოსავლების სისტემის თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში საკმარისი საპენსიო ანარიცხების დაგროვების საშუალებას არ იძლევა, აქედან გამომდინარე, საპენსიო სისტემის რეფორმას თან უნდა ახლდეს ხელფასის რეფორმა, ეს მაშინ, როცა სახელმწიფოში მოქმედებს გადანაწილებითი საპენსიო სისტემა.
არსებობს სხვა გამოსავალიც, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განიხილება, როგორც არსებული კრიზისის დაძლევის გზა – უკვე არსებული და წარმატებით ფუნქციონირებადი კერძო საპენსიო ფონდების გამოცდილების გადატანა სახელმწიფო სფეროში. ასეთი დაგროვების სისტემის მოქმედების სქემა მარტივია – მომუშავე მოქალაქე თვითონ აგროვებს საკუთარ პენსიას, რამდენის დაგროვებასაც მოასწრებს საპენსიო ასაკამდე, იმდენად იქნება უზრუნველყოფილი სიბერეში. მსგავსი მოდელის საუკეთესო მაგალითია 1980 წელს ჩილეში დაწყებული საპენსიო რეფორმა. აქ პირველად მსოფლიოში მოხდა საპენსიო სისტემის პრივატიზაცია – თითოეულ დასაქმებულ ადამიანს მიეცა უფლება და დაეკისრა ვალდებულება თვითონ ეზრუნა საკუთარ მომავალზე. საგადასახადო შემოსავლებიდან გასაცემი სახელმწიფო პენსიების ადგილი დაიკავა ინდივიდუალურმა საპენსიო ანაბრებმა, რომელთა ინვესტირება შემდეგ ფასიან ქაღალდებში ხდებოდა. მომუშავე მოქალაქეებს მიეცათ ახალ სისტემაზე ნებაყოფლობით გადასვლის საშუალება, ხოლო ახალგაზრდა ჩილელები, რომელთაც ახალდაწყებული ჰქონდათ მუშაობა, ავტომატურად ერთვებოდნენ მასში. ჩილეში ამ სისტემამ გაამართლა, რაც დადებითად აისახა არა მხოლოდ სოციალურ სფეროზე, არამედ ქვეყნაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზეც.
დაგროვითი სისტემის მონაწილეები არ იხდიან არავითარ “გადანაწილებით” გადასახადებს, ხოლო საპენსიო სახსრები მომავალი პენსიონერის საკუთრებას წარმოადგენს. ამავე დროს მეანაბრეები თავისუფალი არიან გარკვეულ ფარგლებში ეს თანხა განათავსონ – მათ შეუძლიათ ენდონ ამა თუ იმ კომპანიას ან თანხა დააბანდონ ღია ბაზარზე ბრუნვადი ფასიანი ქაღალდების პორტფელში. დასაქმებულები უფლებამოსილ კომპანიებში გახსნილ საკუთარ ანგარიშზე რიცხავენ ხელფასის 10%-ს, დაგროვილი ანაბრიდან იღებენ შემოსავალს და მისი განკარგვის გარკვეულ უფლებას. პენსიაზე გასვლისას მეანაბრეს შეუძლია სურვილისამებრ გამოიტანოს მთლიანი თანხა, ან მიიღოს ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად. საპენსიო ანაბრის საკმარისი დონის დაგროვების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია როგორც ნაადრევად, 60-65 წლის ასაკის მიღწევამდე, გავიდეს პენსიაში, ასევე გააგრძელოს მუშაობა ამ ასაკის მიღწევის შემდეგ.
რაც შეეხება საქართველოში კერძო სადაზღვევო პენსიას – ეს არის ნებაყოფლობითი საპენსიო დაზღვევა, რომელიც სადაზღვეო კომპანია “ჯი-პი-აი ჰოლდინგმა” 2001 წელს ქართველ მომხმარებელს შესთავაზა. ჰოლდინგის საპენსიო სქემა მეტწილად კორპორაციულ საპენსიო ფონდს ემყარება და მისი მონაწილეების დიდი უმრავლესობა სხვადასხვა მიმართულების, სიდიდისა და პროფილის 300-ზე მეტი კომპანიის თანამშრომელია.
კერძო საპენსიო სქემის ძირითადი ელემენტებია:
მომხმარებელი ქმნის საკუთარ საპენსიო ფონდს და თავადვე აკონტროლებს მას;
მომხმარებელს ეხსნება პირადი საპენსიო ანგარიში, სადაც დაგროვება ხდება მის მიერ ამორჩეულ ვალუტაში, ლარში ან დოლარში;
საპენსიო ფონდი მუდმივად მუშაობს და ერიცხება სარგებელი ყოველკვარტალურად.
შენატანის მინიმალური ოდენობაა 10 ლარი, შენატანის განხორციელებაც ნებისმიერი პერიოდულობით ხდება – ყოველთვიურად ყოველკვარტლურად ან ყოველწლიურად. საპენსიო ასაკისათვის კერძო საპენსიო დაზღვევის მომხმარებელს (საქართველოს კანონმდებლობით მამაკაცებს – 65, ხოლო ქალებს 60 წელს ზემოთ) შეეძლება დაენიშნოს პენსიის ერთ-ერთი ტიპი: ვადიანი პენსია (5-დან 10 წლამდე) ან უვადო პენსია (სიცოცხლის ბოლომდე). ამასთანავე, მას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში საპენსიო ასაკამდე ნებისმიერ დროს გაიტანოს საპენსიო დანაგროვი სრულად, ყოველგვარი საჯარიმო სანქციების გარეშე. მომხმარებელს ასევე შეუძლია 24 საათის განმავლობაში ინტერნეტის მეშვეობით აკონტროლოს საკუთარი საპენსიო ფონდი და ნახოს დეტალური ამონაწერი ანგარიშიდან.
სადაზღვეო კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა სახის პოლისს სთავაზობს, მაგალითად, პოლისი “ზრუნვა”, როდესაც შენატანი ფიქსირებულია და თვეში 10, 50 ან 100 ლარს შეადგენს. პოლისის მფლობელი ასევე დაზღვეულია საპენსიო ასაკამდე უბედური შემთხვევებისაგან, პოლისის მფლობელის ოჯახი მიიღებს 1000, 5000 ან 10 000 ლარს (დამოკიდებულია არჩეულ სადაზღვევო პაკეტზე) მისი შრომისუუნარობის ან გარდაცვალების შემთხვევაში და პლიუს სრულ საპენსიო დანაგროვს იმ მომენტისათვის.
პოლისი “ზრუნვის” მფლობელი დამატებით სარგებლობს უფასო სამედიცინო მომსახურებებით, კერძოდ:
სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით;
24-საათიანი სატელეფონო კონსულტაციით;
ექოსკოპიური კვლევით;
10%-იანი ფასდაკლებით სხვა ამბულატორიული ტიპის კვლევებზე და სპეციალისტის კონსულტაციებზე.
“ჯი-პი-აი ჰოლდინგის” მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული მომსახურების კიდევ ერთი ფორმაა “ევროპენსია”. აღნიშნული საპენსიო სქემა აერთიანებს საპენსიო, სიცოცხლის და უბედური შემთხვევისაგან დაზღვევას, ასევე უფასო სამედიცინო მომსახურებებს და ინტერნეტფონდს. “ევროპენსიის” მომხმარებლისთვის არსებობს შენატანის ფიქსირებული რაოდენობა – თვეში 100 ევრო.
საპენსიო შენატანები შეიძლება სხვადასხვაგვარად განხორციელდეს: პირადი საპენსიო შენატანები (ინდივიდუალური კონტრაქტის საფუძველზე); დამქირავებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანები (ერთობლივი კონტრაქტის საფუძველზე) და ზემოაღნიშნული მომსახურებების კომბინაცია.
რაც შეეხება პენსიის ტიპებს – საპენსიო ასაკის დადგომამდე 1 წლით ადრე საპენსიო სქემის წევრები აკეთებენ არჩევანს 2 საპენსიო ტიპს შორის: ვადიანი პენსია – 5-10 წლის ვადით ან უვადო პენსია, რომელიც გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე.
საპენსიო ფონდების საქმიანობას მეთვალყურეობას უწევს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დაზღვეულ პირთა (საპენსიო სქემის წევრთა) საპენსიო თანხები წარმოადგენს მათ პირად საკუთრებას და განთავსებულია სახელობით საპენსიო ანგარიშებზე. ნებაყოფლობითი საპენსიო ფონდი და საპენსიო სადაზღვევო კომპანია, რომელიც ამ ფონდს მართავს, ორ სხვადასხვა იურიდულ პირს წარმოადგენს. ეს საპენსიო სქემის წევრებს მათი თანხების უსაფრთხოების დამატებით გარანტიას აძლევს.