სამთავრობო ინიციატივა – “იაფი კრედიტი მეწარმეობისათვის” – საქართველოში მოქმედმა ბანკებმა მოიწონეს

რედაქციისაგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გურგენიძის შეხვედრა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ახალი სამთავრობო ინიციატივა – იაფი კრედიტი მეწარმეობისათვის – 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს თავად გააცნო. სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გამართული შეხვედრა, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თაოსნობით ჩატარდა. მასში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი, ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური და სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე.

შეხვედრაზე შესავალ სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ განაცხადა, რომ ახალი ინიციატივა მიმართულია ეკონომიკის რეალური სექტორის მხარდაჭერისა და დასაქმების ზრდისაკენ. მისი თქმით, ხელისუფლება უნდა დაეხმაროს ადამიანთა იმ დიდ ფენას, რომელსაც აქვს სურვილი, ჟინი, ამბიცია, აზარტი საკუთარი საქმის დასაწყებად. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოში ახალი კომპანიების ჩამოყალიბება ინტენსიურად მიმდინარეობს. ახალი სამთავრობო ინიციატივა აღნიშნული პროცესისწარმართვის დამატებითი სტიმულია, რადგან მცირე ზომის საწარმოების, ინდივიდუალურ მეწარმეთა ფენის ზრდა ხელს უწყობს არა მარტო ეკონომიკის განვითარებას, არამედ აუმჯობესებს სოციალურ ფონს და ემსახურება დასაქმების პრობლემის მოგვარებას. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამთავრობო ინიციატივის კიდევ ერთ მიმართულებაზე, კერძოდ, საქართველოში საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე, რაც ვლადიმერ გურგენიძემ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად და გამოწვევად შეაფასა.
ჩვენ თქვენთან ერთად სიმბიოზში უნდა მოვახერხოთ, თქვენი ადმინისტრირებით, ეროვნული ბანკისა და ჩვენი მონიტორინგით, თქვენივე კლიენტურისთვის ერთობლივად დამატებითი შეღავათიანი საკრედიტო რესურსის შექმნა, რათა ექსპორტი წავახალისოთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამაში საბანკო წრეების ჩართვა მათი მხრიდან ნებაყოფლობითი იქნება. მე იმედი მაქვს, რომ ბევრი ბანკი მიიღებს მონაწილეობას, თუნდაც პროგრამის რომელიმე ასპექტში, – აღნიშნა ვლადიმერ გურგენიძემ და დასძინა, რომ ახალი სამთავრობო ინიციატივის ზოგადი მონახაზები უკვე მიმდინარე წლის ბოლოს იქნება მზად, მომავალი წლის თებერვალ-მარტისთვის კი პროგრამა ამოქმედდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დავით ამაღლობელის განცხადებით, მთავრობის ახალი ინიციატივა ითვალისწინებს, ქვეყნის შიგნით დასაქმებისათვის ხელის შეწყობას და საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესებას. მისი განმარტებით, სახელმწიფო კომერციულ ბანკებს გამოუყოფს პროგრამის ფარგლებში შეღავათიან სესხებს, რომლებიც ამ რესურსებს ასევე შეღავათიან პირობებში გადაასესხებენ კომპანიებში. აღსანიშნავია, რომ გარკვეული გამოცდილება ამ კუთხით უკვე არსებობს, როდესაც სახელმწიფო გარკვეული პირობებით გადაასესხებდა საბიუჯეტო სახსრებს კომერციულ ბანკებს. აუცილებელია, ამ გამოცდილების გათვალისწინება ამ ახალი პროგრამის დიზაინირების დროს, – აღნიშნა დავით ამაღლობელმა.
შეხვედრაზე მოწვეულმა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა ახალი სამთავრობო ინიციატივა პოზიტიურად შეაფასეს და მისი განხორციელების პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial