ბანკების უალტერნატივო გზა

მაკა ღანიაშვილი 

ქართულმა საბანკო სექტორმა საკუთარი მოგების მორიგი რეკორდი დაამყარა. 2010 წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 158 მილიონ 629 ათასი ლარი შეადგინა. ოქტომბრის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 121 მილიონ 429 ათას ლარს აჭარბებდა. უკვე მეცხრე თვეა საბანკო სექტორი მოგებაზე გადის. მართალია, ეს არ ეხება საბანკო სექტორის ცხრამეტივე მოთამაშეს, მაგრამ ტენდენცია რომ მრავლისმეტყველია, ცხადია. რა განაპირობებს ამ მაჩვენებელს და რას უნდა ველოდოთ 2011 წელს საქართველოს საბანკო სექტორში? 

      ამ საკითხებზე “საქართველოს ეკონომიკა” ესაუბრა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ზურაბ გვასალიას. 
      ს.ე. – ბნ. ზურაბ, რა ძირითადი ტენდენციებით ხასიათდება 2010 წელი საქართველოს საბანკო სისტემისათვის? 
      ზ.გ: – დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010 წელი გასულ წლებთან შედარებით წარმატებული იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2007 წლის საბანკო სექტორის წმინდა მოგება 109 მლნ ლარი იყო, რაც 2003-2009 წლებში სარეკორდო მაჩვენებლად მიიჩნეოდა, საბანკო სექტორმა მოგების რეკორდი უკვე დაამყარა. ნიშანდობლივია, რომ  უკვე მეცხრე თვეა საბანკო სექტორი მოგებაზე გადის, ოქტომბრის მონაცემებით, წმინდა მოგების მაჩვენებელი 121 მილიონ 429 ათას ლარს აჭარბებდა, ხოლო 2010 წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ნოემბრის მიხედვით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 158 მილიონ 629 ათასი ლარი შეადგინა. 
      საბანკო სისტემა პოსტკრიზისული პერიოდიდან ფუნქციონირების ახალ რეჟიმში გადადის, კლიენტურისათვის ახალი ინოვაციური პროდუქტების ფართო არჩევანის შეთავაზებით. წლის ბოლოს სისტემის მოგების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და ალბათ 170 მლნ ლარს გადააჭარბებს. 
      ს.ე. – ბიზნესმენები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბანკები კვლავ ძალიან ფრთხილობენ სესხების გაცემის დროს და იმაზე გაცილებით ნაკლებ სესხებს გასცემენ, ვიდრე ამის საშუალება რეალურად აქვთ. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? 
      ზ.გ: – არ ვეთანხმები, რადგან სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დაწევა ახლა არ დაწყებულა. 2010 წლის პირველი კვარტლიდან მოყოლებული ბანკებმა განაცხადეს, როგორც სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დაწევის შესახებ, ასევე გაზარდეს დაკრედიტების ლიმიტები და ვადიანობა, განსაკუთრებით ბიზნეს და იპოთეკურ სესხებზე. 
      აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი 11 თვის მონაცემების მიხედვით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 6 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ნიშნულია და, თუნდაც, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე 830 მლნ ლარით, ანუ 16%-ით მეტია. საბანკო სისტემის გაზრდილი საკრედიტო აქტივობა და შესაბამისად, მოგების სარეკორდო მაჩვენებელზე გასვლა მიუთითებს საბანკო სექტორის განვითარების წარმატებულ ხასიათზე და ამსხვრევს ზოგიერთი ექსპერტის და ბიზნეს-სტრუქტურის წარმომადგენელთა მიერ აშკარად გადაჭარბებულ კრიტიკას და ჩამოყალიბებულ კლიშეს ბანკების მხრიდან კრედიტების გაცემისას მსესხებელთა შეფასების ზედმეტად გამკაცრებულ პირობებზე და მათ მეტისმეტ სიძვირეზე. 
      ს.ე. – რატომ გახდა საჭირო საბანკო რეგულირების სისტემის ხელახლა შეცვლა, მათ შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინიციატივა, საბანკო სექტორის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ძალაში მომავალი წლის იანვარში დაჩქარებული წესით მიღებაზე და რას მოიტანს ეს ცვლილება გრძელვადიან პერსპექტივაში? 
      ზ.გ: – ზოგადად კრიზისებისას და კრიზისების შემდგომ პერიოდებში რეგულაციები ყველგან მკაცრდება საბაზრო რისკების შედარებით ზრდის გამო. გარდა ამისა, 2008 წელს დაწყებულმა გლობალური ეკონომიკის რეცესიამ ბოლო წლებში რეკლამირებული დერეგულირების პოლიტიკის მიმართულებების გადასინჯვაც გამოიწვია. რაც შეეხება სებ-ის მხრიდან საბანკო სექტორის გამჭვირვალობისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ეს საბანკო სისტემას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის. რა დასამალია, არც თუ იშვიათად ბანკებისადმი კლიენტების პრეტენზიები სწორედ სესხების აღებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებული წინა საკონტრაქტო პირობების არასაკმარის გამჭვირვალობასთანაც იყო დაკავშირებული. ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ბანკები კლიენტს სესხის აღებისას აბსოლუტურ ვაკუუმში ამყოფებდნენ და მომავალში გადასახდელი ხარჯები მათთვის სიუპრიზი ხდებოდა. საბანკო სამართალი არის გარიგებითი სამართალი, სადაც ერთ მხარეს წარმოადგენს ბანკი, რომელიც საკუთარ რესურს ჰყიდის იმ ფასად და იმ პირობებით, რომელიც მისთვის მისაღებია და მეორე მხარეს – მსესხებელი, რომელიც იღებს ვადებულებას სესხის აღებისას ამ თანხის მომსახურებაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. 
      ს.ე. – კონკრეტულად რა იცვლება ამ გადაწყვეტილებთ? 
      ზ.გ: – ახალი ხელშეკრულებით კლიენტს გაცილებით დეტალურად განემარტება წინასაკონტრაქტო პირობები სესხის აღებისას სესხის მომსახურების ხარჯების არსებობაზე. თავის მხრივ, სებ-ის ახალი ინიციატივა ზრდის არა მხოლოდ ბანკის პასუხისმგებლობას, არამედ იგი მსესხებლებისთვისაც გასათვალისწინებელია, როგორც სესხის აღების მოსალოდნელი ფინანსური შედეგების, ასევე სესხის ვერდაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულების გაფორმებისას მკაფიოდ იქნება გაწერილი ყველა ხარჯი. არა მხოლოდ საპროცენტო ხარჯის სახით, იქნება ეს საკომისიო მომსახურება, განაღდების ხარჯი, წინასწარ გადახდის, ვადაგადაცილებულ დღეებზე დასარიცხი საურავის თუ დაზღღვევის გადასახადი. 
      ს.ე. – რა მდგომარეობაა ვადაგადაცილებულ სესხებთან დაკაშირებით? 
      ზ.გ: – სისტემამ მოგებაზე გასვლა წლის პირველი კვარტლიდან დაიწყო, როდესაც იანვარ-მარტის მდგომარეობით პირველად ბოლო ორი წლის მანძილზე სისტემა მოგებაზე გავიდა და წმინდა მოგების მაჩვენებელმა 15 მლნ ლარი შეადგინა. მიმაჩნია, რომ რომ უკვე ივლისიდან ამ ტენდენციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, როდესაც ივნისთან შედარებით წმინდა მოგება მთელი 22 მლნ ლარით გაიზარდა 37 მლნ ლარიდან 59 მლნ ლარამდე. წლის ბოლოს სისტემის სარეკორდო მაჩვენებლზე გასვლასაც ჩვენ უკვე მაშინ ვპროგნოზირებდით, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ მაღალი რჩებოდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა. 
      ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 1 მლნ ლარით შემცირებულია ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა და პირველი 11 თვის მდგომარეობით 203 მილიონ ლარს შეადგენს, მაგრამ ეს არ არის რაიმე საგანგაშო ნიშნული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგვისტოში მისი მაჩვენებელი 226 მლნ ლარი, ანუ გაცემულ სესხებში 3,9% იყო. ნოემბრის მიხედვით კი ვადაგადაცილებული სესხების პროცენტული წილი მთლიან სესხებში 3,3%-ია. მართალია, ეს მაჩვენებელი 2007 წლის მაჩვენებელს აღემატება, მაგრამ ვადაგადაცილებულ სესხებს უმოქმედო სესხებისაგან განსხვავებით უნარი აქვთ გაცილებით ნაკლები დანახარჯებით დაძლიონ დროებითი პრობლემები და არარეგულარული გადახდების რეჟიმიდან დაბრუნდნენ სწრაფი მომსახურების რეჟიმში. 
      ს.ე. – თქვენი შეფასებით, ვადაგადაცილებული სესხების დიდი მოცულობა მხოლოდ ეკონომიკური კრიზისის შედეგია თუ იმ პოლიტიკისაც, რომელსაც ბანკები რამდენიმე წლის წინ ატარებდნენ (ვგულისხმობ სესხების გამარტივებული გაცემის წესებს)? 
      ზ.გ: – მიმაჩნია, რომ გარდა გლობალური ეკონომიკური რეცესიის ზეგავლენისა, დიდი როლი ითამაშა რუსულმა აგრესიამაც. ამით იმის თქმა მსურს, რომ ეკონომიკური კრიზისი რომც არ ყოფილიყო, რუსული აგრესია თავის ზეგავლენას საბანკო სექტორზე მაინც იქონიებდა. დღეს ხაზი ესმება ხოლმე საერთაშორისო დახმარების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანამ მიიღო 4, 5 მლდ დოლარის სახით, რომელიც კრიზისის პრევენციის მთავარ პირობადაც განიხილება, მაგრამ რუსული ოკუპაციის მიზანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება იყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანაში საინვესტიციო ბუმი იწყებოდა და მიუხედავად აგვისტოში რუსული აგრესიის დაწყებისა და სექტემბერში გლობალური კრიზისის დაწყებისა, ინვესტიციების მოცულობამ 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 
      რაც შეეხება ბანკების როლს კრიზისის ხელშეწყობაში, მათი მხრიდან ზედმეტად ლიბერალური სასესხებო პოლიტიკის  გატარების თვალსაზრისით, ეს ფაქტორი მე მგონი ცოტა გაზვიადებულია. 
      ბუნებრივია, ბანკების მხრიდან აღნიშნულ წლებში გატარებული აქტიური საკრედიტო პოლიტიკა შეიცავდა რისკებს, რაც ევროპის და ამერიკის ბანკების ნაწილის მაგალითზეც გამოჩნდა, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ეკონომიკის განვითარების იმდროინდელი დონიდან გამომდინარე, კრიზისზე ზემოქმედების ეფექტი განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ეს მოსაზრება დაადასტურა არა მხოლოდ ქართული ბანკების მხრიდან ლიკვიდობის კრიზისის თავიდან აცილებამ, არამედ ჩვენნაირი ეკონომიკის ქვეყნების მაგალითებმაც. 
      ს.ე. – რამდენად რეალურია საქართველოში არსებული საპროცენტო განაკვეთები? გამჭვირვალეა თუ არა საპროცენტო განაკვეთების დადგენის მეთოდი მომხმარებლისათვის? 
      ზ.გ:  – ვიტყვი, რომ საკრედიტო რესურსების ფასს, გარდა საოპერაციო ხარჯებისა, კიდევ უფრო მეტად განსაზღვრავს ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის პოლიტიკა და მეორე მხრივ, ბანკების პასივების ღირებულება, პირველ რიგში, საფინანსო ხარჯების, ანუ მოზიდული სახსრების სახით, რომელიც ჩვენთან ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია და, რაც მთავარია, რისკის პრემია, რომელიც ქვეყნის და, ზოგადად, საბაზრო რისკებიდან გამომდინარე, ევროზონის ქვეყნებთან შედარებით ასევე მაღალია. 
      ბუნებრივია, დღეს კრედიტები გაცილებით უფრო მკაცრი პირობებით გაიცემა, კლიენტის კრედიტუნარიანობის შეფასების თვალსაზრისით, ვიდრე 2007 წელს, მაგრამ ანალოგიური მიდგომაა ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც გლობალური ფინანსური კრიზისი შეეხო. რადგან საპროცენტო განაკვეთებს შევეხეთ, მსურს აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანში, რომელიც ჩვენთან შედარებით გაცილებით მდიდარ საფინანსო რესურსებს ფლობს, წლიური საპროცენტო განაკვეთები სამომხმარებლო სესხებზე 20-36%-ში მერყეობს, ხოლო შედარებით უზრუნველყოფილი, ანუ ბიზნეს-სესხები 16-28 პროცენტშია. თითქმის ანალოგიური საპროცენტო განაკვეთებია საქართველოს ტიპის ტრანსფორმირებადი ეკონომიკის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ბალტიის სახელმწიფოების გარდა. 
      ს.ე. – ახლახან ორმა ბანკმა დასწია საპროცენტო განაკვეთები. თქვენი შეფასებით, ეს მხოლოდ წინასაახალწლო აქციაა თუ მოსალოდნელია, რომ მსგავს ნაბიჯს სხვა ბანკებმიც გადადგამენ? 
      ზ.გ: – როგორც ცნობილია, ბანკებმა წლის დასაწყისიდან გამოაცხადეს საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე ზემოქმედებს არა უშუალოდ დეპოზიტების ფასი, რასაც ესმება ხოლმე ხაზი, არამედ საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული ფინანსური რესურსების ღირებულებაც, რომელიც გაცილებით იაფია შიდა რესურსზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია საბანკო კონკურენციაც. 
      აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ ეს მხოლოდ წინასაახალწლო აქცია იყოს, ანუ საკრედიტო რესურსების შემცირებული განაკვეთები იყოს არარეალური. სხვა შემთხვევაში, ბანკები ვერ გაზრდიდნენ საოპერაციო ხარჯებს, პირველ რიგში, სახელფასო ხარჯებს, რომელიც უშუალოდ ზემოქმედებს რესურსების თვითღირებულებაზე. საპროცენტო განაკვეთების დაწევა, რომელიც ბანკმა რესპუბლიკამ დაიწყო და შემდგომში თი ბი სი ბანკმაც გააგრძელა, უკვე გაზაფხულზე გასცემს პასუხს ამ კითხვაზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის ერთგვარი ტესტი, როგორც სხვა ბანკებისათვის, ასევე მსესხებლებისთვისაც. 
      მიმაჩნია, რომ თუ შენარჩუნდა მიმდინარე წელს დაწყებული ეკონომიკის ზრდის არსებული ტემპები, რომელიც საპროგნოზო მაჩვენებლზე უკეთესი გამოდგა და 6,5% იქნება, თუ საერთაშორისო ბაზრებზე არასასურველმა ენდოგენურმა ფაქტორებმა არ იძალა, საპროცენტო განაკვეთების დაწევის ტენდენციას ალტერნატივა არ ექნება. 
      ს.ე. – რა იქნება 2011 წელს ქართული საბანკო სისტემისთვის მთავარი გამოწვევა, რას შეიძლება ველოდოთ მომავალ წელს? 
      ზ.გ: – საბანკო სექტორის ქვეყანაში ეკონომკის განვითარების ერთიან ჭრილში უნდა განვიხილოთ. როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით, ეკონომიკური თავისუფლებისა და ბიზნესის კეთების მიმართულებით საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება და პრეზიდენტის მიერ ანონსირებული  ეკონომიკის თავისუფლების აქტის მიღება. 
      გარდა ამ ფაქტორებისა, საერთაშორისო ბაზრებიდან მოსაზიდი რესურსების ფასს დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის და, შესაბამისად, საბანკო სექტორის საინვესტიციო და საკრედიტო რეიტინგები, რომლებიც საქართველოს შემთხვევაში, მიუხედავად ბოლო პერიოდში მისი ზრდისა, ჯერ კიდევ ნაკლებია ვიდრე ევროზონის ქვეყნებისათვის. ნიშანობლივია, რომ Fitch-ისა და Standart &Poor”s-ის შემდეგ 6 ოქტომბერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody”s-მა გამოაქვეყნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კატეგორიით Ba3, რაც Fitch-ის მიერ მონიჭებული “BB-“-ის საკრედიტო რეიტინგის ტოლფასია, რომელიც საქართველოს 2008 წლის ომამდე ჰქონდა. 
      ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის და, პირველ რიგში, საბანკო-საფინანსო სექტორის კრიზისული პერიოდის დაძლევაზე და განვითარების მდგრად ხასიათზე, რაც მომავალში არა მხოლოდ საბანკო კრედიტზე საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, არამედ საბანკო სექტორში უცხოური ინვესტიციების შემოდინების პირობაც, მათ შორის, ცნობილი საერთაშორისო ბანკების შემოსვლაც.