ფქვილის ფორტიფიკაციის პროექტს გეითსების ფონდი აფინანსებს

რედაქციისაგან

“სურსათის ფორტიფიკაციის იდეა სამედიცინო წრეებში ყოველთვის არსებობდა. ბოლო წლებში კი საქართველოში მოხდა ისეთი დაავადებების ზრდა, რასაც რკინის დეფიციტი იწვევდა. ამ შემთხვევაში საუბარია, ძირითადად, ყველაზე უფრო უხშირეს გამოვლინებაზე, რკინადეფიციტზე, რასაც ანემია ჰქვია. ეს არის სისხლში ჰემოგლობინის ნაკლებობა, რაც გამოწვეულია ხშირ შემთხვევაში რკინის დეფიციტით საკვებში. კერძოდ, ეს დაავადება უფრო ხშირია ბავშვებში 5 წლამდე და ორსული ქალებში.

დედათა და ბავშვთა შორის იყო ანემიის ზრდა. საკვების ფორტიფიკაცია, ანემიის დაძლევის მიზნით, განვითარებულმა ქვეყნებმა გაცილებით ადრე დაიწყეს. ჩვენთან, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიაციატივით, ამ საკითხზე ყურადღების კიდევ უფრო გამახვილება მოხდა. შეიქმნა ალიანსი გაუმჯობესებული კვებისათვის. ასეთი ორგანიზაციის საერთაშორისო ანალოგი არსებობს, რომლის დამფუძნებელია გეითსების ფონდი, – ამბობს ექსთ ჯორჯიას ჯანმრთელობის პროგრამის კოორდინატორი რევაზ თათარაიძე.
სურსათის, კერძოდ ხორბლის ფორტიფიკაცია სპეციალური დანადგარით ხდება, რომელიც ფქვილში ფოლიუმის მჟავას და რკინას ურევს.
“ფორტიფიკანტი, გამამდიდრებელი პრემიქსით ერევა პურის ფქვილში. ამ დანადგარის შესაძენად ფულს გამოყოფს გეითსების ფონდი. “ჯანსაღი კვების ალიანსი ირჩევს ორგანიზაციას იმისათვის, რომ ეს პროექტი განახორციელოს. წარდგენილი იყო ორი ორგანიზაცია ექთს ჯორჯია და “სტრატეგიული კვლევების ცენტრი. შეირჩა 18 წისქვილკომბინატი და აქედან ექვსისთვის დანადგარი უკვე ნაყიდია. ახლა ხდება დამონტაჟება და ფორტიფიცირებული პური მალე სამომხმარებლო თაროზეც გამოჩნდება, – ამბობს რევაზ თათარაიძე.
სურსათის ფორტიფიკაციის პროექტი არის სამწლიანი. დაიწყო 2006 წელს და 2008 წელში დასრულდება.
“ჯანსაღი კვების ალიანსი ორი წლის წინ შეიქმნა. ორგანიზაციის წევრები არიან მეწისქვილეები, რომლებიც პურის ფქვილს აწარმოებენ. ამდენად, მათთვის სურსათის ფორტიფიკაციის შესახებ ინფორმაცია არ იყო ახალი. იმ პურს, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ, ემატება იმ რაოდენობის რკინა, რომელსაც ხორბალი კარგავს დაფქვის დროს. ხორბლის სეპარაციის, დაფქვის დროს რჩება მხოლოდ გული. გარსში არის მინერალები და ვიტამინები, რაც იკარგება. პირველი ხარისხის ფქვილში ეს მინერალები, ფაქტობრივად, აღარ რჩება. ვიტამინები რჩება დაბალი ხარისხის ფქვილში და ქატოში. ჩვენი მიზანი იმ დეფიციტის აღდგენაა, რასც ხორბალი კარგავს. მეწისქვილეები თვლიან, რომ ეს არის საერთო საქმე და ხორბლის ფორტიფიკაციის იდეას ეთანხმებიან, – ამბობს თემურ უკლება, ექთს ჯორჯას ფქვილის ფორტიფიკაცის პროექტის მენეჯერი.
ფქვილის ფორტიფიკაცია მსხვილ წისქვილკომბინატებში უკვე დაიწყო. ამჟამად ყველაზე დიდი წისქვილია პროგრესი, რომელიც დღეში 100 ტონა ფქვილს აწარმოებს – ასივე ტონა არის ფორტიფიცირებული. წისქვილკომბინატი ურეხი მდებარეობს ბათუმში და 100 ტონა ფქვილს აწარმოებს. “გურია ექსპრესი მდებარეობს ოზურგეთში, მისი წარმადობა 140 ტონაა და გამოშვებული ფქვილის 100 პროცენტი ფორტიფიცირებულია. წისქვილკომბინატი ალაფი დღესდღეობით 10 ტონა ფორტიფიცირებულ ფქვილს აწარმოებს. თუმცა მისი წარმადობა 100 ტონაა. კომბინატს არ აქვს მარკირებული ტომრები, ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ ფორტიფიცირებული პროდუქციის რაოდენობა გაიზრდება.
პროექტის ფარგლებში კიდევ 6 ქარხანას აღვჭურვავთ დანადგარებით. ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანია, 18 საწარმოში ფქვილის პროდუქციის 80 პროცენტი იყოს ფორტიფიცირებული, – ამბობს თემურ უკლება.
პროექტის აღმასრულებელმა სააგენტომ ექსთ ჯორჯიამ ქვეყნის მასშტაბით უნდა მოიზიდოს, სერტიფიცირება და ტრენინგი ჩაუტაროს 18 დიდ და საშუალო ზომის წისქვილის დირექციას და პერსონალს. სწორედ ისინი შეადგენენ საქართველოს ფქვილის წარმოების 80%-ს. მათთვის შეძენილი იქნება და უსასყიდლოდ გადაეცემა დოზატორები და პრემიქსი.
ხარისხის კონტროლის და უზრუნველყოფის მიზნით წისქვილის ლაბორატორიებში ყოველ ცვლაში ჩატარდება რკინის შემცველობის ხარისხობრივი გამოკვლევა და იწარმოება სპეციალური აღრიცხვის ჟურნალი (წარმოების შიდა კონტროლი). ყოველთვიურად სამომხმარებლო ქსელში გატანილ პროდუქციას ჩაუტარდება კვლევა და მოხდება რკინის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial