საზოგადოება, სამართალი, კულტურა

თამარ შუდრა, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი

უახლესი ტექნოლოგიების გამაოგნებელი მიღწევები ზრდის ადამიანთა მისწრაფებებს, რასაც მოთხოვნის და მისი დაკმაყოფილების ციკლამდე მივყავართ. ადამიანთა გარკვეული ფენები უსაზღვროდ მომთხოვნები გახდნენ: მომავლის იმედი (მოლოდინები) განუხრელად გაიზარდა და მოთხოვნებად გარდაიქმნა, მოთხოვნები კი – სამართლად. ადამიანთა დიდი მასები მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმატებით გადაჭრას როგორც საკუთარი, ასევე მათი პრობლემები, ეს კი არღვევს მსოფლიოს ბევრი (მათ შორის ჩვენი) ქვეყნის სოციალურ რეჟიმს. მაინც რა კავშირია საზოგადოების სამართლებრივ კულტურასა და ქვეყნის ეკონომიკას შორის?

სამართალი უმნიშვნელოვანესი სოციალური ფენომენია, ვინაიდან სოციალური ძალები, საბოლოო ჯამში, გარდაიქმნება სამართლად. მეორეს მხრივ, საზოგადოებაზე ზემოქმედებას სამართლის სისტემებიც ახდენენ.
ამ ორმხრივ ზემოქმედებაში განმსაზღვრელია სამართლებრივი კულტურის (სამართლებრივი ცნობიერების) ცნება, რომელიც ფასეულობების, ქცევების, მოსაზრებების აღმნიშვნელი ფართო ტერმინია. სამართლებრივი კულტურის საკითხები საკმაოდ შეუსწავლელია (ამის შესახებ ცოტაა გამოკვლევები). მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი კულტურის მახასიათებლები გაზომვადი სიდიდეებია, ფაქტობრივად, მათი გაზომვა ჯერ არც ჩატარებულა.
როგორც აღვნიშნეთ, სამართალს სოციალური ძალები ქმნიან. მაგრამ ეს არაპირდაპირი გზით ხდება. ომი, ტექნოლოგიური ცვლილებები, ეკონომიკური კრიზისები ავტომატურად კი არ აისახება სამართლებრივ წესრიგში, არამედ სოციალური კონფიგურაციის შეცვლის შემდეგ იცვლება ადამიანთა მოლოდინები, რომლებიც გარდაიქმნება მოთხოვნად, ხოლო შემდეგ – სამართლად.
სამართლებრივი კულტურა (როგორც საერთოდ, კულტურა), წარმოადგენს იდეების, ფასეულობების, ქცევების ერთობლიობას. ყოველ პიროვნებას აქვს გარკვეული სამართლებრივი კულტურა. შეიძლება საუბარი ასევე სოციალური ჯგუფების (მაგ., სხვადასხვა ქვეყნების) სამართლებრივ კულტურაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯგუფის ყოველი წევრი იზიარებს იმავე იდეებს.
სამართლებრივ კულტურაზე მსჯელობისთვის ჯერ კულტურის ცნების განმარტებაა საჭირო.
კულტურა წარმოადგენს განსაკუთრებული სირთულის ობიექტს. მისი შემეცნება ბუნების შემეცნებისგან განსხვავებულია. კულტურას აქვს არაბიოლოგიური წარმოშობა – ის საზოგადოებასთან ერთად შეიქმნა. აქედან გამომდინარეობს საზოგადოების და კულტურის ერთიანობა, კულტურის სოციალური ბუნება. უკიდურესი ანტინატურალობა, არაბუნებრივობა მისი ყველაზე თვალშისაცემი მახასიათებელი ნიშანია. ამრიგად, კულტურას სუბიექტური, ადამიანიდან გამომდინარე წარმოშობის წყარო აქვს. ის ადამიანის სამყაროა, ყოველივეს ერთიანობაა, რითაც ადამიანი ველურობას განუდგება (მათ შორის, საკუთარი თავის ველურობას)…
ზოგადი განმარტებით, კულტურა ესაა საგანთა სამყარო, აღებული ადამიანური მნიშვნელობის და ფასეულობათა ხედვის კუთხით. კლასიკური გაგებით, კულტურის ცნება განუყოფელია არა მარტო ადამიანის ცნებიდან, არამედ მიზანდასახული განვითარების ცნებიდანაც.
ამრიგად, ფართო გაგებით, კულტურა ახასიათებს ადამიანთა ცხოვრების წესს, მათი ურთიერთობების “გაადამიანებას”. კულტურა ახასიათებს ინდივიდის დამოკიდებულებას ბუნებასთან, საზოგადოებასთან, თავის თავთან და ამიტომ განსაზღვრავს ამა თუ იმ ცხოვრების წესის “ხარისხს”.
ადამიანის მიერ შექმნილი საზოგადოების ნივთიერი სიმდიდრე კულტურის მხოლოდ გარეგანი ფორმაა. მისი ნამდვილი შინაარსი – თვით ადამიანის განვითარებაა. ადამიანი წარმოდგენილია კულტურაში, როგორც თვითცვალებადი, თვითგანვითარებადი არსება. კულტურას არ შეუძლია ფუნქციონირება მყარი, გამომუშავებული მოქმედების სტანდარტების, ქცევის სტერეოტიპების გარეშე.
კულტურა ასრულებს უმნიშვნელოვანეს სოციალურ ფუნქციას – გამოცდილების, ცოდნის, ადამიანის საქმიანობის შედეგების გადაცემის ფუნქციას.
საზოგადოების მატერიალურ კეთილდღეობასა და მისი კულტურის დონეს შორის არ არსებობს პირდაპირი და უშუალო დამოკიდებულება: მატერიალური კეთილდღეობის ზრდა ავტომატურად არ განსაზღვრავს საზოგადოების განვითარების კულტურის დონეს, ამიტომ, რიგ შემთხვევებში მატერიალური ცხოვრების დონე გამოდის, როგორც კულტურის განვითარების საფუძველი და საშუალება, სხვა შემთხვევებში კი საზოგადოების ან მისი ცალკეული ფენების მატერიალური კეთილდღეობის ზრდას მივყავართ არა განვითარებისკენ, არამედ კულტურის დეგრადაციისაკენ&ლოწასტ;.
ამრიგად, ეკონომიკას და კულტურას შორის არაა ცალმხრივი, წრფივი, მიზეზობრივი დამოკიდებულება: ეკონომიკა კულტურასთან დაკავშირებულია როგორც პირდაპირი, ისე შუალედური რგოლებით (საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, პოლიტიკა, იდეოლოგია და სხვ.). ასე რომ, კავშირი მათ შორის მრავალსახაა და ისტორიულად კონკრეტული (კულტურა ორგანულად დაკავშირებულია თავის დროსთან – მასში გამოხატულია კონკრეტული ეპოქის მოთხოვნები და პრობლემები).
მსოფლიოში კულტურათა მრავალფეროვნება ისტორიული ფაქტია, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივი ცხოვრების გლობალიზაციის მძლავრ ზეგავლენას განიცდის.
სამყარო ხდება სულ უფრო პატარა (თანამედროვე ტრანსპორტი, კომუნიკაციის საშუალებები). ტექნოლოგიური რევოლუციის გამო თანამედროვე სამყარო წარმოადგენს კომპლექსურ, რთულ, ძალზე ცვლად სისტემას. კაცობრიობის ისტორიაში ვერაფერი ვერ შეედრება ჩვენი დროის სოციალური ცვლილებების აბსოლუტურ სისწრაფეს. ამას ფუნდამენტური გავლენა აქვს თანამედროვე კულტურაზე. სამართლებრივი კულტურა მზარდ ინტერნაციონალურ ხასიათს იძენს. ეკონომიკური თვალსაზრისით კი ეროვნული საზღვრები სულ უფრო მცირე მნიშვნელობას ინარჩუნებს. ქვეყნებს ერთმანეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს, სამართლებრივი ურთიერთობები კი მიყვება ეკონომიკურ ურთიერთობებს.
მსოფლიოში, რომელშიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ტელევიზიით, სატელიტური ანტენებით და აეროპორტებით, ინტეგრაციულ პროცესებს კულტურათა ურთიერთშერწყმისკენ მივყავართ. ამ პროცესების შედეგები არაერთგვაროვანია: არაა გამორიცხული ერთი, ძლიერი კულტურის მიერ მეორის ძალადობრივი ჩახშობაც. ცხოვრების ტრადიციული ფორმის მიმდევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ კულტურული იმპერიალიზმის წინააღმდეგ – ერები ცდილობენ შეინარჩუნონ თვითმყოფადობა, გააძლიერონ ტრადიციული კულტურა. ასე წარმოიშვა თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური კულტურის და ტრადიციული კულტურების ურთიერთობის რთული და წინააღმდეგობრივი პრობლემა (როცა რთულდება ქორწინების და მემკვიდრეობის ტრადიციული ფორმების შენარჩუნებაც კი).
ყოველი კულტურა აყალიბებს ადამიანის გარკვეულ ტიპს გარესამყაროს სპეციფიკური აღქმით, რაც აისახება მის აზროვნებაზე, საზოგადოებაში ქცევაზე, მოქმედების საშუალებებზე.
სამართალი და მართლწესრიგი ადამიანის კულტურის ერთ-ერთი უმაღლესი მიღწევაა, ერთ-ერთი უმნიშვნელივანესი სოციალურ-კულტურული სიკეთეა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სამართლებრივ ფასეულობებს, სამართლებრივ იდეებს, ნორმებს, ინსტიტუტებს და სხვ. მართლწესრიგი საზოგადოებაში ფუნქციონირებს მხოლოდ მაშინ, როცა სახეზე გვაქვს სამართლის იდეურ-თეორიული, ფსიქოლოგიური, სოციალური და მატერიალურ-ფიზიკური კომპონენტები. ფორმალური, “კაბინეტში შექმნილი” კანონები, სადაც სრული იდილია სუფევს, საზოგადოება კი მისი სრული ანტიპოდია, შეიძლება შევადაროთ მრუდე სარკეს, სადაც საწყისი და არეკლილი გამოსახულებანი ერთმანეთთან შეუსაბამობაშია.
ეკონომიკაში აპრობირებული მენეჯმენტის უახლესი, კულტურის კონცეფცია სამართალშიც შემოიჭრა. თანამედროვე შეხედულებით, სამართლის ყოველი რეფორმა განწირულია წარუმატებლობისთვის, თუ იგი არ გაითვალისწინებს სამართლებრივ კულტურას. ყოველი წარუმატებლობა ამ სფეროში, როგორც წესი, ტექნიკურ ხარვეზებზე დაიყვანება და ავიწყდებათ, რომ ყოველი რეფორმა ფაქიზი და რთული ამოცანაა. ამიტომ, ისევე, როგორც ეკონომიკაში, სამართალშიც ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საზოგადოების კულტურის მიერ დაწესებული შეზღუდვები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial